27 ნოემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება
27 ნოემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება თავისუფალ ჭიდაობაში.

ჩვენი ფალავნებისთვის ესაა პირველი სერიოზული შეჯიბრება ოლიმპიადის შემდეგ. ამდენად, ის ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისიცაა და ახალი ნაკრების ფორმაციასაც აქედან ეყრება საფუძველი.

სწორედ ამიტომ მისი მნიშვნელობა გაორმაგებულია და ალბათ, ისიც აქედან გამომდინარეობს, რომ ტურნირში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი გეგმავს გამოსვლას. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის მკაცრი მოთხოვნა ასეთია და არც გათავისუფლება უთხოვია ვინმეს.

ოლიმპიური გუნდიდან სპორტიდან წასული მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან ოთარ თუშიშვილისა (66) და წასასვლელ გზაზე შემდგარი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ორგზის ოლიმპიურ პრიზიორ გიორგი გოგშელიძის (96) გარდა, ყველა იჭიდავებს: ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 60 კილოგრამში გადაბარგებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით ხუციშვილი (74), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსანი დავით მარსაგიშვილი (84), მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (120), რომელმაც ფეხის ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ბოლომდე ვერა.

სრულად იქნება წარმოდგენილი ახალგაზრდული ნაკრების ელიტა და საინტერესო ბრძოლებს უნდა ველოდოთ.

მით უფრო, ზოგიერთ წონაში კონკურენცია გაიზარდა და 2-3 თანაბარი ძალის მეტოქეა. შესაბამისად, ნაკრების მწვრთნელებსაც დიდი სამუშაო ელოდებათ, რადგან ზოგიერთი წონა სულაც ლიდერის გარეშე დარჩა - 55, 96, ნაწილობრივ - 66-იც.

ცხადია, ყველაფერს გამადიდებელი შუშით სჭირდება დაკვირვება, რათა უმცირესი დეტალიც არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, თორემ ეს მომავალში ძვირად დაგვიჯდება.

თავის მხრივ, ძველ ლიდერებთან ერთად ყურადღებას იპყრობს ახალი თაობაც - ვნახოთ, რამდენად გამოიჩენენ ისინი ამჯერად თავს.

სხვათა შორის, ამ თაობიდან ორი ისეთი გამოვა სწორედ 96 კილოგრამში, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ - ხარაგაულელი თევდორე ებანოიძე და ბათუმელი მამუკა კორძაია.

ისინი შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ (ებანოიძე იქ მძიმე წონაში გამოვიდა, თუმცა მანამდე ევროპაზე ბრინჯაო 96-ში მოიპოვა), მაგრამ მას შემდეგ მათი კარიერა სწრაფად ვერ განვითარდა.

არადა, ახალგაზრდულიდან ეროვნულამდე სულ ერთი ნაბიჯია, მით უფრო - 20-წლამდელებში ასეთი წარმატების შემდეგ, მაგრამ ზუსტად იმ ერთის გადადგმა უჭირს ბევრს.

იმედია, ეს ბიჭები საპირისპიროს დაამტკიცებენ. მით უფრო, ლიდერის ტახტი ჯერჯერობით ცარიელია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ებანოიძე დიდწილად ტრავმებმაც შეაფერხეს, მაგრამ უკვე ყველაფერი მოგვარებულია.

ვფიქრობთ, ქომაგს მძიმე წონაშიც დიდი სიამოვნება ელოდება, სადაც მოძმანაშვილს მედგარ ბრძოლებს გაუმართავენ ახალგაზრდებში მსოფლიოს კიდევ ერთი ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე და 18 წლის გენო პეტრიაშვილი, ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი.

თუმცა საინტერესო პაექრობები არც სხვა წონებს დააკლდება, რაც მაყურებლის წისქვილზე დაასხამს წყალს.

შეხვედრები აკადემიაში 12 საათზე დაიწყება, ფინალები კი შესვენების გარეშე გაიმართება.

ალიევი - უჩვენოდ

ამასობაში დაღესტნურ საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩვენები ალი ალიევის მემორიალში გამოვლენ.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს შეჯიბრება 1-2 დეკემბერს მახაჩყალაში, ტიტულოვანი ფალავნის სახელობის დარბაზში ტარდება და იქაურ მედიაში უკვე ძალუმად იგრძნობა, როგორი აჟიოტაჟით ემზადებიან შეჯიბრებისთვის.

მათი აზრით, ეს წლეულსაც გამორჩეულად ძლიერი ტურნირი იქნება, თუმცა, როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, ჩვენი ნაკრები იქ არ გამოვა. დაღესტნელებს კი მივუწვევივართ, მაგრამ თბილისიდან უარი შეუთვლიათ.

მიზეზი უფულობა და ის გაურკვევლობაა, რაც ჩვენს ფედერაციაში სუფევს - ყველა რიგგარეშე არჩევნებს და ახალ ხელისუფლებას ელოდება, თუმცა ჯერ მისი გამართვის თარიღიც კი არ გარკვეულა.

ერთ-ერთი ფალავანი, ვინც ალიევის ტურნირში ქართველთა ჩასვლას ელოდება, მასპინძელთა ავარელი ფალავანი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვია (96).

ამ მართლაც ძლიერი მოჭიდავისთვის, რომელმაც ბრწყინვალედ მოიგო ევროპის პირველობა და ლონდონში ფავორიტად ჩავიდა, ოლიმპიადაზე განცდილი მარცხი მწარე ალიყური აღმოჩნდა.

ქუჩაში გასვლა არ მინდოდაო, გაიხსენა ის დღეები ფალავანმა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ სურს ალიევის ტურნირის მოგება და რიო დე ჟანეიროს თამაშებისთვის მზადების სუფთა ფურცლიდან დაწყება.

ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ის ყაბარდო-ბალყარეთის მთებში წასულა სიმშვიდესა და სიწყნარეში, რაც თურმე საზოგადოებრივი აჟიოტაჟის გამო მშობლიურ ქალაქში ასე ძალიან აკლდა.

სამაგიეროდ, რიოს ოლიმპიადისთვის ეროვნებით ყაბარდოელი - ბილიალ მახოვი (120) დაღესტანში ემზადება - ის წლების წინ სავარჯიშოდ ხასავიურტში გადასახლდა რუსთა ნაკრების ახლანდელ თავკაც მაგომედ ჰუსეინოვთან სავარჯიშოდ და იქაურთა გულის გასახეთქად ნაკრებიდან მასპინძელთა ჯილა, პეკინის თამაშების ვერცხლისმედალოსანი ბახტიარ ახმედოვიც ამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მახოვი ლონდონში მოძმანაშვილმა დაამარცხა და მერე კარგა ხანს ანუგეშებდა ხალიჩაზე დამხობილს. 25 წლის მახოვი აცხადებს, რომ ის ლონდონში დაკარგულის ანაზღაურებას ბრაზილიაში შეეცდება.

ბრიტანეთში მარცხის მთავარ მიზეზად მან ემოციური გადაღლა დაასახელა, შემდეგ - ფიზიკური, სულ ბოლოს კი არასაკმარის სატურნირო პრაქტიკასაც შეეხო, რაზეც თამაშებამდე ჰუსეინოვიც აკრიტიკებდა - დორტმუნდში არ იჭიდავა.

თურმე ნუ იტყვით და ეს ერთ დროს შეუჩერებელი მახოვი, რომელმაც სამივე მსოფლიო მეტად ულამაზო, "მიაწექი-ხალიჩიდან გააგდეს" სტილში მოიგო, ბავშვობაში მთელი სამი წელიწადი ფორტეპიანოზე უკრავდა, ვიდრე მშობლებს საჭიდაო დარბაზში არ გაექცა, მაგრამ მუსიკისადმი სიყვარულს დღემდე მძაფრად ინახავს გულში, საყვარელი მელოდიები კი ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" და მოცარტის ეტიუდები ყოფილა.

ყურბანოვი ტაიმაზოვის ნაცვლად

მეტოქის ბანაკიდან კიდევ ერთი ჩვენთვის საყურადღებო ცნობა უზბეკთა მსოფლიოს პრიზიორს, ლონდონის ოლიმპიადაზე გიორგი გოგშელიძესთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხებულ ყურბან ყურბანოვს ეხება - წონას იცვლის და მძიმეში გადადის.

ეს ფალავანი უზბეკეთის ლურჯ-მწვანე დროშას კი აფრიალებს, მაგრამ სინამდვილეში დაღესტნელია, ეროვნებით ლეზგინი და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვისა (120) და მსოფლიოს ჩემპიონ ზაურბეკ სოხიევის (84) მსგავსად (ესენი ოსები არიან), მოგვიანებითაა გადასული შუა აზიაში.

ამ დღეებში ის მშობლიური ქალაქის - მახაჩყალის კიროვის რაიონის შეფის მოადგილედ დანიშნეს. ყურბანოვი ტურნირებისთვის ისედაც მახაჩყალაში ემზადება და იმედოვნებს, რომ სპორტთან საზოგადოებრივი მისიის შეთავსებას შეძლებს.

ზედმეტი წონის პრობლემა მას თურმე ყოველთვის აწუხებდა და ლონდონშიც მთელი 10 კილოგრამი დაუკლია.

გოგშელიძესთან მარცხის მიზეზადაც ეს დაასახელა, ამის შემდეგ როგორ უნდა მეჭიდავაო. მძიმე წონაში გადასვლა თურმე აქამდეც სურდა, მაგრამ ტაიმაზოვის გამო ამას აქამდე არ აკეთებდა, ეს შეარყევდა ჩვენს მეგობრობასო.

ახლა, როცა ტაიმაზოვი მეოთხე ადამიანი გახდა საჭიდაო სამყაროში, ვინც სამი ოლიმპიური ოქრო მოიგო, სპორტიდანაც წავიდა და ყურბანოვსაც გზა გაეხსნა მძიმე წონისკენ, ის ამ შანსსაც იყენებს, ანუ მოძმანაშვილმა და საკანდელიძემ ახლა მას უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორც მომავალ მეტოქეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა