ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯფუფი. III ტური
ბევრი ვაკრიტიკეთ, თუ ცოტა, კრიშტიანო რონალდო ათამაშდა! 17 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტ მატჩში მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი შეუჩერებელი იყო და ჰოლანდიის ნაკრებს თამაში, ფაქტობრივად, მარტომ შემოუტრიალა.

ჰოლანდიელებს ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ და რაფაელ ვან დერ ვაარტის (99-ე მატჩი ნაკრებში) გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ კრიშტიანომ მალევე შეძლო წონასწორობის აღდგენა, მეორე ტაიმში კი კონტრშეტევაზე პორტუგალია წინ გაიყვანა და ჰოლანდიის ნაკრები საბოლოოდ განგმირა, რადგან ბერტ ვან მარვიიკის გუნდი არც მანამდე თამაშობდა ეფექტურად და 15 წუთში სამი გოლის გამტან გუნდს მით უმეტეს არ ჰგავდა.

ამრიგად, ჰოლანდიამ 1984 წლის შემდეგ პირველად ვერ გადალახა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, პორტუგალია კი მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც რონალდოს და კომპანიას ჩეხეთის ნაკრები ელით - გუნდი, რომელმაც A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა...

ტაქტიკა/სტრატეგია

პორტუგალიის ნაკრების თავკაც პაულუ ბენტუს არაფერი შეუცვლია და გუნდი ისევ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა, რომელშიც ყველაზე წინ ელდერ პოშტიგა იდგა. მას ფლანგებიდან და ხანდახან უკნიდან რონალდო და ნანი ეხმარებოდნენ.

ბერტ ვან მარვიიკმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებები შემოგვთავაზა - მან ძირითადი შემადგენლობა სამ პოზიციაზე შეცვალა: როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სასტარტოში ვიხილეთ კლაას-იან ჰუნტელაარი და რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომლებმაც იბრაჰიმ აფელაი და მარკ ვან ბომელი შეცვალეს.

შედეგად, ჰოლანდიის ნაკრებს უაღრესად შემტევი შემადგენლობა გამოუვიდა. ვან მარვიიკმა საინტერესო ცვლილება დაცვაშიც შემოგვთავაზა: ჰეიტინგას ვლაარი ამჯობინა.

საუკეთესო ფეხბურთელი

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაუკრიტიკებიათ (და გაგვიკრიტიკებია) რონალდო იმის გამო, რომ დიდ სანაკრებო ტურნირებზე უხეიროდ თამაშობს ხოლმე, მაგრამ ჰოლანდიასთან მართლაც უმნიშვნელოვანეს მატჩში კრიშტიანო პასუხისმგებლობას არ გაექცა.

თავისი საფირმო დრიბლინგები და ფინტები ხომ შემოგვთავაზა, გარდა ამისა, პორტუგალიელთა კონტრშეტევებში მთავარი როლის შემსრულებელი გახლდათ და რაც მთავარია, გოლებიც მან გაიტანა.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რონალდო ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველ ვან დერ ვილს თავზარს სცემდა, მატჩის მიწურულს კი ჰეთ-თრიკის შესრულებასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ შორეული დარტყმით ბურთი სტეკელენბურგის კარის ძელს მოარტყა.

ერთი სიტყვით, ეს რონალდოს დღე იყო...

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

რობინ ვან პერსი (ჰოლანდია)

...რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ჰოლანდიელთა თავდამსხმელზე! გაიხსენეთ, როგორი სტატუსით ჩავიდა ვან პერსი ევროპის ჩემპიონატზე: მან პრემიერლიგის გასულ სეზონში ხომ 30 გოლის (!) გატანა მოახერხა - კონტინენტის პირველობაზე კი აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო.

მართალია, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში მისთვის უჩვეულო, თითქმის გამთამაშებლის პოზიციაზე მოუხდა ასპარეზობა, რადგან ვან მარვიიკმა ჰუნტელაარიც ძირითადში ათამაშა, მაგრამ ეს ვან პერსის ალიბად არ გამოადგება, რადგან არც წინა მატჩებში უთამაშია ხეირიანად.

მეორე ტაიმში დროის უმეტეს ნაწილს რობინიც პორტუგალიელთა საჯარიმოში ატარებდა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოახერხა.

ფაქტია, საფეხბურთო ჰოლანდია ვან პერსისგან არა მარტო 17 ივნისს, არამედ ზოგადად, გაცილებით მეტს ელოდა.

მსაჯი

იტალიელმა ნიკოლა რიცოლიმ ნორმალურად, მეტიც, საკმაოდ კარგად და თითქმის უშეცდომოდ იმსაჯა. ერთი ეგაა, რომ მეორე ტაიმში ჰოლანდიელთა მარცხენა მცველი ჯეტრო ვილემსი მოუტინიოსთან სასტიკი უხეშობისთვის მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ რიცოლიმ დაინდო და მხოლოდ გაფრთხილება აკმარა.

მწვრთნელების დუელი

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა არჩეულ გზას არ გადაუხვია და ჰოლანდიასთანაც ზუსტად იგივე შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომლითაც მეორე ტურში დანია დაამარცხა.

პირველ წუთებში მისი საყრდენი ნახევარმცველები: ველოზო, მოუტინიო და მეირელეში აჭრილები ჩანდნენ, რის გამოც გაშვებული გოლის შემდეგ ბენტუ სწორედ მათი მისამართით ყვიროდა და ნახევარდაცვის ცენტრი სასწრაფოდ დაალაგა, რამაც პორტუგალიის ნაკრებს სტაბილურობა შემატა.

60 წლის ვან მარვიიკმა თავისი სიძე, მარკ ვან ბომელიც კი გაწირა იმისათვის, რომ მის გუნდს პორტუგალიასთან იდეალურად შეეტია და, ფაქტობრივად, დათმობაზე წავიდა, როცა ჯგუფური ეტაპისა და როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდიის ნაკრებისთვის მთლიანად ევრო 2012-ის უკანასკნელ მატჩში ვან დერ ვაარტიც ათამაშა, თავდასხმაში კი - ჰუნტელაარი-ვან პერსის დუეტი.

კონცეფციამ თავიდან მართლაც გაამართლა და რაც მთავარია, შედეგიც (ვან დერ ვაარტმა ანგარიში გახსნა) გამოიღო, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ ჰოლანდიელები უჩვეულოდ მოდუნდნენ, მეორე ტაიმში კი ჰოლანდიამ უაღრესად ქაოტური ფეხბურთი ითამაშა - სნეიდერსა და კომპანიას შეტევებში მცირედი ორგანიზებაც კი არ ეტყობოდათ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, დიდი შანსია, რომ ვან მარვიიკი ახლავე გაათავისუფლონ. შესაძლოა, თავისი სურვილითაც გადადგეს...

ანალიზი

ამ მატჩის მოგება (თანაც, ორბურთიანი სხვაობით) ჰოლანდიელებს სჭირდებოდათ და თავიდანვე მედგრად შეუტიეს.

ვან დერ ვაარტი და კომპანია პირველ წუთებში პორტუგალიის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველებს სასტიკად წნეხავდნენ - იმ დროს, როცა სნეიდერი და რობენი ფლანგებიდან აქტიურობდნენ, ვან დერ ვაარტს ბურთები სიღრმიდან მოჰქონდა და ამოჰქონდა. მისი სწრაფი გოლი პორტუგალიის ნაკრებისთვის იდეალური მაღვიძარა გამოდგა, რადგან ბენტუს ბიჭები, რონალდოს "თამადობით", სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ.

მიუხედავად ჰოლანდიის ნაკრების უპირატესობისა ბურთის ფლობის მხრივ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პორტუგალიელები გაცილებით ეფექტურ ფეხბურთს თამაშობდნენ. მერე კი ორმხრივი იერიშები გაჩაღდა, რაც ნეიტრალურ ქომაგს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა მოწყენის საშუალებას. ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალურ მცველებს, ვლაარსა და მატეისენს შეუთამაშებლობა აშკარად ეტყობოდათ.

პირველი ტაიმის შუაწელს პორტუგალიელებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს და თამამად შეუტიეს - რონალდო და ნანი მხოლოდ წინ მოძრაობდნენ და უკან დახევა აღარ სჭირდებოდათ. თვით ბოლო ორ კვირაში არაერთგზის გაკრიტიკებული ელდერ პოშტიგაც კი ბევრს შრომობდა და ეფექტურად მოქმედებდა.

ამ დროს ჰოლანდიის ნაკრების ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის დიდი სიცარიელე გაჩნდა - ვან პერსი და ჰუნტელაარი მზაკვრულ პასებს და ხეირიან ჩაწოდებებს ამაოდ ელოდნენ. შეტევაში ვერც ჰოლანდიელთა ფლანგის მცველები, ვან დერ ვილი და ვილემსი ერთვებოდნენ ისე, როგორც საჭირო იყო.

პორტუგალიის ნაკრები მეორე ტაიმშიც უფრო ეფექტურ გუნდად დარჩა. მეტიც: რონალდო და კომპანია უფრო კონცენტრირებულები ჩანდნენ, თუმცა ეს უფრო კონტრიერიშებზე ითქმის. ჰოლანდიელები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სასტიკად სცოდავდნენ და თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც ჰოლანდიის ნაკრების პირველი ორი თამაში (0:1 დანიასთან, 1:2 გერმანიასთან) არ უნახავს, ეს შეხვედრა მაინც მიახვედრებდა (მიახლოებით მაინც), თუ რატომ ვერ შეძლო ჰოლანდიამ ჯგუფიდან გასვლა.

ვილემსის ნაცვლად მოედანზე აფელაის შეყვანით ვან მარვიიკი უკვე ვა-ბანკზე წავიდა, რადგან ნარინჯისფერების ტაქტიკური სქემა 3-2-3-2 გამოვიდა, პორტუგალიელებს კი კიდევ უფრო მძაფრი კონტრიერიშების შანსი მიეცათ.

მოკლედ, ჰოლანდიას ვერც ერთბაშად ექვსმა მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებულმა ფეხბურთელმა (ჰუნტელაარი, ვან პერსი, რობენი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი, აფელაი) უშველა. პირიქით: მთელ რიგ მომენტებში ისინი ერთმანეთს ხელსაც კი უშლიდნენ და რაც მთავარია, ამით ნანისა და რონალდოს კონტრშეტევების ბრწყინვალე შანსები მიეცათ, რომელთაგან ერთი გამოიყენეს კიდეც.

დასკვნა

პორტუგალიელებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მაგრამ მერე ნელ-ნელა აზრზე მოვიდნენ, რაც რონალდოს დამსახურებაცაა, რომელსაც თამაში წაუვიდა და მთელი გუნდიც აიყოლია.

ჰოლანდიის ნაკრებს ძალიან კარგი შემსრულებლები კი ჰყავს, მაგრამ ნარინჯისფერების შეტევებს ეს არ დასტყობია. შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტური

17.06.ხარკოვი. მეტალისტი

პორტუგალია-ჰოლანდია 2:1 (იხილეთ ვიდეო)

პორტუგალია (4-3-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო -მეირელეში (72. კუშტოდიო), ველოზო, მოუტინიო - ნანი (87. როლანდო), რონალდო -პოშტიგა (64. ოლივეირა).

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ვლაარი, მატეისენი, ვილემსი (67. აფელაი) - ნ. დე იონგი, ვან დერ ვაარტი - რობენი, ვან პერსი, სნეიდერი - ჰუნტელაარი.

გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (11), 1:1 რონალდო (28), 2:1 რონალდო (74)

გაფრთხილება: ჟოაო პერეირა - ვილემსი, ვან პერსი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 24(8)-14(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 37 445

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 3 3 0 0 5-2 9

2. პორტუგალია 3 2 0 1 5-4 6

3. დანია 3 1 0 2 4-5 3

4. ჰოლანდია 3 0 0 3 2-5 0

ჰოლანდია უქულოდ და უგულოდ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანია-გერმანია 1:2 - აი, ვინაა უძლეველი!

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა