"თავისუფლებმა" სოფიაში, ევროპის სალიცენზიო ტურნირში ორი საგზური მოიპოვეს
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სოფიაში 20 აპრილს დაწყებულ ევროპის სალიცენზიო ტურნირში კიდევ ორი საგზური მოიპოვა, რაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა (55) და გიორგი გოგშელიძის (96) ანგარიშზეა.

ამდენად, ამ ნაკრებმა უკვე ექვსი ლიცენზია მოაგროვა, მოსაპოვებელი კი მხოლოდ ერთი დარჩა 66 კილოგრამში.

ფინალამდე ხინჩეგაშვილმა ორი შეხვედრა ჩაატარა, რადგან პირველ წრეში თავისუფალი იყო, და ორივე ორთაბრძოლაში დამაჯერებლად გამოვიდა - ძირითად დროში მოიგო. თუმცა უფრო ძლიერად მაინც მეორეში იასპარეზა, სადაც გერმანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მარსელ ევალდი 7:0; 3:0 გაანადგურა. მანამდე ესპანელ ევროპის ბრინჯაოს მედალოსან ფრანსისკო ხავიერ სანჩეს პარას ორ პერიოდში 5:1 აჯობა.

ტიტულების მიუხედავად, ეს მეტოქეები მაინც არ არიან ჩვენებურის დონის ფალავნები და ხინჩეგაშვილმაც იოლად მოუგო ორივეს. არც ფინალში გასჭირვებია, სადაც მის პირისპირ თურქი ევროპის წლევანდელი პრიზიორი აჰმედ პეკერი დადგა. მათი მეტოქეობა სათავეს 2008 წლიდან იღებს, როცა ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ხინჩეგაშვილმა 16-წლიანებში ევროპის პირველობა მოიგო, მერე იმავე წარმატებას ახალგაზრდებში მიაღწია, ბოლოს კი ასევე 20-წლამდელებში მსოფლიოს პირველობაზეც წაიყვანეს და აი, სწორედ იქ, სტამბოლში მსაჯთა დახმარებით აჯობა პეკერმა, რითაც სეზონის 100%-იანი შედეგით დამთავრება არ დააცალა. ამჯერად ჩვენებურმა ყველა ჯავრი ერთად იყარა და თურქს ორი პერიოდის ჯამში 3:0 მოუგო.

წინასწარ შეხვედრებში გოგშელიძეს სამჯერ მოუწია საჭიდაოდ გასვლა და სამივეჯერ ძირითად დროში, ანუ ორ პერიოდში იმარჯვა.

მან პირველ წრეში მოლდოველ ევროპის მედალოსან ნიკოლაი ჩებანს 1:0; 1:0 აჯობა, მერე უნგრელი გერგელ კისი 4:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანელ რობინ მიხაელ ფერდინანდის 6:0; 2:0 სძლია. სამწუხაროდ, ამასობაში ტრავმაც მიიღო და ფინალში რუსთა ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან არ უჭიდავია.

ტურნირი კარგად დაიწყო ჩვენი გუნდის მესამე წევრმა ზურაბ იაკობაშვილმაც (66) - პირველივე შეხვედრაში უკრაინელი ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ანდრეი სტადნიკი დაამარცხა, თუმცა დამატებითი დრო დასჭირდა (5:3). ამის შემდეგ მან კიდევ ერთი წარმატება მიითვალა ბერძენ ანდრეას ტრიანტაფილიდისთან უკვე ძირითად დროში (2:0; 2:0), მაგრამ მესამე წრეში გერმანელ მარტინ სებასტიან დაუმთან 1:3 წააგო ასევე ორ პერიოდში, რითაც ლიცენზიის მოპოვების შანსიც დაკარგა. ვერც სანუგეშოში გადავიდა, თუმცა ესეც არაფერს ცვლიდა, რადგან საგზურებს მხოლოდ ფინალისტები იღებდნენ.

მომავალ უქმეებზე ჩინურ ტაიუანში გასამართ მსოფლიოს სალიცენზიო შეჯიბრებაში ამ წონაში, სავარაუდოდ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ოთარ თუშიშვილი იჭიდავებს. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელთა თავდაპირველი გადაწყვეტილება ასეთი იყო.

ჟამი... დათვლად საგზურებისა

ამდენად, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყულაბაში უკვე ოფიციალურად დადასტურებული 14 საგზურია, რასაც ძიუდოისტებისგან მინიმუმ, ექვსიც უნდა დავუმატოთ - სწორედ ამდენმა გაინაღდა ლონდონში გამოსვლა, ოღონდ იქ ჯერ სალიცენზიო შეჯიბრებების ციკლი უნდა დასრულდეს, თორემ მანამ შედეგებს არ გამოაცხადებენ.

ისე, კარგი მაჩვენებელი არც 20 საგზურია. მით უფრო, რომ ბევრ სახეობაში უკვე დამთავრდა ლიცენზიების გაცემა, ჩვენებს კი ხელი მოეცარათ. ამ ფონზე უფრო დასაფასებელია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მიღწევა, რაც არა მხოლოდ ნაკრების სრულად დაკომპლექტებაში გამოიხატება, არამედ - ხარისხშიც, რადგან ჩვენი ოლიმპიური გუნდის უმთავრესი ფავორიტები აქ არიან.

ოფიციალური წრეებისგან უკვე საჯაროდაც გახმაურდა, რომ წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ლონდონში გამოკვეთილი საჩემპიონო ფავორიტები არ გვეყოლებიან, თუმცა თუ ვინმესგან ველოდებით წარმატებას (მათ შორის - ოქროს მედლებსაც), უპირველესად - "თავისუფალთაგან". აქ ხომ ძალიან პერსპექტიული ახალი თაობა წამოვიდა, რომელთაგანაც რამდენიმე მსოფლიოს მასშტაბით უკვე გახდა თავისი წონის ლიდერი.

ბერძენ-რომაელთა სალიცენზიო დღეები

21 აპრილს "თავისუფალთაგან" დარჩენილი წონის 120-ის ფალავნები იჭიდავებენ, პარალელურად კი შეჯიბრებაში ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან.

შეგახსენებთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას: გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120).

21 აპრილს პირველი ხუთი წონის ფალავნები იასპარეზებენ (ოღონდ ჩვენგან ოთხი გავა საჭიდაოდ, რადგან 66-ში უკვე გვაქვს ლიცენზია).

სამწუხაროდ, ჩვენებს წილისყრაში დიდად არ გაუმართლათ. დავითაძე პირველივე წრეში ფინელ ევროპის ჩემპიონ იანი იუკკა ჰააპამაკის ხვდება, ამათში გამარჯვებულის მომავალი მეტოქე კი თურქთა ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ ფატიჰ უცუნცუსა და უკრაინელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვუგარ რახიმოვის შეხვედრაში ირკვევა.

ბადის ამავე ნახევარში არიან გამოცდილი რუმინელი, ევროპის პრიზიორი ვირჯილ მუნტეანუ, მასპინძელთა ევროპის წლევანდელი მედალოსანი ალექსანდრ კოსტადინოვი (ესენი პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ) და წონის სომეხი ლიდერი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი რომან ამოიანი.

წილისყრაში წულუკიძეს გაუმართლა, თუმცა ვნახოთ, ამგვარ საპასუხისმგებლო შეჯიბრებებში გამოუცდელი ქართველი რანმდენად გამოიყენებს ამ შანსს. ის თავიდან ისვენებს, პირველ შეხვედრას კი შვეიცარიელ პატრიკ სტადელმანთან გამართავს. ამათში მოგებული ფინელ მატტი ტაპიო კეტუნენსა და მოლდოველ დონიორ ისლამოვს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს. ამ ტრიოდან არც ერთი არაა ისეთი, მათი გავლა არ შეიძლებოდეს, და ვინმე გამორჩეულად ძლიერი არც ნახევარფინალის პოტენციურ მეტოქეებში ჰყავს.

დათუნაშვილი პირველ წრეში კი ისვენებს, მაგრამ, სამაგიეროდ, აზერბაიჯანელი და უნგრელი ევროპის ჩემპიონების, რაფიკ ჰუსეინოვსა და პეტერ ბასცის შორის მოგებულს ელოდება.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ნადარეიშვილი პირველივე შეხვედრას ფრანგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მელონინ ნოუმონვისთან ჩაატარებს. მას თუ მოუგებს, სავარაუდოდ, შვედთა სომეხ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ არა აბრაჰამიანს შეერკინება.

ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეთა შორისაც ბევრია ტიტულოვანი - იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ანდრეა მინგუზი, ბულგარელთა ევროპის წლევანდელი და მსოფლიოს ჩემპიონი ხრისტო მარინოვი, ხორვატი მსოფლიოს მედალოსანი ნენად ზუგაი, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვასილ რაშიბა, ლიტველი ევროპის პრიზიორი ლაიმუტის ადომაიტისი...

ნადარეიშვილს არ მოუწევს შეხვედრა აზერბაიჯანელთა ქართველ ევროპის პრიზიორ შალვა გადაბაძესთან - წინასწარი განაცხადის მიუხედავად, ის სოფიაში არ ჭიდაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა