12-13 მაისს ვაკეში კალათბურთის აკადემიის დარბაზი მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
12-13 მაისს ვაკეში კალათბურთის აკადემიის დარბაზი მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორები არიან დედაქალაქის მერია და ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაცია.

"თბილისის თასისთვის" საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუსეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები იბრძოლებენ, როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში.

- დიდი ხანია, ვოცნებობ, თბილისში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სოლიდური საერთაშორისო ტურნირი ჩაგვეტარებინა, - გვითხრა ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ. - ეს აუცილებელი იყო ჩვენთან სპორტის ამ ულამაზესი სახეობის პოპულარიზაციისა და ქართველი სპორტსმენების შემდგომი დაოსტატებისთვის, ასევე, საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად. ესეც რომ არა, როგორც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი, გვინდოდა, რომ საქართველოს დედაქალაქი ტანვარჯიშულ სახეობებში კვლავ გამოჩენილიყო დიდი საერთაშორისო ტურნირების რუკაზე.

- ვის ვიხილავთ თბილისის ხალიჩაზე?

- ბოლო წლების განმავლობაში, როგორც გითხარით, დიდი შეჯიბრების ჩატარების პირველი ცდაა. ამიტომ აქ მსოფლიო ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, თუმცა ახალგაზრდებში საკმაოდ ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეები გვესტუმრებიან. მაგალითად, რუსეთიდან ჩამოვა სახელოვანი ტანმოვარჯიშის, ოქსანა სკალდინას ქალიშვილი დარია სვადკოვსკაია, რომელმაც ამას წინათ პენზის მსოფლიოს თასზე პირველი ადგილები დაიკავა.

თავად ოქსანაც გვეწვევა. მოგეხსენებათ, იგი თავის ქალიშვილთან ერთად ჩვენს ელვირა ზუკაკიშვილსაც ავარჯიშებს.

"თბილისის თასის" ჩატარება რომ გადავწყვიტეთ, ტანვარჯიშულ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებს თხოვნა გავუგზავნეთ, ჩვენს ტურნირზე ექსპერტი გამოეგზავნათ, მისი დასკვნის საფუძველზე სამომავლოდ გრან პრის ან მსოფლიოს თასის გამართვის უფლება რომ დაგვრთონ.

ექსპერტად ბელარუსი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მარინა ლობაჩი ჩამოვა. ასე რომ, სახელოვან სპორტსმენსა და შეჯიბრების მონაწილეებს ჩვეული მასპინძლობა უნდა გავუწიოთ, რათა სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარების უფლება მივიღოთ.

- საქართველოს სპორტულ ღირსებას ვინ დაიცავს?

- უფროსებში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ელვირა ზუკაკიშვილი, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და სალომე შავდათუაშვილი.

ეს გოგონა, მართალია, კიევში ცხოვრობს და იქ სახელოვანი უკრაინელი ფეხბურთელის, ვიქტორ ბესონოვის მეუღლე და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ანა ბესონოვას დედა - ქალბატონი ვიქტორია ავარჯიშებს, მაგრამ სალომე ჩვენი მოქალაქეა და იუნიორებში საქართველოს სახელით რამდენიმე ტურნირშიც უასპარეზია.

ახალგაზრდებში ხუთი ჩვენებური მოსინჯავს ძალებს. ესენი არიან თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრიდან გაბრიელა ხვედელიძე და სოფიო ფარულავა, ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის სასპორტო კლუბ "გრაციის" წევრი სალომე ფაჟავა, ასევე, ელიზავეტა ბაქრაძე და თამარ კობალაძე.

წლეულს პირველმა სამეულმა რამდენიმე შეჯიბრებაში ისახელა თავი. ტარტუში "მის ვალენტინზე" ჯგუფურ ვარჯიშში ნაზი და ქეთი ასიტაშვილებმა, მედეა გათენაძემ, სალომე ბურდილაძემ და ლიკა ცეცაძემ მეორე ადგილი დაიკავეს.

ისინი "თბილისის თასზეც" გამოვლენ. ბაქოს ღია ჩემპიონატში ფარულავამ რგოლით მეორე, ელიზავეტა ბაქრაძემ ბურთით მესამე ადგილები დაიკავეს; მოსკოვის გრან პრიზე გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი გვერგო; კიევის მსოფლიო თასზე ხვედელიძე რგოლით მესამე იყო.

საქართველოს პირველობაზე ხვედელიძემ, ფარულავამ და ფაჟავამ, შესაბამისად, პირველი-მესამე ადგილები დაიკავეს და ამის შესაბამისად, 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის პირველობაზე გამოსვლის უფლებაც მიიღეს.

გაბრიელა იქ ორი საგნით - რგოლით და გურზებით, სოფიო - ბურთით, ხოლო სალომე ბაფთით იასპარეზებს.

სწორედ ამ საგნებით გამოვიდნენ ისინი იტალიასა და რუსეთში. პეზაროში ხვედელიძემ რგოლით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გურზებით მე-4 იყო; ასევე, მე-4 ადგილზე გავიდა ფარულავა ბურთით; ფაჟავამ კი ბაფთით მე-3 ადგილი დაიკავა.

ჩვენს გოგონებს რუსებისა და ბელარუსების შემდეგ გუნდურშიც მესამე ადგილი ხვდათ - მასპინძლებსა და ბულგარელებსაც კი გაუსწრეს. აი, პენზაში კი ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა ბელარუსებსაც აჯობეს და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს. პირად პირველობაშიც გააუმჯობესეს შედეგები - ხვედელიძემ ორი ვერცხლი, ხოლო ფარულავამ და ფაჟავამ თითო ბრინჯაო დაიმსახურეს. იმედია, ჩვენი გოგონები, როგორც "თბილისის თასზე", ისე ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის პირველობაზეც გვასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება