3-5 დეკემბერს დევისის თასის ფინალში საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებები შეხვდებიან. ფრანგებმა ლიონში მოულოდნელად "მშრალი" ანგარიშით მოუგეს არგენტინას, სერბეთს კი უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია ბელგრადში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.

3-5 დეკემბერს დევისის თასის ფინალში საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებები შეხვდებიან. ფრანგებმა ლიონში მოულოდნელად "მშრალი" ანგარიშით მოუგეს არგენტინას, სერბეთს კი უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია ბელგრადში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.

სერბეთი-ჩეხეთი

0:1 ვიქტორ ტროიცკი-რადეკ შტეპანეკი 6:4, 2:6, 4:6, 4:6

1:1 იანკო ტიპსარევიჩი-ტომაშ ბერდიხი 7:5, 6:2, 2:6, 7:6(5)

1:2 ჯოკოვიჩი/ჟიმონჟიჩი-ბერდიხი/შტეპანეკი 6:3, 1:6, 4:6, 1:6

2:2 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ტომაშ ბერდიხი 4:6, 6:3, 6:2, 6:4

იანკო ტიპსარევიჩი-რადეკ შტეპანეკი 6:0, 7:6(6), 6:4

ჩეხების პირველ ნომერს ტომაშ ბერდიხს ნახევარფინალის პირველ დღეს იუბილე ჰქონდა (25 წლის გახდა) და ყველაზე კარგი საჩუქარი მას თანაგუნდელმა რადეკ შტეპანეკმა გაუკეთა, რომელმაც პირველი ქულა მოუტანა სტუმართა გუნდს. თუმცა რადეკს აშკარად გაუმართლა. მას არ მოუწია ამერიკის ღია პირველობის ფინალიტ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრა, რადგან სერბების ლიდერს მოულოდნელად გასტროენრერიტის ვირუსი შეეყარა და კორტზე გასვლა ვერ შეძლო. შტეპანეკმა მეტოქედ ვიქტორ ტროიცკი მიიღო, თუმცა სტუმარს განსაკუთრებული სიხარულის საბაბი არ უნდა ჰქონოდა - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩეხმა ორჯერ წააგო ვიქტორთან (ცინცინატისა და ნიუ ჰევენში), თანაც ისე, რომ სეტი არ აუღია.

სერბმა ეს სერია პარასკევს პირველი პარტიის მოგებით გააგრძელა, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვეღარ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ბელგრადში მიმდინარეობდა, ტრიბუნებზე მხარდაჭერა თითქმის თანაბარი იყო. ჩეხები ცოტანი იყვნენ, სამაგიეროდ მასპინძელ ფანებზე მეტად აქტიურობდნენ. ტროიცკიმ მეორე სეტი ჩააგდო - 2:6 და შეხვედრა შტეპანეკის კარნახით გაგრძელდა. მან მოიგო მესამე პარტია და მეოთხეშიც მუდმივად წინ იყო. კულმინაცია ბოლო გეიმში დადგა. ტროიცკი 30:0 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ სამი ბურთი წააგო. მეტოქის მატჩბოლზე სერბმა გარისკა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ხაზს ოდნავ ასცდა. ჩეხების სიხარული რამდენიმე წამით გადაიდო - ტროიცკიმ მსაჯის გადაწყვეტილების შემოწმება სცადა და საკუთარ შეცდომაში დარწმუნდა.

ამის შემდეგ კორტზე იუბილარი და იანკო ტიპსარევიჩი გავიდნენ. თავად ბერდიხმა საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საჩუქარი ვერ გაიმეტა. ტიპსარევიჩს კარგად ესმოდა, რომ ამ მატჩის წაგება სერბეთის ფინალში გასვლის შანსებს ხაზს გადაუსვამდა. ამიტომაც განსაკუთრებით მოინდომა. ბერდიხიც მონდომებით ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს - 0:2-ზე სეტის აღებაც მოახერხა. მეოთხე სეტში მეტოქეებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც ტიპსარევიჩს უფრო გაუმართლა. მატჩში ანგარიში გათანაბრდა და ბევრი რამ წყვილთა შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა.

ამ მატჩისთვის ჯოკოვიჩმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ATP-ის ტურის წყვილთა თანრიგში ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს - ნენად ჟიმონჩიჩს შეუერთდა. ჩეხებმა მთლიანად შეცვალეს შემადგენლობა - ჰაიეკსა და მინარს სათადარიგოთა სკამზე დასხდომა მოუწიათ და კორტზე ბერიხი-შტეპანეკის დუეტი გავიდა. მათ დევისის თასზე ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდათ - 6 მოგება და ერთი წაგება. ერთადერთი მარცხი 2009 წლის ფინალში, ესპანეთთან მატჩში იწვნიეს.

მხოლოდ პირველ პარტიაში იყო თანაბარი ბრძოლა, სადაც უფრო მეტი იღბალი მასპინძლებს აღმოაჩნდათ. ჯოკოვიჩი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა და კარგადაც თამაშობდა, მასპინძელთა დუეტის სუსტი წერტილი კი ჟიმონჟიჩი აღმოჩნდა. სწორედ მისი მოწოდება წააგო სერბეთმა ზედიზედ სამჯერ, თანაც ნენადს თანაგუნდელზე გაცილებით მეტი შეცდომა დაუგროვდა. ნოვაკი ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი განერვიულდა და კორტზე ჩოგნის დარტყმა დაიწყო. ასეთ სიტუაციაში ბრძოლა აღარ შედგა და ჩეხეთმა უმნიშვნელოვანესი ქულა აიღო.

თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ სერბები ასე იოლად არ დათმობდნენ ფინალის საგზურს, მით უმეტეს, რომ მათი ლიდერი ჯოკოვიჩი მწყობრში ჩადგა. სწორედ ნოვაკისა და ბერდიხის მატჩით იხსნებოდა კვირის პროგრამა. სერბს ანგარიშის გათანაბრების გარდა, რევანშისთვის უნდა ეზრუნა. წლევანდელ უიმბლდონზე ჩეხმა ნახევარფინალში სამ სეტში მოუგო ჯოკოვიჩს.

რევანშიც შედგა და ნახევარფინალში ანგარიშიც გათანაბრდა. 3 საათისა და 14 წუთი ბრძოლის შემდეგ მასპინძელმა ოთხ სეტში მოიგო. ნოვაკი მძიმედ შევიდა თამაშში და პირველი სეტი წააგო, მაგრამ ამის შემდეგ მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია.

კიდევ უფრო დიდი იყო შტეპანეკზე ტიპსარევიჩის უპირატესობა, რომელიც, საბოლოოდ, ამ ნახევარფინალის გმირი აღმოჩნდა. სამიდან ორ სეტში სერბმა სასტიკი დღე აყარა რადეკს. ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო, სადაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ სტუმარს 6:5-ზე სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ საიმ ქულა და მასთან ერთად სეტიც წააგო. სერბეთი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ფინალში.

საფრანგეთი-არგენტინა 5:0

1:0 მიკაელ ლოდრა-ხუან მონაკო 7:5, 4:6, 7:5, 6:3

2:0 გაელ მონფილსი-დავიდ ნალბანდიანი 6:4, 2:6, 6:4, 6:3

3:0 კლემანი/ლოდრა-შვანკი/სებალიოსი 6:4, 7:5, 6:3

4:0 ჟილ სიმონი-ედუარდო შვანკი 7:6(5), 6:7(6), 6:3

5:0 არნო კლემანი-ორასიო სებალიოსი 7:5, 6:1

კვლავ წარუმატებლად დასრულდა დავიდ ნალბანდიანის მორიგი ლაშქრობა დევისის თასისთვის. ხუან მარტინ დელ პოტროს არყოფნა საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის დასამარცხებლად, მაგრამ არგენტინამ ლიონში იგივეს გაკეთება ვერ შეძლო. ასე რომ, ამ გუნდმა მომავალი სეზონისთვის უნდა გადადოს ისტორიაში პირველად დევისის თასის მოგება.

მატჩს მიკაელ ლოდრა და ტურში ახლახანს დაბრუნებული ხუან მონაკო ხსნიდნენ. არგენტინელმა ბრეიკი გააკეთა და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრების უდიდესი მხარდაჭერით ლოდრამ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს კი გადამწყვეტი მე-12 გეიმი აიღო. ტრიბუნები ნამდვილ "საგიჟეთს" დაემსგავსა, თუმცა მონაკომ მეორე სეტში ბრძოლა მოხვია თავს მასპინძელს და თანაფარდობა აღადგინა. მესამე სეტი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. 58-წუთიანი ბრძოლა, სადაც უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, ლოდრას სასარგებლოდ დასრულდა. მეოთხე სეტში მონაკოს წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა - 3:6.

ლოდრას დაწყებული საქმე გაელ მონფილსმა გააგრძელა. ნალბანდიანის სახით მას უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა, მაგრამ უფრო იოლად გაიმარჯვა. პირველ პარტიაში ფრანგმა თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა, ორი ბრეიკი გააკეთა და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მეორე სეტში ყველაფერი შეიცვალა. კორტზე უკვე ნალბანდიანი ბატონობდა და ახლა მან მოიგო მეტოქის ორი მოწოდება. ისევე როგორც წინა მატჩში, ამ ლოკალურმა წარმატებამ არგენტინას საბოლოო უპირატესობა ვერ მოუტანა. მესამე პარტია მონფილსმა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა. სეტის ბედი მესამე გეიმში გაკეთებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა, ხოლო რაც მეოთხე სეტში მოხდა, ამის ახსნა თავად ნალბანდიანს არ შეუძლია. არგენტინელი 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ზედიზედ ექვსი (!) გეიმი წააგო.

წყვილებში საფრანგეთმა გამოცდილი დუეტი - ლოდრა და არნო კლემანი გაიყვანა, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ მოგებული. არგენტინამ აქცენტი ედუარდო შვანკსა და ორასიო სებალიოსზე გააკეთა. ამ დუეტმა მეოთხედფინალში რუსეთთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ - ისინი კლასითაც და გამოცდილებითაც სჯობდნენ მეტოქეებს. პირველი ორი სეტი ერთნაირი სცენარით წარიმართა. ფრანგები ბრეიკს აკეთებდნენ, მაგრამ შემდეგ კარგავდნენ უპირატესობას ორივეჯერ გუნდი არნომ დააღალატა. პირველ პარტიაში ორი ორმაგი შეცდომა გააკეთა ერთ გეიმში, მეორეში - მისმა შეცდომებმა 40:0-დან წააგებინეს საფრანგეთს გეიმი. მაგრამ ბოლოს მასპინძლებისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. თანაც გადამწყვეტ მომენტებში სწორედ კლემანმა იყოჩაღა. ბოლო სეტში არგენტინამ იბრძოლა, მაგრამ აშკარად განწირული ჩანდა. სამხრეთამერიკელები მეხუთედ შეხვდნენ საფრანგეთს და მეხუთედ წააგეს.

ფრანგები რვაწლიანი შესვენების შემდეგ მოხვდნენ ფინალში. ისინი მეთექვსმეტედ ითამაშებენ გადამწყვეტ მატჩში და მეათედ შეეცდებიან ვერცხლის სასალათეს მოგებას. გი ფორჟეს გუნდისთვის მეორე ნახევარფინალში ჩეხეთის მოგება უკეთესი იყო, რადგან ამ შემთხვევაში ფრანგები ფინალს შინ ითამაშებდნენ, ახლა კი ბელგრადში მოუწევთ გადამწყვეტი მატჩის ჩატარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...