ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი "კორიერე დელო სპორტთან" საუბარში გუნდის კონკრეტულ ფეხბურთელებს შეეხო
"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია, მთავარი ამოცანა უკვე შესრულებულია და რა გასაკვირია, რომ ტურინში უკვე საზაფხულო ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ.

მართალია, "ვეკია სენიორას" წინ იტალიის თასის ფინალი ელის, მაგრამ ამ შეხვედრაზე მეტად ბევრს კონკრეტული სატრანსფერო ცნობები აინტერესებს.

სწორედ ამად იყო, რომ "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი კლუბის სპორტულ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას შეეხმიანა და მას სწორედ საზაფხულო გეგმებზე ჩამოუგდო სიტყვა. გასაგებ მიზეზთა გამო მაროტა შესანიშნავ ხასიათზეა და ჟურნალისტისთვის უარი არ უთქვამს - საუბარი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა და კონკრეტულ ფეხბურთელებს შეეხო. მოვუსმინოთ სენიორ ჯუზეპეს...

მარკო ბორიელო

მარკოს თავიდან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში გაიხსნა და ჩემპიონატის ფინიშზე დიდი დახმარება გაგვიწია.

თანაც, ანტონიო კონტე მისი თამაშის სტილით აღფრთოვანებულია და ბოლომდე ენდობა. ამიტომ მის გამოსყიდვას ვაპირებთ და "რომას" მესვეურებთან მოლაპარაკებებში ვართ ჩაბმულნი. დრო 22 ივნისამდე გვაქვს და არა მგონია, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ. ფაქტია, რომ ბორიელო რომაელთა გეგმებში არ ჯდება, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

ელჯერო ელია

მიმდინარე სეზონი მისთვის ადაპტაციის გამოდგა და მჯერა, რომ მომავალში შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენს.

ელჯერომ ნათლად დაინახა, რომ სერია A ბუნდესლიგისგან რადიკალურად განსხვავდება - აქ სხვა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს და ვიცი, რომ თავს არ ზოგავს. ელიასთან განშორება ჩვენს გეგმებში არ შედის და იმედია, არც მას სურს წასვლა.

ალესანდრო დელ პიერო

მოდი, ამ საკითხზე იტალიის თასის ფინალის შემდეგ ვისაუბროთ. ეს ის თემაა, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შედის და რომელსაც მე ყველაზე ნაკლებად ვწყვეტ.

დელ პიეროს მომავალთან დაკავშირებით, შეხვედრები თავად ფეხბურთელს და პრეზიდენტს შორის მიმდინარეობს. ამ პროცესში ანტონიო კონტეც ჩართულია და შეგიძლიათ მასაც შეეხმიანოთ. ასე რომ, მე საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

მილოშ კრასიჩი

ერთი ხანობა, მილოში გუნდის ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კი თითქმის არ უწევს თამაში, რაც ძალიან საწყენია.

ვერ გეტყვით, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია, რომ კონტეს გეგმებში კრასიჩი ნაკლებად შედის. ამიტომ მის ტრანსფერზე მოგვიწევს მუშაობა და იმედია, ყველა მხარისთვის სასურველ შეთანხმებას მივაღწევთ.

რობინ ვან პერსი

მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და მიმაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდთა ხუთეულში შედის.

უდიდესი სურვილი მაქვს, რომ "იუვენტუსში" ვიხილო, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილია.

ლონდონელებთან ვაპირებთ მოლაპარაკების წამოწყებას და ვნახოთ, რა გამოვა... ვიცი, რომ რობინს "არსენალთან" ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი აკავშირებს, რაც ნამდვილად გვირთულებს ამოცანას.

ვან პერსი იმ მასშტაბის ფეხბურთელია, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, ასტრონომიული იქნება. ამიტომ დღეს რაიმე დაპირების გაკეთება ჩემი მხრიდან უადგილო იქნება.

ალესანდრო ნესტა

ნესტამ თავად განაცხადა, რომ ერთადერთი გუნდი იტალიაში, სადაც შეიძლება გადაბარგდეს, "ლაციოა". ამ ყველაფრის შემდეგ გამიჭირდება, რომ მის ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განვეწყო. ისე კი, ვადასტურებ, რომ ალესანდროს გადაბირება გვსურს და მასთან კონტაქტზეც არაერთხელ გავედით.

ამ საქმეში ანდრეა პირლოც იყო ჩართული, რომელიც ნესტას ახლო მეგობარია. ჩვენი წინადადება ძალაში რჩება, სანდროსთვის კარი ღიაა. დანარჩენი კი თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა