თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილო კავკასიას კიდევ ერთი ძლიერი ტურნირი შეემატა თავისუფალ ჭიდაობაში. ამ უქმეებზე გროზნომ მეორედ უმასპინძლა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი ჰქვია - რამზან კადიროვის სახელობის თასი ადლან ვარაევის პრიზზე!..

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილო კავკასიას კიდევ ერთი ძლიერი ტურნირი შეემატა თავისუფალ ჭიდაობაში. ამ უქმეებზე გროზნომ მეორედ უმასპინძლა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი ჰქვია - რამზან კადიროვის სახელობის თასი ადლან ვარაევის პრიზზე! თუმცა, სახელწოდება იქით იყოს და, ალბათ, მიხვდით - ლაპარაკია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვზე, რომელმაც საბოლოოდ ირწმუნა, რომ ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ცეცხლში გახვეულ იჩქერიაში მშვიდობა დაამყარა და ბოლო წლებში სპორტის, კონკრეტულად კი ჭიდაობისთვისაც მოიცალა. თუმცა ყოველგვარი ირონიის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მართლა მოიცალა და ვითარებაც გვარიანად გამოასწორა. შარშან გროზნოში დიდი საჭიდაო დარბაზიც გახსნა და იქაურებს სამშობლოში ვარჯიშის საშუალება მიეცათ, თორემ ბოლო წლების ცნობილი ჩეჩენი ფალავნები რუსეთის სხვა რეგიონებში ემზადებოდნენ - ყველა ტიტულის მფლობელი ძმები ბუვაისა და ადამ საიტიევები კრასნოიარსკში ვარჯიშობდნენ დიმიტრი მინდიაშვილთან, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი რასულ ჯუკაევი - დაღესტანში და ასე შემდეგ, ამ დარბაზის გახსნით კი მათ გროზნოში მოიყარეს თავი. ბოლო ხანს ჩეჩენი ფალავნები სულ უფრო თამამად თუ უდგებიან გვერდით მეზობელ ჩრდილოკავკასიელებს და ლიდერთა შორის მათი რიცხვიც იზრდება, ალბათ, გარკვეულწილად ესეც კადიროვის სახელს უკავშირდება. როგორც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის სიტყვებიდან ირკვევა, გროზნოში მალე ოლიმპიური მზადების ცენტრი აშენდება. მარტინეტი ამ უქმეებზე პირადად ჩავიდა გროზნოში და შეჯიბრება კადიროვთან ერთად გახსნა, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და იქაურ ჭიდაობაზე თავისი აზრიც გაგვაცნო: "ჩრდილო კავკასია მსოფლიოს ჭიდაობის ერთ-ერთი ცენტრია. მე კარგად ვიცი ჩეჩნეთში სადღეისოდ არსებული ვითარება. ბოლო წლებში აქ ჭიდაობის ბევრი სექცია გაიხსნა, სადაც ბავშვების ტევა არ არის. ჩეჩნეთის ჭიდაობა ახლა აღორძინების ეტაპზეა, საამისოდ კი დიდი ნახტომი იქნება ოლიმპიური მზადების ცენტრის აშენება, რომელიც რესპუბლიკის კოლოსალურ საჭიდაო პოტენციალს გააერთიანებს. საამისოდ აქ ყველაფერია - მდიდარი ტრადიციები, ნათელი მომავალი, მაღალკვალიფიციური მწვრთნელთა შტაბი და ყურადღებიანი ხელმძღვანელობა. ამიტომ რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილთან ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ცენტრის აშენებაა".

თავისი სახელობის ტურნირი კადიროვმა შარშან პირველად ჩაატარა, ოღონდ - ჭაბუკებში, წლეულს კი მადაგაღვიძებულმა უფროსები მიიწვია. რაღაც ხრიკებით, ჩრდილოკავკასიელებს ფული არ უჭირთ და რამდენიმე იმდენად პოპულარულ ტურნირს ატარებენ, ყველა წამყვანი ნაკრები წლიდან წლამდე ელოდება მათ შეჯიბრებას, ის თავიანთ კალენდარში შეაქვთ და დიდი სიამოვნებითაც მონაწილეობენ. სავარაუდოდ, კადიროვის ტურნირიც ასეთ პოპულარობას მოიპოვებს. ყოველ შემთხვევაში, წლევანდელი შეჯიბრება გვაძლევს ამის თქმის საფუძველს - რუსეთის გარდა, მასში ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, აშშ-ის და სხვა წამყვანი ქვეყნების ნაკრებები მონაწილეობდნენ. შთამბეჭდავი იყო მოასპარეზეთა სიაც - მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) რუსეთიდან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვასილ ფედორიშინი (60) უკრაინიდან, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ოპან სატი (60) რუსეთიდან, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (55) ბულგარეთიდან და მისი თანამემამულე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მიხაილ განევი (84), ევროპის ჩემპიონი ალი იასევი (120) აზერბაიჯანიდან, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი თეიმურაზ ტიგიევი (96) ყაზახეთიდან და კიდევ ბევრი ცნობილი ფალავანი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მართალია, რუსეთმაც და სხვა გუნდებმაც რამდენიმე წამყვანი ფალავანი დაასვენეს, ზოგმაც ტრავმის გამო ვერ იჭიდავა, მაგრამ ყოველ წონაში რამდენიმე ტიტულოვანი მოჭიდავე გამოდიოდა და კონკურენციაც დიდი იყო. თუმცა ეს რუსეთის ნაკრებში ისედაცაა და ამბიციური ახალგაზრდების დიდი ჯგუფი შეჯიბრების სიმძაფრეს კიდევ უფრო ჰმატებდა. ტურნირი მართლაც ძალზე საინტერესო გამოდგა და მასპინძელთა სასახელოდ ჩეჩენებმაც გაიმარჯვეს - ახმედ ჩაკაევმა (60) და მუსლიმ დადაევმა (66). ევროპის ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვიც (55). ვერ დავიჩემებ, მაგრამ, მგონი, ჩეჩენია. ამასთან, არის სხვა სინჯის მედლებიც.

ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად გაცალოვის გამოსვლა და ამ წონაში განვითარებული მოვლენები გვაინტერესებს. შეიძლება ითქვას, გაცალოვმა საკმაოდ იოლად მოიგო იმის მიუხედავად, რომ ფინალში დამატებითი დრო დასჭირდა. მან ნახევარფინალში იარიგინის ტურნირის ორგზის ჩემპიონი - 96-ში და აბსოლუტურში იური ბელონოვსკი დაამარცხა, ფინალში კი გვარიანი ჯაფა დაადგა ჩეჩენ ანზორ ბოლტუკაევთან. ჩეჩენმა პირველი პერიოდი 4:0 მოიგო, მაგრამ მომდევნოებში გაცალოვი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ამჯერად არ გამართულა მისი და იბრაგიმ საიდოვის ტრადიციული ორთაბრძოლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საიდოვი მძიმე წონაში გადავიდა. შეგახსენებთ - ბოლო ოთხი სეზონია, მათი შეხვედრები რუსეთში გამართულ ნებისმიერ ტურნირზე დიდი ხმაურით ტარდებოდა, ზოგჯერ ჩხუბშიც გადაზრდილა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჭიდაობის კლასიკად რჩებოდა. პირველი სამი შერკინება გაცალოვმა დიდი ძალისხმევის ფასად მოიგო, თუმცა ეს იმდენ ენერგიად უჯდებოდა, რამდენჯერმე მეორე დაღესტნელთან, მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ შირვანი მურადოვთან დამარცხდა, მეოთხე შეხვედრაში კი საიდოვმა საწადელს მიაღწია - რუსეთის წლევანდელი პირველობის ნახევარფინალში დაამარცხა ოსი და მერე ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ იქ მაინც გაცალოვი წაიყვანეს. ამაზე კულისებში დღემდე ჭორაობენ, მაგრამ რუსთა ნაკრების თავკაცმა, თავადაც ოსმა ჯამბულათ თედეევმა წყალგაუვალი არგუმენტი წამოაყენა - საიდოვმა საერთაშორისო ტურნირებში არ იჭიდავაო. სიმართლე როგორიც უნდა იყოს, ფაქტია - მსოფლიოზე გაცალოვმა იჭიდავა და კინაღამ მეხუთედ გახდა პლანეტის ჩემპიონი, მაგრამ ეს ისევ თანამემამულემ, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ხეტაგ გოზიუმოვმა არ დაანება და ვერცხლს დააჯერა.

საიდოვმა წარმატებით დააჭაშნიკა ახალი წონითი კატეგორია - ფინალში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა. ამ წონაში ბრინჯაოს მედლები ამერიკელმა ტომი როლანდსმა და ისაევმა მოიპოვეს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ისაევს საიპუდინ აბსაიდოვი გამოსაცდელ ვადას აძლევს - ბოლო წლების ჩავარდნების შემდეგ მის შეცვლაზე ალაპარაკდა. ისაევი მომავალ უქმეებზე ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასზეც იჭიდავებს.

საინტერესო ამბები მოხდა 84-შიც, თუმცა კვარცხლბეკი იქაც მთლიანად რუსეთის ნაკრების წევრებმა შეავსეს. აქ კვლავ შეგვახსენა თავი ახალგაზრდა დაღესტნელმა აბდუსალამ გადისოვმა. მან წლეულს იარიგინის ტურნირი მოიგო, თუმცა თედეევმა ევროპის ჩემპიონატზე ყაბარდოელი ანზორ ურიშევი წაიყვანა (იქ ის ჩემპიონიც გახდა), ამას კი მსოფლიოსთვის უკეთ მომზადება ურჩია. გადისოვს მისი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია, ისე გააგრძელა მსოფლიოსთვის მზადება, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატი წააგო - მეხუთეზე გავიდა და ვეღარც ნაკრებში მოხვდა. ამ ტურნირის ნახევარფინალში გადისოვმა ურიშევს მოუგო, ფინალში კი ტამერლან რასუევი დაამარცხა. ვერ გეტყვით, ამჯერად იჭიდავა თუ არა ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და მსოფლიოს წლევანდელმა პრიზიორმა, ოსმა სოსლან კცოევმა.

ახმედ ჩაკაევმა ოქტომბრის დასაწყისში იაკუტიაში წარმატებით იჭიდავა დმიტრი კორკინის მემორიალში, ახლა კი ფინალში ფედორიშინი გააკრა ლეიბს. არადა, უკრაინელმა მანამდე ყველა შეხვედრა ძალზე დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ოპან სატთან მოგება მაინც გამოსარჩევია - 20 წამში მოუგო სუფთად! ჩაკაევმა ნახევარფინალშიც სერიოზული მეტოქე დაამარცხა - დაღესტნელი რამაზან სარიტოვი. ამ წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბესიკ კუდუხოვიც ჭიდაობდა, მაგრამ ამჯერად წარუმატებლად გამოვიდა.

შედარებით უცნობი ხალხი გამოჩნდა 66-ში, სადაც ოთხივე მედალოსანი რუსეთიდანაა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მათ ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. აქ ფინალში მაგომედგაჯი აბაკაროვმა აკტამან გუსიგოვი დაამარცხა.

სავარაუდოდ, აქ ჩამოთვლილთაგან ბევრს მომდევნო კვირას ხასავიურტშიც შეხვდებიან ჩვენი მოჭიდავეები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია