ევროპაში საქმე აღარ გვაქვს, შიდა ბატალიები უნდა ვიკმაროთ
სამწუხაროდ, ევროთასები ჩვენთვის კვლავაც ზაფხულის მიწურულს დასრულდა და სანაკრებო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 2 სექტემბრიდან მოყოლებული, ფეხბურთის ცოცხლად ხილვის საშუალება მხოლოდ შიდა ტურნირებზე გვექნება.

მას შემდეგ, რაც გორის "დილამ" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესვლა ვერ შეძლო, ისღა დაგვრჩენია, მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატს მივაპყროთ, რომლის სტარტზეც მოვლენები საკმაოდ დინამიურად და საინტერესოდ განვითარდა.

2 სექტემბერს მეოთხე ტურის მატჩებია დანიშნული, რომლებსაც სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეუძლია.

გვაქვს გამოკვეთილი ცენტრალური შეხვედრაც, რომელსაც რუსთავი უმასპინძლებს და მისი ხილვა ტელეეთერითაც შეგვეძლება.

უყურადღებოდ დატოვებას კი არც ერთი მატჩი იმსახურებს. ყველა უმაღლესლიგელს ხომ საკუთარი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, ცუდი სტარტის შემთხვევაში კი მათ შემდგომში მიზნის განხორციელება ძალიან გაუჭირდებათ.

როგორც ნებისმიერ ცენტრალურ მატჩში, რუსთავშიც მხოლოდ სამი ქულა კი არ გათამაშდება, სასწორზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრივილეგიები დევს - თუ რომელიმე გუნდმა მოიგო, ჩემპიონატის ლიდერებს კვალში ჩაუდგება და შესაძლოა, რომელიმე მათგანს გაუთანაბრდეს კიდეც, დამარცხებული კი პოზიციებს მნიშვნელოვნად დათმობს და სატურნირო ცხრილის შუაგულამდე დაქვეითდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეტალურგმაც" და "ტორპედომაც" სეზონი წარმატებით დაიწყეს. მართალია, მიმდინარე ჩემპიონატში თითოჯერ უკვე ორივე მათგანი დამარცხდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რუსთაველებიცა და ქუთაისელებიც საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ.

სხვა რომ არაფერი, ორივე მათგანმა შეძლო მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" ძლევა, რაც ფეროელთა არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ "მეტალურგიცა" და "ტორპედოც" უკვე შეხვდნენ ლიდერ "დინამოს" და ორივე დამარცხდა.

პრინციპული მეტოქეების ხვალინდელი დაპირისპირება კი ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს და დავინახავთ, ამ ეტაპზე რომელს უფრო შეუძლია "დინამოსთვის" ბრძოლის გამართვა.

შეუპოვარი ბრძოლა "ფოლადზე" გარანტირებული გვაქვს და ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ სტადიონზე მისული და ტელეეკრანებთან მსხდომი გულშემატკივრები სანახაობრივ და შინაარსიან ბრძოლას იხილავენ.

წინა ტურში თბილისის "დინამომ" ზესტაფონში ბათუმელები 3:0 გაანადგურა, ბურთების უკეთესი შეფარდებით საჩხერის "ჩიხურას" გადაუსწრო და გალიდერდა.

მომავალ მატჩში დუშან უჰრინის გუნდს მოწინავე პოზიციის გამყარების მშვენიერი შანსი აქვს და თუ საჩხერელებმა მარტვილში წაიფორხილეს, "კოლხეთის" დამარცხების შემთხვევაში "დინამო" უკვე ერთპიროვნულად გალიდერდება.

უჰრინმა შეძლო და მოკლე პერიოდში "დინამოს" თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ბუნებრივია, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წევრები და გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტის მოლოდინში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ "დინამოს" მწვრთნელის ხელი ეტყობა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

"დინამო"-"კოლხეთის" მატჩის ფავორიტები, რა თქმა უნდა, მასპინძლები არიან, მაგრამ ფოთელები ამ სეზონშიც ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ აუტსაიდერობას არ აპირებენ. წინა სეზონში კი დავით მახარაძის გუნდმა საქმით გვიჩვენა, როგორ შეუძლია ფავორიტებისათვის და მათ შორის "დინამოსთვისაც" მნიშვნელოვანი ქულების წართმევა.

ასე რომ, დინამოელებმა ყველაზე კარგად იციან - "კოლხეთთან" იოლ გასეირნებას ვერავინ დაგეგმავს.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ "დინამო"-"კოლხეთის" მატჩს ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - პირველი დამოუკიდებელი ქართული ეროვნული პირველობა ხომ სწორედ ამ გუნდების თბილისური დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ზღვისპირელებმა მოიგეს.

ვიცოდით, რომ "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში სტატისტად დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ მაინც დიდი სიურპრიზია, სოსო ფრუიძის გუნდს პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი რომ აქვს. თანაც, საჩხერელებმა სამივე გამარჯვება გასვლით შეხვედრებში მოიპოვეს.

"ჩიხურა" ამჯერადაც გასვლაზე თამაშობს - მარტვილში, სადაც "მერანი" თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს ხოლმე და არც ახლა იქნება გასაკვირი, თუ საკუთარ აქტივს გაზრდის.

მალხაზ ჟვანიას გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა კარგადაა ცნობილი - "მერანი" ხომ ზაფხულში არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და სამწვრთნელო შტაბს ფაქტობრივად, თავიდან უწევს იმ გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ამის მიუხედავად, "მერანს" ახლავე შეუძლია ძალის დემონსტრირება, რასაც თუნდაც გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება მოწმობს.

მოკლედ, "ჩიხურასთვის" უდანაკარგო სვლის გაგრძელება იოლი სულაც არ იქნება, თუმცა რასაკვირველია, მარტვილში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.

ევროთასებზე ასპარეზობამ "დილას" შიდა საქმეები უკიდურესად გაურთულა - გორელებს ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ, თანაც, ჯერ ჩემპიონატის ერთ ფავორიტსაც არ შეხვედრიან და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მართებთ.

არ ვიცით, როგორ განეწყობიან "მარიტიმუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ "დილას" ფეხბურთელები ზუგდიდური ვოიაჟისთვის, მაგრამ დრო არ ითმენს და თემურ შალამბერიძის გუნდს, რომლის მიზანიც საქართველოს ჩემპიონობაა, კიდევ ერთი წარუმატებლობა ლიდერთან კატასტროფულად დააშორებს.

"ზუგდიდი" ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობითა და შესაბამისი მიზნებით შეხვდა და მასთან სტუმრობა ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის რთული იქნება.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "მეტალურგი"-"ტორპედოს" შემდეგ, ნეიტრალურ გულშემატკივრებში ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ზუგდიდური მატჩი იწვევს.

"ზესტაფონში" გასულ დღეები ცვლილებებისა იყო - კლუბმა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილთან თანამშრომლობა გაწყვიტა და ფეროელებს დროებით მისი თანაშემწე გიორგი ყიფიანი მოამზადებს.

"ზესტაფონს" აშკარად რთული პერიოდი უდგას და წესით, საქართველოს ჩემპიონის წევრთათვის უკეთესი უნდა იყოს, კვირას საქმეს რომელიმე ამბიციურ კონკურენტთან კი არა, უმაღლეს ლიგაში ახლად დაბრუნებულ ბათუმის "დინამოსთან" რომ დაიჭერს.

ორივე გუნდისთვის სტარტი წარუმატებელი გამოდგა და ახლა მასპინძლებსაც და სტუმრებსაც ვითარების მცირედით გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.

ჯერაც დაუმარცხებელია "სიონი", რომელმაც წინა ტურში "დილას" სძლია და კარგი შანსი აქვს, მორიგი სამი ქულა ამჯერად საკუთარ კედლებში მოიპოვოს.

ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის პირველ მატჩს ჩაატარებს არმაზ ჯელაძე.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ვეტერინარებმა ჩემპიონატში განცდილ ზედიზედ ორ მარცხს საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალში წაგება მოაყოლეს და მორიგი წარუმატებლობით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან.

ასე რომ, საბრძოლო მოტივაცია არც ბოლნისური შეხვედრის მონაწილეებს აკლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
ვიში ლიგას დაამატეთ დუბლების და I ლიგის მიმოხილვაც
fiore
ძალინ კარგია ყოველი ტურის წინ ასეთი მიმოხილვა, მივესლმებით და იქნებ მომავალშიც გააგრძელოთ, თხოვნა იქნება პირველ ლიგასაც ნუ მივივიწყებთ იქაც არანაკლებ საინტერესო თამაშები მიმდინარეობს და ცოტა რამ მათზეც დაწეროთ.
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია