ინგლისის და იტალიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას უახლოეს რეზერვზე დაკვირვების ფუნქცია უფრო ჰქონდა
ინგლისის და იტალიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას უახლოეს რეზერვზე დაკვირვების ფუნქცია უფრო ჰქონდა, მაგრამ გუნდების სტატუსიდან გამომდინარე, თამაშმა მაინც დიდი ყურადღება მიიქცია; თვითონ მატჩიც დაძაბული გამოდგა და ხისტი ორთაბრძოლებით გამოირჩა.

ჩეზარე პრანდელიმ 4-4-2 სქემა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავისა და მატია დესტროს ტანდემი გაამწესა.

ფორვარდთა უკან გამოცდილი ნახევარმცველების ოთხეული მოქმედებდა ანტონიო ნოჩერინოს, ალესანდრო დიამანტის, დანიელე დე როსის და ალბერტო აკვილანის შემადგენლობით.

რაც შეეხება დაცვას, როგორც მოსალოდნელი იყო, ფლანგები ინაციო აბატემ და ფედერიკო ბალცარეტიმ ჩაიბარეს, ცენტრში კი დავიდე ასტორი და ანჯელო ოგბონა მოქმედებდნენ.

კარში სალვატორე სირიგუ იდგა და თანაც, მთელი 90 წუთი - არადა, ამხანაგურ პაექრობებში მეკარეებისთვის ტაიმების გაყოფა უფრო მიღებული პრაქტიკაა.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, როი ჰოჯსონმაც ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და მხოლოდ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

აქედანვე უნდა ითქვას, რომ ინგლისელთა თავკაცს ახალწვეულებმა აშკარად გაუმართლეს და რამდენიმემ, წესით, უნდა დაიმკვიდროს კიდეც ადგილი ქვეყნის უმთავრეს გუნდში.

თამაში იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, რაც დანიელე დე როსის მიერ გატანილი გოლით დაგვირგვინდა... მარჯვენა ფრთიდან კუთხური ალესანდრო დიამანტიმ ჩააწოდა, რასაც კაპიტნის საგოლე თავური მოჰყვა, 0:1.

ფრთაშესხმულმა იტალიელებმა დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქის კარს და კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. სამაგიეროდ, ინგლისელებმა გამოიყენეს იშვიათი შანსი და ტაიმის შუაწელს ანგარიში გაათანაბრეს; გოლი ბრიტანელებმაც თავით გაიტანეს და კიდევ უფრო ეფექტური - მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ იაგელკამ ნახტომში დაჰკრა თავური და ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 1:1 - ამ ეპიზოდში სალვატორე სირიგუ უძლური გახლდათ, რადგან დარტყმა აუღებელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც იტალიელთა კართან მეტი შეიქმნა; რიგ ეპიზოდებში აპენინელი მცველები თითქოს იბნეოდნენ და შეცდომებსაც უხვად უშვებდნენ.

ის, რომ ინგლისელებმა მეორე გოლი პირველივე ტაიმში არ გაიტანეს, მათივე უზუსტობის ბრალია და არა იტალიელთა მწყობრი თამაშის უკანა ხაზში.

მოსახდენი მეორე ტაიმში მოხდა, მაშინ, როდესაც თამაშის დასრულებამდე 11 წუთი იყო დარჩენილი - გადამწყვეტი გოლი ჯერმეინ დეფოს ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, 2:1.

გოლი მართლაც რომ განსაკუთრებულად ეფექტური გამოვიდა: ბურთი პირდაპირ ცხრიანში წავიდა და სალვატორე სირიგუს ეფექტური ნახტომიც ამაო გამოდგა.

მთლიანობაში, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა უფრო ხშირად მაინც ინგლისელები უტევდნენ. ეს შეხვედრა რადიკალურად განსხვავდებოდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური პაექრობისგან, როდესაც მთელი 120 წუთის განმავლობაში იტალიელები უტევდნენ და მომენტებიც გაცილებით მეტი შექმნეს.

როგორც ჩანს, როი ჰოჯსონი სტრატეგიას ცვლის და ამ გზაზე "აძურასთან" ნათამაშები ახალგაზრდა ფეხბურთელები ნამდვილად გამოადგებიან.

ახალგაზრდებს დააკვირდა ჩეზარე პრანდელიც, თუმცა ვერ დავიჩემებთ, რომ რომელიმე მათგანმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა - მაგალითად, ჩრდილში იყო სტეფან ელ შაარავი, ან გნებავთ, მანოლო გაბიადინი; დიდად ვერც მატია დესტრო გამოირჩა და შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში მათთვის ჯერ ცოტა ადრეა.

ვნახოთ, ამას ჩეზარე პრანდელი გადაწყვეტს. ბოლოს მატჩისშემდგომ კომენტარებსაც გავეცნოთ...

როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თამაში ძალიან მომეწონა და ჩემი შეგირდების ასპარეზობითაც კმაყოფილი დავრჩი. შეიძლებოდა ვერც მოგვეგო, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - მთავარია, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან.

განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების გარჯით, რომლებმაც ბოძებული შანსი შესანიშნავად გამოიყენეს. იტალიის ნაკრების ნახევარდაცვა გამოცდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და ჩვენმა ახალგაზრდებმა მათ არაფერი დაუთმეს. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და მუნდიალის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ".

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში, მაგრამ ამის გამო ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ.

არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში, რომლებსაც ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ამ სპარინგით და შეგირდების მიმართაც მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომზადებულნი უნდა შევხვდეთ და ინგლისთან მატჩსაც ამ გადასახედიდან ვუყურებ - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს სულ მზადყოფნაში შევხვდებით; დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".

ინგლისი-იტალია 2:1

ინგლისი (4-4-2): ბუტლანდი (46. რადი) - უოქერი, კეჰილი, იაგელკა (61. ლესკოტი), ბეინსი (78. ბერტრანდი) - ქერიკი, ლემპარდი (69. ლივერმორი), ა. ჯონსონი, კლევერილი - იანგი (62. მილნერი), ქეროლი (46. დეფო).

იტალია (4-4-2): სირიგუ - აბატე (86. სკელოტო), ოგბონა, ასტორი, ბალცარეტი (46. პელუზო) - აკვილანი, დე როსი, დიამანტი (59. ვერატი), ნოჩერინო - ელ შაარავი (58. გაბიადინი), დესტრო (84. ფაბრინი).

გოლები: 0:1 დე როსი (15), 1:1 იაგელკა (27), 2:1 დეფო (79).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს