როტერდამში პაპინაშვილის (60) ოქროს ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლი შეჰმატა
სოსო ლიპარტელიანმა თითო ოქრო-ვერცხლით დაამთავრა გამოსვლა ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში თავის სადებიუტო ტურნირში, როტერდამის "დიდ პრიზზე" - პარასკევს ამირან პაპინაშვილის (60) მიერ მოპოვებულ ოქროს გუშინ ვერცხლი ვალერი ლიპარტელიანმა (90) შეჰმატა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, შეჯიბრება ორი ოქროთი დამთავრებულიყო, მაგრამ ლიპარტელიანის წაგებულ ფინალში იქნებ ცოტ-ცოტა მსაჯთა ხელიც ურევია. არა, მათ მეტოქისთვის დაუმსახურებელი ქულა არ მიუციათ, მაგრამ ფრედ დასრულებული შეხვედრის ბოლოს იაპონელ იუია იოშიდას რატომ მისცეს მოგება, ცოტა ძნელი სათქმელია. მართალია, ლიპარტელიანმა ქულა ვერ გააკეთა, მაგრამ განა იოშიდამ რა ქნა ასეთი, მოგება რომ დაიმსახურა?! თუმცა უკვე ვერაფერს შევცვლით, ლიპარტელიანს კი ისღა დარჩენია, სამომავლოდ ფინალებში უფრო იაქტიუროს და მოგება არა მარტო მეტოქეს, მსაჯებსაც გამოსტაცოს.

მთლიანობაში ტურნირი სოსო ლიპარტელიანს დადებითად კი ჩაეთვლება, მაგრამ სამუშაოც რომ თავსაყრელი ელოდება, ესეც ფაქტია. როტერდამში წასული შემადგენლობიდან უმეტესობამ უსუსურად იჭიდავა, მათგან კი რამდენიმე ნაკრების ლიდერია. საერთოდ, მწვრთნელს ჰოლანდიაში უძლიერესი გუნდი არ წაუყვანია, მაგრამ მაინც ლამის ოპტიმალურ შემადგენლობას უხმო და ნაკრების სამომავლო კონტურებზეც გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნიდა. ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა - წინ ახალი სეზონისთვის მზადების ეტაპია, რაც, როგორც გვპირდებიან, სრულიად ახალ ვითარებაში, ბევრად გაზრდილი დატვირთვებით და ასევე გაზრდილი პასუხისმგებლობით ჩაივლის. ვნახოთ, ვინ როგორ დასძლევს მას, მაგრამ, `თავისუფალი~ და ბერძნულ-რომაული ნაკრებებისა არ იყოს, "ახალი სისხლის" საჭიროება ზოგიერთ წონაში აქაც აუცილებელი გვგონია - რამდენიმე ლიდერი ერთ ადგილზე გაჩერდა და ზედიზედ რამდენიმე სეზონია, შედეგს ვერ აჩვენებს. მწვრთნელთა საქმეში არ ვერევით, მაგრამ იქნებ სჯობდეს, მათ ნაცვლად უფრო თამამად ენდონ ახალგაზრდებს. თუმცა საქართველოს ჩემპიონატსაც დაველოდოთ, რომელიც, ალბათ, გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს ისედაც გამოიწვევს, მწვრთნელთა ჩარევის გარეშე. ქვეყნის პირველობა ნოემბრის ბოლოს ჩატარდება. სავარაუდოდ, თბილისში, მანამდე კი ჩვენს ძიუდოისტებს მსოფლიოს გუნდური პირველობა ელით - 30-31 ოქტომბერს ტარდება ანთალიაში.

73 კგ

ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ნუგზარ ტატალაშვილის გამოსვლამ ახლაც გაორებული გრძნობა დაგვიტოვა - უმედლოდ დარჩა, მაგრამ ვერც სუსტად გამოსვლას დავაბრალებთ. პირველ წრეში ძლიერი მეტოქე არ ჰყავდა - იტალიელი ლუკა პოეტა, მაგრამ სასიხარულოა, რომ პირწმინდად დაჩაგრა და თუმცა ვაზარი დაკარგა, თვითონ ორი სოლიდური გდება გაუკეთა, რომელთაგანაც ერთი ვაზარი იყო, მეორე - იპონი. ჩვენებური მეორე წრეში დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, მასპინძელ დექს ელმონტთან. ჰოლანდიელმა შარშან თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე ვერცხლი მოიპოვა, წლეულს კი ამავე სინჯის მედალს მსოფლიოს პირველობაზე დაეუფლა, ანუ კარიერის პიკზეა, მაგრამ ტატალაშვილმა არაფერი დაუთმო. ამას ისიც მოწმობს, რომ მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა (თვითონაც ამდენივე გაფრთხილება მიიღო), ბოლოს კი უფრო გამოუცდელობით დამარცხდა, თორემ ელმონტს კლასის ხარჯზე ნამდვილად არ მოუგია. აქვე გეტყვით, რომ შაბათს ამ ტურნირის ფინალში ელმონტთა ოჯახის მეორე წევრი, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონი ხიიომ ელმონტიც (81) გავიდა და, უმცროსი ძმისგან განსხვავებით, ფინალი მოიგო.

ამ წონაში წარუმატებლად გამოვიდა ზაზა კედელაშვილი - პირველივე შეხვედრა წააგო ქართული წარმოშობის ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან.

81 კგ

სამწუხაროდ, ამ წონაში იოსებ წელაურიც და ლევან წიკლაურიც ძალზე ცუდად გამოვიდნენ. წელაური საქართველოს ჩემპიონია, თუმცა აქამდე უცხოეთში თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლეოდა. სოსო ლიპარტელიანმა გარკვეულწილად ის ამ ხარვეზის შესავსებად წაიყვანა, თუმცა ეს მხოლოდ საკომპენსაციო სვლა არ ყოფილა - მწვრთნელი შეგირდს ვარჯიშებზეც აკვირდებოდა და მიიჩნია, რომ იმსახურებდა შანსს. სამწუხაროდ, შეგირდმა იმედები ვერ გაუმართლა - პირველივე წრეში უტიტულო ფინელ ანტი ვირტასთან წმინდად დამარცხდა. არადა, იმ საბედისწერო იპონამდე ანგარიში თანაბარი იყო - თითო ვაზარი და თითო გაფრთხილება. ევროპის პრიზიორმა წიკლაურმა პირველი შეხვედრა ვაზარ-იპონით მოიგო თურქ ჰალილ ოზერლერთან, მაგრამ ფრანგ ალენ შმიდტს უკვე ვეღარ გასცდა - იპონით დამარცხდა.

90 კგ

ამ წონაში დიუსელდორფის "დიდი პრიზის" წლევანდელი გამარჯვებული იაპონელი იუია იოშიდა ბედისწერად გვექცა - ზვიად გოგოჭურს მეოთხედფინალში მოუგო, ვალერი ლიპარტელიანს - ფინალში. გოგოჭურს მასთან აქამდე დადებითი ბალანსი ჰქონდა - შარშან ბუდაპეშტის დიდ პრიზზე მოუგო, ლიპარტელიანი კი მას არასოდეს შეხვედროდა.

ვალერი სუსტად არ გამოსულა და რიგ შეხვედრებში საკმაოდ მაღალი დონე წარმოაჩინა. მეტოქეებიც არ იყვნენ სუსტები, თუმცა თავიდან სწორედ ასეთს შეხვდა - ვენესუელელ ხოსე კამაჩოს და ძალიან მალე იპონითაც გაისტუმრა ტატამიდან. ასეთივე დღე აყარა 23-წლიანებში ევროპის პოლონელ ჩემპიონ კშიშტოფ ვეგლარცსაც. აქ ცოტა მსაჯებიც სცოდავდნენ მასთან მიმართებაში - ერთთავად გაქცევაზე გამეცადინებულ პოლონელს არა და არ აფრთხილებდნენ, თუმცა ჩვენებურმა, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, მაშინვე დააიპონა. მესამე წრეში სახელიანი ესპანელი დავიდ ალარზა ელოდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს - შარშან თბილისში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოუგო. გუშინ ამ სასიამოვნო ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შეემატა - ლიპარტელიანმა მორიგი იპონი და იოლი გამარჯვება მიითვალა. ჩვენებურმა ნახევარფინალში რუსი კირილ ვოპროსოვი იუკოთი დაამარცხა, თუმცა, ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა. რაც შეეხება ფინალს, ის აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მსაჯთა გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამივემ იაპონელს მისცა მოგება. არადა, მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, უპირატესობა რომ მიეცათ.

გოგოჭური უმედლოდ დარჩა, მაგრამ მისი გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. სხვა თუ არაფერი, მარტო ის რად ღირს, რომ პირველ წრეში სულ რაღაც 25 წამში მშვენივრად დააიპონა შვედი არტურ ნიმანი, რომელმაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში ლიპარტელ;იანი დაგვიმარცხა. ის ნამდვილად არაა ურიგო მოჭიდავე და იქნებ ბევრს არც სჯეროდა მასთან წარმატებისა. გოგოჭურმა შვედს საკმაოდ გამოცდილი შვეიცარიელი დომინიკ ჰიშირიც მიაყოლა ასევე წმინდა მოგებით, იოშიდასთან კი ძალზე თანაბარ ბრძოლაში წააგო. ამანაც - უფრო გამოუცდელობით. გოგოჭურის გამოსვლა იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც მუდამ ჟინიანად და შემართებით ჭიდაობს. ის როტერდამში საკუთარი ხარჯით წავიდა, თუმცა მასთან დაკავშირებით ლამის მუდამ ასე ხდება.

100 კგ

დავით ლორიაშვილმა გაგვაკვირვა - შედარებით ძლიერ უკრაინელთან, 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონ არტემ ბლოშენკოსთან მოიგო და რუს სერგეი სამოილოვიჩთან წააგო! მართალია, მეხუთეზე მაინც დარჩა ავტომატურად, რადგან ამ წონაში ბევრი ხალხი არ გამოდიოდა და თან, ხოლო ამ რანგის ტურნირებში სანუგეშო წრე არ ტარდება, მაგრამ არა მგონია, ეს შედეგი, უპირველესად, მას აკმაყოფილებდეს.

+100 კგ.

სუსტად გამოვიდა ადამ ოქრუაშვილიც. პირველ შეხვედრაში მასპინძელ ბენჯამინ ვან ლეეუვაარდეს ვაზარი ამოუქაჩა და იპონით მოუგო, მაგრამ ლატვიელ ვლადიმირს ოსნაჩსთან წმინდად დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კვარცხლბეკი. ვაჟები.

73 კგ. 1. ჟოაო პინა (პორტუგალია), 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია), 3. ტომაშ ადამიეცი (პოლონეთი), მურატ კოძოკოვი (რუსეთი).

81 კგ. 1. ხიიომ ელონტი (ჰოლანდია), 2. ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია), 3. ანტონიო ჩიანო (იტალია), სერგეი ტომა (მოლდოვა).

90 კგ. 1. იუია იოშიდა (იაპონია), 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 3. მილან რანდლი (სლოვაკეთი), კირილ ვოპროსოვი (რუსეთი).

100 კგ. 1. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. ევგენიუს ბოროდავკო (ლატვია), 3. მარტინ პაცეკი (შვედეთი), სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი).

+100 კგ. 1. ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია), 2. ვლადიმირს ოსნაჩსი (ლატვია), 3. პაოლო ბიანჩესი (იტალია), სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა).

ქალები.

63 კგ. 1. ელიზაბეტ ვილბოორდსე (ჰოლანდია), 2. ურსკა ზოლნირი (სლოვენია), 3. კლაუდია მალზანი (გერმანია), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).

70 კგ. 1. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია), 2. ერიკა ბარბიერი (იტალია), 3. ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია), მარიე პასკო (საფრანგეთი).

78 კგ. 1. აკარი ოგატა (იაპონია), 2. ოდრი შუმო (საფრანგეთი), 3. კაილა ჰარისონი (აშშ), კატრინ ჯასკო (ბელგია).

+78 კგ. 1. გულსაჰ კოცათურქი (თურქეთი), 2. ანე-სოფიე მონდიერე (საფრანგეთი), 3. ბელკის ზერა კაია (თურქეთი), ლუსია ტანგორე (იტალია).

ირაკლი თავაძე

დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს