უიმბლდონის ფაქტები და რეკორდები
უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი, ლეგენდარული შვედი ბიორნ ბორგი ბრიტანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს მიმდინარე ტურნირის სავარაუდო ფავორიტებზე, მამაკაცთა ჩოგბურთში არსებულ დღევანდელ მდგომარეობასა და მოახლოებულ ლონდონის ოლიმპიადაზე...

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თანამედროვე მამაკაცთა ჩოგბურთი კრიზისშია. ადრე ტურში მთელი თანავარსკვლავედი გამოდიოდა - თქვენ, ლენდლი, მაკინროი... შემდეგ წამოვიდნენ ედბერგი, ბეკერი, ვილანდერი, სამპრასი, აგასი... კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. დღეს კი მხოლოდ სამი გვარი გვხვდება ყურში - ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ტრიოსა და დანარჩენებს შორის დიდი უფსკრულია.

- არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მამაკაცთა ჩოგბურთს კრიზისის ხანა უდგას: ნებისმიერ ტურნირზე ბევრ შესანიშნავ ჩოგბურთელს ვხედავთ. უბრალოდ, ამჟამად მართლაც სამი დიადი ჩოგბურთელი გვყავს. ჯოკოვიჩი, ფედერერი და ნადალი ერთმნიშვნელოვნად სხვებზე უკეთესები არიან. მაგრამ მათ უკან ნამდვილად არ არის ვაკუუმი, არამედ შესანიშნავი მოთამაშეები დგანან. რით არის ცუდი, მაგალითად, ენდი მიურეი? ყოველ კვირა ტურნირი იმართება და თითქმის ყველგან რთულია წარმატების მიღწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ძველებურად მაღალია.

ნებისმიერ ტურნირზე, უკვე პირველი რაუნდის შემდეგ სუსტებს ვერ იპოვნით. და შორეულ ეტაპებზე გასვლისთვის შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და მაქსიმალურად დახარჯვა არის საჭირო. მოკლედ, მამაკაცთა ტურში, ჩემი აზრით, არანაირი კრიზისი არ არსებობს.

- ამჟამად უიმბლდონი მიმდინარეობს. ვის მიიჩნევთ მთავარ ფავორიტად?

- ერთი ჩოგბურთელის დასახელება მიჭირს. ჩემი არჩევანი ორიგინალური არ იქნება, რადგან ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი უნდა დავასახელო. ვფიქრობ, წლევანდელი უიმბლდონი საინტერესო უნდა იყოს მაყურებელისთვის და რთული - მონაწილეებისთვის. ტურნირის მეორე კვირა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

- შეიძლება ითქვას, რომ უიმბლდონს ფაქტობრივად ახალი უიმბლდონი მოსდევს, ოღონდ ამ შეჯიბრს სხვა სახელი ჰქვია - ოლიმპიური თამაშები, რომელიც ასევე ლონდონის ბალახის კორტებზე გაიმართება. თქვენ, როგორც უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი და ბალახზე თამაშის აღიარებული ოსტატი, როგორ აფასებთ ამგვარ კალენდარს?

- მე მგონი ეს შესანიშნავია. უიმბლდონი - უდიადესი ტურნირია, რომლის მოგებას ნებისმიერი ჩოგბურთელი ოცნებობს. ხოლო, როცა ორ-სამ კვირაში ახალი ასეთი ტურნირი იწყება - ეს ფანტასტიკაა! მთელი ზაფხულის განმავლობაში ბევრ ბრწყინვალე ჩოგბურთს ვნახავთ - მოსაწყენად არ გვეცლება.

უიმბლდონის ფაქტები და რეკორდები

- უიმბლდონის მონაწილეებს შორის ყველაზე ტანდაბალი იყო სი ჯეი ჰოუჰინგი, რომლის სიმაღლე გახლდათ 145 სანტიმეტრი, ყველა დროის ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე - 208 სანტიმეტრი სიმაღლის ივო კარლოვიჩია.

- უიმბლდონის ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონია მარტინა ნავრატილოვა - ის 46 წლისა და 8 თვის იყო მაშინ, როცა 2003 წელს, ლეანდერ პაესთან ერთად მიქსტი მოიგო.

- ტურნირის მსვლელობისას ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 34 გრადუსი 1976 წელს დაფიქსირდა.

- მეორე მსოფლიოს ომის დროს ბომბი დაეცა ცენტრალურ კორტს და ერთ-ერთი ტრიბუნა დააზიანა. არენა დღევანდელი სახით 1949 წლისთვის აღადგინეს.

- ყოველდღიურად უიმბლდონის თვრამეტივე კორტზე ათასზე მეტი სტასტისტიკოსი მუშაობს და ნებისმიერ სტატისტიკურ მაჩვენებელს აფიქსირებს.

- ამინდის მხრივ საუკეთესო იყო 1949 წელი, როცა ორი კვირის განმავლობაში მზე ანათებდა.

- მთელი უიმბლდონის განმავლობაში ჯამში 660 მატჩი იმართება.

- პირველი უიმბლდონის (1877) ფინალზე ბილეთი ერთ შილინგი ღირდა.

- 1967 წლიდან მოყოლებული ("ღია ერა") უიმბლდონი მხოლოდ ორ ბრიტანელს აქვს მოგებული: ენ ჯონსსა (1969) და ვირჯინია უეიდს (1977). ბოლო ბრიტანელი მამაკაცი, ვინც უიმბლდონი მოიგო, ფრედ პერი გახლდათ. მისი ტრიუმფი 1936 წლით თარიღდება.

- უიმბლდონზე კვირა, ტრადიციულად, დასვენების დღეა. ისტორიაში მხოლოდ სამჯერ (1991, 1997, 2004) დაუშვეს გამონაკლისი და კვირას წვიმის გამო გადატანილი თამაშები ჩაატარეს.

- ტაი-ბრეიკი ექვსი წლის მოგონილი იყო, როცა ის პირველად გამოიყენეს უიმბლდონზე (1971).

- მონაწილეებისთვის აუცილებელი პირობაა თეთრი ფერის სპორტული ფორმით თამაში და ვარჯიში. რუსი ანა კურნიკოვა 2002 წელს სავარჯიშო კორტიდან გააძევეს იმის გამო, რომ შავი ფერის მოკლე შარვალი ეცვა.

- გორან ივანიშევიჩი უაილდ-ქარდის მქონე პირველი ჩოგბურთელია, ვინც ტიტულის მოგება შეძლო (2001).

- უიმბლდონზე ყველაზე მეტი ტიტული ამერიკელ ჩოგბურთელებს აქვთ მოგებული: 33 მამაკაცებს და 54 - ქალებს. მეორე ადგილზეა ბრიტანეთი: მამაკაცები - 32, ქალები - 29.

- ტიმ ჰენმანი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 1995 წლის ტურნირზე დისკვალიფიკაცია მიიღო. მორიგი შეცდომის შემდეგ გამწარებულმა ბურთი მოარტყა ბურთების მომწოდებელ გოგონას. მოგვიანებით მან დაზარებულს ყვავილები მიართვა და პატიება სთხოვა.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს