საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-იმ ხელშეკრულება გააფორმეს
2 მარტს "რედისონ-ში" ხელშეკრულება გააფორმეს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-იმ. კომპანია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სეოკ-სა და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტების ოფიციალური პარტნიორი ხდება.

ხელშეკრულება ითვალისწინებს დახმარებას თამაშებისთვის მზადების პერიოდში და მიმდინარეობისას. ამასთან, კომპანიამ აარჩია 6 სპორტსმენი, რომლებიც კომპანიის ელჩების სტატუსით ისარგებლებენ და მათ საოლიმპიადო მზადებაში მიზნობრივად დაეხმარებიან. მათგან სამი ოლიმპიური ნაკრების წევრია - ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო), სამი კი პარალიმპიურისა: იაგო გორგოძე, შოთა ომარაშვილი (ორივე - წოლჭიმი). ნიკოლოზ თვაური (ცურვა).

ხელმოწერას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ოდიშარია, "BP-საქართველოს" გენერალური დირექტორი ნილ დანი და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი ესწრებოდნენ.

"თანამშრომლობის ფარგლებში "BP-საქართველო" ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქართველ ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს, დამატებით დაეხმარება 6 ქართველ ოლიმპიელს, რომლებიც ლონდონში იასპარეზებენ BP-ის ელჩების სტატუსით. ასეთი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ პროცესში.

რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ურთიერთობა? გვეამაყება, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური გუნდების პარტნიორი ვიქნებით. ეს თქვენს ქვეყანასთან არსებული პარტნიორობის ერთი ნაწილია. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავაცილებთ ოლიმპიელებს, ერთად ვუქომაგებთ და ერთად დავხვდებით მათ თბილისში დაბრუნებისას.

მინდა წარმატება ვუსურვო ქართველ სპორტსმენებს", - განაცხადა ნილ დანმა.

ასეთ სოლიდურ კომპანიასთან თანამშრომლობას ნაცვლიშვილიც მიესალმა:

"ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფლაგმანსა და ლიდერთან თანამშრომლობა. საქართველო ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა, მაგრამ სპორტულად - დიდია და ლიდერებში გავდივართ. ამას წინათ, პორტუგალიის ეოკ-ის 100 წლის იუბილეზე ვიყავი მიწვეული და როცა ითქვა, 6 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავსო, გამიკვირდა და მეგონა, ბოლო თამაშებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ თურმე მთელი ისტორიის მანძილზე მეტი არ ჰყოლიათ. ამ დროს პატარა საქართველოს 36 ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული, ხოლო სხვა მედლებს არ დავასახელებ.

ვეცდებით, ლონდონში პარტნიორების იმედებიც გავამართლოთ. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება, კულტურულ ნაწილსაც მოიცავს.

ოლიმპიადის დღეებში ლონდონში ქართული სახლიც იმუშავებს. ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ისტორია, ხელოვნება, კულტურა. ქართული კულტურა იმდენად ყოფილა გადაჯაჭვული ბრიტანულთან, ეს იქაურებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდება".

პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ოდიშარიამ ხაზი იმას გაუსვა, რომ პარალიმპიური თამაშები სწორედ ლონდონში ჩაისახა. მანვე გამოთქვა იმედი, BP-ის დაფინანსება წარმატებით გამოსვლაში დაგვეხმარებაო. ჯუდიტ გოფიმ ისიც გაიხსენა, რომ 2012 წელს ბრიტანეთი დედოფლის ტახტზე ასვლის 60 წლისთავს აღნიშნავს, ამას ოლიმპიადაც ემატება, რაც ლონდონისთვის მესამე თამაშებია. ასეთი დატვირთული წელიწადის გამო ბრიტანეთში ბევრი ღონისძიება იგეგმება, გოფიმ კი დაამატა, რომ ისინი ოლიმპიურზე არანაკლები ინტერესით ელოდებიან პარალიმპიურ თამაშებსაც, ხოლო ლონდონი უკვე მზადაა ოლიმპიადის სამასპინძლოდ.

შეგახსენებთ, რომ პირველი პარალიმპიური ასპარეზობა 1948 წელს ლონდონში ჩატარდა, როცა ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში იქაურმა ექიმმა მეორე მსოფლიო ომში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მშვილდოსნობაში გამართა შეჯიბრება.

დასასრულს, პოლიტიკოსმა ელჩმა სპორტსმენ ელჩებს ერთი რჩევაც მისცა - ეცადეთ, ღირსეულად წარადგინოთ თქვენი ქვეყანა ოლიმპიადაზე, მიაღწიოთ წარმატებას და გამარჯვებულები დაბრუნდეთ სამშობლოშიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა