ბაქოში 22 აგვისტოს ხუთი შესაძლებლიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ და უმედლოდ დავრჩით
ოქროთი დაწყებული უმედლოდ დავამთავრეთ - ბაქოში, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 22 აგვისტოს ხუთი შესაძლებლიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ და უმედლოდ დავრჩით.

ჩვენებურთაგან კვარცხლბეკზე ასვლის რეალური შანსი მხოლოდ ირაკლი მხეიძეს (46) ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო და მეხუთეზე გავიდა. ამდენად, ჩვენი ნაკრების მონაგარი ომარ გურჯიძის (69) მიერ 21 აგვისტოს მოპოვებული ოქროა, გუნდურ ჩათვლაში კი მეექვსეზე გავედით.

წლეულს მხეიძეს ევროპის პირველობაზე არ უჭიდავია, მაგრამ ამჯერად მწვრთნელებმა მისი გამოცდა ამჯობინეს.

ჩვენებურს გარკვეულწილად გაუმართლა, რადგან პირველ წრეში ისვენებდა და ნახევარფინალში გასასვლელად ერთი მოგებაც ეყო მონღოლ გუნდსამბუუ ბაზარდარისთან. ოღონდ თავიდან აქ ცაიტნოტში აღმოჩნდა და შემდგომ წრეში გასასვლელად დიდი ბრძოლა გადაიტანა - პირველი პერიოდი 2:4 წააგო.

სამაგიეროდ, მომდევნოებში 2:1; 2:2 იმარჯვა, ოღონდ გადამწყვეტ, მესამე პერიოდში რაოდენ დრამატული ბრძოლა გადაიტანა, ანგარიშიდანაც ჩანს. ამ დაძაბულობამ თავი ნახევარფინალში უკრაინელ ვასილ მიხაილოვთან იჩინა - 0:4; 3:6 დამარცხდა.

უკრაინელმა მანამდე ირანელი და თურქი ფალავნები ჩამოიშორა გზიდან. მხეიძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლა მათ შორის გამარჯვებულთან მოუხდა, ეს კი ირანელი საბერ მოჰამად ხანჯანი შარესტანი აღმოჩნდა. საუბედუროდ, მან არა მარტო თურქი, მხეიძეც იოლად დაამარცხა 5:0; 3:0 და ბრინჯაოს დაეუფლა.

მიზეზი თაობათა ცვლა? არა გვგონია

დანარჩენი ოთხი ქართველიდან სამმა - ლევან მურცხვალაძემ (54) და ევროპის წლევანდელმა მესამე პრიზიორებმა, ტარზან მაისურაძემ (63) და ბექა კახეთელიძემ (100) პირველივე შეხვედრები წააგეს, გიორგი ჩხარტიშვილმა (76) კი ერთი ბრძოლა მოიგო.

ამათგან სანუგეშო წრეში მხოლოდ კახეთელიძე გადავიდა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა. მან ძირითადში რუსთა მომავალ ჩემპიონ გიორგი გოგაევთან წმინდად წააგო, სანუგეშოში კი ვერც ამერიკელ გარეტ რაიანს გაუმკლავდა. მეტიც - აქაც პირწმინდად დაყარა ფარ-ხმალი: 2:8; 1:8.

მსოფლიოს შარშანდელმა მესამე პრიზიორმა ჩხარტიშვილმა ის მიღწევა არათუ ვერ გააუმჯობესა, ვერც დაიცვა - კანადელ იგნასიო პიტთან ძირითად დროში დამაჯერებელი მოგება (7:0; 6:0) საამისოდ საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ევროპის წლევანდელ აზერბაიჯანელ ვიცე-ჩემპიონ მოჰამედგაჯი მუხუტოვთან ისევ წააგო.

ჩვენებური მასთან წლეულს ევროპის პირველობაზეც დამარცხდა, მაგრამ, საუბედუროდ, მაშინდელისგან განსხვავებით, მუხუტოვი ამჯერად ფინალში ვერ გავიდა და ვერც ქართველი გაიყოლა სანუგეშოში.

ჩვენი გუნდის დარჩენილი ორი წევრი აზიელთან ბრძოლით გამოეთიშა ტურნირს - მურცხვალაძემ უზბეკ ზოკირ მანსუროვთან დათმო შეხვედრა ძირითად დროში (თუმცა აქ პირველი პერიოდი 2:2-ზე წააგო დამატებითი მაჩვენებლებით), მაისურაძე კი ინდოელ აინგჰ სურჯეეტთან ასევე ძირითადში დამარცხდა.

სიტყვამ მოიტანა და ინდოელები თანდათან მძიმე "თავის ტკივილად" ექცნენ საჭიდაო სამყაროს, იმდენად მოუმატეს. შეგახსენებთ, რომ მათ ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს, თუმცა ოლიმპიური ბრინჯაო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მანამდეც ჰქონდათ აქტივში.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენი ნაკრების გამოსვლას, რომელიც ოქროს მიუხედავად, ნამდვილად არაა შთამბეჭდავი. არა გვგონია, ამის მიზეზი მხოლოდ თაობათა ცვლა იყოს.

შესაძლოა, გუნდმა ივლისში გამართული ევროპის პირველობის შემდეგ დასვენება, ძალების მოკრება ვერ მოასწრო და ეს ყველაფერი ამის ბრალია.

შედარებისთვის - ამ გუნდმა შარშან მსოფლიოზე ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა. თუმცა, რაც უნდა იყოს ახლა ასეთი გამოსვლის მიზეზი, გურჯიძეს მხოლოდ ქება ეკუთვნის.

თან არა მხოლოდ ოქროს, არამედ მაღალი ხარისხის ჭიდაობის გამოც. შეიძლება ჩემპიონი უსახური ჭიდაობითაც გახდე, მაგრამ გურჯიძე საპირისპირო მაგალითია - აღფრთოვანებას იწვევს მისი შემტევი, ტექნიკური და სანახაობრივი სტილი, რაც ასე იშვიათი გახდა თანამედროვე ჭიდაობაში.

დღეს და ხვალ...

23 და 24 აგვისტოს ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატში გოგოები იასპარეზებენ, შაბათ-კვირას კი ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ბიჭები გამოვლენ.

ჩვენი ნაკრები 23 აგვისტოს მატარებლით წავიდა ბაქოში. "თავისუფალთა" დამრიგებელ თემურ ბენდიანიშვილისგან განსხვავებით, ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ვაჟა კრავეიშვილმა ნაევროპალი შემადგენლობა ლამის ერთიანად გადაახალისა - მხოლოდ ევროპის სამი მედალოსანი, ჩემპიონები - რამაზ დარჩიძე (46), ირაკლი შავაძე (50) და მესამე პრიზიორი ნიკა გავაშელი (76) დატოვა.

სხვა წონებში გენადი ჩიტაძე (42), ბაკურ გოგოლი (54), ლაშა ებილაშვილი (58), გელა ბოლქვაძე (63), გიორგი ჩხარტიშვილი (69), სულხან ბუიძე (85) და ბექა კანდელაკი (100) იჭიდავებენ.

ამ გუნდის შარშანდელ მსოფლიო მონაგარსაც შეგახსენებთ - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ჩემპიონი რამაზ დარჩიძე გახდა, რომელიც ჯერაც აგრძელებს ორივე ნაკრებში - "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულში გამოსვლას, თუმცა შედეგები ბერძნულში მოიპოვა და ალბათ, საბოლოოდ აქ დარჩება.

ყოველ შემთხვევაში, "თავისუფლებს" მასზე ამჯერად პრეტენზია არ გამოუთქვამთ, ისე დაუთმეს კოლეგებს. არადა, დარჩიძე წლეულს "თავისუფალშიც" გახდა საქართველოს ჩემპიონი.

დასასრულ, ერთი განმარტებაც ჩხარტიშვილებთან დაკავშირებით, რამაც ქომაგებში გაურკვევლობა გამოიწვია - იმის მიუხედავად, რომ ისინი სხვადასხვა წონაში გამოდიან, ზოგმა მაინც დაუშვა შესაძლებლობა, რომ ორ ნაკრებში მოჭიდავე ერთ სპორტსმენთან ხომ არ გვქონდა საქმე.

მართალია, ორივე გიორგი ჩხარტიშვილია, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებაა და ერთმანეთთან გვარ-სახელის მეტი არაფერი აკავშირებთ - "თავისუფლების" ფალავანი თბილისელია, ბერძენ-რომაელებისა - ოზურგეთელი, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ბოლო წლებში ბათუმში ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო