რუსეთის პირველობამ ბერძენ-რომაელთა შორის ოლიმპიადაზე ჩვენს ფალავანთა მეტოქეები გაარკვია
ამ დღეებში სარანსკმა რუსეთის პირველობას უმასპინძლა ბერძენ-რომაელთა შორის, რამაც დიდი ალბათობით გაარკვია ჩვენს ფალავანთა მეტოქეები ოლიმპიადაზე.

მართალია, იქაურებს საოლიმპიადო შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატი მათთვის საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

წინასწარვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი წააგეს წლების განმავლობაში რუსთა უცვლელმა და ზეტიტულოვანმა ლიდერებმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა - ნაზირ მანკიევმა (55), ალექსეი მიშინმა (84), ასლანბეკ ხუშტოვმა (96), მსოფლიოს პრიზიორმა ბეკხან მანკიევმა (55)... ამ წონებში ჩვენებს ახალ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობა.

რუსთა ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმა ამჯერად დაასვენა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები ისლამ-ბეკ ალბიევი (66) და ხასან ბაროევი (120), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რომან ვლასოვი (74).

ამათგან ჩეჩენისა და ოსის ამბავი გასაგებია - ერთი კვირის წინ მათ სალიცენზიო ტურნირი იჭიდავეს, თუმცა ალბიევმა ლიცენზია ვერ მოიპოვა; აი, ვლასოვის ამბავი კი საყურადღებოა - ეტყობა, კოღუაშვილი ოლიმპიადისთვის სწორედ მას ინახავს და ადგილიც დაჯავშნული აქვს.

ვლასოვმა შარშან მსოფლიოს პირველობა მოიგო, წლეულს - ევროპისა, თუმცა ფინალში მანუჩარ ცხადაიასთან პირველი პერიოდი მსაჯებმა აჩუქეს, მეორეში კი ჩვენებურმა გაუმართლებლად იჩქარა და ლამის მოგებული პერიოდი დათმო.

ამ წონაში რუსეთის ჩემპიონი მსოფლიოს პრიზიორი იმილ შარაფეტდინოვი გახდა, მაგრამ ვლასოვის გამოჩენის შემდეგ ის წონის ლიდერი აღარაა. თან შანსი რამდენჯერმე მიეცა, მაგრამ ვლასოვისგან განსხვავებით, ვერ გამოიყენა.

კოღუაშვილს კვლავაც არ გაუმართლა თანაქალაქელმა, ანუ ქუთაისელმა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ამბაკო ვაჩაძემ, თუმცა რომც გაემარჯვა, ლონდონში მაინც ვერ წავიდოდა - ესაა ერთადერთი წონა, სადაც რუსები უსაგზუროდ დარჩნენ.

ამის მიუხედავად, სარანსკში გამარჯვება ჩვენებურს ბოლო წლების ჩავარდნის ნაწილობრივ რეაბილიტაციის საშუალებას მაინც მისცემდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა - ნახევარფინალში დამატებით დროში მომავალ ჩემპიონ მიგრან არუთინიანთან დამარცხდა.

აქ სამივე პერიოდში ქულები მხოლოდ ჩოქბჯენში გაკეთდა. ვაჩაძის საუბედუროდ, დამატებითში მას მოუწია იქ ჩადგომა და სომეხმაც იოლად გადაატრიალა ორქულიანზე.

დანარჩენ წონებში მინგიან სემენოვმა (55), ზაურ კურამაგომედოვმა (60), ალან ხუგაევმა (84), რუსტამ ტოტროვმა (96) და ალექსანდრ ანუჩინმა (120) იმარჯვეს. კრასნოიარსკელმა ყალმუხმა სემენოვმა ფინალში ინგუში ნაზირ მანკიევი დაამარცხა.

ყალმუხმა წლეულს ივან პოდდუბნის მემორიალიც მოიგო და ევროპაზეც იჭიდავა, თუმცა მეხუთეზე დარჩა. მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორი, ნაზირის უმცროსი ძმა ბეკხან მანკიევი მეორე წრეში ვასილ ტოპოევთან დამარცხდა, რასაც რუსებმა დღის მთავარი მოულოდნელობა უწოდეს.

სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ლონდონში წასვლის შანსი დაიბრუნა ავარელმა კურამაგომედოვმა დაღესტნიდან. ლიცენზია შარშან მან მოიპოვა - მსოფლიოზე მესამეზე გავიდა, თუმცა წლეულს პოდუბნის მემორიალზე ჯერ იბრაგიმ ლაბაზანოვთან დათმო შეხვედრა, მერე - მანკიევების ბიძაშვილ რუსტამ ხუჩბაროვთან.

ამჯერად ის ხუჩბაროვს არ შეხვედრია, ლაბაზანოვს კი ფინალში აუღო რევანში. მშობლიურ მორდვეთს იმედები გაუწბილა სარანსკელმა მიშინმა, რომელიც კვლავაც პრინციპულ მეტოქესთან, ახალგაზრდებში ოსთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალან ხუგაევთან დამარცხდა.

ეტყობა, ამით ოსმა საბოლოოდაც გაინაღდა ლონდონში წასვლა - მან შარშან პოდუბნის ფინალიც მოუგო ერთ დროს მრისხანე მიშინს და მერე მსოფლიოზე ლიცენზიაც მოიპოვა. 32 წლის სარანსკელმა წლეულს ევროპაზე კი იჭიდავა, მაგრამ - წარუმატებლად, რითაც ისედაც ფორა მისცა ხუგაევს. ამ გამარჯვებით ოსმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

სარანსკში ქომაგების ნაკლებობას თურმე არც უჩიოდა, რადგან ოსეთიდან ბევრი მეგობარი ჩასულა მის საქომაგოდ. ამის გამო კიდევ უფრო მეტად მინდოდა მოგებაო, განაცხადა ხუგაევმა, რომელმაც დამატებით დროში წარმატება ფსიქოლოგიური ფაქტორით ახსნა.

მისი თქმით, სეზონის დასაწყისში ჩავარდნა ჰქონდა, რის მიზეზადაც არასწორი მზადება დაასახელა - აქამდე შინ ვვარჯიშობდი, ახლა კი მოსამზადებელი ციკლი ნაკრებთან გავიარეო, თქვა და დაამატა, რომ ეს გამარჯვება ლონდონში წასვლის საბოლოო გარანტია არაა, თუმცა საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.

96 კილოგრამში წილისყრამ თავიდანვე ჩააგდო ინტრიგა - ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი უქმობის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებული ყაბარდოელი ოლიმპიური ჩემპიონი ხუშტოვი და ოსი მსოფლიოს მედალოსანი რუსტემ ტოტროვი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, რაც ქომაგს ნახევარფინალში გამორჩეულ ორთაბრძოლას ჰპირდებოდა.

მათდა სამწუხაროდ, ხუშტოვი მეოთხედფინალში ვიტალი როგანინთან დამარცხდა. გადამწყვეტი აქაც მესამე პერიოდი გამოდგა, სადაც ჩოქბჯენში როგანინი ჩადგა, მაგრამ ოლიმპიურმა ჩემპიონმა შანსი ვერ გამოიყენა, მეტოქე ვერ დაატრიალა და წააგო.

ამდენად, ის ვერც ტოტროვისა და ნიკიტა მელნიკოვის ლიდერობისთვის გამართულ დავაში ჩაერია. ბოლო წლებში ფინალში მუდამ ისინი გადიან, თუმცა თანდათან ტოტროვის უპირატესობა გამოიკვეთა - შარშან მელნიკოვმა ქვეყნის პირველობის ფინალში კი მოუგო, მაგრამ მერე პოლონეთის ტურნირში მასზე ცუდად გამოვიდა და მსოფლიოზეც ტოტროვი წავიდა (იქ ბრინჯაო და ლიცენზიაც მოიპოვა). წლეულს ტოტროვმა პოდუბნის ფინალში აჯობა, ახლა კი მეორედ მოუგო.

ვფიქრობთ, ამით ამ წონაში ოლიმპიელის ვინაობაც გაირკვა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით მძიმე წონაზე, სადაც ბაროევი მაინც სხვებზე გამოკვეთილი ლიდერი ჩანს. იქნებ ვლასოვისგან განსხვავებით, მას კოღუაშვილი ადგილს არ უჯავშნის, მაგრამ ანუჩინთან მიმართებაში შანსს ნამდვილად მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა