საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" თავდამსხმელმა განვლილ საფეხბურთო გზას თვალი გადაავლო
საქართველოს ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" თავდამსხმელ ოთარ მარცვალაძესთან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

ოთარმა თავისი საფეხბურთო კარიერა კიდევ ერთხელ გაიხსენა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

- ოთარ, გვიამბე, როგორ მოხვედი ფეხბურთში?

- ამაში დიდი წვლილი ჩემს ძმას მიუძღვის. ის ჩემზე 14 წლით უფროსია და საქართველოს ჩემპიონატში, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

პატარაობიდანვე ვესწრებოდი მის მატჩებს, თამაშის დასრულების შემდეგ კი გასახდელსა თუ კლუბის ავტობუსში თან მივყვებოდი. ძალიან მომწონდა საფეხბურთო ატმოსფერო. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ამ თამაშს უკავშირდებოდა. სწორედ იმხანად გამიჩნდა ოცნება, ოდესმე თავადაც გავმხდარიყავი ფეხბურთელი.

ის, რომ ჩემი ოცნება ახდა, ეს ჩემი ძმის დამსახურებაა. ის ძალიან ბევრს მასწავლიდა, მეხმარებოდა. მან არამხოლოდ საფეხბურთო, შეიძლება ითქვას, ცხოვრებისეული მსოფლმხედველობაც ჩამომიყალიბა.

მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და მამობას დიდწილად სწორედ ძმა მიწევდა.

- შენი ძმა რომელ ამპლუაში თამაშობდა?

- მცველად.

- და მის კვალს რატომ არ გაჰყევი?

- (ეღიმება) წინ თამაში და გოლების გატანა უფრო მომწონდა. ჩემს ძმას ერთი კარგი მეგობარი და თანაგუნდელი ჰყავდა. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფორვარდი იყო, რომლის თამაშმა მაშინ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა...

- ძმა ქუთაისში თამაშობდა, თავად კი თბილისელი ხარ. ასე არაა?

- დიახ, თუმცა ბავშვობაში ძმასთან ქუთაისში ხშირად ჩავდიოდი. ფეხბურთის თამაში კი თბილისში დავიწყე. თავდაპირველად ბურთს ეზოში ვაგორებდი, 9 წლიდან კი სავარჯიშოდ სექციაში მივებარე. ჩემი პირველი მწვრთნელი რეზო სანთელაძე იყო.

შემდეგ თბილისის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში გადავედი, სადაც თენგიზ სულაქველიძე მავარჯიშებდა. მალე მან საკუთარი საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა და მეც თან წავყევი.

- რატომ მოხდა, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა არა თბილისის "დინამოში", არამედ მეორე დედაქალაქურ კლუბში - "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყე?

- "სულაქველიძის აკადემიამ" სხვა ფეხბურთელებთან ერთად სტაჟირებაზე ისრაელში გამგზავნა. ადგილობრივ მწვრთნელებს მოვეწონე და დამიტოვეს. თითქმის 8 თვე ისრაელის დუბლების ტურნირში ვთამაშობდი. შემდეგ კი მათი ჩემპიონატი დასრულდა და სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაც შემომთავაზეს.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, პატარა ბიჭი ვიყავი და არაფერი გამეგებოდა. ძმა კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი იყო, რომლის პირობები მიუღებლად მიიჩნია. მე მას დავუჯერე და აკადემიაში დავბრუნდი.

სწორადაც მოვიქეცი, რადგან სულ მალე კლუბ "ვიტ ჯორჯიაში" მიმიწვიეს.

- თამაში მალევე დაიწყე?

- პირველი წრე დუბლებში გავატარე, მეორეს დასაწყისიდან კი მთავარ გუნდში გადამიყვანეს. მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი.

- ეროვნულ გუნდში დებიუტიც საკმაოდ ადრე გქონდა...

- 19 წლისას. მაშინ ძალიან კარგი სეზონი მქონდა - გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. რეგულარულად ვთამაშობდი, ვიტანდი გოლებს და ნაკრების მწვრთნელებმაც ყურადღება მომაქციეს.

- მათთან ერთად კიევის "დინამოს" მწვრთნელებმაც...

- ყველაფერს ორგანიზება რევაზ ჩელებაძემ გაუკეთა, რომელიც მაშინ "ვიტ ჯორჯიას" მენეჯმენტში საქმიანობდა.

წავედი უკრაინაში გასინჯვაზე და გუნდთან ერთად ოთხი სეზონისწინა შეკრებაც გავიარე, რის შემდეგაც კონტრაქტი გავაფორმე. პირველი ნახევარი წელი ურიგო არ იყო. ნელ-ნელა მივეჩვიე იქაურობას. ჩემპიონატის მატჩებში შეცვლაზე შევდიოდი. ვითამაშე თასის ნახევარფინალში.

გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა და ზაფხულის არდადეგებზე წავიდა. დაბრუნებისთანავე ტრავმა მივიღე, რასაც ორწლიანი უიღბლო პერიოდი მოჰყვა.

დიდხანს ვმკურნალობდი. გამოვჯანმრთელდი, მაგრამ შემდეგ ისევ ტრავმა მივიღე, ისევ ოპერაცია. შემდეგ - საავტომობილო ავარია... გახსენებაც არ მინდა.

მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა...

- და უკრაინა რუსეთზე გაცვალე. რატომ მაინცდამაინც "ანჟი"?

- იქ ქართველი მწვრთნელი - ომარ თეთრაძე მუშაობდა. თანაც, გადასვლას ჩემი უახლოესი მეგობარი მირჩევდა. შეიძლება ითქვას, კარიერის დაწყება სუფთა ფურცლიდან მომიხდა.

- მაგრამ "ანჟიში" ყველაფერი ისე არ წარიმართა - პირველ ხანებში თამაშის საშუალებაც არ გეძლეოდა...

- ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. სეზონი დაწყებული იყო, გუნდი თამაშობდა, მე კი რუსეთში ჩასვლაც არ შემეძლო. საქართველოში ვვარჯიშობდი დამოუკიდებლად...

- ურიგოდ არ გივარჯიშია, რამდენადაც, პირველსავე სამ თამაშში 4 გოლი გაიტანე...

- ფეხბურთის თამაში მწყუროდა და სულმოუთქმელად ველოდი იმ წუთს, როცა რუსეთში ჩასვლის ნებას დამრთავდნენ და მოედანზე გავიდოდი. სწორედ ეს მაძლევდა ძალას ვარჯიშებზე. ამ ემოციის გამო დებიუტიც წარმატებული გამომივიდა.

- სეზონის დარჩენილი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარე და გუნდს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარე, რის შემდეგაც "ვოლგაში" გადახვედი...

- (ეღიმება) საერთოდ, ფეხბურთელები მიჰყვებიან ხოლმე მწვრთნელს, ჩვენ კი პირიქით გამოგვივიდა - ჯერ მე გადავბარგდი "ვოლგაში", გარკვეული დროის შემდეგ კი - ომარ თეთრაძეც.

- 2010 წელს რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს და სპეციალური პრიზითაც დაგასაჩუქრეს. იმ სეზონს კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევ?

- ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე ჩამიტარებია, ნამდვილად. თუმცა, ის სეზონი არცთუ წარმატებით დავიწყეთ. სტარტზე ბევრი ქულა დავკარგეთ და ცხრილში დავეშვით. ალექსანდრ პობეგალოვი ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ ახალი გუნდი ვიყავით და ერთმანეთთან შეჩვევისთვის დრო გვჭირდებოდა.

როდესაც თეთრაძე მოვიდა, პირადად ჩემთვის უფრო გასაგები იყო მისი მოთხოვნები. თავიც უფრო კომფორტულად ვიგრძენი. უკეთესად ათამაშდა გუნდიც. შედეგად, ფინიშზე მეორე ადგილი დავიკავეთ და პრემიერლიგის საგზური მოვიპოვეთ.

- "კრასნოდარის" კარში შესრულებული ჰეთ თრიქი იმ სეზონში, ალბათ, ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...

- რა თქმა უნდა. იმ გამარჯვებით ხომ ცხრილში მეორე ადგილი გავინაღდეთ. ეგეც რომ არა, ისეთი გუნდისთვის სამი გოლის გატანა, როგორიც "კრასნოდარია", პატარა საქმე არაა...

- ქართველებს მხიარულ, მოლხენისა და სიმღერის მოყვარულ, უდარდელ ხალხად იცნობენ, "კრასნოდარის" ქართული ტრიო (მარცვალაძე, ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილი) კი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს - თავმდაბალნი და შრომისმოყვარენი, რომელთა პროფესიონალიზმი მხოლოდ მისაბაძია...

- (ეღიმება) ჩვენც გვიყვარს დროსტარება და სიმღერაც გვეხერხება, როდესაც საამისოდ დრო და განწყობა გვაქვს. ახლა კი ჩვენი მთავარი ამოცანა ფეხბურთის კარგად თამაშია. აი, როდესაც სეზონს ჩვენი ჯგუფის კენწეროში დავასრულებთ, მაშინ საკადრისადაც აღვნიშნავთ - მხიარულად, ქართული და რუსული სიმღერებითა და ცეკვით.

kaxelo
მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია მარცვალაძე,მაგრამ მე მის ბიძას ვიცნობ, რომელიც ფეხბურთელი არაა, მაგრამ დიდი ამაგი დასდო ოთარს, მართლა დიდი,ობლობაშიც და ფეხბურთშიც,როცა პირად თემაზე საუბრობს ეს კარგი ბიჭი,ოდესმე მაინც ეთქვა ალალ ბიძაზე ერთი სიტყვა, უფრო დასაფასებელი იქნებოდა,მას როცა უჭირდა, მუდამ ბიძა ედგა გვერდით და ეს ბევრმა იცის,ღმერთმა ხელი მოუმართოს ოთარს და ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ადამიანები ბევრ რამეს ივიწყებენ...
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა