გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ მიუნხენის "ბაიერნზე", გერმანიის ნაკრებსა და ზოგადად ფეხბურთზე ისაუბრა
ფრანც ბეკენბაუერი 11 სექტემბერს 67 წლის გახდა. გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა თავს მხნედ გრძნობს და დიდი გეგმები აქვს.

ამბობენ, შეიძლება კაიზერ-ფრანცმა ფიფას არჩევნებში იყაროს კენჭიო, მაგრამ თვითონ ამ თემაზე არაფერს ამბობს.

იოზეფ ბლატერის პოსტის გადაბარების სურვილი ბეკენბაუერმა არც "ბილდისთვის" მიცემულ საიუბილეო ინტერვიუში დაადასტურა - ჟურნალისტს თავიდანვე სთხოვა, ამ თემას ნუ შევეხებითო და მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნზე", გერმანიის ნაკრებსა და ზოგადად ფეხბურთზე ისაუბრა.

- ჰერ ბეკენბაუერ, როგორ აღნიშნავთ 67-ე იუბილეს?

- მთელ დღეს მეუღლე ჰაიდისთან და ბავშვებთან ერთად გავატარებ, საღამოს კი ერთად ვუყურებთ ავსტრია-გერმანიას. წვეულების მოწყობას არ ვაპირებ.

- იოახიმ ლიოვს უნდა, რომ გერმანიის ნაკრებმა დორტმუნდის "ბორუსიას" სტილში ითამაშოს - მეტოქის ნახევარზე სწრაფ პრესინგს მიმართოს და მოწინააღმდეგე მისსავე საჯარიმოსთან შეაწუხოს. როგორ ფიქრობთ, "ბაიერნის" ფეხბურთელები ამ სტრატეგიას ალღოს იოლად აუღებენ? რეკორდმაისტერი ასე ხომ არ თამაშობს...

- ჩემი აზრით, გერმანია შეძლებს ასე თამაშს, რადგან 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში სამი შემტევი ნახევარმცველიდან ორი დორტმუნდელია. ვფიქრობ, რომ მარკო როისთან და მარიო გიოტცესთან ერთად, ასეთ სტრატეგიას თომას მიულერიც იოლად შეეგუება.

სხვათა შორის, ამ სეზონში "ბაიერნიც" დაახლოებით ასეთ სტილში თამაშობს - რეკორდმაისტერიც სწრაფად უტევს.

დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბუნდესგუნდი მეტწილად "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული - ისე, როგორც ეს 70-იან წლებში იყო, როცა ნაკრებში "ბაიერნისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მოთამაშეები სჭარბობდნენ.

- კაპიტანმა ფილიპ ლამმა თქვა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირველობა უნდა იყოსო. სწორად მოიქცა?

- რატომ დასვით ეს კითხვა? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონობა არ შეუძლია? ბუნდესგუნდმა ტიტული ბოლოს 1996 წელს მოიპოვა და დროა, ისევ რაღაც მოვიგოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბრაზილიიდან მსოფლიოს თასის წამოღება ურთულესი იქნება.

მაინც ჩემს აზრზე ვრჩები: მუნდიალი ჩვენ 2006 წელს, ჩვენს კედლებში უნდა მოგვეგო. მერე ესპანეთის ერა დაიწყო და პირენეელებს მართლაც საუკუნის გუნდი ჰყავთ, თუმცა ესპანეთის ნაკრების ჰეგემონიაც ოდესმე დამთავრდება.

- "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი სრულყო - რეკორდმაისტერმა ხავი მარტინესში 40 მილიონი ევრო გადაიხადა. თქვენც ფიქრობთ, რომ ამით მიუნხენელებმა ჩემპიონობა იყიდეს?

- ტიტულს ფულით ვერ იყიდი, კარგი ტრანსფერი მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მარტინესმა "შტუტგარტთან" ცოტა ხანს ითამაშა, მაგრამ მე მასში მაინც უდიდესი პოტენციალი დავინახე. "ბაიერნი" ახლა იდეალურადაა დაკომპლექტებული, იუპ ჰაინკესი კი ბედნიერი მწვრთნელია, ამდენი კარგი ფეხბურთელი რომ ჰყავს.

- თქვენ რომ "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოში ყოფილიყავით, მარტინესის ტრანსფერს მწვანეს აუნთებდით?

- აუცილებლად! როცა მწვრთნელი და მენეჯერი ფეხბურთელის შესაძლებლობებში ასე დარწმუნებულები არიან, სამეთვალყურეო საბჭომ გარიგებას ხელი არ უნდა შეუშალოს. "ბაიერნი" საფეხბურთო გუნდია, რომელიც ცათამბჯენებს კი არ აშენებს, არამედ ფული მხოლოდ იმისათვის სჭირდება, რომ გუნდი გააძლიეროს.

- როგორ ფიქრობთ, შემატებს მათიას ზამერი "ბაიერნს" იმ "ცეცხლს", რაც რეკორდმაისტერს ბოლო წლებში აშკარად აკლდა?

- შეიძლება ეს არ იცოდეთ და ახლა გეტყვით: ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მათიასის მთავარ მწვრთნელას დანიშვნა ორჯერ გვინდოდა.

ერთხელ იმ დროს, როცა იურგენ კლინსმანი დავნიშნეთ, მერე კი იმ მომენტში, როცა ბოლოს ლუის ვან გაალი მოვიწვიეთ.

მიხარია, რომ ზამერი ბოლოს და ბოლოს "ბაიერნში" დაინიშნა და მართალია, მწვრთნელი არ არის, მაგრამ სპორტული დირექტორის პოსტიდანაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ზამერი ჰაინკესსაც გააძლიერებს. ერთი სიტყვით, მათიასის დანიშვნას ასი პროცენტით მივესალმები.

- დაასრულეთ წინადადება: მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი გახდება იმიტომ, რომ...

- სწორ გზას ადგას და ჩემპიონობას ყველაზე მეტად იმსახურებს.

- საფეხბურთო გერმანია შოკირებულია იმით, რაც "კიოლნის" ფეხბურთელ კევინ პეცონის გარშემო ხდება - "ფანები" მას მოკვლით ემუქრებიან. თქვენ დროსაც ხდებოდა ასეთები?

- სამწუხაროდ, ასეთი ამბები მაშინაც ხდებოდა. 1974 წლის მუნდიალის წინ ჩვენც გვემუქრებოდნენ - ოღონდ, არა ფანები, არამედ ერთი კონკრეტული ბანდა. იძულებული გავხდი, ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის პირადი მცველები ამეყვანა.

უბრალოდ, დღეს სხვა კატეგორიის მუქარას ვხედავთ. ინტერნეტის საშუალებით დღეს დამნაშავეებს დანაშაულის დაგეგმვა ხუთ წუთში შეუძლიათ.

ადრე ამის ორგანიზებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა. ესენი ფანები არ არიან - მათ არა მარტო ფეხბურთის, არამედ ყველას და ყველაფრის განადგურება სურთ.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა, საფეხბურთო ლიგამ, ნამდვილმა გულშემატკივრებმა და სახელმწიფომ ასეთ ტიპებს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოუცხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ