ამ უქმეებზე ლონდონში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპი გაიმართა

ამ უქმეებზე ლონდონში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპი გაიმართა. ეს ერთადერთი კომერციული სტარტია სეზონში, რომელიც ორი დღე გრძელდება.

ტურნირის შემადგენლობა ძალიან ძლიერი არ ყოფილა - ბევრმა ფავორიტმა ოლიმპიადისთვის ინდივიდუალურად მომზადება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ეტაპზე რამდენიმე ვარსკვლავი ვიხილეთ და მაღალი შედეგებიც დაფიქსირდა. არადა, ორივე დღეს მძლეოსნებს წვიმა უშლიდათ ხელს.

ამ ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო ავსტრალიელი სალი პირსონი, რომელიც ბოლო პერიოდში დამაჯერებლად დომინირებდა ბარიერულ სპრინტში და ამ სეზონში არცერთი წაგება არ ჰქონდა. და სწორედ ლონდონში შეწყდა ეს მოგებათა სერია.

არადა, ავსტრალიელმა ნახევარფინალში შესანიშნავად გაირბინა და ტურნირის რეკორდი დაამყარა - 12,53 წამი, მაგრამ ფინალში პირსონს ჩვეული სტარტი არ გამოუვიდა, დისტანციის მეორე ნაწილში კელი უელსი წამოეწია და ორი მესამედი წამი წააგო.

ქალებს შორის 100 მეტრზე წააგო ოლიმპიადის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ამერიკელმა კარმელიტა ჯეტერმა - მისი დამარცხება ნიგერიელმა ბლესინგ ოკაგბარემ შეძლო. ნახევარფინალში შესანიშნავი შედეგი აჩვენა იამაიკელმა ფრეზერ-პრაისმა (10.93), მაგრამ ფინალში ბოლო ადგილზე გავიდა.

200 მეტრზე მამაკაცებს შორის საუკეთესო იყო ევროპული სპრინტის მეფე, ფრანგი კრისტოფ ლემეტრი. მან კარიერაში მეორედ შეძლო 20 წამიდან გამოსვლა. მისი დროა 19.91 წამი, რაც სეზონში მესამე შედეგია.

ქალებს შორის 400 მეტრზე მოიგო კრისტინა ოჰუროგუმ. ბრიტანელმა ოთხი წლის წინ პეკინში ოქრო მოიგო, რის შემდეგაც დიდი ხანი მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებდა და ახლა ისევ გამოიჩინა თავი. თუმცა მისი დრო - 50.42 წამი ბევრით ჩამორჩება სეზონის საუკეთესო შედეგს (49,16 წამი), რომელიც ანტონინა კრივოშაპკას ეკუთვნის.

ამავე დისტანციაზე კაცებს შორის გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონმა კირანი ჯეიმსმა. გრენადელმა გაჭირვებით დაამარცხა კრის ბრაუნი. ისევ ჩააგდო გარბენი ცნობილმა ჯერემი უორინერმა. შეგახსენებთ, რომ ის ამ დისციპლინაში ვერ მოხვდა ოლიმპიადაზე და მხოლოდ 4x400 მეტრზე ესტაფეტაში გამოვა.

დანარჩენი გარბენებიდან გამოვყოფთ ბრწყინვალე შედეგს მამაკაცების ბარიერულ სპრინტში. ფინალში მოსალოდნელი იყო საინტერესო დაპირისპირება ლიუ სიანსა და არიეს მერიტს შორის, მაგრამ ნახევარფინალის შემდეგ ჩინელმა გადამწყვეტ გარბენზე გასვლა ვერ შეძლო.

მერიტმა კი სველ ბილიკზე და მცირე ზურგის ქარის დახმარებით გაიმეორა სეზონის საუკეთესო დრო - 12.93, რაც ექვსი მეასედით უარესია დაირონ რობლესის მსოფლიოს რეკორდზე. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ოლიმპიადაზე კუბელის ეს შედეგი გაუმჯობესდება.

დაბოლოს, მამაკაცებს შორის "მოკლე სპრინტის" დროს შემხვედრი ქარი ქროდა. ტაისონ გაიმ არც ისე კარგი სტარტი აიღო, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარში კანონზომიერად მოიპოვა პირველი ადგილი, ოღონდ შედეგი იყო დაბალი - 10.03.

სანამ ტექნიკურ სახეობებზე გადავიდოდეთ, ერთი სიახლის შესახებ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ოლიმპიადაზე ვერ გამოვა ხორვატი ბლანკა ვლასიჩი - სიმაღლეზე ხტომაში ლონდონის ერთ-ერთმა ფავორიტმა ტრავმის შემდეგ ვერ შეძლო ოპტიმალური ფორმის აღდგენა და სეზონის მთავარ სტარტს გამოტოვებს.

"ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე ვლასიჩის არყოფნაში მთავარი ფავორიტი ანა ჩიჩეროვა იყო. ის ოლიმპიადის მთავარ ფავორიტადაც განიხილება, მაგრამ ამჯერად სუსტად გამოვიდა - ორ მეტრზე სამივე ცდა გააფუჭა და სამეულის მიღმა დარჩა.

სამაგიეროდ, ეს სიმაღლე აიღო ამერიკელმა შანტი ლოუმ და პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე კი პეკინის ჩემპიონი, დიდ სპორტში დაბრუნებული ბელგიელი ტია ელებო იყო.

ასევე დამარცხდა ამ სტარტზე ოლიმპიადის კიდევ ერთი ფავორიტი, კაცებს შორის ჭოკით ხტომაში სეზონის ლიდერი რენო ლავილენიე. ფრანგი 5.56 მეტრს ვერ გაუმკლავდა.

ტრადიციულად ჩააგდო სტარტი პეკინის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სტივენ ჰუკერმა - მან პირველივე სიმაღლე, 5.40 მეტრი ვერ აიღო. ჰუკერი უკვე ერთი წელია, ვერაფერს აჩვენებს და ამ სეზონში მისი საუკეთესო შედეგი 5.42 მეტრი გახლავთ. ლონდონის ეტაპზე გამარჯვებული კი გერმანელი ბიორნ ოტო გახდა 5.74 მეტრით.

ოლიმპიადამდე "ბრილიანტის ლიგის" კიდევ ერთი ეტაპი გაიმართება - 20 ივლისს მძლეოსნები მონტე კარლოში შეიკრიბებიან. აქ აპირებდა გამოსვლას უსაინ ბოლტი, მაგრამ გადაიფიქრა და იამაიკელს ოლიმპიადამდე სარბენ ბილიკზე ვერ ვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა