24 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სალიცენზიო დაფაზე ხელმოწერის მორიგი ცერემონიალი გაიმართა

24 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სალიცენზიო დაფაზე ხელმოწერის მორიგი ცერემონიალი გაიმართა.

მოგეხსენებათ, წინა კვირას ჩვენი ოლიმპიური გუნდი კიდევ ოთხი საგზურით შეივსო - ლიცენზიები მოკრივე მერაბ თურქაძემ, ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ მოიპოვეს. ეს ოთხეული 24 აპრილს ოლიმპიურ კომიტეტში მიიწვიეს და წარმატება მიულოცეს, რასაც ავტოგრაფები მოჰყვა... დაფასთან პირველი თურქაძე მივიდა, რომელსაც ჯერ ხინჩეგაშვილი მიჰყვა, მერე - გოგშელიძე და დათუნაშვილი...

თურქაძე ლონდონისკენ მიმავალ ბოლო ვაგონს შეახტა - ტრაბზონში გამართულ უკანასკნელ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა საგზური.

პრესკონფერენციის წამყვანმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა ამისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მოკრივეთაგან მეტს ელოდნენ, მათ შორის - ტრაბზონშიც, სადაც ჩვენებს თურმე კარგი წილისყრა ჰქონდათ. მან თურქაძის გამოსვლას "თანამედროვე კრივი" უწოდა - მებრძოლი, აგრესიული, შემტევი სტილის, კარგი განწყობისა და ფიზიკური მომზადების გამო. ნაცვლიშვილმა თურქაძე ლონდონში მედლის მოპოვების კანდიდატად დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ ოლიმპიადაზე წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე საუბრისას ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მათგან საგზურების მოპოვებას ელოდა და ის უფრო გაუკვირდა, აქამდე ულიცენზიოდ რომ იყვნენ. დათუნაშვილი კი ყველაზე დიდ და სასიამოვნო მოულოდნელობად დაასახელა.

"ბერძენ-რომაელებს სოფიაში ახალგაზრდული ნაკრები ჰყავდათ წამოყვანილი და მათი წარმატება ამიტომ უფრო გასახარია.

ჩემ გვერდით ძალიან ცნობილი მოჭიდავეები ისხდნენ და ყველამ აღნიშნა დათუნაშვილის მაღალი კლასი. მართალია, ის ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა ნანახმა იმედით ამავსო. მან დიდი ნაბიჯი გადადგა

ოლიმპიადისკენ" - განაცხადა მან.

დათუნაშვილმა ლიცენზიის მოპოვების გარდა, პირველივე შეხვედრაში უნგრელ ევროპის ჩემპიონ პეტერ ბაცსის ისეთი ფანტასტიკური ფანდი გაუკეთა, გასაკვირიც არაა, საჭიდაო სამყარო თუ აღაფრთოვანა - 2-3-ნაბიჯიანი მოკლე გარბენის შემდეგ ისეთ სიმაღლეზე ახტა, კალათბურთელსაც შეშურდებოდა; უნგრელს თავზე გადაახტა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მის ზურგს უკან დაშვებულმა ვარდნაში წელზე ხელები სალტესავით შემოაჭდო და სამქულიან გდებაზეც გადააგდო.

ასეთი უჩვეულო ფანდი პირველად შარშან ვნახეთ ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს პირველობაზე ამერიკელი ელის კოლემანის შესრულებით, წლეულს კი დათუნაშვილმა საქართველოს პირველობაზეც გააკეთა. ახლა ქართული საჭიდაო ოჯახის მთავარი ინტრიგა ისაა, ამ წონაში ვის წაიყვანენ ოლიმპიადაზე - მას თუ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას. ამის თაობაზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძეს დავეკითხეთ, რომელმაც გვიპასუხა, რომ კანდიდატებს ერთ საერთაშორისო ტურნირშიც გამოსცდიან და საკონტროლო შეხვედრებშიც, რაც გამოარკვევს ოლიმპიელის ვინაობას.

გეწაძემ ისიც დასძინა, რომ ამ ეტაპზე დათუნაშვილი ლონდონში წასვლის უმთავრესი კანდიდატია, რაშიც მას სრულად ვეთანხმებით. კვირკველიამ მაქსიმალურად უნდა მოუმატოს და ვიმედოვნებთ, კონკურენტის გამოჩენა მისთვის საამისო სტიმული იქნება.

ახალ ლიცენზიანტებს წარმატება გეწაძემ და კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმაც მიულოცეს.

გოგშელიძე პრესკონფერენციაზე კოჭლობით მოვიდა - მან სოფიაში წინასწარ შეხვედრებში ჯერ კისერი იტკინა, რასაც ფინალში რუსთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან მუხლიც მიაყოლა. ამ ტრავმის გამო ის შეხვედრა სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა და როგორც გოგშელიძემ გვითხრა, მუხლმა ისეთი მყიფე ხმა გამოსცა, თურმე გადისოვიც კი შეკრთა.

სპორტსმენს მუხლი ჯერ სერიოზულად არ გამოუკვლევია - ისინი სულ ორიოდ დღის წინ დაბრუნდნენ ბულგარეთიდან, თან უქმეები დაემთხვა და გამოკვლევების დაფინანსებაზე საჭირო თანხმობის ფურცლები გუშინ წაიღო ოლიმპიური კომიტეტიდან. თუმცა წინასწარი კვლევების საფუძველზე იმედოვნებს, რომ ტრავმა არაა საშიში და 1-2 კვირაში მოურჩება.

დღეისათვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაგარი 15 საგზურია, თუმცა სალიცენზიო ტურნირები სპორტის რვა სახეობაში ჯერ ისევ გრძელდება. მათგან უახლოესი შეჯიბრებები უკვე ამ უქმეებზე იმართება ძიუდოში, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში. აღსანიშნავია, რომ იმ 15-ში არ შედის ძიუდოისტთა მონაგარი, რომლებიც ამ წუთისთვის შვიდივე ლიცენზიას ფლობენ და თან დაკარგვის საფრთხე მხოლოდ ერთს ემუქრება, ექვსი კი განაღდებულია.

პრესკონფერენციის დასასრულს ნაცვლიშვილმა მაინც გამოთქვა იმედი, რომ დაგეგმილ 30-33 საგზურს მოიპოვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა