"ტორინო" და "პესკარა" ელიტურ დივიზიონში გადავიდნენ, მესამე დაწინაურებულის ვინაობა კი გადათამაშებით გახდება ცნობილი
გასაგებ მიზეზთა გამო სერია B-ს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და მხოლოდ სტატისტიკით შემოვიფარგლებით, მაგრამ ხანდახან იქაც უნდა შევიხედოთ, მით უმეტეს, ამის საკმარისზე მეტი საბაბი გვაქვს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იტალიის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ქვედა დივიზიონის ორი მოთამაშეა: ანჯელო ოგბონა "ტორინოდან" და მარკო ვერატი "პესკარადან"... თუმცა, ნაკრები იქით იყოს და, გასულ უქმეებზე იმ ორი გუნდის ვინაობა გამოვლინდა, რომლებიც მომდევნო სეზონიდან სერია A-ში იასპარეზებენ.

დიახ, "ტორინო" და "პესკარა" ელიტურ დივიზიონში გადავიდნენ, მესამე დაწინაურებულის ვინაობა კი გადათამაშებით გახდება ცნობილი. XXXXI ტურმა ის ოთხი გუნდიც გამოავლინა, რომლებიც ნახევარფინალებისა და ფინალის მეშვეობით სერია A-ში გადამსვლელ მესამე გუნდს გამოავლენენ და ბარემ ჩამოვთვალოთ ისინიც: "სასუოლო", "ვერონა", "ვარეზე", "სამპდორია". გადათამაშებაზე აღარ შევჩერდებით და იმ გუნდებს დავუბრუნდეთ, რომლებმაც სერია A-ს საგზური უკვე მოიპოვეს - მაშ ასე, მოკლე ინფორმაცია "ტორინოსა" და "პესკარას" შესახებ...

ტორინო

"ტორინოსთან" ერთად, სერია A-ში ტურინული დერბი ბრუნდება - დაპირისპირება, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. მართალია, "იუვე" დღეს გაცილებით ძლიერია და თანაქალაქელთან ფავორიტიც იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, დერბიში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა და ესეც საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.

უკანასკნელი ტურის წინ "ტორინოს" სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია და ამ მხრივ, ალბათ, არც არაფერი შეიცვლება - "გრანატა" ბოლო სათამაშო დღეს "ალბინოლეფეს" ესტუმრება და წესით, სერია C-ში დაქვეითებულ გუნდთან მორიგი გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

"ტოროს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს და როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები ამბობენ, ამ გუნდის ძალა სწორედაც რომ გუნდურობაშია. შესაბამისად, მუდმივ დითირამბებშია "ტორინოს" მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა გუნდი და ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა.

მიმდინარე სეზონში გუნდის ყველაზე შედეგიანი ფორვარდი მირკო ანტენუჩია, რომელმაც 40 თამაშში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა - აქედანაც კარგად ჩანს, რომ "გრანატა" ერთ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული.

ცნობილ გვარებს ტურინულ გუნდში ნაკლებად შეხვდებით - შეგვიძლია როლანდო ბიანკი ვახსენოთ, რომელიც თავის დროზე "რეჯინაში" ბრწყინავდა და შემდეგ ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" ამოჰყო თავი.

ბიანკის მიმდინარე სეზონში 36 თამაში აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი, ანუ ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვანი მოთამაშეა.

ყველაზე მეტი, 39 თამაში ანჯელო ოგბონას აქვს ჩატარებული და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ ნიჭიერი მცველის საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა... დიდია შანსი, ანჯელო ამავაზე ზაფხულს ევროპული ფეხბურთის გრანდში გადაბარგდეს, თუმცა ტურინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმ ერთი სეზონით შეინარჩუნონ.

თუ მიაღწიეს მიზანს და კიდევ ორი-სამი მაღალი კლასის მოთამაშე დაიმატეს, ვინ იცის, იქნებ "ტორომ" ცხრილის ზედა ნაწილშიც დაიმკვიდროს ადგილი.

პესკარა

"პესკარას" ცნობილი ჩეხი სპეციალისტი, ზდენეკ ზემანი უდგას სათავეში და ეს უკვე ძალიან საინტერესოა... ანუ გამოდის, რომ სერია A-ში "იუვენტუსის" ერთდროულად ორი მტერი აღზევდა: ერთი "ტორინო" და მეორე პერსონალურად ზემანი, რომლის ერთ-ერთი საყვარელი საქმე "ვეკია სენიორას" ლანძღვა-გინებაა.

თუმცა, ლანძღვის გარდა, ზდენეკმა საქმეც შესანიშნავად იცის და "პესკარაში" ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ზემანის გუნდები, ტრადიციულად, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და გამონაკლისი არც "პესკარაა"... მიუხედავად იმისა, რომ სერია B-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე "ტორინოა", ნეიტრალურ გულშემატკივართა სიმპატიები სწორედ "პესკარასკენ" იხრება, რადგან ზემანის გუნდი შემტევ და საოცრად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ერთ რამედ ღირს - თუ არ გჯერათ, ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ყურადღება ამ გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას მიაქციეთ...

იგივე "ტორინოსგან" განსხვავებით, "პესკარაში" რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ტალანტი ასპარეზობს, რომლებზეც ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

თუნდაც მარკო ვერატი, 19 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა; აღარაფერს ვამბობთ 22 წლის ფორვარდ ჩირო იმობილეზე, რომელმაც 35 თამაშში, არც მეტი, არც ნაკლები, 28 გოლი გაიტანა (!!!).

დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ 20 წლის თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს, რომლის ანგარიშზეც 35 თამაში და 18 გოლია; დავამატოთ ამათ გამოცდილი მარკო სანსოვინი, რომელმაც 38 შეხვედრა გამართა და 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

მოკლედ, ზემანს ზე-შემტევი გუნდი ჰყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით და შესაბამისად, "პესკარას" ელიტაში გადასვლამ ბევრი ნეიტრალური გულშემატკივარი გაახარა. რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან სერია A-ში? - აბსოლუტურად ყველაფერს...

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ტორინო 41 24 10 7 57-28 82

2. პესკარა 41 25 5 11 89-55 80

3. სასუოლო 41 21 14 6 54-32 77

4. ვერონა 41 23 8 10 59-40 77

5. ვარეზე 41 19 11 11 54-40 68

6. სამპდორია 41 17 16 8 52-31 67

7. პადოვა 41 18 9 14 56-56 63

8. ბრეშა 41 15 12 14 47-46 57

9. იუვე სტაბია 41 16 13 12 52-46 57

10. რეჯინა 41 14 13 14 63-56 55

11. მოდენა 41 12 15 14 49-57 51

12. გროსეტო 41 11 16 14 47-58 49

13. კროტონე 41 12 15 14 56-57 49

14. ჩიტადელა 41 13 9 19 49-61 48

15. ბარი 41 13 14 14 44-48 47

16. ასკოლი 41 14 11 16 45-50 46

17. ლივორნო 41 11 12 18 47-49 45

18. ემპოლი 41 11 11 19 45-57 44

19. ვიჩენცა 41 9 14 18 40-61 41

20. ნოჩერინა 41 10 10 21 52-70 40

21. გუბიო 41 7 11 23 37-66 32

22. ალბინოლეფე 41 6 11 24 39-69 29

შენიშვნა: ასკოლი - 7 ქულა, იუვე სტაბია - 4, ბარი - 6, კროტონე - 2 ქულა.

ბომბარდირები

28 - იმობილე (პესკარა); 21 - საუ (იუვე სტაბია); 20 - სფორცინი (გროსეტო), სანსონე (სასუოლო); 18 - ინსინიე (ბრეშა), ტავანო (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა