გაზეთმა "ბილდ ამ ზონთაგმა" მიონხენგლადბახელთა ახალწვეულის პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა
გერმანიაში ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს: ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუუკ დე იონგი ყურადღების ცენტრშია, რადგან მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" "ტვენტეს" მის სანაცვლოდ იმდენი ფული გადაუხადა, რამდენიც მანამდე, არსებობის უდიდეს ისტორიაში არცერთ ფეხბურთელში არ გადაუხდია: "გლადბახს" 21 წლის გოლეადორი, რომელმაც გასული სეზონის 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა, 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

კვირას გაზეთმა "ბილდ ამ ზონთაგმა" მიონხენგლადბახელთა ახალწვეულის პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- ლუუკ, ახალ გარემოს უკვე შეეჩვიეთ?

- ყველაფერი შესანიშნავადაა, აქ ძალიან კარგად მიმიღეს. განსაკუთრებით, ჩემი თანამემამულე როელ ბრუვერსი მეხმარება, რომელიც პირველივე დღიდან ჩემი ოთახის მეგობარი გახდა. ყველას როელმა გააცნო ჩემი თავი. ერთი სიტყვით, აქაურობის გაცნობა-შეგუებაში მეხმარება.

- გავიგეთ, ბრუვერსი დე იონგს დაძინებაში ხელს უშლისო... მართლა ხვრინავს?

- ჟურნალისტებს, როგორც ყოველთვის, გადაჭარბება გიყვართ. როელის ხვრინვამ ერთხელ მართლაც გამაღვიძა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ მაძინებს და ხელს მიშლის. სამაგიეროდ, ბევრ რამეში მეხმარება - გერმანულსაც კი მასწავლის.

- მასწავლებელი არ აიყვანეთ?

- რად მინდა? ბრუვერსი მშვენიერი პედაგოგია (იცინის). თანაც, ტელევიზორში სულ გერმანულ არხებს ვუყურებ და ესეც მეხმარება. სხვათა შორის, ინგლისური ენაც ტელევიზორიდან მაქვს ნასწავლი – ნიჭიერი ვარ.

- თქვენი გადაბირება არაერთ სერიოზულ კლუბს სურდა. რატომ მაინცდამაინც "გლადბახი"?

- მამაჩემი მიონხენგლადბახში იყო და აღფრთოვანებული დაბრუნდა – "ბორუსიაში" იდეალური პირობები და შესანიშნავი ატმოსფერო დაგხვდებაო. ესეც რომ არ ყოფილიყო, "გლადბახი" მეც ძალიან მესიმპათიურებოდა, რადგან ბუნდესლიგის მიმოხილვებს ვუყურებ ხოლმე და ვიცი, როგორი ფანები ჰყავს ამ გუნდს.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ მიონხენგლადბახიდან ჩემს მშობლიურ დოეტინხემამდე ავტომობილით საათნახევარში ჩავალ ხოლმე.

ოჯახის კაცი ვარ და ჩემი ბავშვობის მეგობრების ხშირად მონახულება მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა მითხრეს, შეგიძლია დოეტინხემიდან იაროო, მიონხენგლადბახში სახლი მაინც უნდა ვიქირავო. დაბოლოს: გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

- პირდაპირ გკითხავთ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ არაფრით ჩამოუვარდებით, ან სულაც, ჯობიხართ მარკო როისს, რომელიც მიონხენგლადბახური პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო და რომელიც ახლახან დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა?

- მარკომ გასულ სეზონში 18 გოლის გატანა შეძლო და თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როისი არ არის ცენტრფორვარდი. ბუნდესლიგაში 18 გოლის გატანა ძალიან ძნელია! თუმცა ცხადია, რომ აქ მეც გოლების გასატანად ჩამოვედი. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ბევრის გატანას შევეცდები.

- ჰოლანდიის ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანეთ...

- ჰოლანდიაში გოლების გატანა გაცილებით ადვილია. ჩვენთან დონე არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გერმანიაშია. ბუნდესლიგაში ყველა შეხვედრა ტოპ-მატჩია!

- თქვენმა თანამემამულემ, კლაას-იან ჰუნტელაარმა გერმანიის ჩემპიონატს ალღო აუღო და გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიონხენგლადბახში თქვენგანაც ამას ელიან – გახდებით ბუნდესლიგის "ახალი ჰუნტელაარი"?

- ბოროტი კითხვაა! ჰუნტელაარი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი და ბრწყინვალე გოლეადორია. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მეც შევძლო ბუნდესლიგის ბომბარდირობა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა იყოს, ჰუნტელაარამდე ჯერ ძალიან ბევრი მიკლია.

- გერმანიის ჩემპიონობა გირჩევნიათ თუ საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი?

- ჩემპიონობა? ხუმრობთ? "გლადბახი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ყოველ შემთხვევაში, კითხვის არსი სხვა იყო და თამამად გიპასუხებთ, რომ ცხადია, ბომბარდირობას ჩემპიონობა მირჩევნია.

- მაგრამ გასული სეზონის შემდეგ ვერავინ იტყვის, რომ "გლადბახს" ჩემპიონობის შანსი არ აქვს...

- ორი აზრი არ არსებობს: გუნდი საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ ცაში არ უნდა ვიფრინოთ. ვფიქრობ, გერმანიის ჩემპიონობა 2-3 წლის შემდეგ იქნება რეალური და სხვათა შორის, 5-წლიანი კონტრაქტი ტყუილად არ გამიფორმებია – იმედია, "გლადბახის" ფეხბურთელის რანგში გერმანიის ჩემპიონობასაც ვიზეიმებ.

- ჰოლანდიის ნაკრები?

- 2014 წლის მუნდიალამდე ჯერ დიდი დროა და ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდე. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ ნაკრების მწვრთნელად ლუის ვან გაალი დაინიშნა, რადგან ცნობილია, რომ მას ახალგაზრდა ფეხბურთელები უყვარს. ლუისმა პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა, აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებო.

- დაბოლოს, გერმანელი ჟურნალისტის ტრადიციული კითხვა ჰოლანდიელს: რითი ჯობია გერმანია ჰოლანდიას?

- პირველ რიგში, ავტობანებით: აქ შეგიძლია მანქანით იფრინო. ახლა "ფოლკსვაგენი" მყავს, მაგრამ უახლოეს მომავალში ახალი ავტომობილის ყიდვას ვაპირებ. ჯერ არ ვიცი, რომელ მარკას და მოდელს ავირჩევ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ახალი ამჟამინდელზე სწრაფი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა