ვენდეტა იტალიური სიტყვაა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ტიფოზები ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ

იტალიის ნაკრებმა, ალბათ, ერთ-ერთი უმძიმესი მარცხი განიცადა ხანგრძლივი და უმდიდრესი ისტორიის მანძილზე - მარცხი, რომელმაც ფინალამდე განვლილი გზა და რამდენიმე ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრა თითქოს ერთიანად დაჩრდილა და გააუფერულა.

ამ მარცხმა ეიფორიაში ჩავარდნილი საფეხბურთო იტალია მიწაზე დაანარცხა და გამოაფხიზლა.

ინგლისსა და გერმანიასთან მოგებულ შეხვედრებს "სკუადრა აძურას" არავინ უკარგავს და უმეტესობაც იმ აზრზეა, რომ ჩეზარე პრანდელიმ დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ 0:4 ესპანელებისგან მაინც ნამეტანი მწარე აღმოჩნდა.

იტალიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შეტევა ეშმაკსაც წაუღია და დროა, "აძურა" მშობლიურ "კატენაჩოს" დაუბრუნდესო.

იტალია რომ ფინალში დაცვაში ჩამჯდარიყო და კონტრიერიშებზე ეთამაშა, ასეთი რამ არ მოხდებოდა - ასეთია გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის მოსაზრება და ძნელია, მათ ამაში არ დავეთანხმოთ. მაგრამ მივიდოდა კი იტალია ფინალამდე დაცვითი ფეხბურთით? - ეს მეორე საკითხია და დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ იტალიელები თავს შეურაცხყოფილად თვლიან - მათ ნაკრებს ხომ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და მეხუთეს გატანას სულაც ქუსლური დარტყმით ცდილობდნენ; ეს ისეთი შეურაცხყოფაა, რომელმაც ბევრს მართლაც დაავიწყა ინგლისსა და გერმანიასთან მოგებული თამაშები და ზოგადად ის, რომ ტურნირის დაწყებამდე ჩამოწერილი "აძურა" ფინალში გავიდა.

ვენდეტა იტალიური სიტყვაა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ტიფოზები ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ.

რთული სათქმელია, როდის და სად გადაეყრებიან იტალიელები და ესპანელები ერთმანეთს - ამიტომ ჯობია, აპენინელებმა დროზე დაივიწყონ წყენა და მომავალზე იფიქრონ. მით უმეტეს, იტალიას აქვს პოტენციალი და ამ ჩემპიონატზე ეს კარგად გამოჩნდა.

აქვე "სკუადრა აძურას" თავკაცს გადავცეთ სიტყვა, რომელიც ჟურნალისტებს ვრცლად ესაუბრა და რამდენიმე კითხვასაც გასცა პასუხი...

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

- ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია, რომ თამამად დავიჩივლოთ, ეს გადაღლილობაა; კიევში პარასკევს საღამოს ჩამოვფრინდით და კვირას გადამწყვეტი მატჩი ჩავატარეთ.

ორი დღით მეტი რომ გვქონოდა დასასვენებლად, დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში სულ სხვა იტალიას იხილავდით.

თუმცა ამით მეტოქის წარმატების დაკნინება ნამდვილად არ მსურს, ფანტასტიკურად ითამაშეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ფაქტია, რომ დღეს ესპანელებს საუკეთესო გუნდი ჰყავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.

- რა უთხარით თამაშის შემდეგ მარიო ბალოტელის?

- ყველაზე რთული მარიო ბალოტელის და ლეონარდო ბონუჩის დაწყნარება იყო, რომლებიც ახალგაზრდები არიან და ემოციები ვერ მოთოკეს. ორივეს ვუთხარი, რომ ყველაფერი წინ აქვთ და არსებულ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ.

ეს ფეხბურთია და თუ დიდი გამარჯვებების მიღწევა გინდა, მარცხის გადატანა უნდა შეგეძლოს.

თითოეული ჩვენგანისთვის ესპანელებთან მარცხი უდიდესი დარტყმა იყო, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება; გაძლიერება და ერთ მუშტად შეკვრა გვმართებს.

- იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომ მუშაობას აგრძელებთ, დიდი ხნის წინ გადაწყდა; თუმცა იქნებ შეიცვალეთ აზრი და წასვლაზე ფიქრობთ?

- ფედერკალჩოს პრეზიდენტთან აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, მაგრამ არა ჩემ დარჩენა-არდარჩენის საკითხზე, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.

წინ ძალიან საინტერესო პროექტი გველის, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ "სკუადრა აძურას" დიდი მომავალი აქვს. ეს ევროპის ჩემპიონატმაც დაამტკიცა.

- ბევრი ამბობს, რომ დროა "აძურა" "კატენაჩოს" დაუბრუნდესო...

- "კატენაჩო" ზონების გადაკეტვის ხელოვნებაა და არა თერთმეტი ფეხბურთელით დაცვაში დგომა. გამომდინარე აქედან, არც არასდროს გვითქვამს "კატენაჩოზე" უარი, რადგან თუ ფინალს არ ჩავთვლით, ზონებს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად ვკეტავდით.

თუ ცოტა დილეტანტურად შევხედავთ საკითხს და ვიტყვით, რომ შეტევას უნდა მოვეშვათ და დაცვაშიც ჩავჯდეთ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება. იტალიის ნაკრებს შესწევს იმის უნარი, რომ კარგად შეუტიოს და ამაზე უარის თქმა დიდი სისულელე მგონია.

კომენტარები

პრანდელის მსგავსად, ჟურნალისტებს იტალიის ნაკრების არაერთი ფეხბურთელი გაესაუბრა, თუმცა ისინი მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ.

ქვემოთ რამდენიმე მათგანს გავეცნოთ...

რიკარდო მონტოლივო:

"სათქმელი არაფერია, ესპანეთის ნაკრები უკეთესი გუნდია და მოიგო კიდეც. ვისენტე დელ ბოსკეს საოცარი გუნდი ჰყავს, რომელიც ექვსი წელია, ყველა ტიტულს ეუფლება.

მთელი ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო ნაბიჯი ვეღარ გადავდგით.

მხოლოდ იმით თუ შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის უპირობოდ საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით.

მთავარია, არ გავტყდეთ და კიდევ უფრო შევიკრათ. წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია და მუნდიალის საგზური აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ".

ჯორჯო კიელინი:

"კუნთი დამეჭიმა და პირველივე ტაიმში შესაცვლელი გავხდი, რამაც კინაღამ ჭკუიდან შემშალა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფინალის გარდა, არაფერზე მიფიქრია. ყველანაირი სცენარი მიტრიალებდა თავში, მაგრამ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი.

იგივე დაემართა ტიაგო მოტას, რომელიც ახალი ჩართული იყო თამაშში, როდესაც დაშავდა. უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გავივლით და ყველაფერი გაცხადდება. თუმცა დღეს ეს ამბავი მეათეხარისხოვანია.

დარწმუნებული ვარ, იტალიელი გულშემატკივრები თბილად მიგვიღებენ, რადგან თავი ევროპის ჩემპიონატის არცერთ თამაშში დაგვიზოგავს".

ანდრეა პირლო:

"გუნდში სტრესული ვითარებაა, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან შესანიშნავად განვლილი გზის შემდეგ სასტიკი მარცხი ვიწვნიეთ.

კიდევ 20 თამაში რომ ვითამაშოთ ესპანეთთან, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მიეწყო და ისე გამოვიდა, რომ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა, რომელშიც ყველას დავანახვეთ, რომ იტალიის ჩამოწერა არ შეიძლება.

ხომ გახსოვთ, ჩვენგან ბევრი ჯგუფიდან გასვლასაც არ მოელოდა".

დემეტრიო ალბერტინი (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

"ძალიან არასასიამოვნო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ხომ გახსოვთ, 1998 წლის მუნდიალის ფინალში ბრაზილიელებმა ფრანგებთან 3:0 დათმეს, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი პირველობა არავის დაუთმეს.

მთლიანობაში, ძალიან კარგად ვითამაშეთ და პირადად მე, ვამაყობ ჩვენი გუნდით.

ჩეზარე პრანდელიმ უდიდესი სამუშაო გასწია და აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მუნდიალისთვის გუნდი სწორედ ჩეზარემ უნდა მოამზადოს და დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმეს შესანიშნავად გააკეთებს".

პრესა

იტალიური პრესა ცოტა დაბნეული ჩანს - ჩეზარე პრანდელის გუნდი ჟურნალისტებს გასაკრიტიკებლად თითქოს არ ემეტებათ, მაგრამ ფინალური ფიასკოს შემდეგ არც ქება-დიდება ისმის.

თუმცა, მთლიანობაში, მაინც უფრო პოზიტიური განწყობა სუფევს და გულშემატკივრებისგან განსხვავებით, არც შეტევით ფეხბურთს აძაგებს ვინმე; პირიქით, ჟურნალისტთა უმეტესობა იმ აზრზეა, რომ პრანდელიმ უნდა გააგრძელოს მუშაობა და აღებულ კურსს არ გადაუხვიოს.

დიახ, ამ ფორმაციის "აძურა" მედიაში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე გულშემატკივრებში და ეს ლოგიკურიც არის - 0:4-ის შემდეგ ტიფოზების გულისწყრომა სრულიად გასაგებია და სავარაუდოდ, დროებითი.

ერთი კია, კონკრეტულად ფინალურ შეხვედრაში ჩეზარე პრანდელის შეცდომებს ჟურნალისტებიც დეტალებში შიფრავენ და კონკრეტული შეცდომებისთვის აკრიტიკებენ კიდეც; მაგალითად, რატომ გააკეთა სამი ცვლილება ასე ნაადრევად და რატომ დატოვა გუნდი 10 ფეხბურთელით...

ბუნებრივია, ტიაგო მოტას ტრავმა მწვრთნელის ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ერთი ცვლილება რომ შეენახა, იქნებ "აძურას" მეორე ტაიმში გაებრძოლა კიდეც.

ბევრი მიიჩნევს, რომ პრანდელიმ ზედმეტად გაუხსნა თამაში ესპანელებს და ამისთვის დაისაჯა კიდეც. არ იქნებოდა ურიგო, სენიორ ჩეზარეს ფინალისთვის ძველი ტაქტიკა: 3-5-2 გაეხსენებინა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იგივე 5-3-2-ია.

ნეიტრალური გადასახედიდან მართლაც რთული წარმოსადგენია, რა ტაქტიკას უნდა გადაერჩინა იტალია მარცხისგან, მაგრამ იტალიელები ჩვეულ სტიქიაში არიან და ტრადიციულად, ტაქტიკა-სტრატეგიულ შეცდომებს არჩევენ.

ვნახოთ, რა ცვლილებებს მოახდენს პრანდელი გუნდში და როგორ "აძურას" ვიხილავთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

იტალია შოკიდან ვერ გამოდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]

ჯიჯი
არაუშავს ბიჭებო წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გელოდებათ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და თუ ესპანეთი შეგხვდებათ მათთვის 10 ბურთი გაგეტანოთ......... ჰო კიდევ იტალიის გულშემატკივრებმა ძალიან მოიწყინეს... აბა ყველანი ერთად დავდგეთ ავითვალოთ წუთები მსოფლიო ჩემპიონობისათვის.....
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ეს წარმოუდგენელია!" - ენრიკე ზაბარნის არყოფნის მიზეზად, საფონოვის კარში ჩაყენებაზე დასმულ კითხვაზე გაბრაზდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები