26 წლის გასკემ კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა
თუ ქალთა ტურში აზიური სერია უკვე კარგა ხანია დაწყებულია, ATP-ის ტურში მხოლოდ გასულ კვირას გაიმართა "250" კატეგორიის პირველი ორი აზიური ტურნირი. ეს სერია ოქტომბრის შუაში, შანხაის მასტერსით დასრულდება.

შარშანდელისგან განსხვავებით, ბანგკოკისა და კუალა ლუმპურის ტურნირების ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს "დიდი ოთხეულის" რომელიმე წევრის მიწვევა.

შარშან ბანგკოკში გამარჯვება ენდი მიურეიმ მოიპოვა, მაგრამ ბრიტანელმა გადაწყვიტა, არ დაეცვა ტაილანდში შარშანდელი ტიტული. მის არყოფნაში განთესვის პირველი ნომერი იანკო ტიპსარევიჩმა მიიღო, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. სერბს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ნახევარფინალში წააგო ჟილ სიმონთან - 4:6, 4:6. სხვათა შორის, ფრანგმა ექვსი ურთიერთშეხვედრიდან მეხუთედ დაამარცხა სერბი.

რაც შეეხება ფინალში მეტოქეს, სიმონს ის არასოდეს დაუმარცხებია. არადა, ხუთჯერ შეხვდა მას. ლაპარაკია რიშარ გასკეზე, რომელიც წელს თავის მესამე ფინალს თამაშობდა. რიშარმა ფინალამდე უფრო მძიმე გზა გაიარა, ვიდრე სიმონმა, რომელმაც ყველა შეხვედრა ორ სეტში მოიგო.

თავიდან მან სამ სეტში მოუგო გრიგორ დიმიტროვს, რომელმაც 21 ეისი ჩააწოდა. მეოთხედფინალში ასევე რთული ბრძოლა იყო ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ - 7:6, 6:4. ნახევარფინალში კი ფრანგი ახლო იყო გავარდნასთან, მაგრამ 3:6, 0:4-დან გადაარჩინა თამაში იარკო ნიემინენთან.

მაგრამ ფინალში ბრძოლა არ შედგა. სიმონმა პირველივე გეიმში გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ამით მისი წარმატებები დასრულდა. თამაშზე კონტროლი მთლიანად გასკეს მხარეს გადავიდა და მან 68 წუთში გაიმარჯვა - 6:2, 6:1. ეს მეშვიდე ტიტულია 26 წლის გასკეს კარიერაში.

კუალა ლუმპურის ტურნირის მთავარი ვარსკვლავი იყო მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი დავიდ ფერერი, მაგრამ ესპანელი ვერ გახდა მალაიზიური შეჯიბრის ტრიუმფატორი. დავიდს ჯერ კიდევ მეოთხედფინალში შეექმნა პრობლემები იგორ სისლინგთან დაპირისპირებაში.

მანამდე ამ უკანასკნელმა სენსაციურად გამოთიშა ბრძოლას მეორე ესპანელი ფელისიანო ლოპესი, რომელსაც ორი ტაი-ბრეიკი მოუგო. ჰოლანდიელმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა ფერერს, მაგრამ პირველ სეტში გამარჯვება საერთო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დავიდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და სამ სეტში მოიგო.

ნახევარფინალური მატჩი უფრო გამოცდილ ჟულიენ ბენეტოსთან ესპანელისთვის წარუმატებლად დასრულდა. ფერერისთვის ერთ-ერთმა ყველაზე უხერხულმა მეტოქემ ძალიან დამაჯერებლად მოიგო - 6:4, 6:1. ფერერმა მხოლოდ მესამედ წააგო სეზონში TOP30-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან. ბენეტოსთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა - 4:4.

ბენეტოს მეტოქე ფინალში არგენტინელი ხუან მონაკო გახდა, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში მან დიდი გაჭირვებით მოუგო კეი ნიშიკორის. მესამე სეტში იაპონელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მატჩბოლებზე სამი უნებლიე შეცდომის გამო, მონაკოს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა და არგენტინელმა ტაი-ბრეიკზე გაიფორმა გამარჯვება.

ფინალი ბენეტოსა და მონაკოს შორის ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. მარტო პირველი სეტი 81 წუთი გაგრძელდა - უფრო მეტი, ვიდრე სიმონისა და გასკეს ფინალი.

საერთო ჯამში, ინიციატივას მონაკო ფლობდა, ის უფრო აქტიურად მოქმედებდა და უკანა ხაზზე ჯობდა მეტოქეს.

მართალია, ბენეტომ ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 2:0, მონაკომ მალე გაათანაბრა, ხოლო მერვე გეიმში აღებული ბრეიკით სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. როცა არგენტინელმა სამმაგი სეტბოლი მოიპოვა, პარტიას დრამატული დაბოლოება აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მონაკომ შეცდომები დაუშვა და სულ მალე ანგარიში გათანაბრდა - 5:5.

სეტის კულმინაცია იყო მე-12 გეიმი ბენეტოს მოწოდებაზე. ის 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა და 12-ჯერ იყო ანგარიში "თანაბარი"! ჟულიენმა ამ გეიმში რვა სეტბოლი მოიგერია, თანაც აქტიური მოქმედებებით. ის ხანდახან ბურთებს წაქცეული იგერიებდა და ერთხელ ასეთ მდგომარებაში ფეხი ძალიან დაიზიანა. და მაინც, გეიმის ბოლოს ფრანგი აშკარად დაიღალა და შეცდომების დაშვება დაიწყო.

მეცხრე სეტბოლზე ის ბადესთან გაიქცა და ამ დროს ფეხებში უხერხული დარტყმა მიიღო, რომლის მოგერიება ვერ შეძლო.

ჟულიენმა გამონახა რეზერვი მეორე პარტიისთვის და მხრის ტრავმის მიუხედავად, გააგრძელა ბრძოლა. მან შეძლო მატჩის მესამე სეტში გადაყვანა, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში მონაკომ მეტი ენერგია შემოინახა და კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა.

ბენეტოს კი ამდენივე ფინალი აქვს წაგებული და ჯერაც არ მოუგია ტურნირი ATP-ის ტურში.

Thailand Open

ბანგკოკი (ტაილანდი)

ფინალი

რიშარ გასკე (საფ, 2)-ჟილ სიმონი (საფ, 4) 6:2, 6:1.

Malaysian Open

კუალა ლუმპური

ფინალი

ხუან მონაკო (არგ, 2)-ჟულიენ ბენეტო (საფ, 7) 7:5, 4:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა