გასულ უქმეებზე, "ჰანოვერთან" გამარჯვების შემდეგ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ დორტმუნდის "ბორუსიას" ფრონტის ახალი ხაზი გაუხსნა
გასულ უქმეებზე, "ჰანოვერთან" გამარჯვების შემდეგ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ დორტმუნდის "ბორუსიას" ფრონტის ახალი ხაზი გაუხსნა - ფსიქოლოგიური ომი, რაც მიუნხენელებს სჩვევიათ. მაგრამ დორტმუნდელებმა პირველ შეტევას გაუძლეს და რეკორდმაისტერს მოედანზე "კიოლნის" განადგურებით უპასუხეს.

ჰიონესმა გეგმა "ბ" აამოქმედა

"ბაიერნის" ე.წ. ფსიქო-იერიშების განყოფილება შაბათს ამოქმედდა. "ჰანოვერთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ, რისი წყალობითაც მიუნხენურმა გრანდმა შაბათს "დორტმუნდთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა ("ბორუსია" კვირას თამაშობდა), მიუნხენიდან მწარე განცხადებები გაისმა, რაც ბუნდესლიგის ლიდერის დაწნეხვას ისახავდა მიზნად. ფრონტის ახალი, როგორც უკვე ვთქვით, ფსიქოლოგიური ხაზი თავად "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გახსნა: "ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ და, ადრე თუ გვიან, ეს "დორტმუნდზე" აუცილებლად იმოქმედებს, - თქვა ჰიონესმა და იქვე დასძინა, - თუ დორტმუნდში მოვიგებთ, აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით!"

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" "ბაიერნს" 11 აპრილს უნდა უმასპინძლოს.

კვირას, "კიოლნი"-"დორტმუნდის" შესვენებისას, "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა თქვა, მიუნხენში გაკეთებული განცხადებები არათუ არ გვაღელვებს, არც გვაინტერესებსო. სხვათა შორის, იმ დროს ტაბლოზე 1:1 ენთო, მეორე ტაიმში კი BVB-მ ხუთი გოლი გაიტანა, რაც "ბაიერნისთვის" იდეალური პასუხი გახლდათ.

მანამდე კი იყო მიუნხენური გრანდის მენეჯერ კრისტიან ნერლინგერის შეტევა, რომელიც "დორტმუნდის" სათასო მატჩს ("ფიურტთან" 1:0) გამოეხმაურა და კევინ გროსკროიტცის საქციელი (ჯერალდ ასამოასთან კინკლაობა) დაგმო.

კლოპი: თქვენ რომ გგონიათ, ეგრე არ არის!

"ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ყოველთვის საუკეთესო პასუხია. თუ მიუნხენში ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებებით აგვანერვიულებენ, ძალიან ცდებიან," - "კიოლნთან" მატჩის შემდეგ მართლა მშვიდი ჩანდა დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. პრინციპში, ნერვიულობის საბაბი არც ჰქონია, რადგან ამ გამარჯვებით "ბორუსიამ" "ბაიერნთან" ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დღევანდელი გადასახედიდან არარეალური ჩანს ის, რომ 11 აპრილს მიუნხენელებმა "ვესტფალენშტადიონზე" მოიგონ.

კლოპის სამწყსოს აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს ისიც, რომ 28 მარტს "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი უწევს (მარსელში), დორტმუნდელები კი პარასკევს, "შტუტგარტთან" გასამართი შეხვედრისთვის მშვიდად მოემზადებიან.

"ბაიერნის" შეფებისგან განსხვავებით, 27-ე ტურის შემდეგ შექმნილ ვითარებას გაცილებით რეალისტურად უყურებს რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერი, რომელმაც თქვა, სხვა გზა არ გვაქვს, ახლა "ბორუსიას" შეცდომებს უნდა დაველოდოთ და, რა თქმა უნდა, დორტმუნდში ჩასატარებელი მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანიაო. აქედანაც ჩანს, რომ ნოიერი ჯერ კიდევ არ არის ნაღდი ბავარიელი, თორემ, მინიმუმ, ჰიონესის ნათქვამს გაიმეორებდა, ოღონდ სხვა ინტერპრეტაციით; ან არადა, უარესებს იტყოდა...

გლადბახში მონასტერი აირია?

თუ ეს მართლა ასეა, მაშინ მიონხენგლადბახელებს დიდი სიფრთხილე მართებთ. მართალია, უახლოეს მდევრებს, "ლევერკუზენს" და "ვერდერს" მთელი 11 ქულით უსწრებენ, მაგრამ თუ ლუსიენ ფავრის გუნდი აიჭრა, ამ უდიდეს უპირატესობას განიავების სერიოზული საფრთხე დაემუქრება. საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" წაგება (1:2) სწორედ აჭრის პირველი ნიშანი იყო.

მარტო წაგება რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ "გლადბახის" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ლიდერი მარკო როისი ერთმანეთს წაეკიდნენ. "ბილდი" წერს, 22 წლის როისი გასახდელში პირველი შევარდა და კარი მიიჯახუნაო. მერე როისს 19 წლის ტერ შტეგენთან უჩხუბია - მეკარეს და თავდამსხმელს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ.

"ბიჭები მე დავაწყნარე. ახლა ამის დრო არ არის. თუ ნერვები მოგვეშლება, მიღწეულს ქარს გავატანთ. წარუმატებლობის ერთმანეთისთვის გადაბრალება ახლა დაუშვებელია. ყველამ თავის შეცდომებს უნდა მიხედოს," - ეს დაცვის ბურჯ დანტეს სიტყვებია. როისს და ტერ შტეგენს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ...

ეს მხოლოდ რეჰაგელს შეუძლია...

"ჰერტამ" სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება იზეიმა - 3:1 მაინცში, რამაც ბერლინური კლუბი გადარჩენისთვის ბრძოლაში ოდნავ ამოასუნთქა.

ეს გახლდათ "ჰერტას" მეორე მოგება 2012 წელს და პირველი გამარჯვება გასვლით შეხვედრაში ბოლო ხუთ თვეში. რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავდამსხმელებმა გაიხსენეს, რომ მათი მოვალეობა გოლების გატანაა - ადრიან რამოსმა სულაც დუბლი შეასრულა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ოტო რეჰაგელის გარდაქმნებმა შედეგი გამოიღო და ფეხბურთელებს მისი ნელ-ნელა ესმითო.

წინა კვირას, "ბაიერნთან" განადგურების (0:6) შემდეგ, 73 წლის "მეფე ოტომ" "ჰერტას" კონცეფცია ასე დაახასიათა: "სასწაულებს ვერ მოვახდენთ, მაგრამ გადარჩენა შესაძლებელია და ამისათვის მხოლოდ ოთხი რამ არის საჭირო: თავდაუზოგავი ბრძოლა, პასები, დარტყმები და ვაჟკაცური დაცვა!"

გუშინწინ კი "ჰერტაში" პატარა სასწაული მაინც მოხდა: ფეხბურთელებმა თვითონ თქვეს უარი დასვენებაზე (?!) - ლევან კობიაშვილს და კომპანიას რეჰაგელისთვის უთქვამთ, დასვენების დღე არ გვჭირდება, გვავარჯიშეო.

"ბაიერნთან" საშინელი მარცხის შემდეგ ბიჭები განადგურებულები იყვნენ, - ამბობს რეჰაგელი, - ვარჯიშებზე ყველამ ძალიან მოინდომა და შედეგიც სახეზეა."

როგორც ჩანს, რეჰაგელი თავის ასისტენტ რენე ტრეტჩოკს, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებმა დაახვედრეს, უკვე კარგად უგებს. შაბათს ფეხბურთელებს მითითებებს უმეტესად სწორედ ტრეტჩოკი აძლევდა, თავად ოტო კი შედარებით მოკრძალებული გახლდათ. მატჩის შემდეგ კი თქვა: "რა პრობლემაა, მე ხომ დემოკრატი ვარ. ოღონდ ხანდახან დემოკრატი დიქტატორი უნდა იყო..."

ოტო ხანდახან, თუ საჭირო გახდა, თავის საფირმო გადაწყვეტილებებსაც ცვლის ხოლმე. როგორც იცით, კობიაშვილი სწორედ მან გადასწია ნახევარდაცვის ცენტრში. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლევანს "მაინცთან" ისევ მარცხენა მცველის პოზიციაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ რაკი ანდრეას ოტლის ასპარეზობა ბოლო წუთს გამოირიცხა, რეჰაგელმა ქართველი ისევ საყრდენად გაამწესა...

27-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)

ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.

1. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 5

2. ლუკაშ პიჟჩეკი ბორუსია (დ) 4

3. კრისტიან ფუხსი შალკე 5

4. ილქაი გიუნდოგანი ბორუსია (დ) 2

5. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 5

6. ტონი კროოსი ბაიერნი 6

7. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 8

8. რაფაელი ჰერტა 2

9. ადრიან რამოსი ჰერტა 1

10. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 7

11. მარიო გომესი ბაიერნი 8

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი

შინჯი კაგავა (ბორუსია /დ/, III)

დღესდღეობით დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები ყველაზე მეტს შინჯი კაგავაზე ფიქრობენ. ახალგაზრდა იაპონელ გამთამაშებელს BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და "დორტმუნდის" ბოსებს სასწრაფოდ ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ, რადგან ზაფხულში მისი დაკარგვის ეშინიათ.

თუ რატომაა კაგავა ყურადღების ცენტრში, ეს კვირას გამოჩნდა - შინჯიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და "კიოლნთან" მატჩის პირველიდან ბოლო წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგა - არიგა იდეალური პასები, ზოგი ქუსლით და "ბორუსიას" თითქმის ყველა შეტევას ხელმძღვანელობდა. ორი წლის წინ 250 000 ევროდ შეძენილი კაგავას ფასი დღეს მინიმუმ 17 მილიონი ევროა...

საუკეთესო ფეხბურთელები

27 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.58

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.58

3. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.61

4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.63

5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.67

6. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.71

7. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.77

8. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.78

9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.81

10. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.83

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 25 22 10 32

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 26 11 16 27

3. მარიო გომესი ბაიერნი 26 23 3 26

4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 27 17 8 25

5. კლაუდიო პისარო ვერდერი 22 16 8 24

6. მარკო როისი ბორუსია (მ) 25 15 8 23

7. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 27 14 7 21

8. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 22 16 5 21

9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 24 11 9 20

10. რაული შალკე 26 12 5 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ