გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი ზედიზედ მეოთხედ მოხვდა გაზეთ "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში
ზედიზედ ოთხი მატჩი წამყვან ქართულ კლუბებთან, ზედიზედ ოთხი გამარჯვება და ზედიზედ მეოთხედ მოხვედრა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში - აი, ასეთი შთამბეჭდავი და უპრეცედენტო დებიუტი აქვს გიორგი დარასელიას გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მასთან ერთი ინტერვიუ "ლელომ" უკვე შემოგთავაზათ, თუმცა ამ შესანიშნავი სერიის შემდეგ დარასელიასთან საუბრის მიზეზი კიდევ მოგვეცა.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "დილასთან" ადაპტაცია უკვე გაიარეთ?

- აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, "დილაში" იდეალური სამუშაო გარემოა შექმნილი, რაშიც წვლილი ფეხბურთელებსაც მიუძღვით, სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც, ხელმძღვანელობასაც, კლუბის რიგით თანამშრომლებსაც და გულშემატკივრებსაც.

ზუსტად იმ ატმოსფეროში მოვხვდი, რაზეც ვოცნებობდი. ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს.

მეორე მხრივ, ერთი დღე არასდროს ჰგავს მეორეს და ასეა ფეხბურთშიც. ყოველი მატჩი და ვარჯიშიც კი ჩემთვის ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა, არა აქვს მნიშვნელობა, ლიდერს ვეთამაშები თუ აუტსაიდერს.

"დილაში" მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ამ საქმეში პერსპექტივა დავინახე და ყველანაირად ვეცდები, ჩემზე დამყარებული იმედები გავამართლო.

- ქართული ფეხბურთის შესახებ დეტალურ ინფორმაციებს თუ ფლობდით?

- ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ვეცნობოდი საქართველოს ჩემპიონატისა თუ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შედეგებს. კარგად ვიცოდი ქართული კლუბებისა და გამორჩეული ფეხბურთელების ამბები. თუმცა ბუნებრივია, აქაურ მოვლენებს მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს და ახლა უფრო სრულ ინფორმაციას ვიღებ.

- ევროტურნირების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ისრაელის ჩემპიონატი საქართველოსაზე მაღალი უნდა იყოს.

- ასეა, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ჩვენსა და მათ დონეებში დიდი სხვაობაა. სამაგიეროდ, ბევრი გვიკლია იქაურ ინფრასტრუქტურამდე. თუმცა, ამ მხრივ, საქართველოშიც შეინიშნება სასიკეთო ძვრები. ასე მაგალითად, გორში შესანიშნავი საფარი დაგვიგეს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

- ფაქტია, რომ ისრაელში გატარებულმა თხუთმეტმა წელიწადმა ბევრი რამ შეგძინათ. ყველაზე გამორჩეული რა იყო?

- ის ცოდნა, რაც იქ მივიღე. ფეხბურთელებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთელობა საკმარისია მწვრთნელობისთვის, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.

საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე იმისთვის, რომ მწვრთნელად ჩამოვყალიბებულიყავი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მქონდა ენობრივი ბარიერიც, მაგრამ ყველა ეტაპი გადავლახე და პრო-ლიცენზიაც მივიღე, რომლის გამოცდაც ივრითზე ჩავაბარე.

- ცხრა წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში ელიშა ლევის ასისტენტი იყავით...

- ყველგან წარმატებით ვიმუშავეთ, არაერთხელ გავხდით ისრაელის ჩემპიონები და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებს გავუსინჯეთ გემო. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. ლევიმ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა.

თავს არ ვიქებ, მაგრამ მე უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე, უბრალოდ, ასისტენტი. ლევის მსგავსად, ჰაიფას "მაქაბიშიც" და სხვა კლუბებშიც მნიშვნელოვან როლს ვასრულებდი. თუმცა დრო იყო, დამოუკიდებლად მემუშავა და მოხარული ვარ, ამის საშუალება სამშობლოში რომ მეძლევა.

- აქამდე საქართველოდან რეალური წინადადება არ მიგიღიათ?

- შარშან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი დამიკავშირდა, მაგრამ მიზეზთა გამო, შეთანხმება ვერ შედგა.

- რა კონკრეტული ამოცანა დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ?

- იმ დონის ფეხბურთის თამაში, რაც "დილას" შემადგენლობას შეეფერება. ეს კი, მერწმუნეთ, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ შემოიფარგლება.

- "დილას" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ჩემი ასისტენტები გიორგი ბალაშვილი და რამაზ სოღოლაშვილი არიან და მათთან სიამოვნებით ვმუშაობ. ისინი "დილაში" დარჩებიან, თუმცა სამწვრთნელო შტაბს გაძლიერება სჭირდება - უახლოეს პერიოდში ისრაელიდან ფიზმომზადების სპეციალისტს ჩამოვიყვანთ.

- "დილაში" ებრაელი ფეხბურთელების გამოჩენაც ხომ არ არის სავარაუდო?

- ეს ნაკლებად სავარაუდოა, ზოგადად კი, მაღალი დონის ლეგიონერებს სიამოვნებით დავიმატებ. ძლიერი უცხოელები ჩვენი ჩემპიონატის დონის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.

ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან საფეხბურთო აგენტები სისტემატურად მიკავშირდებიან და საინტერესო ფეხბურთელებს მთავაზობენ.

ცოტაც მოვითმინოთ და სიახლეები აუცილებლად გვექნება. რაც შეეხება "დილას" ბრაზილიელ ახალწვეულ ნათან ჟუნიორს, მასზე მაღალი აზრის ვარ - მისი გადაყვანა თავის დროზე "მაქაბიში" გვსურდა. "დილას" შემადგენლობაში იგი სულ მალე უნდა გამოჩნდეს.

- "დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი", "ტორპედო" - წარმოიდგენდით, რომ "დილაში" მოღვაწეობას მათი ზედიზედ დამარცხებით დაიწყებდით?

- კალენდარი მართლაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მე მაქსიმალისტი ვარ და ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს ოთხივე მატჩი უნდა მოგვეგო.

ბუნებრივია, ეს გარანტირებული არ გვქონდა და შეიძლებოდა, ამოცანა ვერც შეგვესრულებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შევძელით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დილას" პრობლემები აღარ აქვს და უკვე ვთამაშობთ სასურველ ფეხბურთს. ამ ეტაპზე მთავარი ის იყო, სატურნირო მდგომარეობა გამოგვესწორებინა, რაც მოვახერხეთ კიდეც.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნე. მოხარული ვარ, რომ საქმე პროფესიონალ მოთამაშეებთან მაქვს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ დისციპლინა უმთავრესია.

მე ფავორიტი ფეხბურთელები არ მყავს და არც ძირითადში თამაში აქვს ვინმეს გარანტირებული. იმასაც ვიტყვი, რომ მხოლოდ ასი პროცენტით ჯანმრთელი ფეხბურთელები მჭირდება და არავის დავატან ძალას, რომ რაიმე პრობლემით ითამაშოს. ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ვადროვებ, რომ ბოლომდე მომჯობინდეს.

ბოლოს იმასაც ვიტყვი, რასაც ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები - მათ უნდა ესმოდეთ, რომ ფეხბურთელობა უფრო მეტია, ვიდრე პროფესია. ისინი მხოლოდ ხელფასისთვის კი არა, უპირველესად, ხალხისთვის უნდა თამაშობდნენ, რადგან ფეხბურთი ხალხისაა.

როცა გულშემატკივრები მათგან მოედანზე თავდადებას დაინახავენ, არც ერთგული მხარდაჭერა მოაკლდებათ და არც - ხალხის სიყვარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია: დაბრუნება პატრიარქის სიტყვამ გადამაწყვეტინა

საქართველოს პრემიერლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საქართველოს პრემიერლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საქართველოს პრემიერლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საქართველოს პრემიერლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა