ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მსოფლიოს თასის მფლობელი "ოლ ბლექსი" 38:21 დაამარცხა
ნოემბრის ტესტების ბოლო ორი მატჩი შთამბეჭდავი გამოდგა. ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებმა საყოველთაო აღიარებით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

"პომებმა" მსოფლიოს თასის მფლობელი "ოლ ბლექსი" 38:21 დაამარცხეს. კარდიფში კი, "მილენიუმზე", უელსის ეროვნული გუნდი ავსტრალიის ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთზე დამარცხდა - 12:14.

ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება ყველასთვის მოულოდნელი იყო. მას შემდეგ, რაც "პომებმა" სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან უსახურად ითამაშეს და წააგეს, მათგან ასეთ კადნიერებას არავინ ელოდა.

მატჩის პირველ ნახევარში ინგლისელებმა მეტოქეს მთლიანად გადაუკეტეს მოქმედების არეალი. თავისუფალი სივრცის გარეშე კი ახალზელანდიელები ჩვეულებრივ ვეღარ ნავარდობდნენ. შესვენებამდე "ოლ ბლექსმა" მონაგარს ვერაფერი შესძინა და ტაიმი მშრალი ანგარიშით, 0:12 წააგო.

ოთხი საჯარიმო "პომების" მგეზავმა ოუენ ფარელმა გაიტანა, რომელიც, როგორც ჩანს, ლეგენდარული ჯონი ვილკინსონის ღირსეული შემცვლელია.

თუმცა მატჩის გმირი ინგლისელთა შუამარბი მანუ ტუილაგი გახლდათ, რომლის ბრწყინვალე სოლო-რეიდების შედეგი იყო მასპინძელთა მიერ გატანილი ყველა ლელო. შესვენება ის იყო განახლდა, რომ ფარელმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 15:0.

"ოლ ბლექსმა" მარცხის საფრთხე იგრძნო და ხუთ წუთში ინგლისელებს შეტევების ქარიშხალი დაატეხა თავს. სტუმრებმა 50-ე წუთისთვის ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - 14:15. ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ინგლისელები იყვნენ. მათ იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდათ.

ტუილაგი გრიგალივით ატყდებოდა თავს "ოლ ბლექსის" დაცვის ხაზს. 53-ე და 57-ე წუთებზე ბრედლი ბარიტს და კრის ეშტონს თითო ლელო გაატანინა, 61-ე წუთზე კი თვითონაც შეაღწია მეტოქის ჩათვლის მოედანში.

74-ე წუთისთვის "პომები" 38:14 იგებდნენ და ცხადი იყო, რომ გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი დაამარცხეს, ინგლისელები ისევ მეხუთე საფეხურზე დარჩნენ და 3 დეკემბერს ლონდონში გასამართ მსოფლიოს თასის წილისყრაში მეორე კალათაში იქნებიან.

ინგლისი-ახალი ზელანდია 38:21

ინგლისი (15-9) გუდი, ეშტონი, ტუილაგი (ჯოსეფი 66), ბარეტი, ბრაუნი, ფარელი (ბარნსი 64), ბ. იანგზი (კერი 68). (1-8) კორბიშერო (ვუნიპოლა 66), ტ. იანგზი, კოლი (ვილსონი 71), ლანჩბერი (ლუისი 66), პერლინგი, ვუდი, რობშო, მორგანი (ჰესკელი 57).

3ლ: ბარიტი, ეშტონი, ტუილაგი. გ,ა: ფარელი. 6ს: ფარელი (4), ბარნსი (2)

ახალი ზელანდია (15-9) დაგი (ბ. სმითი 71), ჯეინი, კ. სმითი, ნონუ, სავეა, კარტერი (კრადენი 64), ა. სმითი (ვიპუ 64). (1-8) ვუდქოკი (კროკეტი 66), მეალამუ (კოლი 62), ფრენქსი (ფაუმუნია 58), რეტალიკი (რომანო 48), ვაითლოქი, მესამი (ვიტო 63), მაქოა, რიდი.

3ლ: სავეა (2), რიდი. 3გ: კარტერი (2), კრადენი.

მეორე კალათიდან ამოვარდა და მესამეში გადაბარგდა უელსის ნაკრები, რომელმაც, როგორც უკვე ვთქვით, შინ ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან წააგო - 12:14.

თამაში საკმაოდ მძიმე, დაძაბული გამოდგა. ანგარიშში დაწინაურებას ვერც ერთი გუნდი ახერხებდა. 79-ე წუთისთვის "წითელი ურჩხულები" 12:9-ს იგებდნენ. "ვოლაბებმა" ბოლო იერიში წამოიწყეს, მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და მგეზავმა ქართლი ბეილიმ გამარჯვების ლელო გაიტანა. მისსავე ანგარიშზეა სამი საჯარიმოც (სულ 14 ქულა).

უელსის ნაკრებმა ამ წაგების გამო მეორე კალათაში ადგილი არგენტინის ნაკრებს დაუთმო.

უელსი-ავსტრალია 12:14

უელსი (15-9) ჰალპფენი. კათბერტი, დევისი, რობერტსი, ვილიამსი, პრისტლენდი, ფილიპსი. (1-8) ჯენკინსი, რისი (ოუენსი 65), ენდრიუსი, რიდი, ჩარტერისი (ჯოუნზი 41), შინგლერი, ვერბარტონი, ფალეტაუ (ტიპურიჩი 65).

4ს: ჰალპფენი.

ავსტრალია (15-9) ბარნსი, კამინსი (იოანი 48), ეშლი-კუპერი, ტაპუაი (ჰარისი 58), მიტჩელი, ბეილი, ფიპსი. (1-8) რობინსონი (სლიპერი 61), პოლოტა-ნაუ (მური 41), ალექსანდერი (კეპუ 68), დუგლასი (ჰუპერი 51), შარფი, ჰიგინბოთამი (დინსი 15), პოკოქი, პალუ.

ლ: ბეილი. 3ს: ბეილი

2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრისთვის გუნდები ასე განაწილდნენ.

I კალათა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, საფრანგეთი.

II კალათა: ინგლისი, ირლანდია, სამოა, არგენტინა.

III კალათა: უელსი, იტალია, ტონგა, შოტლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება