როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთელებისა და ჩრდილოელების დაპირისპირებაში ისევ სამხრეთელებმა იმარჯვეს
ივნისის ტესტები გასულ უქმეებზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთელებისა და ჩრდილოელების დაპირისპირებაში ისევ სამხრეთელებმა იმარჯვეს.

ტესტები ისევე სენსაციურად დასრულდა, როგორც დაიწყო. პირველივე მატჩში შოტლანდიის ნაკრებმა სტუმრად ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ახალი ზელანდიის მიერ ირლანდიელების ძლევა, ცხადია, სენსაცია არ არის, მაგრამ ანგარიში 60:0 მეტისმეტია.

"სამყურები" ნამდვილად არ არის ის გუნდი, ასე უსუსურად აგებდეს, მაგრამ იმ დღეს "ოლ ბლექსის" შეჩერება ირლანდიელებზე ძლიერ ნაკრებებსაც ძალიან გაუჭირდებოდათ. არადა, მასპინძლებს ლიდერი და მთავარი მექულე, მგეზავი დენ კარტერი ტრავმის გამო აკლდათ.

სამაგიეროდ, შესანიშნავად გაისარჯა მისი დუბლიორი აარონ კრადენი. ამასთან ერთად, გუნდის კაპიტანმა, რიჩი მაქოამ მისთვის უჩვეულო, რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა.

"ოლ ბლექსმა" მეტოქეს რვა ლელო გაუტანა. აქედან ორ-ორი სონი ბილ ვილიამსისა და სემ კენის ანგარიშზეა.

უცნაურია, მაგრამ "სამყურებმა" საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზეს. მიუხედავად ამისა, ისინი სამარცხვინო მარცხს ვერაფრით გადაურჩნენ. ერთი სიტყვით, ირლანდიელებს ჰემილთონი და იქ გადატანილი საშინელი წუთები არასდროს დაავიწყდებათ.

ახალზელანდიელებისგან განსხვავებით, ავსტრალიის ნაკრებმა დიდი გაჭირვებით დაამარცხა უელსის ეროვნული გუნდი - 20:19. სამმატჩიან სერიაში "ვოლაბებმა" სამივე მოიგეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლები "სკოტებთან" ნაწვნევმა ალიყურმა გამოაფხიზლა და გუნდს, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე ოთხეულში ადგილის დამკვიდრების პრეტენზია აქვს, არაფერი დაუთმო.

საკმაოდ დაძაბული და უშეღავათო გამოდგა დაპირისპირება პორტ ელიზაბეტში სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. ზედიზედ ორჯერ გამარჯვების შემდეგ "ბოკე" "პომებთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 14:14.

ჰაინკე მეიერი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, ტრადიციას არ ღალატობს და სამხრეთაფრიკელებს ძველებურად, ძალ-ღონეზე ორიენტირებულ რაგბის ათამაშებს. "ბოკე" უწინდებურად არც მსაჯისთვის შეუმჩნეველ ბინძურ თამაშს ერიდება. თუმცა ამ ხერხმა ამჯერად არ გაჭრა და ინგლისელები მარცხს გადაურჩნენ.

პირველ მატჩში წაგების შემდეგ მოულოდნელად დიდი ანგარიშით გაიმარჯვა არგენტინის ნაკრებთან შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა - 49:10.

"ლე ბლოს" რიგებში მგეზავის პოზიციაზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ფრედერიკ მიშალაკი, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმოა. სულ კი ფრანგებმა, რომლებიც თითქმის მეორე შემადგენლობით ასპარეზობდნენ, "პუმებს" ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი გარემარბის, იოან უგეს ანგარიშზეა.

საკმაოდ ფიცხელი ბრძოლა გაიმართა აპიაში, სადაც სამოას ნაკრებმა მინიმალური სხვაობით წააგო შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან - 17:16.

"სკოტებს" ივნისის ტესტები წარმატებული გამოუვიდათ. ავსტრალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ მათ კუნძულელებსაც ყველა თამაში მოუგეს. თუმცა ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს - "ნარშავებს" იოლი გასეირნება არცერთ შეხვედრაში ჰქონია. ეს კი, უწინარესად, გუნდის ზრდას უწყობს ხელს.

ივნისის ტესტების დასრულების შემდეგ planetrugby-მ სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც სრულიად სამართლიანად შვიდი ახალზელანდიელი მოხვდა. ნიშანდობლივია, რომ საუკეთესოთა შორის არ მოიძებნა ადგილი "ოლ ბლექის" ლიდერების: რიჩი მაქოასა და დენ კარტერისთვის.

სიმბოლური ნაკრები

15. ლეიგ ჰალპფენი (უელსი), 14. იოან უგე, 13. მაქსიმ მერმოსი (ორივე-საფრანგეთი), 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჰოესე გეარი, 10. აარონ კრადენი (სამივე-ახალი ზელანდია), 9. დენ კერი (ინგლისი). 1. ტენდაი მთავარირა (სამხრეთ აფრიკა), 2. მეთიუ რისი (უელსი), 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო (ორივე-ახალი ზელანდია), 5. ჯო პერლინგი (ინგლისი), 6. ლიამ მესამი, 7. სემ კენი (ორივე-ახალი ზელანდია), 8. ტომას ვალდრომი (ინგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა