54 წლის სვანაძე თავის ახალ გუნდს თურქეთში შეუერთდა, სადაც ბაქოს "ინტერი" პირველ შეკრებას გადის
თურქულ "ქაისერს" მომავალ სეზონშიც შოთა არველაძე დამოძღვრავს, უკვე სამი წელიწადია ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლავთ, ასევე აზერბაიჯანში, კერძოდ, "სიმურგში" მუშაობს გიორგი ჩიხრაძე (ამა წლის გაზაფხულიდან), - აი, ის სამი ქართველი სპეციალისტი, დღესდღეობით უცხოეთში რომ მოღვაწეობენ.

და აი, ამიერიდან ეს რიცხვი გაიზარდა: აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზაურ სვანაძე! 54 წლის სვანაძე თავის ახალ გუნდს თურქეთში შეუერთდა, სადაც ბაქოს "ინტერი" პირველ შეკრებას გადის (მეორე - სლოვაკეთშია დაგეგმილი).

"ინტერს" ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე უწევს ასპარეზობა და გასული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი სერიოზულად გაძლიერდა. სხვა ლეგიონერებთან (ფრანგები, უკრაინელი, ბრაზილიელი, მაკედონიელი) ერთად "ინტერის" ახალწვეულები არიან 31 წლის გიორგი ადამია (ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის, უდავოდ, გამორჩეული ფორვარდი) და 24 წლის მეკარე რევაზ თევდორაძე.

ეს უკანასკნელი ბოლოს "ჩიხურაში" თამაშობდა, მანამდე კი "გაგრას", "თბილისსა" და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრების მეკარე გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ადამიასა და თევდორაძის გარდა "ინტერში" კიდევ ოთხი ჩვენებური ასპარეზობს: 32 წლის გიორგი ლომაია (მეკარე), 32 წლის ვალერი აბრამიძე, 30 წლის ილია კანდელაკი (ორივე - მცველი) და 24 წლის ბაჩანა ცხადაძე (თავდამსხმელი).

ახლა კი ისევ სვანაძეს დავუბრუნდეთ, რომელიც დღეიდან "ინტერის" მეორე მწვრთნელი იქნება და ევროტურნირებსა თუ აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძეს დაეხმარება. ცხადაძე-სვანაძის "ტანდემს" სხვადასხვა დროს არაერთი სეზონი გაუტარებია ერთად (თბილისის "ლოკომოტივშიც", თბილისის "დინამოშიც" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც) და აი, სამწლიანი "განშორების" შემდეგ ეს "დუეტი" კვლავაც აღსდგა.

სხვათა შორის, ბაქოს "ინტერში" მეორე მწვრთნელის პოსტი ამა წლის გაზაფხულიდან ვაკანტური იყო - შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიხრაძე ვიდრე "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, სწორედ ის ეხმარებოდა კახა ცხადაძეს.

...ზაურ სვანაძე ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, და 1976-1980 წლებში "ტორპედოს" ღირსებას იცავდა. 1981 წლის დასაწყისიდან კი ნოდარ ახალკაცი-უფროსის დაჟინებული მოთხოვნით თბილისის "დინამოში" გადმოვიდა და პირველი ოფიციალური მატჩი თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, ინგლისურ "ვესტ ჰემთან" (სტუმრად) ჩაატარა.

ახალგაზრდა ნახევარმცველის დებიუტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა და, იქიდან მოყოლებული 1989 წლის ბოლომდე, ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოს" ძირითადი შემსდგენლობის შეუცვლელი წევრი გახლდათ.

მთავარი მიღწევა, რაღა თქმა უნდა, 1981 წლის 13 მაისს ჰქონდა, როცა "დინამოსთან" ერთად თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. 1990 წლიდან კი ზაურ სვანაძის უცხოური კარიერა იწყება - შვედეთში გაემგზავრა და სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა.

ფეხბურთელის კარიერაც იქ დაასრულა, მერე მწვრთნელობა დაიწყო და საქართველოში დაბრუნდა. სწორედ თბილისის "ლოკომიტივში" ჩამოყალიბდა კიდეც ცხადაძე-სვანაძის სამწვრთნელო "დუეტი", - ისე კი, 1988-89 წლებში თბილისის "დინამოში" ერთად თამაშობდნენ.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაურ სვანაძეს არაერთი წელიწადი უმუშავია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში - ბოლო დროს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჯერ ოთარ გაბელიას ეხმარებოდა, შემდეგ კი სოსო ჭედიასა და ალექსანდრე ჩივაძეს.

ასეთი რამ კი, დაგვეთანხმებით, შემთხვევით არ ხდება: ჭეშმარიტი პროფესიონალისა და ჩინებული პიროვნების გვერდით ხილვას ხომ ნებისმიერი ქართველი სპეციალისტი ინატრებდა.

აი, ასე - სამწლიანი პაუზის შემდეგ ცხადაძე და სვანაძე კვლავაც ერთად იმუშავებენ; ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ ახლახან ბაქოს "ინტერში" კიდევ ერთმა ჩვენებურმა დაიწყო მუშაობა: კლუბის მენეჯერად დაინიშნა 37 წლის ალექსანდრე რეხვიაშვილი!

თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგის", რიგის "სკონტოს", მოსკოვის "ტორპედოსა" და "ვენტსპილსის" ყოფილ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებშიც არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია; კარიერის დასრულების შემდეგ კი სამენეჯერო საქმიანობას მიჰყო ხელი და აი, ახალი სეზონიდან ბაქოს "ინტერის" ქართულ "დიასპორას" შეუერთდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე