შანხაიში ენდი მიურეიმ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბოლომდე დაჯაბნა
შანხაის მასტერსის მთავარი პრიზი გუშინ შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ბრიტანელ ენდი მიურეის შორის ფინალში გათამაშდა. ორივე ჩოგბურთელმა დამაჯერებლად გაიარა წინა რაუნდები და სეტის წაუგებლად მიაღწია ფინალამდე. თუმცა შოტლანდიელის ბადე უფრო მარტივი იყო - მას ტოპ-ათეულის არც ერთი წევრი არ შეხვედრია და ერთადერთი განთესილი მეტოქე მეოთხედფინალში ჰყავდა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას სახით. ფინალში თამაშის უფლება ენდიმ 41-ე ჩოგანის ხუან მონაკოს დამარცხებით მოიპოვა.

ამ მატჩში მიურეი აშკარა ფავორიტი იყო. არგენტინელი პირველად თამაშობდა მასტერსის ნახევარფინალში და მისთვის ესეც დიდ წარმატებად მიიჩნეოდა. მიურეიმ იოლად დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი. ბრიტანელმა მხოლოდ ერთხელ ანერვიულა საკუთარი თაყვანისმცემლები, როცა პირველი სეტში 4:1-დან მონაკოს დაწევის საშუალება მისცა. მაგრამ სამხრეთამერიკელმა ამისთვის იმდენად დიდი ემოციური და ფიზიკური ძალა დახარჯა, რომ ჩავარდნა დაეწყო და მიურეიმ მეორე ბრეიკით გაინაღდა სეტში გამარჯვება - 6:4.

მეორე პარტიის დასაწყისი პირველისგან ბევრით არ განსხვავდებოდა. ენდიმ დამაჯერებელი თამაშით ისევ მალე აიღო მეტოქის მოწოდება, ამჯერად საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცა და 6:1 მოიგო.

გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. როგორც ყოველთვის, ამ ჩოგბურთელების შეხვედრები დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. საკმარისია გავიხსენოთ მათი ბოლო ორი მატჩი: ტორონტში როჯერმა გადამწყვეტ სეტში 7:5 მოიგო, აშშ-ის ღია პირველობაზე კი ჯოკოვიჩმა ანალოგიური ანგარიშით აიღო მეხუთე სეტი.

შანხაის ნახევარფინალში გადამწყვეტი სეტის თამაში საჭირო არ გახდა, თუმცა მატჩმა გაამართლა მაყურებელთა იმედები. თავიდან ნოვაკი უკეთ თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე, რადგან ფედერერი უფრო მძიმედ შედიოდა თამაშში. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ სწორედ სერბმა მოიპოვა პირველი ბრეიკ-პოინტები მეოთხე გეიმში, მაგრამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა არ მოხერხდა. პირველ სეტს ბრეიკის გარეშე მაინც არ ჩაუვლია და მისი ავტორი ფედერერი გახდა. მე-11 გეიმში ჯოკოვიჩმა უკანა ხაზიდან შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი დათმო. ფედერერმა სეტზე წარმატებით ჩააწოდა - 7:5.

დასანანი წაგებით განაწყენებულმა ჯოკოვიჩმა მეორე სეტის დასაწყისშივე წააგო საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ სერბს დრო და დრო ლამაზი დარტყმები გამოსდიოდა, მაგრამ მის თამაშში შეცდომები უფრო ჭარბობდა. ამან როჯერს კიდევ ერთი ბრეიკი მოუტანა. ცოტა ხანში ჯოკოვიჩმაც იხეირა მეტოქის მოწოდებაზე, მაგრამ სერბმა მეტის გაკეთება ვერ შეძლო - 4:6. ფედერერი ზედიზედ მესამე მასტერსის ფინალში გავიდა: ტორონტოში მან მიურეისთან წააგო, ცინცინატიში კი ამერიკელი მარდი ფიში დაამარცხა.

შანხაის ფინალი მე-13 დაპირისპირება იყო მიურეისა და ფედერერს შორის. საგულისხმოა, რომ წელს ისინი მხოლოდ ფინალებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტორონტოს მასტერსამდე იყო ავსტრალიის ღიას გადამწყვეტი მატჩი, რომელიც ფედერერმა მოიგო. გუშინდელ მატჩამდე შვეიცარიელი წინ იყო პირად შეხვედრებში - 7:5. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როჯერისა და ენდის მატჩები ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. რამდენიმე წლის წინ მიურეი არც ისე კორექტული ფრაზებით ლაპარაკობდა ფედერერის შესახებ, 2008 წლის შემაჯამებელ ტურნირში კი ყველაფერი გააკეთა შვეიცარიელის ჯგუფში დასარჩენად (ბრიტანელს ის გამარჯვება არაფერში სჭირდებოდა), მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალისთვის ძალები აღარ ეყო.

ამიტომაც გასაკვირი არ გახლდათ, რომ მიურეიმ ფინალი განსაკუთრებული განწყობით დაიწყო და მაშინვე გააკეთა ის, რაც ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ვერ მოახერხა - ადრეული ბრეიკი. ენდიმ კარგად გამოიყენა ის ფაქტორი, რომ ბოლო დროს ფედერერი არც ისე კარგად ატარებს მატჩის დებიუტს. ამის შემდეგ როჯერმა მართალია მოუმატა, მაგრამ მის მოქმედებაში მაინც ბევრი წუნი იყო. განსაკუთრებით უჭირდა უკანა ხაზზე თამაში, რადგან გრძელ გათამაშებებს ვერ უძლებდა. მერვე გეიმში როჯერმა მაინც მიიღო ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ეს ძვირად დაუჯდა შვეიცარიელს. მომდევნო გეიმში მიურეიმ ორჯერ აღაფრთოვანა პუბლიკა შემოვლითი დარტყმებით - პირველი ფორჰენდით, მეორეჯერ კი თითქმის აუღებელ შემოკლებულ დარტყმას მიუსწრო. სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო გათამაშება სეტში - 6:3.

მეორე პარტია ფედერერმა კარგად დაიწყო, მაგრამ საკუთარი უხეში შეცდომებით გაანიავა ორმაგი ბრეიკ-პოინტი. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა მიურეის მორიგ მოწოდებაზე. როჯერი ძალიან მალე დაისაჯა ასეთმა "ხელგაშლილობისთვის". მეოთხე გეიმში შოტლანდიელმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელიც თითქოს იოლად მოიგერია ფედერერმა. მაგრამ აქ საქმეში ჩაერია მთავარი მსაჯი. მან როჯერის დარტყმის შემდეგ აუტი დააფიქსირა, არადა, ხაზის მსაჯი ჩუმად იყო. ვიდეოგამეორებამ კი აჩვენა, რომ ბურთი ოდნავ მაინც შეეხო ხაზს, ასე რომ, დაინიშნა გადათამაშება, რომელიც იმით დასრულდა, რომ განაწყენებულმა ფედერერმა შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება წააგო. შვეიცარიელი ვეღარ განეწყო საბრძოლველად და მიურეიმ მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:2. საბოლოო სტატისტიკამ აჩვენა, რომ ფედერერმა არა მარტო "აჯობა" მეტოქეს უნებლიე შეცდომებით (30 18-ის წინააღმდეგ), არამედ აქტიური მოქმედებით მოპოვებული ქულებიც ნაკლები ჰქონდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ენდიმ ბოლომდე დაჯაბნა მსოფლიოს მესამე ჩოგანი.

შანხაის წაგებით ფედერერმა ვერ შეძლო რაფაელ ნადალის დაწევა მოგებული მასტერსების რაოდენობით. ესპანელი 18 ტიტული აქვს, ფედერერს - 17. მიურეიმ კარიერაში მეექვსე მასტერსი მოიგო და ამ მაჩვენებლით ნოვაკ ჯოკოვიჩს გაასწრო.

ფინალში გასვლას ფედერერისთვის ერთი დადებითი მომენტი ჰქონდა - დღეიდან შვეიცარიელი რეიტინგში ისევ შეავიწროებს ჯოკოვიჩს და მეორე ადგილს დაუბრუნდება. ნოვაკს გაუჭირდება წლის ბოლომდე ზემოთ ასვლა, რადგან მას ტიტული აქვს დასაცავი პარიზის მასტერსზე, სადაც როჯერი შარშან მეორე წრიდან გავარდა.

ATP

Masters

შანხაი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 249 000 დოლარი

1/2 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ხუან მონაკო (არგ) 6:4, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:5, 6:4.

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა