"ბაიერნში" კონკურენცია უკიდურესად გაიზარდა, რაც მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ძალიან უხარია

მართალია, ბუნდესლიგა 2012/13-ის ასაკი ჯერ მხოლოდ ორი ტურია, მაგრამ "ბაიერნი" პირველ ადგილზეა, ორ თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი და გუნდი ბოლომდე ჯერ არ დაკომპლექტებულა - ხავი მარტინესი რეკორდმაისტერში ახალი კაცია, რამდენიმე მოთამაშე კი ლაზარეთშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ორ ტურში ნანახი არ იყო მიუნხენური გრანდის მაქსიმუმი.

ფაქტია, რომ "ბაიერნში" კონკურენცია უკიდურესად გაიზარდა, რაც მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ძალიან უხარია. მეკარე მანუელ ნოიერს კი სჯერა, რომ "ბაიერნი" ახლო მომავალში კიდევ მიიღებს იმ ყველაფერს, რაც გასულ სეზონში აკლდა.

"შტუტგარტთან" 6:1-ზე მოგებულ მატჩში ჰაინკესმა ახალწვეულები კლაუდიო პისარო, ჯერდან შაჩირი და ხავი მარტინესი შეცვლაზე ათამაშა, დანიელ ვან ბუიტენი, ემრე ჩანი და ანატოლი ტიმოშჩუკი კი, სათადარიგო მეკარე ტომ შტარკესთან ერთად, სკამზე დატოვა. აქედანაც ჩანს, რომ "ბაიერნში" უკვე უდიდესი და უმძაფრესი კონკურენციაა.

"წელს გაცილებით დიდი არჩევანი მაქვს და ეს ძალიან სასიხარულოა," - კმაყოფილებით ხელებს იფშვნეტდა მატჩის შემდეგ "დონ იუპი", რომელსაც, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვს, არიენ რობენი, დავიდ ალაბა და მარიო გომესი რომ ტრავმირებულები არიან.

"შტუტგარტთან" 6:1 კი, ერთობ მსუყე გამარჯვებასთან ერთად, იმასაც ნიშნავდა, რომ რეკორდმაისტერმა სეზონის პირველი ორი სასტარტო მატჩი 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს სხვა გერმანული კლუბებისთვის, განსაკუთრებით კი, "ბაიერნის" უმთავრეს კონკურენტად მიჩნეული დორტმუნდის "ბორუსიასთვის" საკმაოდ ხმაურიანი სიგნალია - მიუნხენელებმა მაგიდაზე მუშტი სეზონის სტარტზევე დაარტყეს.

"უკვე ჩანს, რომ გუნდი შარშანდელზე და შარშანწინდელზე გაცილებით ძლიერია, - ამას რომ ამბობდა, კაპიტან ფილიპ ლამს თვალები უბრწყინავდა, - ის ბიჭები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან, რათა მწვრთნელს თავი მოაწონონ და თამაშის შანსი მიეცეთ; ხოლო ისინი, რომლებიც თამაშობენ, საქმეს მაქსიმალური კონცენტრაციით უდგებიან, რადგან ხვდებიან, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ".

კონკურენციას მხოლოდ პლუსები როდი აქვს...

რეკორდმაისტერს კონკურენციამ რომ არგო, ამის საუკეთესო მაგალითი ლუის გუსტავოა. ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა "შტუტგარტთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

როგორც ჩანს, მარტინესის ტრანსფერმა გუსტავო გამოაცოცხლა - ესპანელი ხომ მისი პირდაპირი კონკურენტია. ამ სეზონში სულ სხვაა თომას მიულერიც, რომელსაც 2010 წლის მუნდიალზე გაბრწყინების შემდეგ დაღმასვლა დაეწყო, ახლა კი ძველებურად მონდომებული და შემართულია. თომასს ორი ტურის შემდეგ სამი გოლი აქვს. შედარებისთვის: გასულ სეზონში მესამე გოლი მხოლოდ 21-ე ტურში შეაგდო.

"საბედნიეროდ, არცერთი ფეხბურთელი აღარაა იმაში დარწმუნებული, რომ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ეს ყველაზე კარგად ვარჯიშებზე ჩანს - ხშირად ყვირილის ხმასაც გაიგებთ. ყველა ხვდება, რომ თითოეული პოზიციისთვის ბრძოლაა საჭირო" - ამბობს ნოიერი.

ფაქტია, რომ ისედაც გაზრდილი კონკურენცია ხავი მარტინესის ტრანსფერმა კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს: კონკურენცია დაძაბულობასაც ნიშნავს, დაძაბულობა კი - ფეთქებად ვითარებას. საინტერესოა, როგორ მოახერხებს მანევრირებას ჰაინკესი, როცა რობენი, ალაბა და გომესიც გამოჯანმრთელდებიან.

ფაქტია, რომ "დონ იუპს" ყოველთვის მოუწევს მინიმუმ 3-4 ისეთი მოთამაშის სათადარიგოთა სკამზე დასმა, რომლებსაც ეს არ ეპიტნავებათ.

თავად მწვრთნელი საფრთხეს ვერ ხედავს და რობენის მაგალითი მოჰყავს: "არიენი მოვიდა და მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობ, გაციებული ვარ და თამაში კი შემიძლია, მაგრამ უმჯობესია იმან ითამაშოს, ვინც სრულ მზადყოფნაშიაო".

საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება "ბაიერნში" ასეთი სულისკვეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა