აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში ნათამაშებმა ფეხბურთელმა იქაური ფეხბურთის ავან-ჩავანზე ისაუბრა
მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონთან 0:3 წააგო, აზერბაიჯანული ფეხბურთის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ალექსანდრე გოგობერიშვილს აზერბაიჯანის ჩემპიონატში არაერთი სეზონი უთამაშია, აზერბაიჯანის ჩემპიონიც კი გახდა, როცა "ბაქის" ფეხბურთელი იყო. "ბაქის" გარდა, გოგობერიშვილი ბაქოს "ოლიმპიკში", "ყარაბაღსა" და "თურანშიც" იყო.

გოგობერიშვილს საქართველოს წამყვან გუნდებშიც უთამაშია, მათ შორის, თბილისის "დინამოშიც", იყო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი.

ერთი სიტყვით, გოგობერიშვილი საკმაოდ ბევრისმნახველი ფეხბურთელია, 35 წლის გახლავთ და კიდევ აპირებს თამაშს. მას მეტწილად აზერბაიჯანული ფეხბურთის ავან-ჩავანზე ვესაუბრეთ...

- აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად უნდა იცნობდე - რა არის იქაური ფეხბურთის წინსვლის მთავარი მიზეზი?

- განსაკუთრებული არაფერი. რაც ყველა საქმისთვის არის აუცილებელი, ის მოხდა აზერბაიჯანულ ფეხბურთშიც - დიდი ინვესტიცია ჩაიდო, მიიწვიეს უცხოელი მწვრთნელები და ფეხბურთელები. ამის ხარჯზე კი ამაღლდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე.

- დიდი ინვესტიცია მართლაც აუცილებელია, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულ ფეხბურთში ფული სწორად არ იხარჯება - ეთანხმები ასეთ შეხედულებას?

- ასე ვიტყოდი - რაც აზერბაიჯანულ ფეხბურთში ფული იხარჯება, შედეგი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს. ფეხბურთში მხოლოდ ფულის ხარჯვა არ არის საკმარისი, სხვა ბევრი ნიუანსიც არსებობს.

- მაგალითად, რა ნიუანსი?

- საწყენად ნურავინ მიიღებს და აზერბაიჯანელები ფეხბურთში ისეთივე ნიჭიერები არ არიან, როგორც ქართველები. იმათაც ჰყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც ჩვენ. კიდევ ერთი ნიუანსი ისიცაა, რომ ბევრი მაღალი კლასის ლეგიონერი თავს იკავებს აზერბაიჯანში წასვლაზე.

- ჩვენს მეზობლებს კიდევ აქვთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებზე ბევრი გულშემატკივარი არ დადის... ამას რას დააბრალებდი?

- ცალსახად ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პერიფერიებში, ლენქორანსა და გაბალაში, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებზე საკმაოდ ბევრი ხალხი დადის, ბაქოში კი გულშემატკივართა დასწრება მცირეა.

ბოლოს, "თურანში" რომ ვთამაშობდი, ჩვენს საშინაო მატჩებზე საშუალოდ სამი ათასი ქომაგი დადიოდა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანის ჩემპიონატს ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს. ალბათ, იმიტომაც, რომ აზერბაიჯანში ფეხბურთი ძალიან პოპულარული ჯერ არ არის.

- აზერბაიჯანში საფეხბურთო კლუბები მეტწილად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან? როგორც ვიცით, შენს ყოფილ კლუბ "ბაქის" შინაგან საქმეთა სამინისტრო კურირებს...

- ამ კლუბს ადრე ბაქოს "დინამო" ერქვა და შესაძლოა, რაღაც კავშირი ახლაც ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ოფიციალურად კი "ბაქი" ბიზნესმენის არის. აზერბაიჯანული კლუბები მეტწილად ნახჭევანელი ბიზნესმენების მფლობელობაში არიან.

- და რა ინტერესი ამოძრავებთ ამ ბიზნესმენებს? ფაქტია, რომ ფეხბურთიდან უკუგება ჯერ არ აქვთ...

- ინტერესს რაც შეეხება, აზერბაიჯანში ფეხბურთის წინსვლით, პირველ რიგში, ქვეყნის პრეზიდენტი ილხამ ალიევია დაინტერესებული. მხოლოდ ფეხბურთის კი არა, მთლიანად სპორტის განვითარებაზე ზრუნავს - ჭიდაობა, კრივი... სერიოზული წინსვლა აქვს აზერბაიჯანს ქალთა ფრენბურთში. ბოლო დროს ქალთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება ექცევა. დედაქალაქი ბაქოც უფრო თანამედროვე და უფრო ლამაზი ხდება. ყველაფერი ეს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკაშია მოქცეული. ამაში შედის ისიც, რომ ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენებს საგადასახადო შეღავათები აქვთ.

- დაახლოებით რამდენია მოწინავე აზერბაიჯანული კლუბების წლიური ბიუჯეტი?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ყველაზე მდიდარი კი ეს ოთხი კლუბია: "ხაზარი", "გაბალა", "ბაქი" და "ნეფთჩი". გაბალა პატარა რეგიონია, მაგრამ იქაურმა კლუბმა ისეთი სპორტული კომპლექსი ააშენა, ყველას გააოცებს. გაბალადან მიწა ინგლისში გაგზავნეს გამოსაკვლევად, ამის მიხედვით შეარჩიეს ჩამოტანილი მინდორი და ისიც, თუ როგორ უნდა მოუარონ მას. გაბალას კომპლექსში მართლაც ხალიჩასავით მოედნებია დაგებული.

- "ნეფთჩი"-"ზესტაფონის" მატჩს, ალბათ, უყურე და როგორ ფიქრობ, 3:0 ზუსტად ასახავს ძალთა თანაფარდობას?

- ეს შედეგი უფრო იმან გამოიწვია, რომ "ზესტაფონმა" ვერ ითამაშა რიგიანად ან ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა მოედანზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

გასაგებია, რა შეცდომებსაც მოჰყვა გოლები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თვითონ "ზესტაფონმაც" ვერაფრის შექმნა მოახერხა. უფრო მაინც მოწინააღმდეგის ვერშეუფასებლობას ვაბრალებ ამ შედეგს.

- წინა სეზონი "თურანში" გაატარე - საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი დარჩი?

- თითქმის მთელი სეზონი დაცვის ცენტრში მომიწია თამაში. ამ პოზიციაზე ადრეც მითამაშია და "თურანშიც" იგივეს გაკეთება არ გამჭირვებია, ოთხი გოლიც გავიტანე 11-მეტრიანით. საყრდენი ნახევარმცველის და ცენტრალური მცველის ამპლუა ერთმანეთს ჰგავს და ამ ფაქტორმაც შემიწყო ხელი.

- მომავალი სეზონის დაწყებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?

- "თურანთან" კონტრაქტი დამისრულდა, თუმცა მოლოდინი არის. კლუბის პრეზიდენტის დირექტივით, "თურანს" 28 წელზე უფროსი ფეხბურთელები აღარ სჭირდება, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ასკერ აბდულაევმა მითხრა, ვეცდები, შენი სახით ერთი გამონაკლისი დავაშვებინო პრეზიდენტსო.

- თუ "თურანის" ვარიანტი გამოირიცხა, საქართველოში თამაშზე უარს იტყვი?

- თუ ნორმალური შემოთავაზება იქნება, გამორიცხული არაფერია. კიდევ მაქვს იმის ძალა და ენერგია, რომ რიგიანად ვითამაშო. მთავარია, რომ ფეხბურთის თამაშის მოტივაცია გქონდეს დარჩენილი. ვგრძნობ, რომ ისევ მაქვს ეს ყველაფერი.

აზერბაიჯანული ფეხბურთის საბადო ნახჭევანშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shoda
დღეს არა მარტო ფეხბურთში არამედ ყველა სფეროშ ჩვენ ყოფისა უზნეობა და უგნურება გაბატონებულა!!! ვაჟა ამბობს: გავიბატონდა მგოსანო სირეგვნე შეუწონარი!!! ჰოდა წაიკითხეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით ვაჟას სიტყვების ჭეშმარიტებაში ( რა თქმა უნდა, თუ ოდნავ აზროვნებთ).
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა