"...ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველოს ნაკრები მეტს მიაღწევდა"

ამ ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ გუცაევს 60 წელი შეუსრულდა. გუცაევის შემდეგ ქართულ ფეხბურთში ჯერ არ გამოჩენილა ისეთი თვალისმომჭრელი გარემარბი, უმაღლეს დონეზე რომ შეძლებდა თამაშს.

გუცაევის დარი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან. დრიბლინგი, პლასტიკა, ფინტები, ალღო... გუცაევის თამაშის სიტყვებით შეფასება გვარიანად რთული საქმეა.

გუცაევს მწვრთნელადაც უმუშავია, იყო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ამ კაცს ფეხბურთში ძალიან ბევრი უნახავს და მოსაყოლიც ბევრი აქვს, თუმცა ამ ჯერზე ძველი ამბები დიდად არ მიმოგვიხილავს.

გუცაევი ამჟამად ვლადიკავკაზის "ალანიაში" მუშაობს და მასთან ინტერვიუც აქედან დავიწყეთ...

- კონკრეტულად, რა ფუნქცია გაკისრიათ "ალანიაში"?

- სპორტულ დირექტორად ვმუშაობ და შესაბამისად, გუნდის ჩამოყალიბებაზე მიწევს მუშაობა. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. პირველ ეტაპზე ფეხბურთელთა ძლიერი კონტინგენტი არ გვყავდა და ახლა ვცდილობთ ამ საკითხის მოგვარებას. მომდევნო სეზონში კი უკვე ევროტურნირზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.

- "ალანიას" გაძლიერებას, ალბათ, ქართველი ფეხბურთელებითაც აპირებთ...

- რატომაც არა?! უკვე გვყავდა გუნდში შოთა გრიგალაშვილი, რომელიც წამოვიდა "ალანიადან". ჩვენთან იჯარით ითამაშებს გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესიდან". კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი "ალანიაში" გასინჯვაზე წამოვა: "ზესტაფონის" მცველი მამუკა კობახიძე და ლატვიური "დაუგავპილსის" თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე - 15 იანვარს თურქეთში გვეწყება შეკრება და ისინი უკვე ჩვენთან იქნებიან.

- რუსული საკლუბო ფეხბურთი თავისებურად ვითარდება, თუმცა ფაქტია, რომ იქაურ კლუბებს საკმაოდ მსუყე ბიუჯეტი აქვთ - როგორ არის ამ მხრივ ვითარება "ალანიაში"?

- როცა "ალანია" რუსეთის ქვედა ლიგაში გამოდიოდა, მაშინ არ ჰქონდა სერიოზული დაფინანსება, მაგრამ ვალერი გაზაევმა მოახერხა სოლიდური სპონსორის შოვნა - "რუსგიდრო" ძალიან მსხვილი კომპანიაა. კლუბმა ეს სპონსორი მაშინ მოიძია, როცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღე რჩებოდა. ასეთ მოკლე ვადაში კი გუნდის დაკომპლექტება შეუძლებელია. ახლა კი გაცილებით მეტი საშუალებაა, რომ "ალანია" კარგი ფეხბურთელებით შეივსოს.

- რუსულ საკლუბო ფეხბურთს უკვე აქვს წარმატებები ევროსარბიელზეც, მოსკოვის ცსკა-მ და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" უეფას თასის მოგებაც კი მოახერხეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე რუსული გუნდები მნიშვნელოვან წარმატებებს ჯერ ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ძვირიანი ფეხბურთელები ჰყავთ - რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

- რუსული ჩემპიონატი მაინც ახალია, დაახლოებით ოცი წლის თუ იქნება და ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ბევრს მიაღწია. მახაჭყალის "ანჟი" ავიღოთ: ჰყავს ეტოო, ტრაორე, ჟირკოვი, მაგრამ ისიცაა, რომ ეტოო ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ესპანეთსა და იტალიაში; ცუდად როდი გამოიყურება, მაგრამ ის ვარსკვლავი აღარ არის, უფრო მაინც რეკლამისთვის არის ჩამოყვანილი. ფეხბურთის პოპულარიზაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სურათზე: სლავა მეტრეველი ვლადიმერ გუცაევს 9-ნომრიან მაისურს გადასცემს

- მეტი წილი რუსული კლუბების ბიუჯეტი ათეულობით მილიონი დოლარია, ზოგს შესაძლოა მეტიც ჰქონდეს. რა არის რუსული კლუბების დაფინანსების სტიმულატორი?

- რუსული კლუბები, ფაქტობრივად, დოტაციაზე არიან. ბილეთების და ატრიბუტიკის გაყიდვა, შემოსავლები ტელეტრანსლაციებიდან - ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დახარჯული თანხა ამოიღო. რუსულ კლუბებს სერიოზული სპონსორები ჰყავთ, "ზენიტს" - "გაზპრომი", "სპარტაკს" - "ლუკოილი"...

სახელმწიფოს მხრიდან მიდის სტიმულირება. რუსეთში მალე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და ღონიერი ჩემპიონატი იმიჯისთვისაც არის საჭირო.

- ქართულ საკლუბო ფეხბურთზე რას გვეტყოდით?

- მე რასაც ვხედავ, "დინამოში" ბევრი კარგი საქმე კეთდება. მნიშვნელოვანია კლუბის ინფრასტრუქტურული პროექტები, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს აკადემიის მხრივაც. სხვა კლუბებშიც კეთდება კარგი საქმეები, თუმცა ზოგი ქართული კლუბი 2-3 წლის წინათ უფრო ღონიერი იყო და მერე უკან წავიდნენ. თუ ასე გაგრძელდა, ეს ნაკრებსაც დააზარალებს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- მე რომ ვიყო ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საკუთარ წინადადებებს წამოვაყენებდი. საქმის გამოსწორება მათ ეხებათ, ვინც დღეს მართავს ქართულ სპორტს და ფეხბურთს.

- რამდენიმე თვის წინათ პროფლიგა ხელახლა უნდა შექმნილიყო და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდით...

- სადაც კი დავაპირე მისვლა, ყველგან დამბლოკეს. ოთხჯერ გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები; მერე პროფლიგის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ მიმიშვეს...

- ყოველივე ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- ხომ კარგად იცით, როგორ ხდებოდა ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს: დამიბარებდნენ და მეტყოდნენ, ამის და იმის გამო ამას უნდა დაუთმოო. ასეთი ლაპარაკები იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წახვიდოდი.

- მოდით, ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყავით. უთანხმოება მოგივიდათ თემურ ქეცბაიასთან, დანარჩენი ფეხბურთელებიც უკმაყოფილოები იყვნენ. მაინც რა მოხდა მაშინ? თქვენზე ამბობდნენ, ნაკრების ფეხბურთელებს შეკრების დროს განტვირთვის საშუალებას არ აძლევდაო...

- დარწმუნებული ვარ, რომ რასაც მაშინ ნაკრებში ვაკეთებდი, სწორი იყო და ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწევდა.

საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი თასი აიღო, ჩემი მწვრთნელობის დროს მალტის ტურნირი მოიგო. მაგრამ, როცა მწვრთნელი და ფეხბურთელები საერთო ენას ვერ გამოძებნიან, იმ გუნდს მწვრთნელი უნდა გაეცალოს.

- ჩვენს ეროვნულ გუნდს შეტევაში თამაში უჭირს და ეს მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკლებობას ბრალდება. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოს ნაკრებში მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გამოძებნეს საერთო ენა? კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით სირაძე, გოგიტა გოგუა... უკმაყოფილო ბევრი აღმოჩნდა.

- არ მინდა ჩავერიო ნაკრების მუშაობაში, მაგრამ საკუთარი, სუბიექტური აზრი მაქვს. ვფიქრობ, ის ადამიანი ვარ, ვინც ზოგიერთზე მეტს ხედავს, თუ რა ხდება საქართველოს ნაკრებში, როგორც რიგითი გულშემატკივარი. სამწუხაროა, ის თამაში და შედეგი რომ არ გვაქვს, რაც გვინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მწვრთნელი ჯერაც ძიებაშია.

ფაქტია, რამდენიმე შეხვედრა ამ ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგალითად, ხორვატიასთან მოგებული მატჩი ავიღოთ. რაც შეეხება თავდამსხმელების თემას, შესაძლებელია უფრო ძლიერი შეტევითი ხაზის ჩამოყალიბება. ღონღაძემ ლატვიის ჩემპიონატში 71 მატჩი ითამაშა და 52 გოლი გაიტანა. ის ჩვენ გასინჯვაზე მივიწვიეთ და ქეცბაიას ვუთხარი ამის შესახებ. თემურმა მითხრა, აუცილებლად ჩამოვალ თურქეთში მის სანახავადო.

ნაკრების მწვრთნელს სჭირდება ასეთი რეკომენდაციები, რომელიმე ასეთი ფეხბურთელი ხომ მაინც გაუმართლებს.

რაც შეეხება მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობას, ზედიზედ რამდენიმე მოგება ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ყველაფერი მაინც შედეგზეა დამოკიდებული.

- ერთი ასეთი კითხვაც - თქვენი ფეხბურთელობის დროს ვინ მიგაჩნდათ ყველაზე კარგ დრიბლიორ თავდამსხმელად?

- კევინ კიგანი. მან ეპოქა შექმნა და თუ რა დონის ფეხბურთელი იყო, ამაში ქართველი გულშემატკივარიც დაარწმუნა, როცა "ჰამბურგს" ვეთამაშეთ.

იოჰან კრუიფი უფრო დისპეტჩერი იყო, მაგრამ არაჩვეულებრივი ფინტებიც ჰქონდა. კრუიფმა უდიდესი კვალი დატოვა.

- ნიჭი ღმერთისგან არის, თუმცა წარმატებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. ალბათ, ასე იყო ვლადიმერ გუცაევის შემთხვევაშიც...

- რა თქმა უნდა, ნიჭს დახვეწა სჭირდება. ვარჯიშის დროს კვადრატს რომ თამაშობენ, ბურთთან შეხება ლიმიტირებულია, ნოდარ ახალკაცი კი ხანდახან ხსნიდა შეხების ლიმიტს კვადრატის დროს და საშუალება გეძლეოდა, მოგეტყუებინა რამდენიმე ფეხბურთელი კომპაქტური კვადრატის პირობებში.

გარდა ამისა, 12-13 წლის ბავშვებს ვეთამაშებოდი ფეხბურთს. ეს ის ასაკია, როცა მოზარდი უკვე ბევრ საფეხბურთო ასპექტში გაცნობიერებულია და მათთან თამაში ადვილი არ არის. ამ ასაკის ბავშვებს დიღმის ბაზაზე დილაობით ვიბარებდი. მათ ეს ძალიან უხაროდათ, მე კი ამით ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

მოტყუება და სწორი გადაწყვეტილების მიღება - ეს ავტომატიზმის დონემდე უნდა დახვეწო და ასეთ კონდიციაში მუდმივად იყო. ზემოთ ხსენებული ვარჯიშები კი ამაში ძალიან მეხმარებოდა.

ფეხბურთი ისეთია, რომ ერთ-მეასედ წამში უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ყველაზე სწორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალერი გაზაევი: გიორგი ჭანტურია პერსპექტიული ფორვარდია

ვლადიმერ გუცაევი "ალანიაში" ქართველებს მოამრავლებს?

ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ... სირცხვილია, მეტი არაფერი

ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება

Zveli gulSematkivari
ვოვასნაირი ტალანტები საუკუნეში ერთხელ იბადებიან.
გიო-500
გუცაევი, როგორც ფეხბურთელი, ჩემი ბავშვობის კუმირი იყო. მაშინდელი დინამო გლიჯავდა, ნეტა ოდესმე თუ მოვესწრებით ჩვენი დინამოს ევროპაზე ღირსეულად წარმოჩენას..
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება