ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ტრიუმფამდე განვლილ რთულ გზაზე ისაუბრა

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ ბრიტანულ პრესაში გაუკეთა კომენტარი ამერიკის ღია პირველობის ფინალს, გაანდო ჟურნალისტს "დიდი სლემის" ტურნირზე პირველი მოგებისგან მიღებული ემოციები და ილაპარაკა ამ ტრიუმფამდე განვლილ რთულ გზაზე...

- თქვენ ამბობთ, რომ აშშ-ის ღიას ფინალის შემდეგ უდიდესი შვება იგრძენით. როგორ ფიქრობთ, ამ გამარჯვებამ შეიძლება შეგცვალოთ როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება?

- იმედია, როგორც პიროვნება არ შევიცვლები. ეს მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ჩოგბურთს, იმედი მაქვს, ეს გამარჯვება უფრო მეტ დამაჯერებლობას მომიტანს.

- 76 წლის განმავლობაში ბრიტანელი ჩოგბურთელები ვერაფრით ახერხებდნენ "დიდი სლემის" ტურნირის მოგებას. რა გრძნობაა ამ უიღბლო სერიის შეწყვეტა?

- ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელები აგერ, უკვე დიდი ხანია, ვერ აღწევენ წარმატებას "დიდი სლემის" ტურნირებზე.

ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიფიქრე, როცა მატჩზე ვაწვდიდი. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეს ჩემთვის და მთლიანად ბრიტანული სპორტისთვის.

იმედია, ეს გამარჯვება უფრო მეტ ბრიტანელ ახალგაზრდას დააინტერესებს ჩოგბურთით, რომელიც ჩვენთან თანდათან პროგრესირებს. ლორა რობსონი აჩვენებს კარგ თამაშს.

ლაიამ ბრეიდიმ ითამაშა აშშ-ის ღიაზე იუნიორთა ტურნირის ფინალში. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

- რა განსხვავებაა ოლიმპიადაზე და ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებულ გამარჯვებებს შორის?

- ცალსახად, ეს სრულიად განსხვავებული გამარჯვებებია. ოლიმპიადაზე იმასაც ვაკვირდებოდი, როგორ გამოდიოდნენ ჩვენი სპორტსმენები სხვა დისციპლინებში.

და ისინი წარმატებებს აღწევდნენ. ერთეულთა თანრიგის გარდა, მიქსტშიც გამოვდიოდი. როცა ოლიმპიადაზე ფინალში გადიხარ და ვერცხლის მედალი გარანტირებული გაქვს, ეს ერთგვარად ხსნის დაძაბულობას გადამწყვეტი მატჩის წინ.

აქ, ნიუ იორკში, ფინალამდე ძალიან ვნერვიულობდი და საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი - შევძლებდი თუ არა მოგებას, მეყოფოდა თუ არა ძალები. ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრა - ყოველთვის უდიდესი გამოცდაა.

ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ვერ გავუმკლავდი საკუთარ თავსა და მეტოქეს. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომხსნეს. იმედია, ეს გამარჯვება დამავიწყებს ყველა წინა წარუმატებლობას და მომავალ გამარჯვებებში დამეხმარება.

- ოლიმპიადაზე გამარჯვება რაღაცნაირად დაგეხმარათ აშშ-ის ღიას მოგებაში?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ბიძგი შარშან, უიმბლდონის წაგების შემდეგ მივიღე. მაშინდელი მარცხის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი, ვიდრე სხვა ფინალებში. ამაში ბრიტანელი ფანების უდიდესი მხარდაჭერა დამეხმარა.

რაც შეეხება ოლიმპიადას, ეს იყო ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა ჩემს ცხოვრებაში. და მაინც, როგორც გითხარით, ჯოკოვიჩთან მატჩამდე ბოლომდე არ მჯეროდა საკუთარი თავის.

გასახდელში ვიჯექი და ვფიქრობდი - ეს ფინალიც რომ წავაგო, პირველი ჩოგბურთელი ვიქნები, ვისაც "დიდ სლემზე" ხუთი გადამწყვეტი მატჩი ექნება წაგებული. არ მინდოდა ამ ანტირეკორდის მფლობელი გავმხდარიყავი. უნდა მომეგო და ეს გავაკეთე.

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ მოიძებნებოდა ჩოგბურთელი, რომელიც თქვენზე მეტად მონდომებით მუშაობდა კორტზე. რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ ყოველ ჯერზე გახვიდეთ კორტზე და თავდაუზოგავად იმუშაოთ?

- სწორედ იმ მომენტებისთვის ვმუშაობ, როგორსაც ნიუ იორკში ჰქონდა ადგილი. სწორედ ამის გამო გავდივართ კორტზე და მთლიანად ვიხარჯებით. მე რომ ასე მონდომებით არ მევარჯიშა, დღეს ამ თასთან ერთად სხვა ადამიანს ნახავდით.

ნახევარფინალში ოთხი საათი ვითამაშე. ორი დღის შემდეგ ფინალში ხუთი საათი გავატარე კორტზე. ეს ძალიან მძიმე შრომაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს გადამხდა თავს, ეს შრომა ამად ღირდა. მხოლოდ მონდომებული და დაუღალავი მუშაობითა და საქმისადმი ერთგულებით მიაღწევ წარმატებას.

- ძალიან დიდი ხანი ოცნებობდით ამ გამარჯვებაზე. რაიმე დაპირება ხომ არ გქონიათ - თუ "დიდი სლემის" ტურნირს მოიგებდით, რაღაც ექსტრაორდინარულს ჩაიდენდით?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. წინ არის აზიური ტურნირების სერია. ახლა ჩვენი განრიგი საკმაოდ გადატვირთულია.

მაგრამ ადრე, ავსტრალიის ღია პირველობის დროს ამ თემაზე ჩემი გუნდის წევრებთან ვილაპარაკე და ვთქვი, რომ მოგების შემთხვევაში, რაიმე ორიგინალურ საქციელს ჩავიდენდით. თავიდან პარაშუტით გადმოხტომა გვინდოდა, შემდეგ თავის გადაპარსვა ვიფიქრეთ; მაგრამ ამერიკის ღიას წინ, სამწუხაროდ, არაფერი ჩაგვიფიქრებია.

- ამ ტიტულამდე ძალიან გრძელი და მძიმე გზა გაიარეთ. რა ფიქრები გქონდათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში?

- ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგე ნახევარფინალებსა და ფინალებში. ბევრი, ალბათ, ვერ ხვდება, რა ძალისხმევა დამჭირდა ამ გამარჯვების მოსაპოვებლად.

მსგავსი ტურნირების დროს ყოველთვის ძალიან გამოფიტული ხარ. ბევრი უნდა ივარჯიშო იმისთვის, რომ მზად იყო ოთხ-ხუთსაათიან მარათონებთან გასამკლავებლად. მაგრამ ჩოგბურთი - ჩემი ცხოვრებაა.

მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორ ვითარდება ჩემი ცხოვრება. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება. ამიტომაც არის ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული ეპიზოდი თქვენს კარიერაში, როცა მართლაც სერიოზულად შეგეპარათ ეჭვი საკუთარ თავში?

- შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ, ძალიან ცუდად ვთამაშობდი, განსაკუთრებით, გრუნტზე.

ეს დაახლოებით სამი-ოთხი თვე გაგრძელდა. იმ დროს ძალიან მიჭირდა მოტივაციის მონახვა კორტზე გასასვლელად. წავაგე ინდიან უელსში, მაიამიში... ცუდად ვთამაშობდი და აღარ ვგრძნობდი სიამოვნებას ჩოგბურთისგან.

ამის შემდეგ შევწყვიტეთ თანამშრომლობა ალექს კორეჩასთან. ძალიან გამიჭირდა მასთან გამოთხოვება.

სავარაუდოდ, პროფესიულ ტურში მოსვლის შემდეგ სწორედ ეს იყო ყველაზე რთული ეტაპი ჩემს კარიერაში.

- რა დაუმტკიცეთ საკუთარ თავს აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებით?

- მთავარია, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია "დიდი სლემის" ტურნირების მოგება; შემიძლია უმაღლესი კლასის მოწინააღმდეგესთან კარგი ჩოგბურთის ჩვენება ხუთი საათის განმავლობაში. ამ წარმატებას ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება ჩემს კარიერაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა