საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზაგრებში გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა გამოსვლა ზაგრებში მიმდინარე თანატოლთა ევროპის პირველობაზე - 20 ივნისს საერთოდ უმედლოდ დარჩა და სამშობლოში 19 ივნისს ჯუმბერ ყველაშვილის (74) მიერ მოპოვებული ერთადერთი ბრინჯაოს ამარა ბრუნდება.

ამ გუნდის თავკაცი ნუგზარ სხირელი მთელი მოსამზადებელი ციკლის განმავლობაში უკმაყოფილო იყო გუნდის ახალი კადრებით და გამუდმებით მისტიროდა შარშანდელ ვარსკვლავურ ნაკრებს.

გვესმის, რომ ის მართლაც გამორჩეული თაობა იყო, რომლის მსგავსი იშვიათად თუ მოვა სპორტის ნებისმიერ სახეობაში - იმ გუნდის ნახევარი აგვისტოში ლონდონში ოლიმპიადაზე იჭიდავებს და თითქმის ყველა ფავორიტთა შორისაცაა; გვესმის ისიც, რომ ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესია - ნებისმიერი ნაკრებისთვის მტკივნეული პროცესი, ხოლო ახალ კადრებს ადაპტაცია სჭირდებათ; თუმცა ამ გუნდმა, ამ ბიჭებმა მოსამზადებელი ციკლი დამაჯერებლად გაიარეს და მაშ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს ჩავარდნა?

სამწუხაროდ, უცხოეთის ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე ხელი ნაკლებად მიგვიწვდება, სტატისტიკა რომ დავთვალოთ, თუმცა ვეჭვობთ, ჩვენებს საზღვარგარეთულ ტურნირებზე ბევრთან მონაგებიც ექნებათ, ვისთანაც ახლა დამარცხდნენ.

ცხადია, ზაგრებში მსაჯთა მიკერძოებაც იქნებოდა, მაგრამ მოსამზადებელ ციკლში ჩვენც ხომ არ დავუშვით შეცდომა, გუნდი პიკში რომ ვერ შეხვდა ამ ეტაპისთვის მთავარ სამიზნეს? რატომ ვერ მოუმატეს ჩვენებმა და რის ხარჯზე გვაჯობეს სხვებმა? ახალი კადრები გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორ გენო პეტრიაშვილის (120) პირველივე წრეში მარცხი რას მივაწეროთ?

ორნი - მედლისკენ

არადა, გუშინაც გვყავდა ნახევარფინალში კაცი - კონსტანტინე ხაბალაშვილი (66). პირველი დღის მსგავსად სანუგეშოში გუშინაც ორი ჩვენებური ჭიდაობდა - ზემოხსენებული ხაბალაშვილი და სანდრო ამინაშვილი (84), თუმცა მაინც უმედლოდ დავრჩით.

პეტრიაშვილის წაგების შემდეგ ხაბალაშვილი დამაჯერებელი ჭიდაობით გუშინდელი დღის მთავარი იმედი გახდა - მიჯრით, ძირითად დროში მოიგო სამი შეხვედრა და რაც ყველაზე საყურადღებოა, ძლიერი საჭიდაო სკოლების წარმომადგენლები დაამარცხა.

თავდაპირველად მოლდოველ ტომა ვასკანს სძლია - 7:0, მერე კი აზერბაიჯანელ ბახტიარ ისრაფილის 2:2.3:0 მოუგო, რუს ხაბიბ ბატიროვს - 2:0; 2:0. ნახევარფინალში ის მომავალ ჩემპიონთან, თურქ მუსტაფა კაიასთან დამარცხდა - 0:2; 0:4.

ეს თურქი ამ ასაკში ევროპის შარშანდელი პრიზიორია, მსოფლიოზე კი ბრინჯაოს მოპოვება დავით გალეგაშვილმა არ დაანება. ის უფროსთა შეჯიბრებებშიც ხშირად გამოდის - წლეულს მოიგო იაშარ დოგუს სახელობის პრესტიჟული მემორიალი და იასპარეზა სალიცენზიო ტურნირში.

ამდენად, ხაბალაშვილზე ბევრად გამოცდილია და ალბათ, ჩვენებურის მარცხიც ამას უნდა მივაწეროთ.

სამწუხაროდ, ხაბალაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა უკრაინელ ივან პეტრიევთან 0:3 წააგო.

ამინაშვილს ნაკრებში მოხვედრა დავით მარსაგიშვილის უფროსებში გადასვლის შემდეგ ეღირსა (შარშანაც გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა ნაკრებში ვერ მოხვდა) და დებიუტი კინაღამ მედლით აღნიშნა. მან პირველ შეხვედრაში კოსოვოელი შალა ედონი 5:0 დაჯაბნა, მერე კი რუს ალბერტ ციპინოვთან 0:1; 0:1 დამარცხდა.

მოგვიანებით ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი პრიზიორი ციპინოვი ფინალში გავიდა და ამინაშვილი სანუგეშოში გადაერთო, სადაც ჯერ ბულგარელი ალტან მუსტაფა გადათელა (1:1; 6:1), სომეხ ვაჰე ტემრეზიანსაც (ამას შარშან ამავე ტურნირის ფინალში მარსაგიშვილმა აჯობა) ძირითად დროში მოუგო - 2:0, გადამწყვეტი შერკინება კი მოლდოველ ევგენი ერემიევთან დათმო ძალზე დასანანად - 1:1-ზე, ბოლო ქულის გამო, რაკი ანგარიში ვერ შეინარჩუნა.

დამარცხებული ლიდერები

პეტრიაშვილის ასე ნაადრევი წაგება ყველაზე დიდი მოულოდნელობაა - პირველივე წრეში უკრაინელ მურადინ კუშკოვთან 0:1; 3;3 დამარცხდა და მერე არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა.

ლაშა ტალახაძე (55) შარშანწინ ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა წლეულს ახალ წონაში გადმოვიდა და, ეტყობა, ადაპტაცია ჯერ კიდევ არ გაუვლია.

ისიც პირველივე წრეში დამარცხდა რუსთა მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ საიდ გაზიმაგომედოვთან - 0:1; 1;3 და გავარდა.

21 და 22 ივნისს ზაგრებში გოგოები იჭიდავებენ, 23-24 ივნისი კი ბერძენ-რომაელთა ასპარეზობის დღეა. იმ ტურნირში ჩვენგან დავით სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია (66), ლაშა გობაძე (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია (96) და ლევან არაბული (120) გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა