ვლადიმერ კლიჩკო 12 რაუნდის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდა პოლონელს და გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით

ვლადიმერ კლიჩკო 12 რაუნდის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდა მარიუშ ვახს და გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. პოლონელმა გიგანტმა სასწაულებრივ გაუძლო დიდი რაოდენობის დარტყმებს.

10 ნოემბერს მთელი საკრივო სამყარო მოუთმენლად ელოდა ვლადიმერ კლიჩკოს მორიგ ბრძოლას. 36 წლის უკრაინელი მძიმეწონოსანი სამ საჩემპიონო ქამარს იცავდა - IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ვერსიებით.

ბრძოლის წინ

ბრძოლის წინ ბევრი ამტკიცებდა, რომ 32 წლის პოლონელი არ იყო ხელწამოსაკრავი მეტოქე. ამის მტკიცების საფუძველს ორი რამ იძლეოდა: ჯერ ერთი, ვახს პროფესიულ კარიერაში არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული (27 მოგება, 15 - ნოკაუტით) და მეორე - კლიჩკო კარიერაში პირველად ჩხუბობდა მასზე მაღალ მეტოქესთან.

მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ აქამდე პოლონელი დაბალრეიტინგიან მოკრივეებს ხვდებოდა და ბევრს ვერ ამარცხებდა ნოკაუტით.

რაც შეეხება სიმაღლეში ოთხსანტიმეტრიან სხვაობას, კლასში ასეთი სხვაობის ფონზე, ეს კლიჩკოსთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

ერთადერთი, რაც უკრაინელის სასარგებლოდ არ ლაპარაკობდა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. 2004 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმერი რინგზე არ გამოუყვანია მის აწ უკვე გარდაცვლილ მწვრთნელს ემანუელ სტიუარდს.

ბრძოლა

გასული წლის ივლისში ვლადიმერ კლიჩკოს 12 რაუნდი გაუძლო დევიდ ჰეიმ და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. შემდეგ იყო მორმეკისა და ტომპსონის ნოკაუტით დამარცხებები და ახლა ისევ გამოჩნდა მეტოქე, რომელმაც ბოლო გაუძლო ჩემპიონს.

გასაკვირია, მაგრამ კლიჩკოსა და ვახის ბრძოლა უფრო ემოციური და ბუნებრივი იყო, ვიდრე ჰეისთან დისტანციური დაპირისპირება. კრივის დიდების დარბაზი ვალდებულია ძეგლი დაუდგას ვახის ყბას, რომელმაც უძლიერესი ჯებების დიდ რაოდენობას გაუძლო და სასწაულებრივ მიაღწია მსაჯების გადაწყვეტილებამდე. დიდი ხანია, ვლადიმერი რინგზე ასე არ დახარჯულა, ვახი კი ბოლო წლებში კლიჩკოს ნამდვილად ყველაზე ღირსეული ოპონენტი გახდა.

თანამედროვე სუპერმძიმე კატეგორია სავსეა განსხვავებული მოკრივეებით, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ - ისინი არ გამოდგებიან უკრაინელის მეტოქეებად. პირველივე რაუნდში გამოჩნდა, რომ მარიუში - ერთ-ერთი ამათგანია, რადგან ძალიან ბევრ დარტყმას ატარებდა. მაყურებელმა ჯერ არ იცოდა, რომ გიგანტის თავი ქვისგან იყო გამოკვეთილი და ნაადრევ ნოკაუტს ელოდა. ჩემპიონი კი, უბრალოდ, წინ მიდიოდა, აკონტროლებდა მეტოქის მოქმედებას და შესანიშნავად გადაადგილდებოდა რინგზე.

მეორე რაუნდში შესამჩნევი გახდა კიდევ ერთი დეტალი: ვახი კლიჩკოს ათობით დარტყმას იღებდა, რის შემდეგაც მკვეთრად "ფეთქდებოდა" და ბრძოლის წინ დაპირებული ნოკაუტის მიღწევას ლამობდა. უკრაინელი გრძნობდა მეტოქის მცირეოდენ პრესინგს, მაგრამ აგრძელებდა მარიუშის ჯებებით დაბომბვას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ვლადიმერი ასეთი რაოდენობის დარტყმებით მთელ სუპერმძიმე წონას დააწვენდა! მაგრამ ამ ტანმაღალ მოწინააღმდეგეს ვერაფერი მოუხერხა. საინტერესო მომენტს ჰქონდა ადგილი მეხუთე რაუნდში: ვახი გააქტიურდა, ზედ გონგის წინ ბაგირებთან მიიმწყვდია ჩემპიონი და კორპუსსა და სახეში ურტყამდა მას. ვლადიმერმა ჩაიმუხლა კიდეც, მაგრამ ეს არ ყოფილა მომენტი, როცა მას შეიძლება ნოკდაუნი მიეღო.

მერვე რაუნდისთვის ვლადიმერმა საბოლოოდ დაღალა ვახი, რომელმაც დაკარგა ტემპი და ვეღარ პასუხობდა მოულოდნელი შეტევებით. სამაგიეროდ, ფეხზე ისევ მყარად იდგა. არადა, მომენტებში უმცროსი კლიჩკო ახლოს იყო ნოკაუტთან.

მაგრამ მეცხრე რაუნდისთვის ვახს მეორე სუნთქვა გაეხსნა, რაც ადრე კლიჩკოს არც ერთ მეტოქეს არ ჰქონია. ადრე ყველაფერი პირველი შტურმით მთავრდებოდა, აქ კი ჩემპიონი დაიღალა და ბრძოლა ოდნავ გათანაბრდა. ბოლო ორმა რაუნდმა პოლონელის მხრიდან ნოკაუტის აქტიურ მცდელობებში ჩაიარა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მე-12 რაუნდში ვახმა კლინჩის დროს მეტოქე წააქცია, ბოლო წამებზე კი ძალები მოიკრიბა და მუშტებს ბოლო მომენტამდე იქნევდა.

ვლადიმერმა ულაპარაკო გამარჯვება მოიპოვა. 120:107, 120:107, 119:109 - ასეთი იყო მსაჯების შეფასება. კლიჩკომ, სავარაუდოდ, თავის წონაში საუკეთესო ტექნიკა აჩვენა, მაგრამ მარიუშ ვახმა დაიმსახურა საღამოს გმირის წოდება.

მოგვიანებით გამოქვეყნდა დარტყმების სტატისტიკა. კლიჩკომ 693 დარტყმა შეასრულა და აქედან 274-მა მიაღწია მიზანს (სიზუსტის 40 პროცენტი), იმ დროს, როცა ვახმა 308-დან მხოლოდ 60 ზუსტი დარტყმა მიითვალა (19 პროცენტი).

ვინ იქნება შემდეგი?

ბუნებრივია, ბრძოლის დასრულებისთანავე დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება კლიჩკოს შემდეგი მეტოქე. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა WBA-ს ვერსიით "რეგულარული" ჩემპიონის, რუსი ალექსანდრ პოვეტკინის მენეჯერმა ვლადიმერ ხრიუნოვმა. მისი თქმით, ის დღეიდან დაიწყებს მოლაპარაკებებს ვლადიმერ კლიჩკოს გუნდთან.

"ალექსანდრ პოვეტკინისა და ვლადიმერ კლიჩკოს ბრძოლაზე მოლაპარაკებები ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ, - განაცხადა მენეჯერმა. - ვახს რომ გაემარჯვა, მასთან დავიწყებდით ბრძოლის ორგანიზებაზე მოლაპარაკებას. პოვეტკინისა და კლიჩკოს ბრძოლა 2013 წლის 27 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. ეს არის WBA-ს გადაწყვეტილება და ის უნდა შესრულდეს".

პოვეტკინთან ბრძოლის შესაძლებლობა დაადასტურა ვლადიმერ კლიჩკომაც:

"არ გამოვრიცხავ რუსთან შეხვედრას. ვფიქრობ, ორი-სამი კვირის განმავლობაში მოვუღებთ ბოლოს ყველანაირ სპეკულაციას და გამოვაცხადებთ ჩემს მომავალ მეტოქეს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებზე, რომლის ჩემპიონიც გახლავართ. ამ ფედერაციებს რეიტინგის პირველი ნომრები ჰყავთ და მე ვალდებული ვარ, მათთან ბრძოლაში დავიცვა ტიტული. ამიტომაც ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი.

ორ-სამ კვირაში ეს გაირკვევა. პოვეტკინთან ბრძოლა მაინტერესებს - ის ოლიმპიური ჩემპიონია, WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა