ბულგარეთში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველი მოჭიდავე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საუბრობს
ამას წინათ სოფიაში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ლადო ხინჩეგშვილმა (55 კგ) გაიმარჯვა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

მოჭიდავეებს ლონდონის საგზურები პირველად შარშან შემოდგომით მსოფლიოს ჩემპიონატზე დაურიგდათ სტამბულში.

ხინჩეგაშვილს სპეციალისტთა მოსაზრებით იქვე შეეძლო მისი მოპოვება, თუმცა არაობიექტური მსაჯობის მსხვერპლი გახდა.

ბულგარეთში მომდევნო შანსი ლადომ ბრწყინვალედ გამოიყენა და მშვიდად გადაერთო საოლიმპიადე სამზადისზე. გორში მას სწორედ ვარჯიშზე ვესაუბრეთ..

- ლადო, გჯეროდა, რომ სოფიაში ლიცენზიას მოიპოვებდი?

- მჯეროდა, რათა მომდევნო სალიცენზიო ტურნირებისთვის თავი აღარ დამეტანჯა წონის კლებით.

- ბევრს იკლებ შეჯიბრების წინ?

- 5-6 კილოს მაინც. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიჭირს, მაგრამ არც იოლია.

- სოფიაში სატურნირო ბადით კმაყოფილი დარჩი?

- შედარებით იოლ ჯგუფში მოვხვდი. კენჭისყრამდე მთავარ კონკურენტებად აზერბაიჯანელი მაჰმუდ მაგომედოვი და ბელორუსი ვლადისლაუ ანდრეიუ მიმაჩნდა, მაგრამ ისინი სატურნირო ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ და პირველივე შეხვედრაში ერთმანეთს გადაეყარნენ. მაგომედოვმა იმარჯვა, თუმცა მომდევნო ეტაპზევე რუმინელ დუკოვთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

- არც შენი უშუალო მოწინააღმდეგეები მიიჩნეოდნენ "საჩუქრად".

- ეს განსაკუთრებით გერმანელი მარსელ ევალდიზე ითქმის, რომელიც ევროპის ორგზის პრიზიორია. ფინალში გასვლა უკვე ლიცენზიის მოპოვების ტოლფასი იყო და ევალდიც სწორედ ფინალში გადასასვლელში დამიპირისპირდა. ჯამში 10:0 მოვუგე, მეტს არაფერს ვიტყვი.

- ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის სკანდალური ფინალის შემდეგ ფინალში ახლაც თურქ აჰმედ პეკერს გადაეყარე...

- ჩვენ უკვე მეხუთედ შევხვდით ერთმანეთს. მე მესამედ ვაჯობე. მაშინდელი ფინალის გულისტკენა კი დიდხანს გამყვა, მაგრამ უფრო მსაჯებისგან, პეკერის ნაკლები ბრალი იყო. მოგება აჩუქეს და შეირგო.

- რა შეიცვალა თურქის ჭიდაობაში?

- ადრე უფრო აქტიური იყო. ახლა უფრო ფრთხილობს ხოლმე და ე.წ. პირველ ნომრად მე ვჭიდაობ. ბულგარეთშიც ასე მოხდა. თან ადრინდელთან შედარებით ფიზიკურად თითქოს უფრო მეტად ვჯობნი. საბოლოოდ პეკერს 2:0, 1:0 ვძლიე.

- არაობიექტურობის შემთხვევაშიც კი მსაჯობაზე ლაპარაკი არ გახასიათებს, მაგრამ ხომ მათი "დამსახურებითაა", რომ ლიცენზია აქამდე არ გქონდა.

- როცა შეჯიბრება ჩავლილია წუწუნსაც აზრი ეკარგება და ამიტომ აღარ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას არბიტრების შეცდომებზე. თუნდაც ისეთზეც, რაც შემოდგომით, სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა.

იქ ყველაზე მეტი გულისტკენა ვიგრძენი, დავკარგე ლიცენზია და მჯერა, რომ მედალიც. მაგრამ ასეთ დონის ჩემპიონატს პირველად ვჭიდაობდი და გამოუცდელობაც იყო მიზეზი. მსაჯის არაობიექტურობამ ზედმეტად გამტეხა. ფსიქოლოგიურად სულ მოვიშალე და მომდევნო შეხვედრაში ჩემს თავს არ ვგავდი.

- საერთოდ, შემტევ სტილს ანიჭებ უპირატესობას...

- უმეტესწილად ასეა. ხშირად თავად მეტოქეთა ასპარეზობაც მკარნახობს ამას. მე ვერ დაველოდები მოწინააღმდეგე როდის გააქტიურდება და ვერც იმის იმედად ვიქნები, რომ ყაიმით დასრულებული პერიოდის დროს ბურთულა მაინც და მაინც ჩემს სასარგებლოდ დაჯდება. თუმცა არის შეხვედრები, როდესაც მეტოქის მოქმედებას ელოდები. ასეთებთან შეიძლება ერთმა შეცდომამ გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.

- ამ ეტაპზე ვისი ულიცენზიოდ დარჩენაა შენს წონაში მოულოდნელი?

- აზერბაიჯანს და ბელარუსს რომ არაა აქვთ ლიცენზია, ესაა გასაკვირი, მაგრამ მოგეხსენებათ ტაიუანსა (ჩინეთი) და ჰელსინკში (ფინეთში) კიდევ ხუთი ლიცენზია უნდა გათამაშდეს და მგონია, რომ ისინი შეძლებენ ამას. ანგარიშგასაწევია აზიის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლების ძალაც, ისინი სალიცენზიოზეც ბევრ ფავორიტს მოუშლიან ნერვებს და ოლიმპიადაზეც.

- წლეულს მხოლოდ კიევის და სოფის ტურნირებზე გამოხვედი და ორივეგან გამარჯვე. ოლიმპიადამდე თუ აპირებ სადმე ჭიდაობას?

- 10 მაისს მსოფლიო თასია ბაქოში. მწვრთნელებმა მკითხეს ვიჭიდავებდი, თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე წონის კლების საჭიროების გამო თავი შევიკავე. დროის ასე მოკლე მონაკვეთში მეორედ წონის დაკლება ორგანიზმს ავნებს. უმჯობესია ოლიმპიადისთვის რაიმე გართულებებს მოვერიდო.

- ლონდონში რას გეგმავ?

- მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად ნამდვილად არ მივდივარ. არც იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ჯერ 21 წლის ვარ და მომავალში კიდევ მექნება ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი. იმედი მაქვს შინ ხელცარიელი არ დავბრუნდები. ისე კი, წარმომიდგენია რა ბედნიერი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე რომ მამას ვენახე! ჯერ კიდევ მაშინაც როგორ გავახარებდი ახალგაზრდულ ნაკრებში მისი მიღწევების გამეორება რომ ენახა...

- ლონდონში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევ?

- ოლიმპიადაზე სულ გამორჩეული სპორტსმენები მიდიან, შესაბამისად ყველასთან ყურადღებით ასპარეზობაა საჭირო. სავარაუდოდ ყველაზე ძლიერ კონკურენატად კი რუსი ვიქტორ ლებედევი და ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი მიმაჩნია. ანგარიშგასაწევი ძალაა მსოფლიოს მესამე პრიზორი და აზიის მოქმედი ჩემპიონი, ირანელი ჰასან რაჰიმიც.

- მეტოქეთა ვიდეოჩანაწერების ნახვის საშუალება თუ გეძლევა?

- ძალიან ხშირად არა, მაგრამ, როცა ამის საშუალებაა, ვარჩევ მოწინააღმდეგის ტაქტიკას და მის შესაძლებლობებს ჩემ მწვრთნელთან ერთად. ჭიდაობასა და ზოგადად სპორტში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად პრესას და სპორტულ ტელეარხებს არცთუ მცირე დროს ვუთმობ. მოკლედ, როგორც იტყვიან, სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ.

- თავისუფალ დროს სხვა სპორტის სახეობებით არ ხარ დაკავებული?

- ძალიან მიყვარს ფეხბურთი, თამაშიც და გულშემატკივრობაც! მიყვარს კრივის, კალათბურთის ყურება. მაიკლ ჯორდანი კი ყველა სპორტსმენისთვის მისაბაძი მაგალითი მგონია. ხოლო ჭიდაობაში ჩემი კერპი ბუვაისა საიტიევია. პირადადაც ვიცნობ მას და საოცრად ძლიერ მოჭიდავედაც მიმაჩნია!

"ლონდონში მხოლოდ მედლისთვის მივდივარ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tinatin
ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული, წარმატებული და მართლაც კარგი პიროვნება.
Tamari
ლადო კარგი სპორტსმენიც არის და კარგი პიროვნებაც. წარმატებებს ვუსურვებ
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები