აფრიკა-ოკეანიის ზონის შემდეგ პან-ამერიკის ჯერი დადგა, სადაც სალიცენზიო ტურნირის ასპარეზობას ამერიკის ქალაქმა უმასპინძლა
"თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გრძელდება ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები. ამჟამად მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც რეგიონულ შეჯიბრებებს ითვალისწინებს. აფრიკა-ოკეანიის ზონის შემდეგ პან-ამერიკის ჯერი დადგა, სადაც აღნიშნულ ასპარეზობას ამერიკის ქალაქმა კისიმემ უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპის უკლებლივ ყველა ამგვარ შეჯიბრებაზე ორ-ორი საგზური გაიცემა, ანუ მხოლოდ ფინალისტები ინაღდებენ ლონდონში წასვლას.

ამ რეგიონიდან არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროსთვის მთავარი კონკურენტები, როგორც ყველთვის, აშშ და კუბა იყვნენ. პერიოდულად კანადაც ახერხებდა მსოფლიოსა და ოლიმპიური მწვერვალების დაპყრობას, რაშიც თავისი წილი საქართველოდან გაჭირვებას გაქცეულ გივი სისაურსაც შეჰქონდა - 2001 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი, 1996 წელს, ატლანტაში ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა.

მსოფლიოს ბოლო პირველობაზე ამ სამ ქვეყანას პუერტო რიკო და ვენესუელაც დაემატნენ - პირველებმა თავისუფალ ჭიდაობაში არამხოლოდ ოლიმპიადის საგზური, ვერცხლის მედალიც მოიპოვეს; მეორენი კი კარაკასში ორი ლიცენზიით დაბრუნდნენ.

თუმცა სტამბულში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე უკეთ აშშ-ის ნაკრები გამოვიდა - თავისუფალ ჭიდაობაში თითო ოქრო-ბრინჯაო და 5 საგზური მოიპოვეს, ბერძენ-რომაელები კი უმედლოდ დარჩნენ და მხოლოდ ერთ ლიცენზიას დასჯერდნენ, რასაც ქალთა 3 საგზურიც დაემატა. ბევრისთვის მოულოდნელად სტამბულში სუსტად გამოვიდნენ კუბელები - "თავისუფლებმა" მხოლოდ ერთი ლიცენზია ირგუნეს, ბერძენ-რომაელებმა კი ერთი ვერცხლი და ორი საგზური დაიმსახურეს. კანადა ვაჟებში ამჯერად საერთოდ ხელცარიელი დარჩა და მხოლოდ ქალებში გაინაღდა ოლიმპიადაზე გამოსვლა ორ წონაში.

კისიმეში "თავისუფალთა" ტურნირზე ოქროს მედლები მხოლოდ კანადამ და კუბამ გაინაწილეს - "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ოთხი ირგუნეს, ფიდელ კასტროს ქვეშევრდომებმა - სამი. ამათ დავაში მასპინძლებს ჩარევის დიდი შანსი არ ჰქონდათ, რადგან მხოლოდ ორი მონაწილე ჰყავდათ - 60 და 66 კილოგრამში.

ამის მიუხედავად, ალბათ, სალიცენზიო დეფიტიცის შევსებას მაინც იმედოვნებდნენ, მაგრამ ამოცანა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულეს, ანუ ერთი საგზური მოიპოვეს. ეს ბრენტ ჰაროლდ მეტკალფიმ შეძლო, რომელიც 66-ში მეორეზე გავიდა, ფინალში კი თბილისელი ქომაგისთვის კარგად ნაცნობმა ფერადკანიანმა კანადელმა ჰაისლან გარსიამ აჯობა.

ეს ბიჭი ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირზე ბოლო წლებში რამდენჯერმე გვეწვია და კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი. მახსოვს, პირველივე სტუმრობისას იმდენად დამაჯერებლად იასპარეზა, თავადაც კარგმა მოჭიდავემ, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა, მოგვიანებით კი ეროვნული ნაკრების წარმატებულმა მწვრთნელმა, ლუკა კურტანიძის გამწვრთნელმა გია გალდავამ დაბეჯითებით თქვა, ეს ბიჭი ოლიმპიადას იჭიდავებსო. მას ლოდინი არც ისე დიდხანს დასჭირდა.

იმედია, საგზურს ოთარ თუშიშვილიც მოიპოვებს, ანუ მისი ერთ-ერთი მეტოქე გარსია იქნება.

ამ შეჯიბრების შემდეგ კანადამ "თავისუფლებში" უკვე ხუთი საგზური მოიპოვა. გარსიას გარდა, მათგან ჩემპიონები დავიდ ტრემბლაი (55), გარსიასავით საკმაოდ გამოცდილი მეთიუ ჯენტრი (74) და არიან ბულარი (120) გახდნენ. ასევე ფინალში გავიდა და ლიცენზიაც მოიპოვა ჩრდილო ოსეთიდან გადაყვანილმა ხეტაგ პლიევმა (96), თუმცა ოქროს ვერ შეწვდა.

კისიმეში სამი ლიცენზია შეიმატეს, რაც ჩემპიონების - იოვლის ბონე როდრიგესის, (60), ჰუმბერტო მარტინეს არენსიბიას და ხავიერ კორტინა ლაკერას (96) მონაპოვარია. ახლა მათ ანგარიშზე 4 საგზურია. კიდევ ორი ლიცენზია დაიმატეს პუერტორიკოელებმა, რომლებსაც საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირებზე კიდევ შეუძლიათ მარაგის გაზრდა. ასევე ორი საგზური მოიპოვეს მექსიკელებმაც, ერთი კი ჰონდურასმაც გაინაღდა 55-ის ფინალისტობით.

ბერძენ-რომაელთა ტურნირში მასპინძლებმა და კუბელებმა 5-5 საგზური მიიღეს, თუმცა, ოქროს მედლების მხრივ, კუნძულელებმა აშკარად აჯობეს ამერიკელებს - მათ ხუთ წონაში იმარჯვეს, ანუ ოლიმპიური გუნდი სრულად შეავსეს; აშშ-ს კი ერთი ოქრო დაუტოვეს, რომელსაც მძიმე წონაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოსმედალოსანი დრემილ ბიერსი დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმაც ხუთი ფინალი იჭიდავეს, მაგრამ ამ ერთის გარდა, ყველა წააგეს. ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ ოთხივეში კუბელებთან დამარცხდნენ.

ამდენად, კუბას ბერძნულ-რომაულში უკვე სრული გუნდი ჰყავს. ლიცენზირებულ მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან მიჯაინ ლოპეს მუნესსა (120) და მსოფლიოს მესამეპრიზიორ ისააკ პედრო მულენს ჰერერას (66) ახლა ხავიერ დომენიკო (55), ჰანსელ მოქუე ლუგონეზი (60), იორგისბელ ალვარეს ჰერნანდესი (74), პაბლო ენრიკე შორეი ჰერნანდესი (84) და იუნიორ ფალკონ ესტრადა (96) დაემატნენ.

ამერიკელთაგან საგზურს აქამდე მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ჰარი იუსტინ ლესტერი (66) ფლობდა, ახლა კი მას ზემოხსენებული ბიერსი, სპენსერ ტომას მანქო (55), ელის კოლემანი (60), ანდრეი ბისეკი (74) და ჩარლ ბეტსი (84) დაემატნენ. მათ მხოლოდ ერთი საგზური დარჩათ საძიებელი.

კისიმეში ვენესუელამ კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვა და ახლა სამი გაუხდა. თითო საგზური ეკვადორმა და ჩილემ ირგუნეს.

უახლოეს უქმეებზე ასტანაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონული სალიცენზიო შეჯიბრება ტარდება - აზიისა, სადაც ბევრი საყურადღებო მეტოქის ვინაობა გაცხადდება. ევროპულ ანალოგიურ ტურნირს კი 20-22 აპრილს სოფია უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sergo
დათო მოძმანაშვილი მოიგებს წელს ოლიმპიადაზე
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე