ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლით რაფაელ ნადალი ერთ ნაბიჯში იყო ისტორიულ მიღწევასთან. გამარჯვება ბოლომდე შეავსებდა იმ დიად მოზაიკას, რომელსაც "კარიერული სლემი" ჰქვია.

ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლით რაფაელ ნადალი ერთ ნაბიჯში იყო ისტორიულ მიღწევასთან. გამარჯვება ბოლომდე შეავსებდა იმ დიად მოზაიკას, რომელსაც "კარიერული სლემი" ჰქვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესპანელის კოლექციაში იქნებოდა "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მთავარი პრიზი. ადრე ასეთი მიღწევა ექვს ჩოგურთელს ჰქონდა - ფრედ პერის ("კარიერული სლემი" 1935 წელს როლან გაროსზე გაიფორმა), დონალდ ბაჯს (როლან გაროსი - 1938), როდ ლეივერს (აშშ-ის ღია პირველობა - 1962), როი ემერსონს (უიმბლდონი - 1964), ანდრე აგასის (როლან გაროსი - 1999) და როჯერ ფედერერს (როლან გაროსი - 2009). როგორც ხედავთ, ამ სიაში ბევრ ლეგენდარული ჩოგბურთელს ვერ ვხედავთ - ბიორნ ბორგს, ჯონ მაკინროის, ჯიმი კონორსს, პიტ სამპრასს, ივან ლენდლს, ბორის ბეკერსსა და სხვებს. ასე რომ, ეს ფრიად დასაფასებელი ჯილდოა.

რაც შეეხება ნადალის გუშინდელ მეტოქეს ნოვაკ ჯოკოვიჩს, ამ მიღწევამდე მას ძალიან ბევრი უკლია. ის მხოლოდ "დიდი სლემის" მეორე ტიტულისთვის იბრძოდა. პირველი გამარჯვება მან ორი წლის წინ ავსტრალიის ღიაზე მოიპოვა და იქედან მოყოლებული, სერბს დიდი ტურნირების ფინალში არ უთამაშია.

ფინალის გამართვას ამინდმა ორჯერ შეუშალა ხელი. პირველად კვირას გაწვიმდა და ორგანიზატორებს შეხვედრის მეორე დღისთვის გადადება მოუწიათ. გადამწყვეტი მატჩი ზედიზედ მესამედ ორშაბათს გაიმართა. ეს პაუზა ხელს აძლევდა ჯოკოვიჩს, ვისაც ნახევარფინალში ოთხსაათიანი ბრძოლა მოუწია როჯერ ფედერეთან და დასვენება სჭირდებოდა. ნადალს ნახევარფინალში თითქმის არ შეხვედრია წინააღმდეგობა რუსი მიხაილ იუჟნისგან.

ჯოკოვიჩი ფიზიკურად სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ულამაზესი ფინალის დიდი ნაწილი ესპანელი ჩოგბურთელი უკეთ გამოიყურებოდა. ჯოკოვიჩმა პირველივე გეიმში დათმო საკუთარი მოწოდება. ახლოს იყო ის მეორე ბრეიკის წაგებასთან, მაგრამ დროულად მოეგო გონს, 0:30-დან გადაარჩინა საკუთარი გეიმი და შემდეგ ბრეიკიც დაიბრუნა. ამის შემდეგ, სერბს თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მიეღო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ნადალმა ჩვეულებრივად გააგრძელა თამაში, ჯოკოვიჩმა კი ოდნავ მოუკლო და ესპანელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ნოვაკმა ამ გეიმისთვის ბევრი იბრძოლა, მაგრამ უსასრულოდ ბრეიკ-პოიტნების მოგერიება შეუძლებელი იყო - რაფამ მეექვსე ცდიდან აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება, რის შემდეგაც ნოვაკმა ჩოგანი დაამსხვია. ამის შემდეგ პირველი სეტის ბოლომდე ბრძოლა არ ყოფილა - ნადალი მიღებაზე დიდად არ იკლავდა თავს, თუმცა არც საკუთარ გეიმზე აძლევდა შანსს მოწინააღმდეგეს - 6:4.

მეორე სეტის სტარტზე ჯოკოვიჩის თამაში მთლიანად შეიცვალა. სერბი ისე ათამაშდა, რომ მომენტებში ძველი ნოვაკი გვახსენდებოდა, რომელმაც 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. თუმცა პირველი ბრეიკი ჯოკოვიჩმა არა თავისი აქტიურობით, არამედ ნადალის შეცდომების ხარჯზე მოიგო. რაფა თავის თავს არ ჰგავდა და სერბი ლოგიკურად 3:1 დაწინაურდა. შემდეგ ჯოკოვიჩის ჩავარდნის ჯერი დადგა - მეშვიდე გეიმში მან 40:15-დან წააგო საკუთარი მოწოდება, მალე კი ანგარიშიც გათანაბრდა - 4:4. ესპანელი აშკარად გონს მოეგო და ზედიზედ მეორე ბრეიკს უმიზნებდა, როცა 30:30-ზე კიდევ ერთხელ გაწვიმდა და ჩოგბურთელებმა გასახდელს მიაშურეს.

ფინალისტები კორტზე ორი საათის შემდეგ დაბრუნდნენ. ნოვაკმა გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, ბოლო გეიმში კი მიღებაზე ბრწყინვალედ ითამაშა და ბრეიკით მეორე პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5.

ბევრი რამ მომდევნო სეტს უნდა გაერკვია - გასაგები იყო, რომ ნადალის ხუთ სეტში დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. ჯოკოვიჩის გულშემატკივრებისთვის საუბედუროდ, სერბს არ აღმოაჩნდა მესამე პარტიის მოგების რეალური შანსი.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჯოკოვიჩს ძვირად დაუჯდა სეტის დასაწყისში ბრეიკ-პოინტზე დაშვებული შეცდომა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ სეტის წაგება მხოლოდ ამას არ უნდა დაბრალდეს. ნადალს ჯოკოვიჩის ყველა გეიმში (ბოლოს გამოკლებით) ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, თავად სერბს კი ასეთი შანსი მესამე პარტიაში ერთხელაც არ მისცემია. თუმცა "ჯოკერი" მაინც უნდა შევაქოთ - ბრეიკ-პოინტებზე შეტევას არ ერიდებოდა და მეტოქეს ინიციატივის საბოლოოდ ხელში ჩაგდების შესაძლებლობას არ აძლევდა. მესამე სეტში ნადალმა 11 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა (სულ მატჩში - 25-დან 5) - ძალიან ცუდი მაჩვენებელია პირველი ჩოგანისთვის. მიუხედავად ამისა, რაფაელმა სეტი 6:4 მოიგო.

ჯოკოვიჩი, რა თქმა უნდა, შეეცადა მეოთხე სეტში გაბრძოლებას, მაგრამ ნადალი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პირველი უნებლიე შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა სეტში ანგარიში 5:1 იყო. ნოვაკმა, რომელმაც ორი საკუთარი გეიმი წააგო, პერიოდებში რამდენიმე უმაღლესი დონის დარტყმა შემოგვთავაზა, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომასაც უშვებდა. ამასობაში, ნადალი მატჩზე ჩასაწოდებლად გავიდა, შეცდომა გაუსწორა ხაზის მსაჯს, რომელმაც ჯოკოვიჩის დარტყმის შემდეგ აუტი დააფიქსირა, მატჩბოლი მოიპოვა და ის ნოვაკის შეცდომის ხარჯზე გამოიყენა.

"სულ რაღაც 24 წლის ვარ. "კარიერული სლემის" მოპოვება - დაუჯერებელია მიღწევაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამერიკის ღია პირველობის მოგება მინდოდა. ამ პრიზის ასაღებად მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგებას შევძლებდი", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

"მას შეუძლია ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ჩემი აზრით, რაფას ჰარდზე ასე კარგად არასოდეს უთამაშია. სერიოზულად გააძლიერა მოწოდება, სისწრაფე, სიზუსტე... უკანა ხაზზე კი ყოველთვის ძლიერი იყო. ასე რომ, მას ახლა არ აქვს სუსტი მხარე", - ასეთი იყო ჯოკოვიჩის შეფასება.

რაფამ და ნოვაკმა რიგით 22-ე შეხვედრა ჩაატარეს და ესპანელმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა - 15:7.

მოკლედ, ტრიუმფალური და ერთი შეხედვით იოლი გამოვიდა ნადალისთვის "კარიერული სლემის" მოგება. სხვათა შორის, რაფაელი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ამ შედეგს მიაღწია. ასევე პირველი ჩოგბურთელია როდ ლეივერის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში ერთმანეთის მიყოლებით მოიგო როლან გაროსი, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა.

ახლა ნადალის ანგარიშზე "დიდი სლემის" ცხრა ტიტულია და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება როჯერ ფედერერის აბსოლუტურ რეკორდს შეუტიოს - 16 გამარჯვება პრესტიჟულ ტურნირებზე. ასევე დაიგეგმება სასეზონო "დიდი სლემის" მოგება, რომელზეც ასე ოცნებობდა ფედერერი, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მისი ასრულება.

ახლა ნადალს შეუძლია დამსახურებულად დატკბეს ტრიუმფით. ამ კვირას მას არ უწევს დევისის თასზე თამაში და მშვიდად დაგეგმავს სეზონის დარჩენილ ნაწილს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის 2010 წელს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს. სხვათა შორის, სეზონის ბოლოს ნადალს კიდევ ერთი ამოცანა აქვს შესასრულებელი - პრიზების სრული კოლექციისთვის წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება აკლია.

კაცების ფინალის გარდა, წვიმის გამო გადატანილი იყო ქალთა წყვილების ფინალი. თამაში მაშინ შეწყდა, როცა გადამწყვეტ სეტში რუსი ნადია პეტროვა და ამერიკელი ლიზელ ჰუბერი 5:4-ს უგებდნენ ვანია კინგისა (აშშ) და იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი) დუეტს. მატჩის განახლებისთანავე პეტროვამ და ჰუბერმა მატჩბოლი მოიპოვეს, მაგრამ მეტოქეებმა დიდი გაჭირვებით მოიგერიეს საფრთხე, ტეი-ბრეიკზე კი უკეთ გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს - 2:6, 6:4, 7:6(4). კინგისთვის და შვედოვასთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა "დიდი სლემის" ტურნირებზე - მანამდე მათ უიმბლდონი მოიგეს. გარდა ამისა, შვედოვა წელს როლან გაროსის მოგებითაც იწონებს თავს - პარიზში მან იულიან ნოულთან ერთად მიქსტში იმარჯვა. ასე რომ, ყაზახმა გარკვეულწილად ნადალის შედეგი გაიმეორა.

სხვათა შორის, ნიუ იორკში დუბლის შესრულება შეეძლო ლიზელ ჰუბერს. მანამდე მან მიქსტში ბობ ბრაიანთან ერთად იმარჯვა, მაგრამ მეორე პრიზის აღება არ დაანებეს.

კაცები

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3) 6:4, 5:7, 6:4, 6:2.

დიდი სლემის რეკორდსმენები

16 - როჯერ ფედერერი

14 - პიტ სამპრასი

12 - როი ემერსონი

11 - როდ ლეივერი, ბიორნ ბორგი

10 - ბილ ტილდენი

9 - რაფაელ ნადალი

8 - კენ როზუოლი, ჯიმი კონორსი, ივან ლენდლი, ანდრე აგასი, ანრი კოშე, ფრედ პერი, მაქს დეკიუჟი, უილიამ ლარნედი

აშშ-ის ღია ყველა ჩემპიონი (2010)

ერთეულები

კაცები - რაფაელ ნადალი

ქალები - კიმ კლაისტერსი

წყვილები

კაცები - ბობ ბრაიანი/მაიკ ბრაიანი

ქალები - იაროსლავა შვედოვა/ვანია კინგი

მიქსტი

ბობ ბრაინი/ლიზელ ჰუბერი

იუნიორები (ვაჟები)

ერთეულები - ჯეკ სოკი

წყვილები - დულიო ბერეტა/რობერტა კიროზი

იუნიორები (გოგონები)

ერთეულები - დარია გავრილოვა

წყვილები - ტიმეა ბაბოში/სლოუნ სტივენსი

ლელო

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო