ამჯერად შემაჯამებელი ჩემპიონატი პარიზული ტურნირის დასრულებიდან მომდევნო დღეს დაიწყება

მოახლოვდა 2012 წლის სეზონის დასასრული და, როგორც ყოველთვის, ამ პერიოდში აქტუალური ხდება ბრძოლა წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში მოსახვედრად.

როგორც უკვე ვწერდით, WTA-ს წლის მთავარ ტურნირზე მონაწილე რვავე ჩოგბურთელი გასულ კვირას გაირკვა. რაც შეეხება ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირს, აქ ბრძოლა საგზურებისთვის ჯერ კიდევ წინ არის.

წელს ATP-ის კალენდარში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - ხუთდღიანი შესვენების გაუქმება პარიზის მასტერსის შემდეგ.

ამჯერად შემაჯამებელი ჩემპიონატი პარიზული ტურნირის დასრულებიდან მომდევნო დღეს დაიწყება. არსებობს ეჭვი, რომ ამის გამო ლონდონის ტურნირზე გასული ჩოგბურთელები, უბრალოდ, არ ჩავლენ საფრანგეთის დედაქალაქში ან ძალების დაზოგვით ითამაშებენ.

რაც შეეხება წლის შემაჯამებელ ტურნირზე შერჩევას, აქ ყველაფერი ძველებურადაა: ბადეში მოხვდება იმ მომენტისთვის რეიტინგის პირველი რვა ჩოგბურთელი. თუმცა არსებობს გამონაკლისი "დიდი სლემის" ტურნირების გამარჯვებულთათვის - ისინი TOP 8-ში რომც ვერ მოხვდნენ, მაინც აუცილებლად ითამაშებენ ბრიტანეთის დედაქალაქში.

თუმცა ეს საკითხი არააქტუალურია, რადგან "დიდი სლემის" ლაურეატები რეიტინგითაც უპრობლემოდ გადიან შერჩევას.

ასე რომ, ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვა იმ ოთხეულმა, რომელმაც სეზონის ოთხი ყველაზე დიდი ტურნირი მოიგო: როჯერ ფედერერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ენდი მიურეიმ და რაფაელ ნადალმა. თუმცა ამ უკანასკნელის საკითხი ჯერ გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელს უიმბლდონის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური შეხვედრა. არ არსებობს არანაირი ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, ჩავა თუ არა ესპანელი ლონდონში, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ წელს ის კორტზე აღარ დაბრუნდება. შესაბამისად, გამსვლელი გახდება რეიტინგის მეცხრე ნომერი.

ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა დავიდ ფერერი, რომელიც მეცხრეადგილოსანს ორი ათას ქულას უგებს. ოფიციალურად მას ჯერ არ მოუპოვებია საგზური, მაგრამ დავიდის პოზიციას საფრთხე არ ემუქრება.

დაახლოებით 1000 ქულით ნაკლები აქვთ ტომაშ ბერდიხსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს. ამასთან, არგენტინელი ტოვებს ამ კვირას შანხაის მასტერსს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქულათა ის მარაგი, რომელიც ბერდიხსა და დელ პოტროს აქვთ, გამსვლელია შემაჯამებელ ტურნირზე.

შესაბამისად, ყველაზე რთული სიტუაცია აქვს ჟო-ვილფრიდ ცონგას. ფრანგმა ოდნავ გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, როცა გასულ კვირას პეკინში ფინალში გავიდა, მაგრამ ამ მომენტში მისი უპირატესობა იანკო ტიპსარევიჩზე მხოლოდ 395 ქულას შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ წინ კიდევ ორი მასტერსია, აგრეთვე ATP-500-ის ტურნირები, ფრანგის უპირატესობა მიზერული ჩანს.

ტიპსარევიჩის გარდა, კიდევ ხუთი ჩოგბურთელი (ნიკოლას ალმაგრო, ხუან მონაკო, რიშარ გასკე, მილოშ რაონიჩი და ჯონ ისნერი) ჩამორჩება ცონგას 1000 ქულაზე ნაკლებით. მათ შემთხვევაში ნამდვილი გარღვევაა საჭირო, რაც შეიძლება მოხდეს პარიზში, რადგან, როგორც ვთქვით, ტურნირი შეიძლება გამოტოვონ წამყვანმა მოთამაშეებმა.

თუ რეალურად შევაფასებთ ცონგას კონკურენტების შესაძლებლობებს, ტიპსარევიჩის გარდა, ყველაზე სახიფათო ამ მომენტისთვის რაონიჩია. კანადელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, თუმცა დაღლილობის გამო უკვე გამოეთიშა შანხაის, ისევე, როგორც ალმაგრო.

მონაკოს მთავარი იმედები ჰარდს არ უკავშირდება, რომელზეც დასრულდება ეს სეზონი. თუმცა არგენტინელმა სულ ცოტა ხნის წინ მოიგო ამ საფარზე თავისი პირველი ტიტული - ეს კუალა ლუმპურში მოხდა. გასკე ერთადერთია ამ ხუთეულში, რომელსაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის გამოცდილება გააჩნია.

საერთოდ, პრეტენდენტთა სია ისნერზე არ სრულდება, მაგრამ ისეთ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან მარინ ჩილიჩი, სტანისლას ვავრინკა და მათი მეზობლები რეიტინგში, შანხაის მასტერსზე ფინალში გასვლა სჭირდებათ, რათა ლონდონის საგზურს მიუახლოვდნენ.

აქვე გთავაზობთ იმ ჩოგბურთელთა სრულ სიას, რომლებსაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის შანსი აქვთ:

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 10 410 ქულა

2. როჯერ ფედერერი (შვეიც) - 8 895

3. ენდი მიურეი (ბრიტ) - 6970

4. რაფაელ ნადალი (ესპ) - 6840

5. დავიდ ფერერი (ესპ) - 4780

6. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) - 3720

7. ხ-მ. დელ პოტრო (არგ) - 3670

8. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) - 3115

9. იანკო ტიპსარევიჩი (სერ) - 2720

10. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) - 2415

11. ხუან მონაკო (არგ) - 2330

12. რიშარ გასკე (საფ) - 2325

13. მილოშ რაონიჩი (კან) - 2245

14. ჯონ ისნერი (აშშ) - 2115

15. მარინ ჩილიჩი (ხორ) - 1970

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა