ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრამ გიორგი დევდარიანის გუნდს მეტოქეებად ავსტრია, სერბეთი და ირლანდია არგუნა
რამდენიმე დღის წინ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ავსტრია, სერბეთი და ირლანდია არგუნა.

გიორგი დევდარიანის გუნდი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მომავალი წლის გაზაფხულზე იბრძოლებს, ოთხგუნდიან ჯგუფს კი ავსტრია უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 2013 წლის 5-17 მაისს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს სლოვაკეთი უმასპინძლებს. იქ თამაშის უფლებას კი მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.

წილისყრის გამართვისთანავე აღვნიშნეთ, რომ უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, მით უფრო, ელიტრაუნდის სხვა ჯგუფების ფონზე, სადაც რამდენიმე "სიკვდილის ჯგუფი" მივიღეთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ელიტრაუნდში შემთხვევით ვერავინ ხვდება და ჩვენს 17-წლამდელებს წინ დიდი ბრძოლები ელით.

იმედი გვაქვს, ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერად ჩაივლის და ქართველ 17-წლამდელთა ამჟამინდელი თაობა წინაზე არანაკლებ წარმატებული იქნება. ვასილ მაისურაძის გუნდმა ხომ თამასა არნახულად ასწია - ჯერ ფინალურ ეტაპზე მოხვდა, შემდეგ კი ნახევარფინალამდეც მივიდა, რაც საუკეთესო შედეგია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც გეტყვით - კენტ წლებში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები თამაშდება, რომელსაც ხუთი საუკეთესო ევროპული ნაკრები ეუფლება. სამწუხაროდ, მაისურაძის გუნდს ამ საპატიო მიღწევისთვის ბრძოლის საშუალება არ მიეცა და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ მისიას დევდარიანის ბიჭები შეასრულებენ.

ელიტრაუნდამდე და მით უმეტეს, ფინალურ ტურნირამდე ჯერ დიდი დროა, დღეს კი მეტოქეებს გავეცნოთ.

სერბეთი - ელიტრაუნდში მშრალი კარით

დავიწყოთ სერბეთით, რომელიც, ერთი შეხედვით, ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების უმთავრესი კონკურენტი უნდა იყოს.

პირველი ეტაპი სერბებმა ძალიან დამაჯერებლად გადალახეს, თანაც, საკუთარ კარში ერთი ბურთიც კი არ მიუღიათ - სომხეთი, მოლდოვა და ბელორუსი შესაბამისად, 5:0, 4:0 და 7:0 გაანადგურეს.

სერბეთის 17-წლამდელთა ნაკრებს 37 წლის მილან ლესნიაკი წვრთნის, რომელიც ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის ცენტრალური მცველი გახლდათ. კარიერის საუკეთესო წლები მან ბელგიურ "ბრიუგეში" გაატარა, ბუცები კი ლურსმანზე ძალიან ნაადრევად, 29 წლის ასაკში მძიმე ტრავმის გამო ჩამოჰკიდა. ბოლოს იგი რუსული "სატურნის" ღირსებას იცავდა.

სერბეთის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი შემტევი ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩია, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი გოლი გაიტანა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (პირველი რაუნდის მონაცემებით) კი ლუკა ბელიჩი გახდა. სხვათა შორის, იგი მთლიანი შესარჩევი ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ლიდერი კი 8 გოლით გერმანელი ტიმო ვერნერია.

სერბეთის ნაკრებს ამ ასაკში განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია, 1990 წელს კი იუგოსლავიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

ავსტრია - ვერცხლისა და ბრინჯაოს ისტორია

ავსტრიელებმა პირველი ეტაპი კვიპროსთან 0:0-ით დაიწყეს, შემდეგ ფარერელები 6:0 გაანადგურეს, ბოლოს კი შვეიცარიელებთან 1:1 ითამაშეს. ჯგუფი შვეიცარიამ მოიგო, ავსტრიის ნაკრები კი, ჩვენს მსგავსად, მეორე ადგილზე გავიდა.

ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია ჰერმან შტადლერი. პირველ რაუნდში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 3 გოლით ადრიან გრბიჩი გახდა, რომელიც გერმანული "შტუტგარტის" წევრია.

ავსტრიელები 17-წლამდელებში საკმაოდ კარგი შედეგებით გამოირჩევიან და თავს ევროპის ვიცეჩემპიონობითა და ბრინჯაოსპრიზიორობით იწონებენ.

1997 წელს ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან თერთმეტმეტრიანების სერიით დამარცხდა. სხვათა შორის, იმავე ჩემპიონატზე, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა, იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა და შესაბამისად, ჯგუფში ჩარჩა.

ბრინჯაოს მედლები კი ავსტრიელებმა 2003 წელს მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის მატჩში მათ ინგლისს 1:0 სძლიეს.

ირლანდია - ჩემპიონები 14 წლის წინ

ირლანდიელები ელიტრაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ - ჯერ შვედეთს დაუზავდნენ (1:1), შემდეგ კი მაკედონიასა და რუმინეთს სძლიეს, შესაბამისად, 4:1 და 2:0.

პირველ რაუნდში სამი გოლი გაიტანა ჯეკ ბირნიმ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია, ორი გოლის ავტორი დინ ოჰალორენი კი "ლივერპულის" წევრია. ირლანდიის ნაკრების დამრიგებელია ტომ მოჰანი.

1998 წელს ირლანდია ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონი გახდა - ფინალში "სამყურებმა" იტალიას 2:1 სძლიეს.

ირლანდიელებმა ფინალამდეც შთამბეჭდავი გზა გაიარეს - ჯგუფში ესპანეთს სძლიეს, მეოთხედფინალში დანიას აჯობეს, ნახევარფინალში კი პორტუგალია დაამარცხეს.

1998 წლის შემდეგ ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებს ღირებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დევდარიანი: ელიტრაუნდისთვის სათანადოდ მოვემზადებით

17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა

17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა