გაზეთში წერისას ობიექტურობის დაცვის აუცილებლობას რა ვუთხარი, თორემ ენა როგორ მომიბრუნდებოდა, მიუნხენის "ბაიერნზე" რამე კარგი მეთქვა...

გაზეთში წერისას ობიექტურობის დაცვის აუცილებლობას რა ვუთხარი, თორემ ენა როგორ მომიბრუნდებოდა, მიუნხენის "ბაიერნზე"რამე კარგი მეთქვა. მაგრამ ახლა ორი კარგი რამის თქმა მიწევს. გულს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ იტალიური "რომა" უფრო არ მიყვარს.

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მიდიოდა ზემოთ ნახსენებ ორ გუნდს შორის. ბურთი მიუნხენის კლუბის ფეხბურთელებს ჰქონდათ, როდესაც "რომას" ფეხბურთელს თასმა გაეხსნა და შესაკრავად დაიხარა. "ბაიერნის" ფეხბურთელებმა კი შეტევა შეაჩერეს და დაელოდნენ, სანამ მეტოქე ბუცს მოიწესრიგებდა. აშკარად ღირსეული საქციელი იყო და იმ წუთში ძალიან მინდოდა, ფრანჩესკო ტოტის სახე ეჩვენებინათ ოპერატორებს. ალბათ გაოგნებული ფიქრობდა, ეს რა მოხდა ნეტავო. გერმანელებს საქციელი დაუფასდათ - სულ ცოტა ხანში მიულერმა ............. გოლი გაიტანა. ამ წერტილების მაგივრად რაიმე ძალიან მაგარის აღმნიშვნელი სიტყვა თქვენი სურვილისამებრ ჩაწერეთ. რა ვიცი, მე ვერ მოვიფიქრე.

ლონდონის "ჩელსის" აშკარად გაუჭირდა დიდიე დროგბას გარეშე. აბა, სხვა რას უნდა დავაბრალოთ, რომ "ჟილინას" კარში მხოლოდ 4 გოლი იკმარა? და საერთოდ, "ჩელსისა" და ლონდონისვე "არსენალის" საფეხბურთო მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება. ამ ბოლო ხანებში იმდენი გოლი გააქვთ, მალე ალბათ ფეხბურთს ჩამოაშორებენ და ჰოკეიში გადაიყვანენ.

"ბარსელონასა" და "პანათინაიკოსის" მატჩის ცქერისას, ბერძნებმა გოლი რომ გაიტანეს, მაშინვე ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობის სათაური გამახსენდა - "ნუ გააღვიძებ". რა უნდოდათ, კაცო? ხომ იყვნენ თავისთვის? აბსურდია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ფეხბურთში გოლის გატანა ყოველთვის კარგი კი არაა. აბა, სულელი კი არ იყო "რეინჯერსი", "მანჩესტერს" რომ არ გაუტანა და 0:0 ითამაშა.

ერთი რაღაც მიკვირს - რას ერჩის "ერკულესის" ფეხბურთელი ნელსონ ვალდესი საბერძნეთის კლუბ "კავალას" ფეხბურთელების ცოლ-შვილს? რა შუაშიაო, იკითხავთ. მაგრამ, აბა, დაუფიქრდით: ვალდესმა "ბარსელონა" გაამწარა, გამწარებულმა "ბარსამ" "პანათინაიკოსი" გაანადგურა, ახლა გაცოფებული "პანათინაიკოსი" "კავალას" დაანგრევს, ამაზე ამ კლუბის ფეხბურთელები გაგიჟდებიან და თვითონ რომ ვერავის მოუგებენ, ჯავრს სახლში მისულები ცოლ-შვილზე იყრიან.

"ერკულესი" კი "ბარსასთვის" ერთობ უცნაური მეტოქე შეიქნა. დიდი ხანია, კატალონიურ გუნდს მათთან არ მოუგია. წლეულსაც ხომ წააგო, მეორე წრეში გასვლაზეც ვერ მოუგებს, მერე "ერკულესი" გავარდება და ქვედა ლიგაში დაიმალება რამდენიმე წელი. მერე ისევ ამოვა პრიმერაში და ისევ გაამწარებს "ბარსას". მოკლედ, ეკაიფება რა.

საქართველოს ჩემპიონატში კი ძალიან დაძაბული კალენდარია. გუნდებს ლამის ყოველ 3 დღეში თითო თამაშის გამართვა უწევთ და ვისაც ნორმალური ტრანსპორტი არა ჰყავს, ერთ თამაშს რომ ამთავრებენ, ეგრევე მეორის სათამაშოდ მიდიან გამოუცვლელად. ზოგი ამბობს, ცოდონი არიან ფეხბურთელებიო, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ჯობია კიდეც, რომ ახლავე მოილიონ მატჩები. აბა, ახალ წლებზე მაგისთვის ვის ეცლება? აქეთ შემწვარი გოჭი და საცივიო, იქით შამპანური და კაი ღვინო...

თვითონ ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ცხრილშიც ისეთი სიმჭიდროვეა, კიდევ კარგი, აგრილდა, თორემ დაიხუთებოდნენ გუნდები.

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ მალხაზ ასათიანს კი ცსკა-სთან მატჩში ინციდენტი შეემთხვა - ჩილელ მარკ გონსალესთან ჩხუბი მოუვიდა და მინდვრიდან გააძევეს. მე კი ერთ მომენტს მივაქციე ყურადღება- გონსალესმა თავი რომ მიარტყა, მალხაზს შეეძლო ყველასავით მინდორზე გაშოტილიყო და ალბათ, მხოლოდ ცსკა-ს ფეხბურთელს გააძევებდნენ. მალხაზმა კი ჩხუბი გააგრძელა. ტოტი, ალბათ, როგორ გაოგნდებოდა, ეს რომ ენახა.

ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ ამ ფაქტს, გამოდის, რომ ასათიანმა რუსულ ჯარს დაარტყა - მის ფეხბურთელთან იჩხუბა. ჯერ იმან მოარტყა ფეხი, მერე მალხაზმა ბურთი ესროლა, იმან თავი ჩაარტყა, ამან ყელში წაუჭირა... მოკლედ, საქმე ალბათ გაეროს გადაეცემა გასარკვევად და, სავარაუდოდ, ტალიავინის დასკვნას დაელოდებიან.

სიახლეა დიეგო მარადონასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მას ძალიან მოეწონა მწვრთნელობა და, არგენტინის ნაკრების დატოვების შემდეგ თუ სადმე მწვრთნელის სკამი გათავისუფლდა, ყველგან მიიწევს. ჯერ იყო და, ინგლისური "ასტონ ვილას" გაწვრთნა მოინდომა, ახლა გაიგო, რომ პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელი გაუშვეს და განაცხადა, სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ თანამდებობაზეო. ეგ ვარიანტიც თუ არ გამოუვიდა, უმუშევარი არ დარჩება. მე მაქვს ერთი ვარიანტი - თბილისის ყველა უბანში იკრიბებიან ხოლმე ბიჭები საღაამოობით და ფეხბურთს თამაშობენ. ზოგი უბანი კი ისეთია, არა მგონია, მარადონას შეგუება გაუჭირდეს.

არგენტინელი ფეხბურთელი ვახსენეთ და, საქართველოში მისი ჩამოსვლის ინიციატორის ნიკო პატარქალიშვილის ახალ პროექტზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ეს მონდომებული ადამიანი ბოლომდე ცდილობს დაარწმუნის მთავრობა, რომ "პელეს თასის" გამართვით ქვეყნისთვის კარგი საქმე გაკეთდება. მართალი გითხრათ, პირადად მე ძალიან მეეჭვება, რომ არგენტინის, ბრაზილიის და ურუგვაის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა გაგანია საკლუბო სეზონის დროს საქართველოში ძირითადი შემადგენლობები ჩამოიყვანონ. ბოლო-ბოლო, ერთმანეთთან სათამაშოდ ამხელა გზას რატომ დაადგებიან? არა მგონია, თუნდაც ახალგაზრდულის ძირითადი ფეხბურთელები ფინანსურად მოვხიბლოთ და თუ თამაში უნდათ, თავის კონტინენტზე ვერ ითამაშებენ? თვითონ პელეს ჩამოსვლაში კი რა ხეირია, ვერ ვხვდები. მით უმეტეს, მარადონას მწარე გაკვეთილი წინ გვიდევს.

უფრო საინტერესო ამ ამბავში არგენტინულ-ქართული საფეხბურთო აკადემიის დაარსება მგონია, სადაც, ჩანაფიქრით, არგენტინელმა მწვრთნელებმაც უნდა იმუშაონ. ისე, თურმე ბატონ ნიკოს რამდენიმე წლის წინ არგენტინის ნაკრების ახლანდელი მწვრთნელის ბატისტას თელავის "კახეთში" ჩამოყვანა სდომებია, მაგრამ "მხოლოდ" ფინანსური საკითხი ვერ მოგვარებულა. ეგ ფინანსური საკითხებია სწორედ, ბატონო ნიკო, მეც რომ მკლავს, თორემ სასწაული იდეები მქონდა. შარშან ლიონელ მესის ჩამოყვანა მინდოდა ბოლნისის "სიონში", მაგრამ ბოლო მომენტში გავიჭედე. თავის დროზე ვიტორ ბაია მინდოდა ზუგდიდის "ბაიაში"- მაგრად უხდებოდა. ფილიპო ინძაგი მინდოდა მილანში... ოღონდ, წნორის "მილანში". მანუელ ალმუნია, დავიდ ვილია და კაპდევილია მინდოდა ფოთის "კოლხეთში" - გვარები ხელს უწყობთ. ქუთაისის "ტორპედოში" მინდოდა იბრაჰიმოვიჩი და ოლიჩი - ნახეთ, რა ქუთაისურად ჟღერს - "ოლიჩი". მამადუ ნიანგის ჩამოყვანა მინდოდა ბავშვების შესაშინებლად და ფრანჩესკო ტოტის ჩამოყვანა მინდოდა საცემად (რას გადაეკიდეო, იტყვით, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს აფერისტი ფეხბურთელები, ვერც საქართველოსთან "ნაჩალიჩარ" 2 პენალტს ვივიწყებ და ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე, ქართველი ყმაწვილის ტანზე რომ ვხედავ მის მაისურს).

ამასობაში, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 11 გუნდი უკვე გაირკვა და საკმაოდ უცნაური კონტინგენტი მივიღეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, თავდაცვის სამინისტროს გუნდი, სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდები - გარკვეულწილად განათლების სამინისტროსთან არიან კავშირში, "ენერჯი-ინვესტი" და ჭიათურის გუნდები - ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთანაა კავშირში (ამ სამინისტროს სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ და გავიგებ)... მოკლედ, მგონი, იქამდე მივდივართ, რომ ჩემპიონატის მთავარი მსაჯი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უნდა იყოს.

თვითონ გუნდებს კი რაც შეეხება, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ შსს-ს და არმიის გუნდებს და დიდი შანსია, რომ მათ შორის რთული და დაძაბული დაპირისპირებები იყოს. ეგ გვინდოდა ახლა? ძლივს დალაგდა ქვეყანა.

P.S. უცხოურ პრესაში ყოფილა სტატია, მესუთ იოზილი იმიტომაა მაგარი გამთამაშებელი, რომ თვალებს აელმებსო. ახლა მაგას აქეთ-იქით ფლანგებზე ცალთვალა კუტუზოვი და ილიკო ჩიგოგიძე რომ დავუყენოთ და კარებში ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა ჩავუყენოთ, აი, სუპერგუნდი ეგ იქნება თუ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა