იტალიაში განგაშის ზარს შემოჰკრეს - "სკუადრა აძურამ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე და თანაც, ვერაფერი ფეხბურთი გვიჩვენა
ამხანაგური მატჩი

იტალია-აშშ 0:1

იტალია (4-4-2): ბუფონი - მაჯო (71. დე როსი), ბარცალი, ოგბონა, კრიშიტო (46. კიელინი) - პირლო, მოტა (58. პაცინი), ნოჩერინო (46. მონტოლივო), მარკიზიო (71. აბატე) - ჯოვინკო, მატრი (58. ბორინი).

აშშ (4-4-2): ჰოვარდი - ბოკანეგრა, გუდსონი, ჯონსონი (77. სპეკტორი), შეა (73. კესტანი) - ჩერუნდოლო, დემპსი (90. ბადლი), ბრედლი, ედუ - ალტიდორი (79. ბოიდი), ვილიამსი.

გაფრთხილება: კიელინი - ბოკანეგრა

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 19-4 (7-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.

გოლი: 0:1 დემპსი (55).

მაყურებელი: 25 000

იტალიაში განგაშის ზარს შემოჰკრეს - "სკუადრა აძურამ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე და თანაც, ვერაფერი ფეხბურთი გვიჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს აპენინელებმა რომში ურუგვაის ნაკრებთან დათმეს შეხვედრა, ოთხშაბათს კი გენუაში აშშ-ის უმთავრეს გუნდთან შერცხვნენ. ამასთან, ეს იყო ამერიკელთა პირველი გამარჯვება იტალიელებთან. არადა, ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირების ისტორია დაახლოებით 80 წელს ითვლის.

ჩეზარე პრანდელიმ სიტყვა შეასრულა და შეტევის წინა ხაზზე ჯოვინკო-მატრის ტანდემი გაამწესა. მოედნის ცენტრში ანდრეა პირლო და ტიაგო მოტა ვიხილეთ, მარჯვნივ ანტონიო ნოჩერინო მოქმედებდა, მარცხნივ კი კლაუდიო მარკიზიო. თუმცა მარკიზიო და ნოჩერინო ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს და ამით მეტოქე გუნდში არეულობის შეტანას ცდილობდნენ.

დაცვის ცენტრში პრანდელიმ ანდრეა ბარცალისა და ანჯელო ოგბონას ტანდემი გაამწესა, ფლანგებზე კი კრისტიან მაჯო და დომენკო კრიშიტო მოქმედებდნენ. კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, რომელსაც კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს. შესაბამისად, დღემდე გამოცანად რჩება, რა საჭირო იყო ჯიჯის გარდა კიდევ სამი კიპერის გამოძახება. ბარემ ჩამოვთვალოთ: მორგან დე სანკტისი, ემილიანო ვივიანო, სალვატორე სირიგუ - ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად სულაც პარიზიდან ჩაფრინდა გენუაში.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ იტალიამ ვერ ივარგა და სრულიად დამსახურებულად დამარცხდა, არა იმიტომ, რომ აშშ-მ უკეთესად ითამაშა; უბრალოდ, ასეთ იტალიას პერსპექტივა არ აქვს და ასეთი იტალია ჯობია, რომ დამარცხდეს... დიახ, ჯობია ამხანაგურ მატჩში დამარცხდე და სწორი დასკვნები გამოიტანო...

ნათლად გამოჩნდა, რომ ანტონიო კასანოს და ჯუზეპე როსის სებასტიან ჯოვინკო სრულფასოვნად ვერ შეცვლის; ნათლად გამოჩნდა, რომ ჩეზარე პრანდელიმ თვალსაწიერი უნდა გააფართოვოს და "აძურაში" აქამდე იგნორირებული ფეხბურთელები იხმოს; თუნდაც ანტონიო დი ნატალე, რომელიც უკვე მესამე წელია (!) სერია A-ს ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში; თუნდაც ფრანჩესკო ტოტი და მერე რა, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა?! ფაქტია, ტოტიმ ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და დარწმუნებული იყავით, ასეთი ტოტი ბევრ ახალგაზრდას აჯობებს.

შევეშვათ თავდასხმას და დაცვას გადავხედოთ, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ანჯელო ოგბონამ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა. პირველ ტაიმში, ცენტრში იდგა ანდრეა ბარცალისთან ერთად, მეორეში კი მარცხნივ გადაინაცვლა და კრიშიტოს ადგილი დაიკავა. ოგბონა "ტორინოს" ფეხბურთელია, სერია B-ში ასპარეზობს და იქიდან მიიქცია პრანდელის ყურადღება. ბოლო პერიოდში ანჯელო მუდმივად ხვდებოდა სანაკრებო განაცხადში, აშშ-სთან კი სულაც სასტარტოში იყო - რა შეიძლება ითქვას? - იბრძოლა, მოინდომა, მაგრამ კლასი არ ჰყოფნის და აშკარაა, რომ მისთვის "აძურას" ძირითადში ასპარეზობა ნაადრევია.

"კორიერე დელო სპორტი" საფუძვლიან კითხვას სვამს: "რატომ ოგბონა, როდესაც შეგიძლია ერთხელ მაინც გამოსცადო ლუკა ანტონინი?" - ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ ანტონინი "მილანის" ღირსებას იცავს და თითქმის ყველა პრინციპულ თამაშში მასიმილიანო ალეგრი მას ანდობს ადგილს მარცხენა მცველის პოზიციაზე. პრანდელიმ უნდა გაახილოს თვალები, ეს იტალიელ ჟურნალისტთა მთავარი სათქმელია ამერიკასთან მატჩის შემდეგ.

მატჩი კი მართლაც უმძიმესი გამოვიდა, იტალიელთა შეტევები ერთფეროვანი და ადვილად ამოხსნადი გახლდათ, რამაც ამირიკელებს ძალიან გაუადვილა საქმე. მეორე ტაიმში, სტუმრები სულაც აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანეს - 55-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჟოზე ალტიდორმა დემპსის დასარტყმელ პოზიციაზე დაუგორა ბურთი და მანაც ჯანლუიჯი ბუფონი მოძრაობაზე დაიჭირა, 0:1.

ჩეზარე პრანდელიმ ცვლილებებს მიმართა, თუმცა წახდენილ საქმეს ამან ვეღარ უშველა. ერთადერთი, ვისი გამოყოფაც მასპინძელთა რიგებიდან შეიძლება, ეს ფაბიო ბორინია - 20 წლის რომაელმა მკვეთრად გაამწვავა იტალიელთა იერიშები და რამდენჯერმე დაემუქრა კიდეც ტიმ ჰოვარდის კარს. ინაციო აბატეც ვახსენოთ - ერთი-ორჯერ კარგად ჩაერთო შეტევაში, მაგრამ შედეგი არც ამას მოჰყოლია. მთლიანობაში ვიხილეთ შეუთამაშებელი, ქაოსური და ერთფეროვანი "აძურა", რომელიც ასეთი თამაშით ნებისმიერ თავმოყვარე გუნდთან დამარცხდება.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელი გაღიმებული გამოცხადდა და შემდეგი განაცხადა:

"საწყენია, რომ დავმარცხდით, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. თუ ასეთ განწყობას ევროპის ჩემპიონატამდე შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა-პოლონეთში არ შევრცხვებით. უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, თუმცა ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება.

ძნელია ყველა ხარვეზი მოკლე დროში აღმოფხვრა, როდესაც სამ თვეში მხოლოდ ერთ თამაშს ატარებ. თუმცა წინ მივდივართ და ამაში დღესაც დავრწმუნდი. ევროპის ჩემპიონატამდე დაახლოებით 100 დღეა დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ევროფორუმზე საუკეთესო კუთხით წარმოვჩინდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა