"მაინცი" ვერც "ჰოფენჰაიმმა" შეაჩერა! 4:2 "სოფლელების" წინააღმდეგ, მეშვიდე გამარჯვება მეშვიდე შეხვედრაში - 37 წლის მწვრთნელის, თომას ტუხელის საოცარმა გუნდმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა....
გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური

"მაინცი" ვერც "ჰოფენჰაიმმა" შეაჩერა! 4:2 "სოფლელების" წინააღმდეგ, მეშვიდე გამარჯვება მეშვიდე შეხვედრაში - 37 წლის მწვრთნელის, თომას ტუხელის საოცარმა გუნდმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა. "მაინცი" ისტორიას წერს - ისტორიას, რომლის დასასრული შესაძლოა, მრგვალი იყოს, ვერცხლისფრად ანათებდეს და გერმანიის ჩემპიონისთვის განკუთვნილი სინი ერქვას...

20 წლის ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი, მართალია, სულ რაღაც 1.70 მეტრი სიმაღლისაა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ფეხბურთელია - ყოველ შემთხვევაში, "მაინცის" გულშემატკივრებისთვის. თვითონ განსაჯეთ: "ჰოფენჰაიმთან" მატჩში ის ოთხივე (!) გოლში მონაწილეობდა! "საოცნებო სტარტია, სასწაულია! ჩვენ ძალიან ბევრს და მაგრად ვმუშაობთ, შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, რომ პირველი ადგილიდან ვერავინ ჩამოგვაგდებს!" - ეს ჰოლტბის სიტყვებია.

საფინალო სასტვენის შემდეგ, ფანებმა ტუხელი მოედნიდან არ გაუშვეს, მიკროფონთან მისვლას და საუბარს სთხოვდნენ და თომასმაც თხოვნა შეუსრულა. როცა მაინცელთა თავკაცმა მეგაფონში ლიდერობა და 21 ქულა ახსენა, "ბრუხვეგშტადიონზე" ოვაციების გამაყრუებელი ხმა ისმოდა.

"მადლობა ღმერთს, კიდევ ერთხელ მოვახერხეთ ის, რომ მხოლოდ კონკრეტულ მატჩზე, კონკრეტულ მეტოქეზე ვფიქრობდით. ამიტომაც მოვიგეთ! მინდა, ჩემს გუნდს დიდი კომპლიმენტი ვუთხრა. გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არაჩვეულებრივი და ზღაპრულია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ გზიდან არ გადავუხვიოთ, არავის მოვუსმინოთ და დავუჯეროთ. ჩვენ ჩვენ ვართ და ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს," - ყვიროდა ტუხელი მეგაფონში.

მატჩს გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა, რომელიც მატჩის შემდეგ "მაინცზე" საუბრისას "წარმოუდგენელ საფეხბურთო ვნებასა" და "შეუდარებელ ენერგიაზე" ლაპარაკობდა. "მაინცის" გულშემატკივრების ეიფორია კი ცალკე სასაუბრო თემაა. შაბათს "ბრუხვეგშტადიონზე" შეკრებილი 20 300 (ტრიბუნები მეტს არც იტევს) ფანი მატჩის მიწურულს საყვარელ და უკვე ძალიან საამაყო გუნდს ისე ქომაგობდა, რომ ამით მასპინძელ ფეხბურთელებს პრობლემებიც კი შეექმნათ. თავდამსხმელი ადამ შალაი (22 წლის, 3 გოლი მიმდინარე სეზონში) ამბობს, მე-80 წუთიდან თმები ყალყზე მქონდა დამდგარი და თამაშზე კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებდიო. 19 წლის ანდრე შიურლე (4 გოლი) კი აცხადებს, თანაგუნდელების ხმის გაგონებას ვინღა ჩივის, საკუთარი სიტყვები არ მესმოდაო.

ახალი სეზონი ზედიზედ შვიდი გამარჯვებით აქამდე მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდა დაწყებული - რა თქმა უნდა, "ბაიერნს", 1995/96 წლების სეზონში და "კაიზერსლაუტერნს" (2001/2002). გაინტერესებთ, რა მოხდა იმ სეზონების ბოლოს? გერმანიის ჩემპიონი ორივე შემთხვევაში დორტმუნდის "ბორუსია" გახდა...

"მაინცთან" ერთად, სასწაულების ჩადენას "შალკეც" აგრძელებს, ოღონდ გელზენკირხენული კლუბის ზღაპრები ნეგატიური, მეტიც, საშინელია. ვიცე-ჩემპიონს ვერც ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებულმა უმნიშვნელოვანესმა გამარჯვებამ (2:0 "ბენფიკასთან") უშველა - "შალკე" ნიურნბერგში 1:2 დამარცხდა და ახლა, 7 ტურის შემდეგ 5 (!) წაგება აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი გელზენკირხენელთა ნახევარმცველმა ჯერმეინ ჯონსმა გააფუჭა - ფრანკების კარის დარაჯ რაფაელ შეფერს ფეხებში უაზროდ ჩაუვარდა, რის გამოც მოედანი დაატოვებინეს. ეს კი ამ სეზონში "შალკესთვის" რიგით მეოთხე გაძევებაა. "ჯონსი ასე ცუდად რომ არ მოქცეულიყო და მოედანზე ათნი რომ არ დავრჩენილიყავით, ამ თამაშს არ წავაგებდით. სამწუხაროდ, შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ," - ეს მეკარე მანუელ ნოიერის სიტყვებია. "ძალიან გაბრაზებული და უკმაყოფილო ვარ. დაცვაში ისევ კატასტროფული შეცდომები დავუშვით. როგორც ჩანს, ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე სანაკრებო პაუზაზე ფიქრობდა," - ეს კი ფელიქს მაგათის მოსაზრება გახლავთ.

მოკლედ, "შალკე" ცხრილის ფსკერიდან ვერა და ვერ ამოდის. საქმეს კი, ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდს, რომელსაც წესით ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა, გადარჩენისთვის ომი მოუწევს. სხვათა შორის, ჯონსის "მსხვერპლი" შეფერი კლინიკაში გადასაყვანი გახდა, რადგან საბედისწერო ორთაბრძოლისას გონება დაკარგა, მერე კი გაირკვა, რომ ტვინის შერყევა მიიღო. შეფერი ამბობს, რომ ორთაბრძოლამდე 10 წუთი მისი მეხსიერებიდან წაშლილია. "მითხრეს, ჯონსმა მაშინვე მოგიბოდიშაო, მაგრამ მე არაფერი მახსოვს," - თქვა შეფერმა. ასეა ტუ ისე, "ნიურნბერგმა" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა და "შალკესთან" საშინელ სერიას ბოლო მოუღო - ფრანკებს გელზენკირხენელებთან თამაში ბოლოს 11 წლის წინათ, 1999 წლის მარტში ჰქონდათ მოგებული...

რთულია, იყო მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ფანი... შაბათს "გლადბახმა" "ვოლფსბურგთან" 1:1 ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი საკუთარ მოედანზე გამარჯვებას ისევ ვერ ახარხებს. მიონხენგლადბახელთა ბოლო საშინაო გამარჯვება 9 აპრილით თარიღდება (2:0 "აინტრახტთან"). არადა, მიხაელ ფრონტცეკის ბიჭებს შაბათს ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ. პირიქით, მწვრთნელმაც თქვა, ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთო. მატჩის მთავარი როლის შემსრულებელი კი უდავოდ ვოლფსბურგელთა გამთამაშებელი დიეგო გახლდათ, ოღონდ, 25 წლის ბრაზილიელს ამჯერად საგმირო საქმეები არ ჩაუდენია და მხოლოდ არასახარბიელო საქციელებით გამოირჩა. სანამ კალენბერგი ანგარიშს გახსნიდა, "იუვენტუსიდან" 15 მილიონ ევროდ ნაყიდმა დიეგომ ლეველსთან ორთაბრძოლისას თამაშის წესები დაარღვია. ახალგაზრდა მსაჯმა კრისტიან დინგერტმა კი, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მეორე ბუნდესლიგური თამაში იყო, ნაცვლად იმისა, რომ ჯარიმა დაენიშნა, კალენბერგის გოლი ჩათვალა, რის გამოც საფინალო სასტვენის შემდეგ, ფრონტცეკისგან ლანძღვა დაიმსახურა. "ორი აზრი არ არსებობს, ეს ჯარიმა იყო. არ ვიცი, რა დავაშავეთ, ფაქტი კი ისაა, რომ ამ სეზონში მსაჯმა უკვე მესამედ დაგვჩაგრა," - თქვა მიონხენგლადბახელთა დამრიგებელმა. მან და მისმა შეგირდებმა თავი დაჩაგრულად "ზანკტ პაულისთან" (იდრისუს უსამართლო გაძევება) და "აინტრახტთანაც" (იდრისუს გოლი არ ჩაუთვალეს) იგრძნეს...

შაბათსვე, "ჰამბურგმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, დაამარცხა რა "კაიზერსლაუტერნი" (2:1). "ჰამბურგზე" უკეთეს მდგომარეობაში კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ფრაიბურგია". ბრაისუგაუელებმა ამჯერად "კიოლნს" მოუგეს (3:2) და 7 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ, რაც მხოლოდ ელიტაში დარჩენის ამბიციის მქონე გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგია. პარასკევს კი, "ზანკტ პაულიმ" სტუმრად "ჰანოვერს" სძლია (1:0), რითაც მირკო სლომკას გუნდის გარშემო ატეხილი ეიფორიაც შეწყდა.

მომდევნო ტური

15 ოქტომბერი. კიოლნი-ბორუსია (დ). 16 ოქტომბერი. ბაიერნი-ჰანოვერი, შალკე-შტუტგარტი, ვერდერი-ფრაიბურგი, მაინცი-ჰამბურგი, ზტ. პაული-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი. 17 ოქტომბერი. კაიზერსლაუტერნი-აინტრახტი, ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ).

ჰანოვერი-ზტ. პაული 0:1

გოლი: 0:1 ებერსი (6)

ნიურნბერგი-შალკე 2:1

გოლები: 1:0 ფრანტცი (62), 1:1 ჰუნტელაარი (74), 2:1 ვოლფი (84)

მაყურებელი: 48 548

მაინცი-ჰოფენჰაიმი 4:2

გოლები: 1:0 ალაგუი (2), 1:1 ბა (41), 2:1 შალაი (47), 3:1 ჰოლტბი (59), 3:2 სიგურდსონი (64), 4:2 შიურლე (74-პენ)

ფრაიბურგი-კიოლნი 3:2

გოლები: 1:0 როზენტალი (4), 2:0 როზენტალი (11), 2:1 მოჰამადი (22), 2:2 მატუშიკი (50), 3:2 სისე (70)

ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი 2:1

გოლები: 0:1 ლაკიჩი (3), 1:1 კაჩარი (69), 2:1 ჩუპო-მოტინგი (84)

ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი 1:1

გოლები: 0:1 კალენბერგი (27), 1:1 მარქსი (65)

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა