"ნიჭიერები ქართულ ფეხბურთში სულ ჩნდებიან, თუმცა მგონია, რომ ბავშვების არასწორი განვითარება დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია"

კახა გოგიჩაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო ქართველმა გულშემატკივარმა, როცა თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა. მოდრიბლინგე შემტევი იყო, არაერთი კარგი მატჩი უთამაშია როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ "დინამოში" ევროსარბიელზე.

გოგიჩაიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელიც იყო. 1995 წელს საქართველომ თბილისში სტოიჩკოვის ბულგარეთს რომ მოუგო, იმ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ...

გოგიჩაიშვილმა ფეხბურთელობის მერე მწვრთნელობა დაიწყო. ახლა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია. 11 ოქტომბერს ის რედაქციაში ვისტუმრეთ და აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ...

- საქართველოს ნაკრები ყოველთვის რაღაცნაირი გუნდი იყო, საბოლოო შედეგი არ ჰქონდა, თუმცა ერთი გამონაკლისის გარდა, როცა გუნდს ექტორ კუპერი წვრთნიდა, ყოველთვის ჰქონდა გამონათებები. ნაკრებში წლობით თამაშობდი და იქნებ გვითხრა, რატომ გაუჩნდა ასეთი ზნე ჩვენს ეროვნულ გუნდს?

- საქართველოს ნაკრებს სტაბილურობა ყოველთვის აკლდა, გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებდით. ეს, ალბათ, ასეთი მატჩების მიმართ ფეხბურთელთა არასათანადო დამოკიდებულებით იყო გამოწვეული.

კარგ გუნდებთან კარგად არაერთხელ გვითამაშია, საშუალო დონის გუნდებთან კი ხშირად უსუსურები ვყოფილვართ. ფეხბურთელების განწყობა, ხასიათი... ალბათ, ამის ბრალი იყო ჩვენი არასტაბილურობა.

- ადრე უფრო ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა საქართველოს, ვიდრე ახლა - ასეთ თვალსაზრისს ბევრი ემხრობა. ამის ზუსტი მიზეზიც არ არსებობს? ფაქტია, არც თქვენი თაობის ფეხბურთელები იყვნენ განებივრებულები ჩინებული მოედნებით და საერთოდ, ინფრასტრუქტურით, მაგრამ კარგი ფეხბურთელების დეფიციტი თითქმის არ იგრძნობოდა...

- ნიჭიერები ქართულ ფეხბურთში სულ ჩნდებიან, თუმცა იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი აღარ მოდის, როგორც ეს უწინ იყო. ფეხბურთელთა საერთო დონე გათანაბრდა და ძალიან რთულია ამის ზუსტი მიზეზის დასახელება.

18-19 წელს რომ მიაღწევენ, ჩვენი ფეხბურთელები საშუალო დონის გუნდებში მიდიან და ამით კმაყოფილდებიან.

ფაქტია, რომ ევროპის ტოპ-ლიგებში ამ დროისთვის არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს. ქართველი ფეხბურთელები, ძირითადად, რუსეთ-უკრაინაში მიდიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ქვეყნებში ფეხბურთის მნიშვნელოვანი წინსვლა სახეზეა. ნეტავ ქართული ფეხბურთიც მაგ დონეზე იყოს.

მე მაინც მგონია, რომ ბავშვების არასწორი განვითარება დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. აქ ბევრი ნიუანსია. ბევრ მოზარდს აღენიშნება ხერხემლის პრობლემები, ზოგსაც კუნთის მასა არ უწყობს ხელს. აღდგენითი პროცესი, ნორმალური დასვენება და რაციონალური კვება - ბევრ ქართველ ბავშვს არ აქვს ამის საშუალება.

- იყო დრო, საქართველოს ნაკრები მართლა ფეხბურთს რომ თამაშობდა. მაგალითისთვის ბულგარეთთან მოგებული მატჩიც შეგვიძლია გავიხსენოთ...

- ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში ის საუკეთესო ნაკრები იყო. სტოიჩკოვი, კოსტადინოვი, ლეჩკოვი, ბალაკოვი... ბულგარეთში 0:2 კი დავმარცხდით, მაგრამ წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო. თბილისში კი ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ზედმიწევნით შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ, 3-5-2 განლაგებით ვითამაშეთ. ჯამარაულის პასით შოთამ სწრაფი გოლი გაიტანა და ბულგარეთი იძულებული გახდა, შეეტია. სივრცეები გაიხსნა და მარცხენა ფლანგიდან რამდენჯერმე მოვახერხე ჩვენი თამაშის გამწვავება. ერთხელ კი რეიდი მოედნის ჩვენივე ნახევრიდან დავიწყე, მეკარის საჯარიმო მოედნამდე ჩავედი და ბულგარელთა მეკარე ბორისლავ მიხაილოვმა წამაქცია. პენალტი კი ქინქლაძემ გაიტანა.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს რა მიმართულება ჰქონდათ, რა სათამაშო კონცეფციის დანერგვას ცდილობდნენ? უფრო დაცვაზე კეთდებოდა აქცენტი თუ შეტევაზე?

- ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ შემტევი, ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა განურჩევლად იმისა, თუ რა რანგის მოწინაღმდეგე გვყავდა.

ზოგჯერ ეს არ გამოგვდიოდა. მაგალითად, გერმანიასთან და ინგლისთან ეს ვერ მოვახერხეთ. დაცვაში ჩაჯექით - მწვრთნელებისგან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.

- საქართველოს ახლანდელი ნაკრები კი სულ სხვა გუნდია - როგორ ფიქრობთ, ამას ფეხბურთელთა კონტინგენტი განაპირობებს და თუ ეს მწვრთნელის მიმართულებაა?

- საქართველოს ამ ნაკრებში, სათამაშო სტილიდან გამომდინარე, აქცენტი დაცვაზე კეთდება, ვეძებთ მომენტს, რომ წინ წავიდეთ. ყოველივე ეს, ალბათ, ფეხბურთელთა კონტინგენტიდან გამომდინარეობს. ტაქტიკასაც ამის მიხედვით ადგენს მწვრთნელი.

- საქართველოს ნაკრების კონტინგენტი - ალბათ, საკამათო თემაა. როცა გყავს ანანიძე, ყენია, კობახიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე, რატომ უნდა იყოს პრობლემა შეტევის ორგანიზება და მაინცდამაინც დაცვიდან თამაში?..

- მართლაც, გამოჩნდა, რომ გვყავს შემტევი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები. ოქრიაშვილის გოლი ბელორუსთან - ამან გვაჩვენა, რომ ქართველებს შეტევა კვლავაც შეგვიძლია.

ეს შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის, ალბათ, თავისებური მოსამზადებელი პერიოდია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპისთვის. ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე სულ სხვა გუნდი გვეყოლება. ამ ეტაპზე კი, ალბათ, არ ვართ მზად ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. როცა ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი გყავს, ძალიან მომთხოვნები ვერ ვიქნებით.

- ფინეთთან და ბელორუსთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ორი ნომინალური თავდამსხმელია გამოძახებული - ლევან მჭედლიძე და ირაკლი სირბილაძე. ეს რას უნდა ნიშნავდეს?

- ალბათ, აქცენტი კონტრშეტევებზე გაკეთდება.

- საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს რატომღაც ერიდებათ გულახდილი საუბარი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებზე...

- მიმაჩნია, რომ აზრი ღიად უნდა დავაფიქსიროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას კრიჭაში უნდა ჩავუდგეთ.

- მაშინ ასეთი, უფრო მკაფიო ფორმულირება მივცეთ საკითხს - რა არის პოზიტივი და ნეგატივი საქართველოს ამ ნაკრებში?

- პოზიტივში უნდა ჩაითვალოს სათამაშო დისციპლინა. ფეხბურთელები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ. საქართველოს ამ ნაკრებში გუნდურობა იგრძნობა. ფაქტია, რომ დაცვაში თამაში გამოსწორებულია, საქართველოს ნაკრები ბევრ გოლს არ უშვებს, მეკარეების წინსვლაც სახეზეა.

რაც შეეხება ნეგატივს, შეტევით ასპექტებში მოვისუსტებთ, მეტი კომბინაციური თამაში გვჭირდება.

- 12 ოქტომბერს ფინეთთან, ოთხი დღის შემდეგ ბელორუსთან - რა შედეგს ელით საქართველოს ნაკრებისგან ამ მატჩებში?

- ვფიქრობ, ოთხი ქულა მაქსიმუმი იქნება. ფინეთთან ალბათ უფრო მეტია წარმატების შანსი. ამ შეხვედრებიდან მინიმუმ ორი ქულა უნდა ავიღოთ.

- საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებზეც გკითხავთ - არიან მანდ გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები?

- ამ გუნდის ბირთვი გაისად 17-წლამდელთა ევროშესარჩევში ითამაშებს. გოშაძე, ქურდაძე, ლაშხია, გოშთელიანი, ჯობავა... საკმაოდ კარგი თაობა მოდის.

- ლეგიონერიც გყოლიათ...

- ჯობავა ფრანგული "ოსერის" თავდამსხმელია. როგორც კი "ოსერმა" ის საქმეში ნახა, მყისვე დაინტერესდა მისით, ჯობავას მშობლებიც საფრანგეთში წაიყვანა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
როცა გყავს ანანიძე, ყენია, კობახიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე, რატომ უნდა იყოს პრობლემა შეტევის ორგანიზება და მაინცდამაინც დაცვიდან თამაში?.. კაიფობ თუ მართლა შეეკითხე. რა გუნდებში არიან და ძირითადში რატომ არ არიან?
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
"მისით არ ვინტერესდებით" - "სპორტინგმა" საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო