კიევის "არსენალის" ქართველი ფეხბურთელი უკრაინული გადაცემის "ერთი ერთზე გამულასთან" სტუმარი იყო
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელი სანდრო კობახიძე უკრაინაში დღეს ძალზე პოპულარულია. ახლახან სანდრო სტუმარი იყო პროგრამაში "ერთი ერთზე გამულასთან", სადაც ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

კობახიძემ გაიხსენა, როგორ რთულად წარიმართა მისი კარიერა უკრაინაში, როგორ გაიხსნა შემდეგ კიევის "არსენალში". სანდრომ ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრებზე, ჩემპიონატსა და იმაზე, თუ როდის ითამაშებს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

- ალექსანდრე, კარგად იცი, როგორი გადაცემა გვაქვს - საინტერესო, გულახდილი საუბრები... უკვე ხუთი წელია, უკრაინაში ხარ. გრძნობ თავს უკრაინელად?

- (იცინის) პირველივე კითხვა ისეთია, რომ... როგორ გითხრათ, უკრაინა ძალიან მიყვარს, მაგრამ თავს აქამდე ქართველად მივიჩნევ და ასე იქნება ყოველთვის. ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩემთვის მეორე სამშობლოა.

- ოჰ, მე შენ სამშობლოზე უარის თქმას კი არ გაიძულებ. როგორ შეიძლება ქართველმა სამშობლო გამოიცვალოს?! ასეთი კითხვა მაქვს: შენ 20 წლის იყავი, როდესაც "დნიპროდან" მიწვევა მიიღე. რა იყო ეს - ტრამპლინი თუ უკვე გრანდი?

- მაშინ ეს ჩემთვის მართლაც ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო. როდესაც ეს წინადადება მივიღე, თავიდან ვერცკი დავიჯერე. რა დასამალია, გადასვლასთან დაკავშირებითაც პრობლემები იყო. მაშინ თბილისის "დინამოში" არ სურდათ ჩემი გაშვება. მიიჩნევდნენ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი.

მაგრამ მე ჩემი გავიტანე, რადგან მსურდა თავის უფრო მაღალ დონეზე გამოცდა და დღემდე არ ვნანობ ამ ნაბიჯს.

- დაახლოებით იცოდი, სად მიდიოდი?

- დაახლოებით წარმომედგინა, მაგრამ როცა ადგილზე მოვედი, მივხვდი, რომ ეს სულ სხვა ყოფილა...

- "დნიპროში" თავიდანვე შეგპირდნენ რამეს?

- როდესაც ასეთ დიდ კლუბში ახალგაზრდა მიდიხარ, რას უნდა შეგპირდნენ? არცერთ გუნდში არავინ მოგცემს იმის გარანტიას, რომ აუცილებლად ითამაშებ. ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. უბრალოდ, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მე მინდოდა.

- იმედგაცრუებული იყავი?

- ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ არ მენდო მწვრთნელი. ალბათ, ჩემი ბრალი იყო. ვფიქრობ, არ მომეცა გახსნის საშუალება.

ვფიქრობდი, ალბათ ჯერ არ ვარ მზად ძირითადში სათამაშოდ-მეთქი, მაგრამ მერე უკვე, ერთი წლის შემდეგ, მომბეზრდა ლოდინი...

- თავად გრძნობდი, რომ შეგეძლო თამაში?

- არათუ ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არაა - მწვრთნელიც იგივეს უნდა ფიქრობდეს. რატომღაც ის მიიჩნევდა, რომ მზად არ ვიყავი.

- "დნიპროში" შენი გადაყვანის ინიციატორი მწვრთნელი იყო?

- ეს ზუსტად არ ვიცი. ამით არც დავინტერესებულვარ.

- ეს პირველი შემოთავაზება იყო საზღვარგარეთული კლუბიდან?

- ასეთი სერიოზული გუნდიდან, როგორიც "დნიპროა", დიახ. იყო კიდევ რუსეთის პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდი... მაგრამ ჩემთვის "დნიპრო" და უკრაინა უფრო მიმზიდველი იყო.

- როგორც არ უნდა ყოფილიყო, შენ მაშინ უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყავი...

- დიახ, მაშინ ეროვნულ გუნდში ფეხს ვიკიდებდი, მაგრამ ნაკრები ნაკრებია, მე თავის გამოჩენა კლუბში მინდოდა. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ გამომივიდა.

- არ ფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვი "დნიპროში" გადასვლით?

- როცა საქართველოდან უკრაინაში მივდიოდი, სამშობლოში ყველა მაკრიტიკებდა - ამბობდნენ, რომ იქ ფეხს ვერ მოვიკიდებდი… დღემდე არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი.

ერთი წელი ვიცადე, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ მე არ მენდობოდნენ, გუნდიდან გაშვება მოვითხოვე. "არსენალში" გადასვლა მაშინაც მსურდა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა და აღმოვჩნდი "კრივბასში".

საქმე კარგად არც "კრივბასში" ამეწყო. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მერე და მერე რა მოხდა, არ ვიცი. ალბათ, მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ მის ტაქტიკურ სქემას არ ვერგებოდი. ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მწვრთნელს ესა თუ ის მოთამაშე თვალში არ მოსდის.

- და მწვრთნელს ჰქონდა შენ მიმართ კონკრეტული პრეტენზიები?

- ეტყობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, რომ არა პრეტენზიები, ალბათ კარგი ურთიერთობა გვექნებოდა.

მე თამაში მსურდა, მაგრამ მივხვდი, რომ მაქსიმოვთან მომავალი არ მქონდა და უკან, "დნეპრში" დავბრუნდი.

საერთოდ, ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო - "დნეპრის" კარი ჩემთვის დახურული იყო. იგივე იყო "კრივბასშიც". მერე უკვე საერთოდ უკრაინის დატოვება მინდოდა...

მაგრამ ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა - აღმოვჩნდი კიევის "არსენალში".

- მაინც რა მოხდა "არსენალში", რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში იქ ყოფნით?

- იქ სულ სხვა ვითარება დამხვდა, განსხვავებული დამოკიდებულება მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის, ატმოსფერო, ურთიერთობა. ამ გუნდში საკუთარი თავი აღმოვაჩინე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მოედანზე რომელ პოზიციას მიიჩნევ შენად? კუჩუკი შენზე ამბობს, მისი დაყენება ყველგან შემიძლიაო...

- თავს კომფორტულად უფრო ფლანგებზე ვგრძნობ. მახარებს, რომ მწვრთნელი ჩემზე ასე კარგად საუბრობს.

ერთი ეგაა, მარჯვენათი ისე კარგად ვერ ვთამაშობ. ვიცი, რომ ეს ჩემი მინუსია და ამ მიმართულებით სამუშაო მაქვს.

- "არსენალი" უცნაური გუნდია, თქვენ შეიძლება 0:6 წააგოთ და შემდეგ ნებისმიერ გუნდს აჯობოთ... რა ხდება თქვენს კოლექტივში?

- ჩვენ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის გარეთ. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ყველა მოთამაშემ კარგად იცის, მოედანზე გამოსვლისას რა უნდა გააკეთოს. ტაქტიკურად ყველა კარგადაა მომზადებული.

- როგორ ფიქრობ, კუჩუკმა მაინც რა შეცვალა გუნდში: ტაქტიკა, კოლექტივი, თუ..?

- საერთოდ, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, ის ყველაფერს ცვლის - ტაქტიკასაც, ურთიერთობებსაც, ატმოსფეროსაც. ფეხბურთელისთვის კი ყველაზე მთავარი მწვრთნელის ნდობაა და მე ეს მაშინვე ვიგრძენი, როდესაც ის მოვიდა. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მეც დავიწყე იმის დამტკიცება, რომ ტყუილად არ მენდო.

- ფიქრობ, რომ "არსენალი" შენი გუნდია, თუ უფრო მეტი გინდა?

- რა თქმა უნდა, უფრო მეტი მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე "არსენალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- თქვენ წელს ევროთასებზეც ითამაშეთ. რა მოხდა, რატომ გამოეთიშეთ? გული დაგწყდათ?

- როგორ შეიძლებოდა, გული არ დაგვწყდომოდა?! მთელი წელი ვიშრომეთ, რომ ისტორიაში პირველად ევროთასებზე მოვხვედრილიყავით. ახლაც მეხუმრებიან მწარედ, როგორ მოახერხეთ, გუნდს 5:0 მოუგეთ და ვერ გახვედითო... (რედ. "არსენალს" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მოედანზე გამოყვანისთვის იმ მატჩში ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა).

- მაინც ვინაა დამნაშავე?

- ალბათ, კლუბში ყველა დამნაშავეა. ეს უკვე წარსულია...

- უყურებ, ევროთასებზე როგორ გამოდის "დნიპრო"? მაინც შენი გუნდია...

- რა თქმა უნდა, თანაც იქ ჩემი თანამემამულე ჯაბა კანკავა თამაშობს.

- წელსაც ისახავთ მიზნად ევროთასებზე მოხვედრას?

- ჩვენი მიზანი ყოველთვის ევროთასებზე მოხვედრაა.

- რაც კლუბში საქმე კარგად წაგივიდა, საქართველოს ნაკრებში რა შეიცვალა შენთვის?

- ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში და ისე ცხოვრებაში. იქამდე ორი წელი ფეხბურთში დავკარგე…

- ერთი რამე ამიხსენი - რატომაა, რომ ქართველი ფეხბურთელები ყველგან ჩანან, მაგრამ ნაკრები ვერაფერს აღწევს?

- ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. საერთოდ, ქართველები ისეთი ხალხი ვართ, ყველაფრის მიღწევა სწრაფად გვიყვარს. თუ შევხედავთ საფეხბურთო ისტორიას, სწრაფად არსად არაფერი მოდის და შედეგი მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.

ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა და დრო გვჭირდება, რომ გუნდი ავაშენოთ. მერე კი, დარწმუნებული ვარ, შედეგიც მოვა.

- ამ შესარჩევ ციკლში ამოცანა რა დაგისახეს?

- კონკრეტული ამოცანა არ გვაქვს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი გვყავს, მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, მაგრამ თან, რეალურად. გვინდა, რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

- არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა ლიდერები, მაგრამ არ იყო ერთიანი გუნდი...

- საერთოდ, ასეთ რამ გუნდებს ახასიათებთ ხოლმე, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ნაკრებში დღეს ამის პრობლემა არაა. ინდივიდუალურად ყველა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველა პირველ რიგში, გუნდის ინტერესებისთვის იბრძვის.

- როდესაც ნაკრებში თამაშს იწყებდი, მაშინ კახა კალაძეც თამაშობდა...

- დიახ, როდესაც პირველად ნაკრებში მოვხვდი და ისეთი ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი, როგორებიც კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი არიან, რომლებიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა, მაგარი გრძნობა იყო... მაგრამ ურთიერთობაში ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ. მათგან ბევრი რამე ვისწავლე.

- კალაძე ენერგეტიკის მინისტრია. რა ხდება საქართველოში, შეიცვალა რამე? ფეხბურთს ვგულისხმობ.

- პოლიტიკაზე საუბარს ისედაც არ ვაპირებ, ვერ ვერკვევი, თუმცა ჩემი ქვეყნის ბედი ძალიან მაღელვებს. იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. მაგალითად, კახა კალაძე ისეთი ადამიანია, ვიცი, რომ ყველაფერს კარგად გააკეთებს.

- რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში?

- ვგულშემატკივრობ ჩემს ყოფილ კლუბს, თბილისის "დინამოს". საერთოდ კი, რა გითხრათ, თუკი შევადარებთ უკრაინის ჩემპიონატს, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია.

რასაც ვუყურებ, ქართულ ფეხბურთში უკუსვლა დასრულდა და აწი მხოლოდ წინსვლა იქნება.

- როგორ ფიქრობ, როდის იასპარეზებს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაში და არამხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე?

- რაც მალე, მით უკეთესი, მაგრამ ვფიქრობ, თუ წინსვლა გაგრძელდება, ერთ-ორ წელიწადში ლიგაში მოხვდება.

- დაბრუნდებოდი კარიერის ბოლოს თბილისის "დინამოში" და პაიჭაძეზე ითამაშებდი ჩემპიონთა ლიგის მატჩში?

- კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- მშობლები სად გყავს?

- თბილისში. მყავს ძმა.

- ხშირად გსტუმრობენ უკრაინაში?

- ხშირად არა, მაგრამ ჩამოდიან ხოლმე.

- კიევში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობ?

- კი.

- შეძენას და აქ დარჩენას არ ფიქრობ?

- სიმართლე გითხრათ, ცხოვრება საქართველოში მინდა. ჯერჯერობით ასე ვფიქრობ, თუმცა რა იქნება, წინასწარ არაფერი იცი...

- კიევიც ხომ ლამაზი ქალაქია, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისზე?

- ამას წინათ იყო, ინტერვიუს დროს თბილისისა და კიევის შედარება მთხოვეს და მაშინაც ვუთხარი და ახლაც ვიტყვი, რომ თბილისი ჩემთვის შეუდარებელია. არა იმიტომ, რომ მე არაობიექტური ვიქნები, უბრალოდ, თბილისი ჩემთვის სულ სხვაა...

leqso
მშვენივრად საუბრობს და ფიქრობს სანდრიკა,ყოჩაღ ბიჭი!
warning!
ძალიან კარგად საუბრობს, ზოგადად საქართველოზეც თბილი დამოკიდებულება აქვს, კაშიასგან განსხვავებით, არც კაშიას უგინებია, მაგრამ რაღაც ცივად მოიხსენიებს საქართველოს და ქართველებს...
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა