ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 2 ივლისს უიმბლდონზე დატვირთული დღე იყო
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 2 ივლისს უიმბლდონზე დატვირთული დღე იყო - ორგანიზატორებს დაგეგმილი ჰქონდათ ყველა მერვედფინალის ჩატარება მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა თანრიგში, თუმცა საქმეში უამინდობა ჩაერია.

შეხვედრები დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ მაინც მოხერხდა ქალთა პროგრამის სრულად გავლა და გუშინ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა - მომავალი ორშაბათიდან WTA-ს განახლებულ რეიტინგში პირველ ადგილს დაიბრუნებს ვიქტორია აზარენკა.

საქმე ის არის, რომ ბელარუსმა მოიგო თავისი შეხვედრა სერბ ანა ივანოვიჩთან, მისმა კონკურენტმა მარია შარაპოვამ კი გერმანელ საბინ ლისიცკისთან წააგო.

ეს ჩოგბურთელები შარშან ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მარიამ შეძლო გამარჯვება. საერთოდ, გერმანელს რუსი არასოდეს ჰყავდა დამარცხებული, თუმცა პერიოდულად ბრძოლას უმართავდა თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთ ლიდერს.

ლისიცკიმ ჩააგდო სასტარტო გეიმი - სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც მეტოქეზე ადრე შევიდა თამაშში და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით 4:1 დაწინაურდა. მაგრამ შარაპოვას ხასიათის სიმტკიცის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი - სწორედ ამის ხარჯზე მოიგო მან მეორე წრის მატჩი ბულგარელ ცვეტანა პირონკოვასთან.

ამჯერადაც რუსმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 4:5 და მეათე გეიმში თავად აწვდიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სეტის მოგებაში დაეხმარა.

მეორე პარტიის დასაწყისში მატჩი წვიმის გამო შეწყდა, რაც ნამდვილად არ აძლევდა ხელს შარაპოვას. მას უკვე ნაპოვნი ჰქონდა სათამაშო რიტმი, ასე კი, ერთსაათიანი პაუზის შემდეგ, ხელმეორედ მოუწია თამაშში შესვლა.

უფრო სწრაფად ეს კვლავ ლისიცკიმ გააკეთა, რომელმაც ბრეიკით დაწინაურება მოახერხა. რუსი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ გერმანელმა, აშკარა ნერვიულობის მიუხედავად, კონცენტრაცია არ დაკარგა და მესამე მატჩბოლიდან გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური - 6:3, 6:4.

საინტერესოა ერთი დეტალი - საბინ ლისიცკიმ უიმბლდონზე მესამედ მოუგო როლან გაროსის მოქმედ ჩემპიონს - 2009 წელს დაამარცხა სვეტლანა კუზნეცოვა, 2011 წელს ნა ლი და ახლა მარია შარაპოვა.

აზარენკამ კი გაისეირნა ანა ივანოვიჩთან შეხვედრაში. ბელარუსმა ექვსი ბრეიკი გააკეთა, მეტოქის სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 6:1, 6:0 გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლავთ.

აზარენკა მეოთხედფინალში ავსტრიელ ტამირა პაჩეკს შეხვდება, რომელმაც ორ სეტში გაანადგურა იტალიელი რობერტა ვინჩი - 6:2, 6:2.

რაც შეეხება ლისიცკის, მისი მომავალი მეტოქე თანამემამულე ანჟელიკ კერბერი იქნება. გუშინ ეს ჩოგბურთელი ისტორიაში შევიდა - მან სახელოვანი ბელგიელი კიმ კლაისტერსი უიმბლდონზე მის უკანასკნელ შეხვედრაში დაამარცხა.

კიმს ამ ტურნირთან სამარცხვინო გამოთხოვება გამოუვიდა. 59 წუთის განმავლობაში მან ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა, მეტოქეს კი ხუთი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა - 1:6, 1:6.

კლაისტერსი მალე დაუბრუნდება უიმბლდონის კორტებს - ლონდონის ოლიმპიადაზე, მაგრამ ასეთი თამაშითა და ფორმით მას იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მოქმედ ჩემპიონს პეტრა კვიტოვას გაუჭირდა ფრანჩესკა სკიავონეს ბარიერის დაძლევა. პირველი პარტია სკიავონეს დარჩა, არადა, კვიტოვას ათი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ყველა შანსი გაანიავა.

მეორეში ფრანჩესკა ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ჩეხმა შეძლო ინიციატივის მოპოვება. მან გაათანაბრა ანგარიში და ბოლოსკენ გამოსტაცა სეტში გამარჯვება აპენინელს. მესამე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა - 4:6, 7:5, 6:1 კვიტოვას სასარგებლოდ.

პეტრას მეტოქე სერენა უილიამსისა და იაროსლავა შვედოვას მატჩში ირკვეოდა. ამერიკელი დიდი გაჭირვებით მიიწევს წინ და მას მეორე რთული მატჩის ჩატარება მოუწია.

სერენამ კარგად დაიწყო და იოლად აიღო პირველი სეტი, მაგრამ მეორე პარტიაში მოწოდება აერია და შვედოვამ ორი ბრეიკით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში ყაზახი ჩოგბურთელი დიდი ხანი უძლებდა ამერიკელის შეტევებს, 4:4-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტიც მოიგერია, მაგრამ მე-11 გეიმში ორი ორმაგი შეცდომით მეტოქეს ბრეიკი გააკეთებინა და დამარცხდა - 1:6, 6:2, 5:7.

ქალები

1/8-ფინალი

საბინ ლისიცკი (გერ, 15)-მარია შარაპოვა (რუს, 1) 6:4, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-კიმ კლაისტერსი (ბელ) 6:1, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:2, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 17)-შუაი პენგი (ჩინ, 30) 6:1, 6:7(6), 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 6)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:1, 2:6, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 24) 4:6, 7:5, 6:1; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-რობერტ ვინჩი (იტა, 21) 6:2, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ, 14) 6:1, 6:0.

1/4-ფინალი

ლისიცკი (15)-კერბერი (8); ა. რადვანსკა (3)-კირილენკო (17); ს. უილიამსი (6)-კვიტოვა (4); პაჩეკი-აზარენკა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს