ძიუდოს აკადემიაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის მეორე დღეც, პირველის მსგავსად, დაძაბული და ლამაზი სანახაობით წარიმართა.

ახლა უკვე ამ ორ დღეში ნანახის შეჯამება და გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, თუმცა ევროპის პირველობამდე ჯერ კიდევ მთელი მოსამზადებელი ციკლია გასავლელი და არაა გამორიცხული, რაღაცები კიდევ შეიცვალოს.

ნებისმიერი შეჯიბრების უმთავრესი დანიშნულება ახალი სახეების წარმოჩენაა, რაც ახლა, პრაქტიკულად, არც მომხდარა - უკლებლივ ყველა პრიზიორი თუ მედლის ზონაში მოხვედრილი ფალავანი როგორც მთავარი, ასევე ასაკობრივი ნაკრებებიდან კარგადაა ნაცნობი სპეციალისტებისთვის თვით მძიმე წონაში გაჩემპიონებული გენო პეტრიაშვილის ჩათვლით.

უცხო რომ გამოჩენილიყო, არავინ გვიხილავს. ამის მიუხედავად, ჩემპიონატის საერთო დონეს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ დაბალს, პირიქით - საკმაოდ ძლიერი ტურნირი გამოდგა.

ცხადია, ამაში დიდი წვლილი იმანაც შეიტანა, რომ პირველობაში ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი ფალავანი გამოდიოდა. ჩვენ კი, საბედნიეროდ, კვლავაც გვყავს იმ რანგის მოჭიდავეები, ნებისმიერი ასპარეზობა რომ დაამშვენონ და საერთო ხარისხი გააუმჯობესონ.

საქმე მარტო ტიტულებში როდია - ლიდერებმა ნამდვილად კარგი ხარისხის ჭიდაობა გვაჩვენეს, რაც ახალ თაობაზეც თამამად შეიძლება ითქვას.

მაგალითად, მძიმე წონის ფინალზე გუშინვე დავწერეთ, რომ იმ დონის ჭიდაობას, რაც გიორგი საკანდელიძესთან შეხვედრაში პეტრიაშვილმა წარმოადგინა, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც ვერ ვნახავთ ხშირად.

ცხადია, არ ვამტკიცებთ, რომ თითქოს ყველამ უნაკლოდ იჭიდავა; რომ თითქოს ხარვეზები ვერ დავინახეთ, მაგრამ დონე ნამდვილად არ ყოფილა დაბალი და სანახაობაც ლამაზი გამოვიდა.

მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება ჩვენი ფალავნებისთვის პირველი იყო ოლიმპიადის მერე და იქნებ ახალი სახეების მოლოდინი დიდი იყო. მით უფრო, თამაშების შემდეგ თაობათა ცვლა ხდება, მაგრამ ჩვენთან სწორედ ეს არ მომხდარა და იქნებ ამიტომაც ვერ ვიხილეთ ახლები ისე ბლომად.

თავად განსაჯეთ - ლონდონის მერე ჭიდაობას თავი მხოლოდ ოთარ თუშიშვილმა (66) და გიორგი გოგშელიძემ (96, თუმცა ამის საკითხი ჯერ ბოლომდე კიდევ არ გარკვეულა), დაანებეს, სხვები კი რჩებიან.

მეტიც - ჩვენი ოლიმპიური გუნდის უმეტესობა თვითონაა ახალი თაობის წარმომადგენელი, მათი უმეტესობა შარშან და შარშანწინ თვითონ გამოდიოდა ახალგაზრდულ ნაკრებში და ჯერ კიდევ დიდხანს ექნებათ ლიდერობის პრეტენზია.

ჩემპიონატის უთუოდ დიდი პლუსია ახალგაზრდების კარგი გამოსვლა - თითქმის ყველამ, ვისაც კი 20-წლიანებში ბოლო 2-3 წელიწადში თავი გამოუჩენია, მედალი მოიპოვა.

ცხადია, გვერჩივნა, ისინი უფრო ბლომად გვეხილა ფინალებში და არა მხოლოდ ბრინჯაოსმედალოსანთა შორის, თუმცა საერთოდ ხელი რომ მოცარვოდათ, მთლად კატასტროფა იქნებოდა.

ახალგაზრდებიდან უფროსებში გადასვლას დრო სჭირდება ადაპტაციისთვის და იქნებ ახლანდელი სურათი ამ ლოგიკასაც ექვემდებარება, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ სწორედ ამ საადაპტაციო სისტემის შექმნაში მოვიკოჭლებთ, ახალგაზრდების დაოსტატების სისტემა არ გვაქვს წამყვანი საჭიდაო ქვეყნებივით ეფექტური, რაც დიდ დაღს გვასვამს.

ეს რომ არა, იქნებ ახლა ცოტა სხვა სურათი გვეხილა, თუმცა კიდევ ვიმეორებთ, პრიზიორთა შორის ახალგაზრდების სიმრავლეს მივესალმებით.

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პერსპექტივა გვაქვს, მაგრამ ცოტა მეტს ველოდით. ამას კი პეტრიაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი (66) არ ეყო მართლაც ჩინებული ჭიდაობის მიუხედავად (აქვე 66-ზე შევნიშნავთ, რომ თუშიშვილის წასვლის შემდეგ იქ ასპარეზი სულ მთლად ახალგაზრდებს დარჩათ).

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქუთაისის გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი.

იქნებ სხვებმა უფრო მეტი მედალი წაიღეს, მაგრამ გორიც, აჭარაც და კახეთიც აღიარებული ცენტრები არიან, მათი მასშტაბური მიღწევა არ გვიკვირს, მაგრამ ქუთაისელებს ბოლო წლებში ამდენი მედალი არ მოუპოვებიათ.

რიონისპირელებს მედალოსნები ადრეც ჰყავდათ, მაგრამ ამჯერად ბევრად "გაზრდილი" გუნდი ჩამოიყვანეს - მათი პროგრესი აშკარაა.

ქუთაისელთა შორის აუცილებლად გამოსარჩევია 60-ში მეორეზე გასული ბექა ლომთაძე, რომლის სახითაც ჩვენს ნაკრებს ძლიერი ფალავანი ეზრდება.

ამ ბიჭმა პირველივე ტურნირიდან მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება და შინ თუ გარეთ თავი არასოდეს შეურცხვენია, მაგრამ ახლა ძალიან ძლიერად იჭიდავა.

გუშინწინდელი დღის მთავარ მშვენებად თუ პეტრიაშვილ-საკანდელიძის შეხვედრა იქცა, 28 ნოემბერს ასეთად 60-ის ფინალი მოგვევლინა ლომთაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შორის (გორელების მეორე საამაყო შეხვედრა).

მოგეხსენებათ, ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ხინჩეგაშვილმა 55-დან 60-ში გადმოინაცვლა და კარგადაც იჭიდავა, თუმცა ლომთაძემ პირველივე ცდაზე ცხადად აგრძნობინა, რომ ლიდერის ტახტს უბრძოლველად არ დაუთმობს.

შეხვედრა სულაც მისი მასირებული შეტევით დაიწყო და უკვე პირველივე წუთზე ფეხში მოხერხებული შესვლით 1:0 დაწინაურდა.

ამ საწყის ერთწუთიან მონაკვეთში ის სჯობდა მეტოქეს, მაგრამ ხინჩეგაშვილს უფრო კრიტიკული ვითარებიდანაც დაუძვრენია თავი.

ახლაც ნელ-ნელა ხელთ იგდო სადავეები და სასტვენამდე ორიოდე წამით ადრე ანგარიში გაქვითა, ბოლო ქულის ფაქტორით კი პერიოდიც მოიგო.

მეორე პერიოდი ლომთაძის ბენეფისად იქცა - 6:2 მოიგო. ეს ანგარიში კი ყველაფერზე მეტყველებს. უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა დამატებითი დრო, განსაკუთრებით, მისი მეორე ნახევარი.

აქ ლომთაძე ფეხში შევიდა, მაგრამ გორელმა ფალავანმა თავი კარგად დაიცვა, იქით შეეკრა და ხალიჩაზე ჩაჩოქილმა მეტოქე უკუგდებით გადაისროლა. ლომთაძემ ამოსვლა და მისი ჩოქბჯენში გადაყვანა მაინც შეძლო.

დიდი კამათის მერე მსაჯებმა ეს ეპიზოდი 2:2 შეაფასეს, თუმცა ბოლო ქულით ლადო იგებდა. საბოლოოდ მას დამატებითი მაჩვენებლები აღარ დასჭირვებია, რადგან მესამე ქულაც აიღო, რაც მთლიანად მისი გამოცდილების დამსახურებაა.

ლომთაძემ წაგება იმდენად ემოციურად მიიღო, ხალიჩაზევე ატირდა და ცრემლებს ვერც დაჯილდოების მერე იკავებდა. მისი სავსებით გვესმის, თუმცა კიდევ ვიმეორებთ, რომ ის უდავოდ მაღალი დონის მოჭიდავეა და ამ წონაში ორი ძლიერი კანდიდატი გვეყოლება.

დავით ხუციშვილმა (74) კვლავაც უპრობლემოდ და დამაჯერებლად მოიგო, როგორც - ელიზბარ ოდიკაძემ (96). მათ წარმატებაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ხუციშვილისგან განსხვავებით, ოდიკაძესთან მიმართებაში მაინც იყო შანსი, გაუწევდა თუ ვერა მას სერიოზულ კონკურენციას ვინმე ახალგაზრდებიდან. სენსაცია არ მომხდარა.

60 კგ.

1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი); 2. ბექა ლომთაძე; 3. მურთაზ კვესაძე (ორივე - ქუთაისი), მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი).

74 კგ.

1. დავით ხუციშვილი (საგარეჯო); 2. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი); 3. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო), გიორგი სანოძე (ქუთაისი).

96 კგ.

1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი); 2. ბექა ჭელიძე; 3. მამუკა კორძაია (ორივე - აჭარა), თედორე ებანოიძე (ხარაგაული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი - ახალი საქართველოს ახალი ვარსკვლავი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს