ტურინში კი ფიესტა გრძელდება
ერთი ტურიც და იტალიის სერია A-ს 2011/2012 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. გასულ უქმეებზე, სკუდეტოს პატრონი გამოუჩნდა და მთავარი ინტრიგაც გაქრა, მაგრამ გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამეა და შესაბამისად, უკანასკნელ ტურს დიდი ინტრერესით ველოდებით.

ჩემპიონი "იუვენტუსია" და ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს; ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ქვეყნის ღირსებას "მილანიც" დაიცავს, რომელსაც მეორე ადგილში ნამდვილად ვერავინ შეეცილება; სამაგიეროდ, გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის მფლობელი და გასარკვევია ისიც, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროპის ლიგის გათამაშებაში.

ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ევროპის ლიგაც იმას შერჩება, ვინც სამეულს ვერ შეწვდება. არადა, ამ ერთი, მესამე ადგილისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის: "უდინეზე", "ლაციო", "ნაპოლი", "ინტერი". უმჯობესია, ამ ოთხივე გუნდზე სათითაოდ შევჩერდეთ...

უდინეზე

უდინური გუნდი მესამე ადგილზეა და შესაბამისად, ყველაფერი მის ხელშია. თუ ფრიულელები გასვლაზე "კატანიას" დაამარცხებენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს სწორედ "უდინეზე" მოიპოვებს.

ეს მატჩი იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ანტონიო დი ნატალე უკანასკნელ მატჩს გამართავს "ბიანკონერის" შემადგენლობაში და საერთოდაც, სწორედ ამ თამაშით ეთხოვება საკლუბო ფეხბურთს... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტოტო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და შემდეგ, დაასრულებს კიდეც კარიერას.

"კატანიას" მისსავე მოედანზე დამარცხება იოლი საქმე არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, აშკარად ფავორიტი მაინც "უდინეზეა". ფრიულელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვთ მოსაპოვებელი, სიცილიეელები კი აბსოლუტურად უმოტივაციოდ არიან დარჩენილნი. თანაც, დიდი ალბათობით, ვინჩენცო მონტელა "კატანიას" სამწვრთნელო სკამს დატოვებს და მოთამაშეებს არც მასთან აქვთ რაიმე დასამტკიცებელი.

მოკლედ, "უდინეზე" ფავორიტია, მაგრამ ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ და ფრიულელებს ეს კარგად უნდა ახსოვდეთ.

ლაციო/ინტერი

რომში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც "ლაციო" "ინტერს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მხურვალე და ემოციური იქნება დედაქალაქური პაექრობა.

ედუარდო რეიას ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო პრაქტიკულად ნახევარი შემადგენლობა აკლია, მაგრამ რომაელთა დამრიგებელი ამას უკვე მიჩვეულია. თანაც, თვით მიროსლავ კლოზეა მწყობრშია და თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება. გერმანელ ფორვარდს უკნიდან ლულიჩი, მაური და კანდრევა დაეხმარებიან, საყრდენ ზონას კი გონსალესი და ლედესმა გაამაგრებენ.

ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს "ინტერიც" და ეს ერთადერთი თავდამსხმელი დიეგო მილიტო იქნება. არგენტინელს უკნიდან რიკი ალვარესი და ვესლი სნეიდერი დაეხმარებიან, კიდევ უფრო უკან კი ძანეტი, კამბიასო და გუარინი გაირჯებიან. მოკლედ, "ნერაძური" ძირითადად არგენტინელებით შეუტევს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან. ქვემოთ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარს გავეცნოთ...

ედუარდო რეია (ლაციო): "დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს გამარჯვებით დავასრულებთ, დანარჩენს კი სატურნირო ცხრილიდან შევიტყობთ. მართალია, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ მგონია, რომ მესამე ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. "კატანია" იოლად არაფერს დათმობს და შესაბამისად, "უდინეზეს" სულაც არ აქვს გარანტირებული სამი ქულა. "ინტერი" შესანიშნავ ფორმაშია, რაც მილანურ დერბიში დამტკიცდა, მაგრამ ჩვენ ტრიბუნების უპირატესობა გვექნება - მჯერა, გულშემატკივარი მეთორმეტე ფეხბურთელის როლს შეასრულებს".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "სიმართლე გითხრათ, სატურნირო რეგლამენტში დიდად არ ვიქექები და არ ვარკვევ, რა შემთხვევაში გავდივართ ჩემპიონთა ლიგაზე. უბვრალოდ, მსურს რომში სამი ქულა ავიღოთ და დანარჩენი ისედაც გამოჩნდება. დერბიში გამარჯვებამ ხასიათი ერთი-ორად გამოგვიკეთა და მოახლოებულ პაექრობას დიდი ენთუზიაზმით ველოდებით. აქვე, მინდა მასიმო მორატის გადავუხადო მადლობა, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ხელშეკრულება გამიხანგრძლივა. არ აქვს მნიშვნელობა, გავალთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე - მომდევნო სეზონში, გაათმაგებული მოტივაციით და ენერგიით შევუდგებით საქმეს".

ნაპოლი

რა შემთხვევაში გადის "ნაპოლი" მესამე ადგილზე? - ამისთვის საჭიროა, რომ თვითონ ნეაპოლელებმა საკუთარ კედლებში "სიენა" დაამარცხონ; ამასთან, "უდინეზემ" სიცილიაზე წააგოს, რომში კი "ლაციოსა" და "ინტერის" პაექრობა ფრედ დასრულდეს.

თუმცა, ნეაპოლელებს მილანელთა მოგებაც აწყობთ, რადგან "ნაპოლის" "ინტერთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ორივე თამაში სამხრეთელთა გამარჯვებით დასრულდა - "ჯუზეპე მეაცაზე" 3:0, "სან პაოლოზე" 1:0.

მოკლედ, "ნაპოლის" აქვს შანსი და უფრო პრაქტიკული, ვიდრე თეორიული, მაგრამ მათი სამეულში მოხვედრა მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

სამხრეთელთა მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი სავარაუდოდ 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ესეკილ ლავეცისა და გორან პანდევის ტანდემს გაამწესებს. მარეკ ჰამშიკი ნახევარდაცვაში გაირჯება, ედინსონ კავანის კი დისკვალიფიკაცია აქვს და "სიენას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ვნახოთ, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

ფიესტა ტურინში - ცრემლები მილანში

ტურინში დიდი ზეიმისთვის ემზადებიან, რადგან "იუვენტუსი" "ატალანტას" ჩემპიონის რანგში დაუპირისპირდება. ტრიბუნები რა თქმა უნდა გაივსება და სავარაუდოდ, მოეწყობა საჩემპიონო შოუ, რომლის შინაარსი გასაიდუმლოებულია.

ტურინელები ალბათ კიდევ ერთხელ გვამცნობენ, რომ ეს მათი 30-ე სკუდეტოა და არა - 28-ე, რასაც ფედერკალჩოს ტრადიციული განცხადებები და კრიტიკა მოჰყვება. მოკლედ, "იუვეს" ახალ სტადიონზე დიდი აურზაური იქნება და სავარაუდოდ, ამ განწყობას არც ფეხბურთელები გააფუჭებენ - "ვეკია სენიორას" სეზონი აქვს დაუმარცხებლად ჩასამთავრებელი და ამად არის, რომ ანტონიო კონტე კვლავაც ოპტიმალური შემადგენლობით აპირებს თამაშს. ანუ, ალესანდრო დელ პიერო ისევ თადარიგში იქნება, თავდასხმის ტანდემს კი მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი შექმნიან.

აი, მილანში კი ცრემლები დაიღვრება და სევდიანი განწყობა დაისადგურებს - არა იმიტომ, რომ "როსონერი" სკუდეტოს გარეშე დარჩა, ეს ალბათ მოინელეს კიდეც, მაგრამ გუნდს ერთბაშად რამდენიმე ლეგენდა ეთხოვება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემოციების გარეშე ვერ ჩაივლის.

თავად განსაჯეთ, "მილანში" უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებენ: ალესანდრო ნესტა, კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი, ჯანლუკა ძამბროტა და სავარაუდოდ, ჯენარო გატუზო. ამ უკანასკნელის საკითხი ბოლომდე გარკვეული არაა, მაგრამ 90%-ით, რინოც დატოვებს ლომბარდიულ გრანდს.

დიდი ალბათობით, ბოლო მილანურ პაექრობას ჩაატარებს მარკ ვან ბომელიც, თუმცა ზემოთჩამოთვლილთაგან განსხვავებით, მას "მილანის" ცოცხალ ლეგენდად ნამდვილად ვერ მოვნათლავთ.

რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა წამსვლელი ძირითად შემადგენლობაში იქნება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან "მილანისთვის" "ნოვარასთან" საშინაო პაექრობა აბსოლუტურად არაფრისმომცემია. დიახ, "როსონერი" იბრაჰიმოვიჩი-იძაგის ტანდემით შეუტევს, ნახევარდაცვაში გატუზო, ვან ბომელი, ზეედორფი და ნოჩერინო გაირჯებიან, დაცვაში კი ძამბროტას, ნესტას, იეპესს და მესბას ვიხილავთ.

ეს შემადგენლობა მომდევნო სეზონში განახევრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, "მილანის" მესვეურებს აქტიურობა მოუწევთ. მართალია, გატუზო და ინძაგი ისედაც ვერ ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ნესტას, ზეედორფს, ვან ბომელს და თუნდაც ძამბროტას შემცვლელები ნამდვილად სჭირდებათ.

მოკლედ, მილანში სევდა დაისადგურებს - კლუბს იმ თაობის უკანასკნელი წარმომადგენლები ეთხოვებიან, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც საერთოდ შესაძლებელია.

იტალია. სერია A. ბოლო ტური

13 მაისი

მილანი-ნოვარა 17.00

დისკვალიფიკაცია: აბატე - მასკარა.

ტრავმა: პატო, ემანუელსონი, ბონერა, დე შილიო, მუნტარი, აბიატი - პაჩი, კოზერი, მარიანინი, უიკანი, რადოვანოვიჩი, მაძარანი.

ფიორენტინა-კალიარი 17.00

დისკვალიფიკაცია: კოსუ, პიზანო (კალიარი).

ტრავმა: იოვეტიჩი, ნასტასიჩი, კროლდრუპი, ამაური, ვარგასი, გამბერინი, მონტოლივო - რუი სამპაიო, ელ ქაბირი.

იუვენტუსი-ატალანტა 17.00

დისკვალიფიკაცია: ვიდალი - სტენდარდო.

ტრავმა: დე ჩელიე - კარმონა, ბრიგი, მარილუნგო, კაპელი, კონსილი, ტირიბოკი.

ჩეზენა-რომა 20.00

დისკვალიფიკაცია: ტადეი (რომა).

ტრავმა: მარტინიო, კოლუჩი, იაკვინტა, პუდილი, კალდერონი, ლაურო, მუტუ - სტეკელენბურგი, ბურდისო, ჟუანი, კასეტი.

პარმა-ბოლონია 20.00

დისკვალიფიკაცია: მორლეო (ბოლონია).

ტრავმა: მარიგა, მირანტე - ხიმენესი, ჟილე, კაზარინი, კრხინი, პერესი, მუდინგაი.

კატანია-უდინეზე 22.45

დისკვალიფიკაცია: ლოდი (კატანია).

ტრავმა: ბერგესიო, კაპუანო, სუაზო, ბიაჯანტი, პოტენცა, ლიამა - ბადუ, ისლა, ფერონეტი.

კიევო-ლეჩე 22.45

დისკვალიფიკაცია: მილიონიკო, დელ ვეკიო (ლეჩე).

ტრავმა: სორენტინო, კრუსადო, დრამე, გულანი, მოსკარდელი, დე პაულა, ანდრეოლი, დაინელი - ტომოვიჩი, პეტრაკი, ჟულიო სერჟიო, კორვია.

ჯენოა-პალერმო 22.45

დისკვალიფიკაცია: პალასიო, კუჩკა - სილვესტრი.

ტრავმა: ანტონელი, კონსტანტი, კალაძე, ბოვო - მიკოლი, დელა როკა, ილიჩიჩი, ცორვასი, ასკუა.

ლაციო-ინტერი 22.45

დისკვალიფიკაცია: მარკეტი, დიასი - ჟულიო სეზარი.

ტრავმა: ალფარო, როკი, რადუ, სტანკევიჩუსი, ბროკი, კრეშენცი, მათუზალემი, ერნანესი - კასტაინოსი, კივუ, სტანკოვიჩი, ფორლანი.

ნაპოლი-სიენა 22.45

დისკვალიფიკაცია: არონიკა, კავანი, ჯემაილი (ნაპოლი).

ტრავმა: კამპანიარო, დონადელი - პეზოლი, კალაიო, ანჯელო, როსეტინი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 37 22 15 0 65-19 81

2. მილანი 37 23 8 6 72-32 77

3. უდინეზე 37 17 10 10 50-35 61

4. ლაციო 37 17 8 12 53-46 59

5. ნაპოლი 37 15 13 9 64-45 58

6. ინტერი 37 17 7 13 57-52 58

7. პარმა 37 14 11 12 53-53 53

8. რომა 37 15 8 14 57-52 53

9. ბოლონია 37 13 12 12 41-42 51

10. კატანია 37 11 15 11 47-50 48

11. ატალანტა 37 13 13 11 40-40 46

12. კიევო 37 11 13 13 34-45 46

13. ფიორენტინა 37 11 12 14 37-43 45

14. სიენა 37 11 11 15 44-43 44

15. პალერმო 37 11 10 16 52-60 43

17. კალიარი 37 10 12 15 37-46 42

18. ჯენოა 37 10 9 18 48-69 39

19. ლეჩე 37 8 12 17 40-55 36

20. ნოვარა 37 7 11 19 34-63 32

20. ჩეზენა 37 4 10 23 22-57 22

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები

28 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი), მილიტო (ინტერი); 22 - დი ნატალე (უდინეზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა