ბათუმში 30 მაისს, საღამოს, საზეიმოდ გაიხსნება რაპიდსა და ბლიცში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები
ბათუმში 30 მაისს, საღამოს, საზეიმოდ გაიხსნება რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები, რომლებშიც 18 ქვეყნის 51 წარმომადგენელი იბრძოლებს მედლებისა და ფულადი პრიზებისთვის.

31 მაისსა და 1-3 ივნისს რაპიდში (25 წუთს + 10 წამი ყოველი სვლისთვის) 11 ტური გამოავლენს მედალოსნებს, ხოლო 4-5 ივნისს ბლიცში (4 წუთს + 2 წამი) 15 ტური დაასახელებს ჩემპიონებსა და მედალოსნებს.

ჩემპიონატების საპრიზო ფონდია 100 000 ამერიკული დოლარი, საიდანაც რაპიდში გამარჯვებულს 12 000 ერგება, ბლიცში ჩემპიონი 10 000-ს მიიღებს. სულ ფულადი პრიზები გათვალისწინებულია 15-15 მოჭადრაკეზე.

გია გიორგაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი:

- ჩვენმა ფედერაციამ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით მოჭადრაკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ჩაატარა მაღალ დონეზე.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშება იყო ქალთა შორის, სადაც არა მარტო სპორტული კუთხით გავიმარჯვეთ (მთავარი პრიზი ნანა ძაგნიძემ მოიპოვა), არამედ საერთაშორისო მედიისა და სტუმართა შეფასებით ასპარეზობის ორგანიზებაშიც გვერგო ჩემპიონობა.

სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები ჩვენთვის ახალი გამოწვევაა - ნდობაც და დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გვჯერა, რომ მასაც წარმატებით გავართმევთ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო გვიდგას გვერდით.

მსოფლიოს ჩემპიონატების საქართველოში ჩატარების იდეა რომ გავაცანით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი უმალ მხარში დაგვიდგა. აჭარის ხელმძღვანელობამაც ყველაფერი გააკეთა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებისთვის შეჯიბრებისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობის შესაქმნელად.

ჩემპიონატების საპრიზო ფონდი და საორგანიზაციო ხარჯები სპორტის სამინისტრომ და კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" გაიღეს. ასპარეზობის მონაწილეთა და მსაჯთა მიღებას აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს. რაპიდსა და ბლიცში 15-15 საუკეთესო მოჭადრაკისთვის ფულადი პრიზებია გათვალისწინებული.

გამარჯვებულებისთვის კომპანია "ზარაფხანაში" ძვირად ღირებული დიადემები, ხოლო პირველ-მესამე ადგილებზე გასულთათვის სამივე სინჯის მოოქროვილ-მომინანქრებული მედლები დავამზადებინეთ.

ჩემპიონები, ასევე, ტრადიციული დაფნის გვირგვინებით დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სუვენირები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა, შეჯიბრების მონაწილეებს კი წარმატებები ვუსურვო.

სამასპინძლოდ მზად ვართ

აკაკი თევდორაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ავეჯის მწარმოებელი კომპანია "რანდის" გენერალური დირექტორი:

- ჩვენს ქალაქს საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირებისთვის მრავალჯერ უმასპინძლია და არასდროს გაგვიწბილებია სტუმრები.

ახლაც ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ შეჯიბრების მონაწილენი აჭარის დედაქალაქიდან კმაყოფილები წავიდნენ. მოჭადრაკეები, მსაჯები და ჩემპიონატის ოფიციალური პირები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "შერატონში" იცხოვრებენ.

პაექრობებიც იქვე გაიმართება. სასტუმროს ხელმძღვანელობამ 600 კვადრატული მეტრის დარბაზი გამოყო, სადაც მასპინძლებთან ერთად შეუზღუდავად დაიშვებიან მაყურებლებიც.

ცალკეა კეთილმოწყობილი პრესცენტრი, საიდანაც პარტიების პირდაპირი კომენტარისთვის საუკეთესო სპეციალისტი მარკ დვორეცკი მოვიწვიეთ. რამდენიმე ქვეყნის საჭადრაკო მიმომხილველი და ჟურნალისტიც ჩამოვა.

ჩემპიონატების უკეთ ჩატარების მიზნით სამიოდე თვის წინათ შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გია აბულაძის ხელმძღვანელობით.

მინისტრის მოადგილის, ზურაბ უკლებას, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის (უფროსი ნოდარ ფუტკარაძე, მოადგილე ლევან ჯიოშვილი), ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (მერი - რობერტ ჩხაიძე), სპონსორების - "სოკარი ენერჯი ჯორჯიას", სამშენებლო კომპანიების ("ორბის", "დუპლექსის", "ბათმშენის, "ცვლილებათა ქარის", "გუმბათის"), ავეჯის მწარმოებელი კომპანი "რანდის", აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანადგომითა და დახმარებით ყველა წვრილმანი გავითვალისწინეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატების სამასპინძლოდ მზად არის!

ორთაბრძოლები დღის სამი საათიდან დაიწყება. მანამდე კი მსურველებისთვის მოეწყობა კულტურული პროგრამა: სტუმრები ბათუმისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

საქართველო ისევ ეპიცენტრად რჩება

წლეულს თებერვალში "ვარსკვლავთა ტურნირის" მსვლელობისას გადაწყდა, რომ ფიდეს ეგიდით რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატებს, რომელთა ორგანიზატორია პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია, საქართველო უმასპინძლებდა.

ამ იდეას ერთ-ერთმა პირველმა ასოციაციის პრეზიდენტმა, 2001 წლის ევროპის ჩემპიონმა, დიდოსტატმა ემილ სუტოვსკიმ დაუჭირა მხარი.

- თბილისმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლა სწრაფ ჭადრაკში ჩვენი ასოციაციის სუპერთასის გათამაშებას, რომელშიც პლანეტის 12 უძლიერესი დიდოსტატი მანდილოსანი მონაწილეობდა.

სწორედ ამან მისცა ბიძგი რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატების საქართველოში ჩატარების იდეას.

ასოციაციის საპრეზიდენტი საბჭოს წევრებიც კმაყოფილნი დარჩნენ არჩევანით, რადგან საქართველო ყოველთვის იყო და რჩება, განსაკუთრებით ქალებში, მსოფლიო საჭადრაკო ეპიცენტრად. მარტო ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის სახელების გახსენება რად ღირს.

სხვათა შორის, ორივე ჩემპიონი ბათუმში ითამაშებს და, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებს საჭადრაკო დღეგრძელობის მაგალითს უჩვენებენ.

ისიც ღრმად მწამს, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აჭარის ხელმძღვანელობისა და სპონსორების თანადგომით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილეებსაც ტრადიციული ქართული გულღიაობით უმასპინძლებს.

ვარსკვლავთცვენა

რაპიდსა და ბლიცში ბათუმი პლანეტის უძლიერეს დიდოსტატ ქალებს უმასპინძლებს.

მედლებისთვის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ათეულის 7 წარმომადგენელი, 5 მსოფლიოს, 7 ევროპის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 15 გამარჯვებული იბრძოლებს. ესენი არიან:

ტოპათეულის წევრები

3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598), 4. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), 5. ჟაო სიუ (ჩინეთი, 2549), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2547), 7. კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2546), 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2532), 9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530).

მსოფლიოს ჩემპიონები

1. ნონა გაფრინდაშვილი (საქართველო, 5-გზის: 1962-78 წწ.). 2. მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 5-გზის: 1978-91 წწ.), 3. ჟუ ჩენი (ჩინეთი, ამჟამად ყატარში ცხოვრობს: 2001-04 წწ.), 4. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2004-06 წწ.), 5. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2008-10 წწ.).

ევროპის ჩემპიონები

1. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2000), 2. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2002), 3. პია კრამლინგი (შვედეთი, 2003, 2010), 4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2004), 5. კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2005, 2008), 6. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2007, 2009), 7. ვალენტინა გუნინა (2012).

საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულნი

1. ნონა გაფრინდაშვილი (საქართველო, 11-გზის), 2. მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 9-გზის), 3. ნინო გურიელი (საქართველო, 1992, 1994, 1996), 4. ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2-გზის ჩემპიონია - 1994, 1996 წლებში საქართველოს სახელით), 5. ჟაო სიუ (ჩინეთი, 2004), 6. კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2006), 7. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2006), 8. ანა უშენინა (უკრაინა, 2006), 9. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2008), 10. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2008), 11. სოფიკო ხუხაშვილი (საქართველო, 2008), 12. მაია ლომინეიშვილი (საქართველო, 2008), 13. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2010), 14. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2010), 15. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2010).

აქ რომ შეჯიბრებები გამართულა

აჭარის დედაქალაქი მდიდარი საჭადრაკო ტრადიციებითაა ცნობილი. მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნის მიწურულს აქ შესანიშნავი ჭადრაკის სასახლე აშენდა, ბრძენთა თამაშის ეპიცენტრმა ზღვისპირეთში გადაინაცვლა. ბათუმმა პირველი გამოცდა წარმატებით 1999 წელს ჩააბარა - მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდურ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.

2000 წ. ევროპის ქალთა პირველი ინდივიდუალური ჩემპიონატი - ოქროს მედალი უკრაინელმა ნატალია ჟუკოვამ დაისაკუთრა.

მეორე ადგილზე რუსი ეკატერინა კოვალევსკაია გავიდა. მესამე ადგილები მაია ჩიბურდანიძემ და რუსმა ტატიანა სტეპოვაიამ გაიყვეს. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქალთა პირველი ჩემპიონატი.

2001 წ. ევროპისა და აზიის ნაკრები გუნდების მატჩი გარი კასპაროვის მონაწილეობით; შავი ზღვის აუზის ქვეყნების საჭადრაკო ასოციაციის ჩემპიონატი.

2002 წ. ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი (I ადგილი - პოლონელი ბართლომეი მაჩეია, II ადგილი - ბელგიელი მიხაილ გურევიჩი, III ადგილი - რუსი სერგეი ვოლკოვი);

2003 წ. შავი ზღვის აუზის ქვეყნების საჭადრაკო ასოციაციის ქალ-ვაჟთა ჩემპიონატები.

2006 წ. 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა (ჩემპიონები გახდნენ მარიამ დანელია და სოფიკო გურამიშვილი).

2007-2009 წწ. 8-წლიანთა ევროპის პირველობები.

2010 წ. 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა (ჩემპიონები გახდნენ მარიამ დანელია და ქეთი წაწალაშვილი).

2012 წ. რაპიდსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა