სხვებთან ერთად ლონდონში, ბეთქილ შუკვანი, ლომერ ჟორჟოლიანი და ადამ ოქრუაშვილი გაემგზავრებიან
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ავიარეისების გადადების გამო ერთი დღით მიუნხენის აეროპორტში დაყოვნდა და თბილისში მთელი დღის დაგვიანებით, შაბათ საღამოს დაბრუნდა - მიუნხენი-კიევი-თბილისის მარშრუტით.

ამიტომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა მხოლოდ 8 ივლისს დაასახელა პრესკონფერენციაზე.

ზაიზენბახერმა გაამართლა მოარული ხმები და საკამათო, ანუ გაორებულ წონებში ოლიმპიურ ნაკრებში კულუარებში ადრევე დასახელებული ფალავნები შეიყვანა - ბეთქილ შუკვანი (60), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

შეგახსენებთ, რომ დანარჩენ წონებში ლონდონის ოლიმპიადაზე ჭიდაობა განაღდებული ჰქონდათ ლაშა შავდათუაშვილს (66), ნუგზარ ტატალაშვილს (73), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90), რადგან ამ წონებში მხოლოდ თითო ლიცენზიანტი გვყავდა და არჩევანი არც გვქონდა.

გაორებული წონებიდან შუკვანისა და ოქრუაშვილის საკითხი მარტივად გადაწყდა. ყველაზე პრობლემური კი 100 კილოგრამში ოლიმპიადის მონაწილის არჩევა იყო.

ოქრუაშვილი სალიცენზიო რეიტინგშიც გვარიანად უსწრებდა კონკურენტ ზვიად ხანჯალიაშვილს. წლეულს შედეგებითაც აჯობა, რასაც ბოლოს ხანჯალიაშვილის ტრავმაც დაემატა - მან საოლიმპიადოდ მოსამზადებელი ლამის მთელი ციკლი ჩააგდო.

შუკვანისა და ამირან პაპინაშვილის კონკურენციაში, ვფიქრობთ, გარდამტეხი მომენტი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დადგა.

მოგეხსენებათ, ჩელიაბინსკში გამართული კონტინენტის პირველობა ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება იყო, სადაც პაპინაშვილი მესამეზე გავიდა, შუკვანმა კი წააგო და ამით თითქოს ხაზი გადაუსვა შარშანდელ მონაგარს, როცა მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ევროპის პირველობაზე ვერცხლიც მოიპოვა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩელიაბინსკის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა - შუკვანი, რომელიც ევროპაზე გადაღლილი მოგვეჩვენა, ძველებურად დამაჯერებლად აჭიდავდა, თუმცა აქ პაპინაშვილის ავადმყოფობაც უნდა აღინიშნოს.

ამან თავი ჯერ კიდევ იაპონიაში ჩატარებულ ბოლო შეკრებაზე იჩინა და როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" პირველივე შეხვედრაში მისი მარცხის მიზეზი. გუშინდელ პრესკონფერენციაზე ზაიზენბახერს ეს თემა არ უხსენებია.

განაცხადა, რომ, მათი აზრით, შუკვანს პოტენციურ მეტოქეებთან წარმატების მეტი შანსი აქვს, ბოლო თვეებში უკეთ გამოიყურება და ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პაპინაშვილი ბრაზილიიდან არც არგენტინაში წაიყვანეს იქაურ ტურნირზე და თან, თბილისში მაშინვე შიშობდნენ, რომ ის გამოჯანმრთელებას ვერც სალონდონედ მოასწრებდა. ასეა თუ ისე, ეს ხმები გამართლდა და ოლიმპიადაზე მართლაც შუკვანი იჭიდავებს.

ცირეკიძე-ჟორჟოლიანი: მთავარი დილემა

როგორც გითხარით, ამ სამი წონიდან ყველაზე პრობლემური 100 კილოგრამი იყო, სადაც ერთ მხარეს ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი იდგა, მეორე მხარეს - ქართული ძიუდოს ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.

სალიცენზიო რეიტინგში ჟორჟოლიანი 680 ქულით XI ადგილზეა, ცირეკიძე კი 422-ით - XVII-ზე. სპორტული პრინციპით, ანუ რეიტინგიდან გამომდინარე, ოლიმპიადაზე წასვლა ჟორჟოლიანს რომ ეკუთვნის, ამაზე არავინ კამათობდა.

არც იმაზე, რომ თითქოს ჟორჟოლიანი ოლიმპიადაზე უშანსოდაა და მისგან ჯილდოს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ უმეტესობის აზრით, ცირეკიძეს მედლის მოპოვების მეტი შანსი აქვს. ეს - ზოგადად მედალზე როცაა ლაპარაკი, თორემ, თუ უფრო მაღალი სინჯის მედალს ავიღებთ, ანუ ფინალში გასვლას, აქ ცირეკიძის მაზანდა კიდევ უფრო ზევით იწევდა.

ერთი სიტყვით, ყველას აინტერესებდა, ზაიზენბახერი ქულებს გაითვალისწინებდა თუ შანსებს. პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის ცირეკიძეს აყენებდა, მაგრამ სპორტული პრინციპიდან გამომდინარე, თავად თქვა უარი და ადგილი კონკურენტს დაუთმო. თუმცა მიზეზი შეიძლება სხვაც იყოს.

ჩელიაბინსკში წასვლამდე თავად სპორტსმენები შეთანხმდნენ, ევროპაზე ვინც უკეთ იასპარეზებდა, ლონდონშიც ის წავიდოდა (!). იქ კი ცირეკიძე მეშვიდეზე გავიდა, ჟორჟოლიანი - მეორეზე.

სიტყვამ მოიტანა და ამ შეთანხმებებზეც უნდა ვთქვათ, რაც არახალია ქართული სპორტისთვის და მანკიერ მოვლენად მიგვაჩნია.

ყოველ შემთხვევაში, ფარული გარიგების სახე ნამდვილად აქვს. ვფიქრობთ, სპორტსმენებს არ აქვთ ასეთი გარიგებების უფლება, რადგან ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და ვინ სად იასპარეზოს, ეს არა მათ, არამედ ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს. სპორტსმენები ნაკრებში გამოსვლისთვის ხელფას-პრემიებს ხალხის გადასახადებიდან იღებენ და მათი ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული.

"ნისლიან ალბიონზე" გამოიდარებს?

მოკლედ, ლონდონში ჟორჟოლიანი იჭიდავებს, რომელიც ჩვენს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე გამოცდილია - მის გარდა, ყველა ოლიმპიადის დებიუტანტია, ის კი პეკინური თამაშების მონაწილეცაა.

ვიმედოვნებთ, ეს ფაქტორი ჟორჟოლიანზე დადებითად იმოქმედებს და "ნისლიან ალბიონზე" გაუმკლავდება თავის ყველაზე ცუდ თვისებას - არასტაბილურობას.

მას წონის ლამის ყველა ლიდერთან მოუგია, ყველას დამარცხება შეუძლია, მაგრამ უჭირს მთელი ტურნირის სტაბილურად მაღალ დონეზე ჭიდაობა. ძლიერ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებას შედარებით სუსტთან მარცხს მიაყოლებს ხოლმე. ის ნამდვილად არაა ზარმაცი და ფუქსავატი, მშრომელი ბიჭია, თავმდაბალი, წყნარი და წესიერი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს მართლაც კარგი თვისებები ტატამზე არცთუ სასურველი თანამგზავრია - იქ მეტი ჟინი, შემართება და გულიანად შეტევაა საჭირო.

ხშირად გამოხედვა, მიმიკა, ჟესტი, ჩუმი მუჯლუგუნი ან რამე ამგვარი მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ამიტომ მან ტატამზე ცოტა გაბრაზებაც უნდა ისწავლოს და უნდა ირწმუნოს, რომ ყველას დამარცხება ხელეწიფება. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებს, ანუ საკუთარ თავზე მაღლა დადგება, მაშინ "ნისლიან ალბიონზე" მისთვისაც გამოიდარებს.

შუკვანი, ჟორჟოლიანი, ოქრუაშვილი - ლონდონში! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ძიუდოისტთა საოლიმპიადო გუნდში გაურკვევლობაა

busa
წარმატებებს უსურვებ ყველას !!! მჯერა ბიჭების წარმატებების.....ლომერა მოინდომებს და დაიხარჯება ბოლომდე ის არ არის ცირეკიძეზე ნაკლები მოჭიდავე..ამ წონაში.კიდევ და კიდევ დიდი წარმატებებიიიიიიიიიი!!! ოქროს ბევრიიი მედლებიიიიიიიიიიიიი !!!!!
vasiko basiladze
მაგარი კაცია ცირეკიძე მალადეც ესე თუ იყო როგორც აქ წერია,აბა ეხლა ჯორჯოლიანზეა დამოკიდებული რას იზამს,მიდი გახდით ჩემპიონები ბიჭებო და ასახელეთ საქართველო
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა