2012 წლის სეზონის ფინალურმა რბოლამ ჩემპიონი დაასახელა

2012 წლის სეზონის ფინალურმა რბოლამ ჩემპიონი დაასახელა. თუ "რედ ბულმა" კონსტრუქტორთა თასი ვადაზე ადრე მოიპოვა, პირად პირველობაში ყველაფერი ბრაზილიაში წყდებოდა - სტარტის წინ სებასტიან ფეტელს 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა ფერნანდო ალონსოზე. ერთ-ერთი მათგანი სამგზის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო.

კვალიფიკაციაში ორივე პრეტენდენტმა წააგო თავის თანაგუნდელთან. ფეტელმა მეოთხე პოზიციიდან აიღო სტარტი (ერთი საფეხურით ჩამორჩებოდა მარკ უებერს), ალონსო კი მეშვიდე იყო სასტარტო ბილიკზე (ორით ქვემოთ, ვიდრე ფელიპე მასა). პირველი ხაზიდან აიღეს სტარტი "მაკლარენის" პილოტებმა - პოული შაბათს ლუის ჰემილტონმა მოიგო, რომელიც ბოლო რბოლას ატარებდა ბრიტანული საჯინიბოთი.

სტარტის წინ წვიმა წამოვიდა, მაგრამ ტრასა ძალიან არ დასველებულა და ყველამ "სლიკებით" დაიწყო რბოლა.

ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, მეორე პოზიციაზე კი ბრწყინვალედ გაიჭრა მასა, თუმცა შემდეგ მასპინძელმა რამდენიმე ადგილი დაკარგა და წინ გაუშვა ალონსო, რომელმაც მშვიდი სტარტი აიღო.

რაც შეეხება ფეტელს, ის ადგილიდან ასევე მშვიდად დაიძრა. პირველ მოსახვევში მას კინაღამ დაეჯახა კიმი რაიკონენი, მაგრამ ავარია მაინც მოხდა: გერმანელი მარცხნივ ისე გადავიდა, თითქოს იქ აირტონ სენა არც იმყოფებოდა.

საბოლოოდ შეჯახებამ "რედ ბული" შემოატრიალა და ფეტელს გაუმართლა, რომ მის ბოლიდს არავინ დაეჯახა. თუმცა სენა მაინც შეეხო "რედ ბულის" უკანა საბურავს, მაგრამ სებასტიანმა მაინც გააგრძელა რბოლა. რაც შეეხება ბრუნოს, ის პერესთან და მალდონადოსთან ერთად გამოეთიშა ბრძოლას.

სტარტიდან ცოტა ხანში წვიმა შესამჩნევად გაძლიერდა. ჯენსონ ბატონისა და ნიკო ჰიულკენბერგის გარდა, ყველა საშუალედო საბურავებზე გადავიდა. საბოლოოდ ეს დუეტი პირველ ორ ადგილზე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჯენსონმა ჰემილტონს მაშინ გაუსწრო, ვიდრე ლუისი ბოქსებში შევიდოდა.

ჰიულკენბერგმა ბატონზე პრესინგი დაიწყო და წინ გასვლა მოახერხა. ამ პილოტებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა საბურავები არ შეცვალეს - მალე წვიმამ გადაიღო და ყველა დანარჩენს მეორედ მოუწია ბოქსებში შესვლა.

ჩამორჩენილმა ფეტელმა ძალიან მალე მოახერხა რამდენიმე პოზიციის მოგება. "რედ ბულისთვის" საბედნიეროდ, სასტარტო ავარიას არ დაუზიანებია ბოლიდი: სებმა მომენტალურად დააფიქსირა საუკეთესო წრე.

ჩემპიონატის ლიდერი ისევ აღმოჩნდა ტოპ-ათეულში. ასე რომ, "ფერარის" ბოქსებში სიხარული გაქრა.

ამასთან, "სკუდერია" არც ისე კარგად გამოიყურებოდა: ალონსო და მასა აშკარად აკავებდნენ რამდენიმე პილოტს.

როცა ტრასაზე სიტუაცია სტაბილური გახდა, გაირკვა, რომ ჰიულკენბერგი და ბატონი მიუღწევლები იყვნენ: ისინი უახლოეს კონკურენტს ჰემილტონს 40 წამს უგებდნენ. შემდეგ მოდიოდნენ ალონსო და ფეტელი.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მსაჯებმა პეისკარი გამოუშვეს - ტრასაზე ბევრი ნამსხვრევი აღმოჩნდა და ერთმა როსბერგს საბურავი დაუზიანა. ასე რომ, დაწინაურებულთა უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა.

უსაფრთხოების მანქანამ კარგა ხანი ატარა პელოტონი, ხოლო, როცა ბოქსებში დაბრუნდა, ფეტელმა ისევ სიფრთხილე გამოიჩინა: მის გვერდით აღმოჩნდნენ უებერი და კობაიაში. საბოლოოდ ორივე "რედ ბულს" კამუიმ გაუსწრო.

ამის შემდეგ "ზაუბერის" პილოტს დიდი ბრძოლა ჰქონდა ალონსოსთან - იყო ურთიერთგასწრებები, მაგრამ ფერნანდო მაინც მეოთხე ადგილზე დარჩა. ამასობაში ჰემილტონმა გაუსწრო ბატონს და ორი წამით ჩამორჩებოდა ჰიულკენბერგს.

სიტუაცია ცოტათი დასტაბილურდა. ჰემილტონი თანდათან ეწეოდა ჰიულკენბერგს, ბატონი მესამე იყო. მჭიდრო ჯგუფად რჩებოდნენ ალონსო და კობაიაში, მასამ კი გაუსწრო აკურატულ ფეტელს, თუმცა ეს არ ცვლიდა სიტუაციას გენერალურ კლასიფიკაციაში - ვირტუალური ჩემპიონი მაინც სებასტიანი იყო.

სიტუაცია კიდევ ერთხელ ფინიშამდე 20 წრით აირია. ისევ წამოვიდა წვიმა და ჰიულკენბერგმა ჰემილტონს გადააბარა ლიდერობა, როცა კინაღამ დაკარგა ბოლიდზე კონტროლი. წვიმა ძლიერდებოდა. ლუისმა ოდნავ დააგდო ტემპი და ჰიულკენბერგი კონტრშეტევაზე წავიდა.

ბრიტანელი არ ნებდებოდა. ამასობაში კი "ფორს ინდიას" პილოტმა ბოლიდი ვერ დაიმორჩილა. ისე გამოვიდა, რომ მწვანე მანქანა უკნიდან დაეჯახა "მაკლარენს". და თუ ნიკომ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, ლუისმა ვადაზე ადრე დაასრულა ბრიტანულ საჯინიბოში გამოსვლა.

ასე რომ, ლიდერი გახდა ბატონი, მას მიჰყვა მასასა და ალონსოს წყვილი, უებერი და ჰიულკენბერგი, რომელიც ჰემილტონის ავარიის გამო პიტლეინზე საჯარიმო შესვლით დაისაჯა. ასევე ათეულში იყვნენ შუმახერი, კობაიაში, ვერნი და დი რესტა.

საშუალედო საბურავებზე საყოველთაო გადასვლის შემდეგ ბატონი დამაჯერებლად ლიდერობდა; ალონსო, როგორც მოსალოდნელი იყო, დაეწია და გაუსწრო მასას. ჰიულკენბერგი ავიწროებდა უებერს მეოთხე პოზიციაზე ბრძოლაში, მაგრამ მარკი უძლებდა. შუმახერმა კი ხელი არ შეუშალა თავის მეგობარ ფეტელს ტოპ-ექვსეულში შესვლაში.

სხვათა შორის, ერთი მომენტი ფეტელის ჩემპიონობა ბეწვზე ეკიდა: ალონსო მეორე გახდა, სებასტიანი კი მისთვის არასასიამოვნო მეშვიდე პოზიციაზე იყო - კიდევ ერთი ადგილის დაკარგვა და ტიტული ესპანეთში გაემგზავრებოდა, მაგრამ ფეტელმა კობაიაში ჩამოიტოვა და "რედ ბული" საბოლოოდ დამშვიდდა.

სხვათა შორის, სებასტიანმა ბევრი დრო დაკარგა პიტსტოპებზე. "რედ ბულში" წვიმის მომენტი ვერ გამოიცნეს და გერმანელს ზედიზედ ორჯერ მოუწია ბოქსებში შესვლა. იქ მეორე ვიზიტისას გაირკვა, რომ საბურავები ადგილზე არ იყო! დაახლოებით 10 წამი დაკარგეს იქამდე, სანამ საჭირო საბურავებს იპოვნიდნენ.

საბოლოოდ გერმანელისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. სენასთან თითქმის ფატალურმა შეჯახებამ, საკუთარმა სიფრთხილემ და ბოლო პიტსტოპზე ჩავარდნამ ფეტელს მხოლოდ მეექვსე ადგილი მოუტანა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად!

ბრაზილიის გრანპრი. XX ეტაპი

სან პაულუ (71 წრე, 305.909 კმ)

1(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:45.22,656 (2 პიტსტოპი)

2(7). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +2,754 (3)

3(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +3,615 (3)

4(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +4,936 (3)

5(6). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) +5,708 (3)

6(4). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +9,453 (4)

7(13). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +11,900 (4)

8(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +28,600 (4)

9(14). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +31,200 (3)

10(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე (3)

11(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (3)

12(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (3)

13(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (5)

14(20). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (5)

15(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე (4)

16(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 2 წრე (4)

17(24). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 2 წრე (4)

18(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე (4)

19(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 3 წრე (3)

20(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 16 წრე

21(18). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 65 წრე

22(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 69 წრე

23(11). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 71 წრე

24(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 71 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 281 (5 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 278 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 207 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 190 (4); 5. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 188 (3); 6. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 179 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 122; 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 96; 9. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 63; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 60; 13. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 49; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 46; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 45 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 31; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 16; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 10.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 460; 2. ფერარი - 400; 3. მაკლარენი - 378; 4. ლოტუსი - 303; 5. მერსედესი - 142; 6. ზაუბერი - 126; 7. ფორს ინდია - 109; 8. უილიამსი - 76; 9. ტორო როსო - 26.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

toskaneli
აირტონ სენა რა შუაში იყო?
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!